Facebook Twitter

საქმე №ას-886-2025 24 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ი.ს. - კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ნ.კ–ი, დ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2025წ. განჩინებით შპს „ი.ს. კ–ის“ (შემდეგში: ლიზინგის მიმღები ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს.ს.კ–იის“ (შემდეგში: ლიზინგის გამცემი ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: შპს „ი.ს-კ–ს“, ნ.კ–სა და დ.ბ–ს (შემდეგში - სოლიდარულად თავდები პირები) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 401,37 აშშ დოლარის და 6 677,55 ლარის გადახდა, დარჩა უცვლელად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.27.10.2016წ. მხარეთა შორის „ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“, გაფორმდა (შემდეგში - ლიზინგის ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში შემდეგი საგნები გადასცა:

2.1.1. ერთი ერთეული სპეციალიზებული სარეცხის უთო TOLON TF1600-2500 FLATWORK IRONER, სერიული ნომერი:490, გამოშვების წელი - 2014;

2.1.2. ერთი ერთეული სპეციალიზებული სარეცხის 40კგ-იანი საშრობი TOLON TTD40 TUMBLE DRYER, სერიული ნომერი:1417, გამოშვების წელი -2014;

2.1.3. ერთი ერთეული სპეციალიზებული სარეცხის 40კგ-იანი საშრობი TOLON TTD40 TUMBLE DRYER, სერიული ნომერი:1418, გამოშვების წელი -2014;

2.1.4. ერთი ერთეული სპეციალიზებული სარეცხის 40კგ-იანი მანქანა TOLON TWE40 WASHER EXTRACTOR, სერიული ნომერი:1535, გამოშვების წელი -2014;

2.1.5. ერთი ერთეული სპეციალიზებული სარეცხის 40კგ-იანი მანქანა TOLON TWE40 WASHER EXTRACTOR, სერიული ნომერი:1536, გამოშვების წელი -2014.

2.2.27.10.2016წ. ლიზინგის გამცემს და სოლიდარულად თავდებ პირებს შორის გაფორმდა „სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები“;

2.3.ლიზინგის ხელშეკრულებაში რამოდენიმეჯერ შევიდა ცვლილება. საბოლოოდ, 06.02.2019წ. სალიზინგო ინვესტიციად 6 729,39 აშშ დოლარი განისაზღვრა. გრაფიკის ბოლოს ლიზინგის მიმღების მიერ გადასახდელი სალიზინგო საზღაურის ჯამი 11 369,72 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო დაგროვილი ვალდებულება - 8 062,57 აშშ დოლარით;

2.4.ლიზინგის ხელშეკრულება ლიზინგის გამცემმა ცალმხრივად 07.02.2020წ. შეწყვიტა;

2.5.ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის დავალიანების ოდენობა 16 951,4 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც სალიზინგო ინვესტიციის თანხაა (იგივე ძირითადი თანხა) 11 651,37 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 301,99 აშშ დოლარი, საურავი - 2 998,09 აშშ დოლარი და სხვა ხარჯი (გამარტივებული წარმოების ფარგლებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ტრანსპორტირების საფასური) – 6 677,55 ლარი;

2.6.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2020 წლის 20 თებერვალს გაიცა ბრძანება და სააღსრულებო ფურცელი ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

2.7.ლიზინგის გამცემმა მოახდინა ლიზინგის საგნების რეალიზაცია.

2.8.სამი ერთეული სპეციალიზებული დანადგარები შპს „ვ–ამ“ შეიძინა, რომლის კანონიერი წარმომადგენელია დ.ბ–ი (წინამდებარე დავაში ერთ-ერთი სოლიდრულად თავდები პირი).

2.9.ლიზინგის საგნებიდან ორი ერთეული სპეციალიზებული დანადგარი: სარეცხის 40კგ-იანი მანქანა 490 გასხვისდა, როგორც ჯართი.

3. ლიზინგის გამცემმა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 12 401,37 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის დავალიანება 16 951,45 აშშ დოლარს შეადგენდა. დავალიანების დაფარვის მიზნით ლიზინგის საგნები რეალიზდა, თუმცა, მიღებული 4 550,08 აშშ დოლარით დავალიანების ნაწილი დაიფარა, კეერძოდ, საურავი - 2 998,09 აშშ დოლარი და პროცენტი 1 551,99 აშშ დოლარი. სხვაობა 12 401,37 აშშ დოლარი დარჩა (საიდანაც სალიზინგო ინვესტიციაა 11 651,37 აშშ დოლარი, პროცენტი - 750 აშშ დოლარი და სხვა ხარჯი - 6 677,55 ლარი).

4. მოპასუხეებმა მარტივი შესაგებლით მოთხოვნები არ ცნეს. მოსამზადებელ ეტაპზე განმარტეს, რომ ლიზინგის საგნის მოსარჩელისთვის დაბრუნების დროისთვის მისი ღირებულება თავდაპირველ ღირებულებასთან მიმართებაში მკვეთრად შეცვლილი არ იყო, თუმცა, მოსარჩელემ ლიზინგის საგნები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეაფასა და გაასხვისა.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მოპასუხე/ აპელანტი ლიზინგის საგნის შეფასებასა და დავალიანების ოდენობაზე დავობს, განმარტავს, რომ ლიზინგის საგნის დაბრუნების დროისთვის მისი ღირებულება თავდაპირველ ღირებულებასთან მიმართებაში მკვეთრად შეცვლილი არ იყო, თუმცა ლიზინგის გამცემმა ქონება დაბალ ფასად შეაფასა და გაასხვისა.

6. სააპელაციო პალატამ მიუთითა ლიზინგის ხელშეკრულების 15.4. პუნქტზე, რომლის თანახმად „ხელშეკრულების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მოთხოვნით განსაზღვრულ ადგილზე და ვადაში, ხოლო ამ უკანასკნელის არ არსებობისას, ამ ხელშეკრულების შეწყვეტის ძალაში შესვლის დღეს ლიზინგის მიმღები ვალდებულია ლიზინგის საგანი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი მიღება-ჩაბარების აქტით და საკუთარი ხარჯებით დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს. ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია ლიზინგის საგნისათვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე, რაც ლიზინგის საგანს შესაძლებელია მიადგეს ლიზინგის გამცემისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ლიზინგის საგნის გადაცემამდე. ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია განკარგოს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაბრუნებული ლიზინგის საგანი საკუთარი შეხედულებისამებრ.“ ამავე ხელშეკრულების 15.5. პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით ლიზინგის საგნის დაბრუნებისას, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით ლიზინგის საგნის ფაქტობრივი მდგომარეობა (მისი ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები), დაბრუნების მომენტში არსებული ლიზინგის საგნის ხარისხი, ხოლო მხარეთა შორის ხარისხში შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემს ენიჭება ერთპიროვნული უფლება თავისი შეხედულებისამებრ მიმართოს მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალიზებულ დაწესებულებას ლიზინგის საგნის ფაქტობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შესწავლისა და დადგენისათვის, რომლის დასკვნაც მისაღებია, მასში მითითებული ლიზინგის საგნის ფაქტობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობა დადგენილია მხარეებისათვის და შესაბამისად არ წარმოადგენს დავის საგანს“.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლიზინგის გამცემს ერთპიროვნული უფლება ჰქონდა, ლიზინგის საგნის ფაქტობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, თავისი შეხედულებისამებრ მიემართა სპეციალიზებული დაწესებულებისათვის, რომლის დასკვნაც მისაღები იქნებოდა მხარეებისთვის.

8. ამასთან, ლიზინგის გამცემმა წარმოადგინა 16.05.2023წ. ქონებების შეფასების ანგარიში, სადაც შეფასებულია ორი სპეციალიზებული დანადგარი - ისინი შეფასდა, როგორც ჯართი. შესაბამისად, ეს საგნები გაასხვისდა, როგორც ჯართი.

9. თავის მხრივ, მოპასუხემ წარმოადგინა 01.09.2023წ. „დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა მოძრავი ქონების შეფასების შესახებ“, რომლითაც შეფასება განხორციელდა სამი სპეციალიზებული დანადგარის საბაზრო ღირებულების დასადგენად. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ არ გაიზიარა და ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილა:

10. - შემფასებელი დაეყრდნო დამკვეთის მიერ მიწოდებულ განმარტებებს და სამივე შემთხვევაში მიუთითა, რომ დამკვეთის განმარტებით, თითოეული დანადგარი ტექნიკურად გამართულია და მისი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც დამაკმაყოფილებელი.

11. - დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 06.09.2023წ. მდგომარეობით.

12. - დასკვნის მომზადებისას შეფასების მეთოდზე დაყრდნობით შეირჩა ერთგვაროვანი, ანალოგიური ობიექტები, გამოშვების წელით 2016, 2018 და 2022 წელი.

13. - დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეფასება განხორციელდა დამკვეთის განმარტებებზე დაყრდნობით, მათი ფიზიკურად შემოწმების გარეშე. შესაფასებელი ობიექტებიდან ორი (სარეცხი მანქანა და საშრობი მანქანა) შეიძინა შპს „ვ–ამ“, რომლის კანონიერი წარმომადგენელია დ.ბ–ი, რომელიც საქმეში მოპასუხეა/აპელანტი და ამავდროულად წარმოადგენს მოპასუხე შპს „ი.ს.-კ–ის“ 100% წილის მფლობელ პარტნიორს და დირექტორს. სადავო დასკვნა კი მომზადდა შპს „ი.ს.-კ–ის“ დაკვეთით. შესაბამისად, დამკვეთს შეეძლო შეფასების მიზნებისთვის თავად მოეხდინა შესაფასებელი ნივთების მიწოდება ან ადგილზე დათვალიერება.

14. - შედარება მოხდა მსგავსი მონაცემების მქონე უფრო ახალი მოდელის დანადგარებთან, მაშინ როდესაც შესაფასებელი ქონება 2014 წელს არის წარმოებული და მოპასუხე 2016 წლიდან სარგებლობდა ამ ქონებებით. ასევე, შეფასება მოიცავს 06.09.2023წ. მდგომარეობით მონაცემებს, მაშინ როდესაც ლიზინგის საგნები 2020წ. სასამართლოს წესით დაიბრუნა მოსარჩელემ, ხოლო ქონება 2021წ. და 2022წ. გასხვისდა.

15. ზემომითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასკვნაში მოყვანილი შეფასება ვერ ასახავს ლიზინგის საგნების მოსარჩელისთვის დაბრუნების დროისთვის ან გასხვისების დროისთვის არსებულ რეალურ საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, დასკვნაში მოყვანილი გარემოებები სასამართლოსთვის არ იძლევა ნდობის საფუძველს. ამასთან, გასხვისებული ლიზინგის საგნებიდან 3 ერთეული სპეციალიზებული დანადგარის შემძენი გახდა შპს „ვ–ია“, რომლის კანონიერი წარმომადგენელია დ.ბ–ი. გასხვისებული ლიზინგის საგნებიდან 2 ერთეული გასხვისდა, როგორც ჯართი. ქონება წარმოადგენდა სპეციალიზებულ დანადგარებს (არის სპეციალიზებული სარეცხის მანქანები, საშრობები და უთო), რომლის შეძენითაც დაინტერესებული იქნება მხოლოდ მსყიდველთა ვიწრო წრე, ვინც ამ სფეროში საქმიანობს. მოპასუხე/აპელანტმა დ.ბ–მა სასამართლო სხდომაზე თავად მიუთითა, რომ ქონების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ვინაიდან ლიზინგის გამცემმა ვერ შეძლო მათი გასხვისება, თავად კომპანიამ შესთავაზა, რომ მას შეეძინა და იყიდა კიდეც დანადგარები. შესაბამისად, აპელანტის განმარტებები არ იქნა გაზიარებული.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა. მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

17. კასატორი აღნიშნავს, რომ ლიზინგის მიმღებმა თანხის გადახდა შეწყვიტა 10.07.2019წ. ლიზინგის გამცემმა კი, 7 თვის შემდეგ შეწყვიტა ცალმხრივად ხელშეკრულება, სსკ-ის 561-ე მუხლის მიხედვით კი თანხის გადახდის შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ უნდა შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. სალიზინგო კომპანიამ ამ ქმედებით ხელოვნურად გაზარა დავალიანების თანხა 169 51 აშშ დოლარამდე.

18. კასატორი აღნიშნავს, რომ ლიზინგის მიმღებს სარჩელში არ გამოუთქვამს პრეტენზია ლიზინგის საგნის ტექნიკური მდგომარეობის გამო, შესაბამისად, საგნები დაბრუნდა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ ფასად - 19 346,71 აშშ დოლარად (იხ., საკასაციო საჩივარი).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

23. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ლიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია) (სადავო პერიოდში მოქმედი კანონის რედაქცია, 13.10.2011წ., N5119-IIს).

25. ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და მისი პრაქტიკული დანიშნულების გაანალიზება შესაძლებელია ფინანსური ლიზინგის შესახებ 1988 წლის UNIDROIT-ის ოტავის კონვენციით გათვალისწინებული დებულებებით (Unidroit Convention on International Financial leasing, Ottawa, 28 May, 1988, <https://www.unidroit.org/instruments/leasing/convention/>). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ისეთი გარიგება, რომლითაც ერთი მხარე (ლიზინგის გამცემი) მეორე მხარის (ლიზინგის მიმღების) მითითებით დებს მესამე მხარესთან (მომწოდებელთან) ხელშეკრულებას, რომლითაც ლიზინგის გამცემი ყიდულობს მანქანებს, სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მოწყობილობებს ლიზინგის მიმღების მიერ მოწონებული პირობებით, რამეთუ ეს შეეხება მის ინტერესებს და დებს ლიზინგის ხელშეკრულებას ლიზინგის მიმღებთან, რომლის ძალით უფლებას აძლევს ლიზინგის მიმღებს, გამოიყენოს შეძენილი მოწყობილობები განსაზღვრული დროის განმავლობაში, შეთანხმებული საზღაურის გადახდით. ამავე კონვენციაში მოცემულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ.

26. ლიზინგთან (ფინანსური ლიზინგი) დაკავშირებული საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის იდენტიფიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა 13.11.2008წ.-ის UNIDROIT-ის რომის მოდელური კანონი ლიზინგის შესახებ (Unidroit Model Law on Leasing, Rome, 13 November, 2008), რომელიც მოიცავს ლიზინგის რეგულირების სფეროში არსებულ მოწინავე წესებსა და საუკეთესო გამოცდილებას, აერთიანებს საერთო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. მოდელური კანონის მიხედვით ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი საზღაური შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის ამორტიზაციის ხარჯებს (იხ., გოთუა ლ., საქართველოში ფინანსური ლიზინგის განვითარების სამართლებრივი პრობლემები, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 3/2021, 26 <https://lawjournal.ge/wp-content/uploads/2021/05/DGZR-3-2021_41.pdf>).

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, სსკ-ის 5805 მუხლის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. შესაბამიად, დაუსაბუთებლობის გამო გასაზიარებელი არაა კასატორის პრეტენზია, რომელიც აღნიშნულია ამ განჩინების პ. 20-ში, რომლის მიხედვით, ლიზინგის მიმღებმა თანხის გადახდა შეწყვიტა 10.07.2019წ. ლიზინგის გამცემმა კი, 7 თვის შემდეგ შეწყვიტა ცალმხრივად ხელშეკრულება, რითაც ხელოვნურად გაზარა დავალიანების თანხა.

28. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სალიზინგო ურთიერთობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ლიზინგის საგანი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითად უზრუნველყოფას ანუ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს და რჩება მის საკუთრებაში/მფლობელობაში, ხოლო ლიზინგის მიმღებს არ აქვს მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლება.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ლიზინგის საგნის მიღების შემდგომ ლიზინგის მიმღებს გააჩნია უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება გადაიხადოს სალიზინგო საზღაური. აღნიშნული ვალდებულება არ არის დამოკიდებული ლიზინგის გამცემის მხრიდან ვალდებულების შესრულებასა და/ან სხვა დამატებით ფაქტორებზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ლიზინგის მიმღები ახორციელებს ქონებით სარგებლობას, რომელიც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას, ხოლო ლიზინგის გამცემის, როგორც მესაკუთრის, ფუნდამენტური უფლებაა იყოს დაცული უკანონო ხელყოფისგან.

30. გარდა ამისა, სალიზინგო ურთიერთობა არის ისეთი სახის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის მიმღები სალიზინგო საზღაურს იხდის სწორედ ლიზინგის საგნის გამოყენების (მოხმარების/ამორტიზაციის) პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სალიზინგო საზღაურების გადაუხდელობა ავტომატურად ანიჭებს მესაკუთრეს (ლიზინგის გამცემს) უფლებას დაიბრუნოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და არ მიეცეს ლიზინგის მიმღებს სხვისი საკუთრების განადგურების (ცვეთის) შესაძლებლობა. სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობა/დარღვევა წარმოშობს ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის საგანზე მფლობელობის უფლების უპირობო ჩამორთმევის უფლებას, მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლების გარეშე (იხ., სუსგ №ას-96-2021, 21.07.2022წ., პ.61).

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 4.1 და 178.1„ე“ მუხლების თანახმად პროცესის მონაწილე მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს; სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტების მითითების თაობაზე მხარეთა ტვირთი (მითითების ტვირთი) არსებითად განსხვავდება მათი მტკიცების ტვირთისაგან (მტკიცების ტვირთი). მოსამართლე მიუთითებს, რომელმა მხარემ ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი თუმცა, ფაქტების მითითების ვალდებულების შესრულების პროცესში მოსამართლის როლი პასიურია. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა წარდგენაზე პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ მხარეები. ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი “da mihi facta, dabo tibi ius“ (მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს) პრინციპი (გაგუა ი., მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, გამომცემლობა „ბონა-კაუზა“, თბ., 2020, 166-170, 229-232).

32. განსახილველ შემთხვევაში, იმ საფუძვლით, რომ ლიზინგის მიმღებმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ლიზინგის საზღაურის გადახდის შესახებ, მხარეთა შორის არსებული სალიზინგო ურთიერთობა 07.02.2020წ. შეწყდა ლიზინგის გამცემის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე (შდრ: სუსგ Nას-7-2024, 5.02.2025წ.). ამ დროისათვის დავალიანება 16 951,4 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც სალიზინგო ინვესტიციის თანხაა (იგივე ძირითადი თანხა) 11 651,37 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 301,99 აშშ დოლარი, საურავი - 2 998,09 აშშ დოლარი.

33. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2020 წლის 20 თებერვალს გაიცა ბრძანება და სააღსრულებო ფურცელი ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

34. ლიზინგის გამცემმა მოახდინა ლიზინგის საგნების რეალიზაცია.

35. ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებისათვის (ასევე სოლიდარულად თავდებ პირთათვის) 12 401,37 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით ლიზინგის საგნები რეალიზდა, თუმცა, მიღებული 4 550,08 აშშ დოლარით დავალიანების ნაწილი დაიფარა, კეერძოდ, საურავი - 2 998,09 აშშ დოლარი და პროცენტი 1 551,99 აშშ დოლარი. სხვაობა 12 401,37 აშშ დოლარი დარჩა (საიდანაც სალიზინგო ინვესტიციაა 11 651,37 აშშ დოლარი, პროცენტი - 750 აშშ დოლარი და სხვა ხარჯი - 6 677,55 ლარი).

36. მხარეთა შორის სადავოა ლიზინგის საგნის შეფასება.

37. საკასაციო პალატა უთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულების 15.4. პუნქტის თანახმად „ხელშეკრულების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მოთხოვნით განსაზღვრულ ადგილზე და ვადაში, ხოლო ამ უკანასკნელის არ არსებობისას, ამ ხელშეკრულების შეწყვეტის ძალაში შესვლის დღეს ლიზინგის მიმღები ვალდებულია ლიზინგის საგანი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი მიღება-ჩაბარების აქტით და საკუთარი ხარჯებით დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს. ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია ლიზინგის საგნისათვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე, რაც ლიზინგის საგანს შესაძლებელია მიადგეს ლიზინგის გამცემისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ლიზინგის საგნის გადაცემამდე. ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია განკარგოს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაბრუნებული ლიზინგის საგანი საკუთარი შეხედულებისამებრ.“

38. ამავე ხელშეკრულების 15.5. პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით ლიზინგის საგნის დაბრუნებისას, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით ლიზინგის საგნის ფაქტობრივი მდგომარეობა (მისი ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები), დაბრუნების მომენტში არსებული ლიზინგის საგნის ხარისხი, ხოლო მხარეთა შორის ხარისხში შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემს ენიჭება ერთპიროვნული უფლება თავისი შეხედულებისამებრ მიმართოს მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალიზებულ დაწესებულებას ლიზინგის საგნის ფაქტობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შესწავლისა და დადგენისათვის, რომლის დასკვნაც მისაღებია, მასში მითითებული ლიზინგის საგნის ფაქტობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობა დადგენილია მხარეებისათვის და შესაბამისად არ წარმოადგენს დავის საგანს“.

39. დადგენილია, რომ სამი ერთეული სპეციალიზებული დანადგარები შპს „ვ–ამ“ შეიძინა, რომლის კანონიერი წარმომადგენელია დ.ბ–ი (წინამდებარე დავაში ერთ-ერთი სოლიდრულად თავდები პირი).

40. გასხვისებული ლიზინგის საგნებიდან ორი ერთეული სპეციალიზებული დანადგარი: სარეცხის 40კგ-იანი მანქანა 490 გასხვისდა, როგორც ჯართი.

41. ლიზინგის გამცემმა წარმოადგინა 16.05.2023წ. ქონებების შეფასების ანგარიში, სადაც შეფასებულია ორი სპეციალიზებული დანადგარი, რომლებიც შეფასდა, როგორც ჯართი.

42. რაც შეეხება სამი სპეციალიზებული დანადგარის შეფასების სადავოობას, ამ განჩინებით დადგენილია, რომ მოპასუხემ თავის მხრივ, წარმოადგინა 01.09.2023წ. „დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა მოძრავი ქონების შეფასების შესახებ“. შეფასება განხორციელდა სამი სპეციალიზებული დანადგარის საბაზრო ღირებულების დასადგენად.

43. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მითითებული დასკვნის იურიდიული ძალის შესახებ, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 9-15 და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტებების საპირწონედ სწორად არ იქნა გაზიარებული დასკვნაში მოყვანილი შეფასება, ის ვერ ასახავს ლიზინგის საგნების მოსარჩელისთვის დაბრუნების დროისთვის ან გასხვისების დროისთვის არსებულ საბაზრო ღირებულებას.

44. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების ანგარიში არ ასახავს ლიზინგის საგნების რეალურ საბაზრო ღირებულებას. ასევე, ვერ წარმოადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ ლიზინგის საგნები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეაფასა და გაასხვისა. ლიზინგის მიმღებმა ვერც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

45. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).

46. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი.ს. - კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ი.ს. - კ–ის“ (ს.კ:.........) დაუბრუნდეს 16.07.2025წ. №28333445742 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2,016.56 ლარის 70% – 1,411.59 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე