საქმე №ას-1545-2025 23 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის (განცხადების) ავტორი – ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანება
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი,“ შპს ა–ო,“ ე.შ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შპს „ს–ის,“ შპს ა–ოსა“ და ე.შ–ი მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანებას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანებამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანების კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანების წარმომადგენელმა ლ.ჭ–ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია სასამართლოს მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, (შდრ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ.533), ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. (შდრ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ. 536; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2007 წ, გვ.740).
საკასაციო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო ან საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიაჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ინვალიდთა გაერთიანების კერძო საჩივარი (განცხადება) დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი