საქმე №ას-840-2025 17 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით ი.ხ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ ალიმენტის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/32861-18) მოსარჩელისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (ყოველთვიურად 2000 ლარი) და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 08 აპრილს დაბადებული ო.მ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით, დაეკისროს 1500 ლარის გადახდა 2023 წლის 18 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 16 აგვისტოდან, მათი ქორწინება შეწყდა 2019 წლის 13 აგვისტოს და მას შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრობენ;
2.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი - 2016 წლის 8 აპრილს დაბადებული ო.მ–ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად;
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/32861-18) მოსარჩელეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 08 აპრილს დაბადებული ო.მ–ის - სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
2.4. არასრულწლოვანი ო.მ–ი დადის შპს „მ.ს–ში“, სადაც სწავლის ღირებულება შეადგენს წელიწადში 6900 ლარს. ალიმენტის დაკისრების დროისათვის იმავე სკოლაში წინასასკოლო მოსამზადებელ ცენტრში სწავლის ღირებულება განისაზღვრებოდა 4000 ლარით. ო.მ–ი დადის შპს „მ.ს–ის“ საცურაო აუზზე, რისი ღირებულებაც ყოველთვიურად 80 ლარია, ასევე, მაგიდის ჩოგბურთზე, არტ-კლუბსა და ინგლისურ ენაზე, რომელთა ღირებულება ყოველთვიურად 70-70 ლარს შეადგენს;
2.5. მოსარჩელეს შექმნილი აქვს ოჯახი და ქორწინებაში იმყოფება ქ.ვ–თან;
2.6. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოპასუხე დასაქმებული არ იყო. 2023 წლის 24 აპრილიდან მოპასუხე დასაქმებულია შპს „ს–ში“ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს;
2.7. მოსარჩელეს მოპასუხისათვის ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობის თანხები: 2020 წლის იანვარში - 2000 ლარი, თებერვალში - 2000 ლარი, მარტში - 2000 ლარი, აპრილში - 2000 ლარი, მაისში - 2000 ლარი, 1100 ლარი, 2000 ლარი (ალიმენტი ივნისი), ივნისში - 100 ლარი, 4450 ლარი, 200 ლარი და 2000 ლარი, ივლისში - 2000 ლარი, აგვისტოში - 3050 ლარი, სექტემბერში - 300 ლარი, 300 ლარი, 2000 ლარი, ოქტომბერში - 320 ლარი, 350 ლარი, 100 ლარი, 300 ლარი, 2000 ლარი, 500 ლარი, ნოემბერში - 100 ლარი, 70 ლარი, დეკემბერში - 2000 ლარი, 600 ლარი, 110 ლარი, 70 ლარი. 2021 წლის იანვარში - 2000 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, 100 ლარი, თებერვალში - 2000 ლარი, 3500 ლარი, მარტში - 2000 ლარი, 350 ლარი, 120 ლარი, 280 ლარი, 200 ლარი, 50 ლარი, 300 ლარი, 150 ლარი, 500 ლარი, აპრილში - 800 ლარი, 2000 ლარი, 400 ლარი, 650 ლარი, მაისში - 2000 ლარი, 250 ლარი, 100 ლარი, 100 ლარი, 500 ლარი, 35 ლარი, 2000 ლარი, 800 ლარი, ივნისში - 50 ლარი, 70 ლარი, 1600 ლარი, 945 ლარი, 200 ლარი, ივლისში - 2000 ლარი, 1557 ლარი, აგვისტოში - 2000 ლარი, სექტემბერში - 2000 ლარი, 350 ლარი, ოქტომბერში - 2000 ლარი, 600 ლარი, 60 ლარი, ნოემბერში - 2000 ლარი, დეკემბერში - 2000 ლარი, 300 ლარი, 300 ლარი, 50 ლარი, 200 ლარი. 2022 წლის იანვარში - 2000 ლარი, 80 ლარი, თებერვალში - 2000 ლარი, მარტში - 2000 ლარი, 200 ლარი, აპრილში - 2000 ლარი, 550 ლარი, 200 ლარი, მაისში - 2000 ლარი, 620 ლარი, ივნისში - 2000 ლარი, 200 ლარი, ივლისში - 2000 ლარი, 500 ლარი, აგვისტოში - 2000 ლარი, სექტემბერში - 2000 ლარი, 300 ლარი, 50 ლარი, ოქტომბერში - 2000 ლარი, 100 ლარი, ნოემბერში - 2000 ლარი, დეკემბერში - 2000 ლარი. 2023 წლის აგვისტოში - 800 ლარი, სექტემბერში - 800 ლარი;
2.8. მოსარჩელე დასაქმებულია სს „მ.ო.კ–ში“ რისკების სტრატეგიული პროექტების მფლობელის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 7000 ლარს;
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/32861-18) დადგენილია, რომ მოსარჩელე მისთვის ალიმენტის განსაზღვრისას მუშაობდა შპს მ. ო. „ ფ–ში“ კონსულტანტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება 2017 წლის 24 ოქტომბრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე განისაზღვრებოდა 8800 ლარით, ხოლო 2018 წლის 01 ივლისიდან - 10800 ლარით, სავალდებულო საპენსიო შენატანის, დარიცხული ხელფასის 2%-ის განხორციელების შემდეგ 2019 წლის 01 იანვრიდან ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 10584 ლარს. შემოსავლების სამსახურიდან 2019 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მოსარჩელის მიღებული შემოსავლის ყოველთვიურმა ოდენობამ საშუალოდ შეადგინა 10861 ლარი;
2.10. ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო მოპასუხე დასაქმდა და იღებს ხელფასს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა შპს „მ.ო. ? ფ–ში“ და მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 10861 ლარს. ამჟამად საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოსარჩელე დასაქმებულია სს „მ.ო.კ–ში“ რისკების სტრატეგიული პროექტების მფლობელის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 7000 ლარს. აღნიშნული მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ გამოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია. აღნიშნული ცნობის თანახმად, მოსარჩელის შემოსავალი ბოლო თვეების მანძილზე განისაზღვრება თვეში დაახლოებით 7000-8000 ლარამდე (ს.ფ. 57), ხოლო მოპასუხის ხელფასი 1000 ლარამდეა;
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, თ.გ–ძეს (შემდგომში ,,გამქირავებელი“) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს (შემდგომში „დამქირავებელი“) შორის გაფორმებული იყო საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე იხდის მისი შვილის - ო.მ–ის და მოპასუხის საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადს - 450 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით მოსარჩელე ქირას აღარ იხდის.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1234-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შეცვლას (მათ შორის შემცირებას) და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.; შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მისი მატერიალური/ოჯახური მდგომარეობა სწორედ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაუარესდა.
4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მსგავსი ცვლილებები მოსარჩელესთან მიმართებით დადასტურებულია, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მისი შემოსავალი და ფინანსები აღარ არის შესაბამისობაში დაკისრებული ალიმენტის ოდენობასთან. რამდენადაც მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებებით დაადასტურა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, იმდენად, მოპასუხემ საპირწონედ სხვა სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, კერძოდ: დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემცირებულია. გარდა ამისა, მას შექმნილი აქვს ოჯახი, რაც ნიშნავს იმას, რომ პირადი ცხოვრების მოსაწყობად საჭიროა გარკვეული ფინანსური ხარჯის გაღება. ამასთანავე, გაუმჯობესდა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობაც, იგი დასაქმდა და აქვს გარკვეული შემოსავალი.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (საქმე №2/32861-18) მოსარჩელეს ალიმენტის სახით დაეკისრა 2000 ლარის გადახდა ყოველთვიურად. მოსარჩელე სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე ასრულებდა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებას და ზოგიერთ თვეებში უფრო მეტი ოდენობით თანხასაც ურიცხავდა მოპასუხეს (ს.ფ. 136-142), სარჩელის შემოტანის შემდეგ კი იხდის მხოლოდ 800 ლარს. არასრულწლოვანი დედასთან ცხოვრობს. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოპასუხე დასაქმებული არ ყოფილა, ხოლო ამჟამად იგი დასაქმებულია და იღებს გარკვეულ შემოსავალს, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 11:44:12-11:44:39 სთ.). არასრულწლოვანი დადიოდა კერძო სკოლაში და სწავლის გადასახადი იყო 4000 ლარი. დღევანდელი მდგომარეობითაც დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დადის შპს „თ. მ.ს–ში“ და სწავლის ღირებულება წელიწადში 6900 ლარია. ასევე, არასრულწლოვანი დაკავებულია კლასგარეშე აქტივობებით: ცურვა - 80 ლარი, მაგიდის ჩოგბურთი - 70 ლარი, არტ-კლუბი - 70 ლარი და ინგლისური ენა - 70 ლარი. ასევე, არასრულწლოვანს ჰყავს აღმზრდელი, რომელსაც ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხას უხდის მოპასუხე. შესაბამისად, ო.მ–ის ფინანსური საჭიროებები განათლებასა და დამატებით აქტივობებში ერთ თვეზე გაანგარიშებით შეადგენს - 865 ლარს (6900:12=575+80+70+70+70), რასაც უნდა დაემატოს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო სხვა ხარჯებიც, რაც დაკავშირებულია გართობასთან, კვებასთან, ჯანმრთელობასთან და სხვა რიგ საკითხებთან, რაც მამის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლოა აჭარბებდეს კიდეც ჩვეულებრივ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ამასთან, თავის დროზე, ალიმენტის განსაზღვრისას, 2000 ლარი სასამართლომ განსაზღვრა სწორედ სკოლის გადასახადის გათვალისწინებით, რომელიც დღევანდელი მოცემულობით გაზრდილია.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ზრუნავს შვილზე, იხდიდა მისთვის დაკისრებულ ალიმენტს, თუმცა ბოლო პერიოდში მისი შემოსავალი გარკვეულწილად შემცირებულია, ამასთან, მან შექმნა მეორე ოჯახი, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები და იტარებს შესაბამის გამოკვლევებსა და მკურნალობას, რაც ასევე სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ამასთან, იგი ალიმენტის გარდა სხვა ხარჯსაც (არც თუ უმნიშვნელოს, ხშირ შემთხვევაში სოლიდურს) იღებდა შვილის სასარგებლოდ, მათ შორის, იხდიდა საცხოვრებელი ბინის ქირას, რაც დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს გადასახდელი. მეორე მხრივ, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ ფაქტსაც, რომ მისთვის დაკისრებული 2000 ლარი არ ხმარდება სრულად მისი შვილის საჭიროებებს და რეალურად ბავშვის მოთხოვნილებებს არ მოიცავს აღნიშნული თანხა სრულად, რის დასადასტურებლადაც მან მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან განხორციელებული ტრანზაქციების წარმოდგენა მოითხოვა. სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა აღნიშნული მტკიცებულებები (ს.ფ. 171, 175). ამ კონტექსტში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ შეაფასა მოპასუხის მიერ პირადი მიზნებით გახარჯული თანხების ოდენობა და მიზნობრიობა და სწორად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ, როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს უფლება აქვს პირადი ცხოვრების უფლებით ისარგებლონ და ასევე, ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული არჩინოს შვილი და გაიღოს მისი რჩენისთვის საჭირო ხარჯი არა მხოლოდ იმ ფინანსური ტვირთის განაწილებით, რაც მათი შემოსავლის პირობებში შეიძლება თითოეულს დაეკისროს, არამედ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ძირითადად ვინ ზრუნავს შვილზე, ვისთან ცხოვრობს და ა.შ.; სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე, რომელიც ამჟამად გარკვეულ შემოსავალს იღებს, ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენაში და შემოსავლის პროპორციულად გაიღოს გარკვეული ხარჯი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა (რაც თავისთავად დამატებით ხარჯს საჭიროებს) ასე თუ ისე შეცვლილია საუარესოდ.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე განათლების მიღებისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობის 500 ლარით შემცირება მართლზომიერი იყო, ხოლო ალიმენტის გონივრულ ოდენობად 1500 ლარის დაკისრება - მართებული, ასევე მართებული იყო მსჯელობა აღნიშნული ოდენობით ალიმენტის დაკისრებაზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 18.04.2023 წლიდან, სსკ-ის 1234.1 მუხლის საფუძველზე.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. სასამართლომ არ შეაფასა, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა, მას აქვს შემოსავალი და, შესაბამისად, შეუძლია დაკისრებული ალიმენტის გადახდა. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა სრულად შეესაბამება ბავშვის საჭიროებებს და უფრო მეტიც, შეცვლილია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გაზრდილია ფასები და, შესაბამისად, ბავშვის მოთხოვნილებებიც;
9.2. ბავშვის სკოლაში სწავლის ყოველწლიური საფასური, რომელიც მანამდე შეადგენდა 4000 ლარს, ამჯერად შეადგენს ყოველწლიურად 6900 ლარს. ამასთან, იგი დადის სხვადასხვა წრეებზე. ცურვის ღირებულება ყოველთვიურად 80 ლარია. იგი დადის ასევე მაგიდის ჩოგბურთზე, არტ-კლუბსა და ინგლისურ ენაზე, რომელთა ფასი შეადგენს ყოველთვიურად 70-70 ლარს. გარდა ამისა, ბავშვს ესაჭიროება ჯანსაღი კვება, დასვენება და სხვა;
9.3. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ასევე შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს თ.გ–ძესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული იყო საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, .......... აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე იხდის მისი შვილის - ო.მ–ის და მოპასუხის საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადს - 450 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით მოსარჩელე ქირას აღარ იხდის;
9.4. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ალიმენტის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხი.
15. მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა [სსკ-ის 1221-ე მუხლი].
16. კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე ნათელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს (იხ. სუსგ საქმე №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წელი).
17. ზემოხსენებული მუხლის დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს აღნიშნული ალიმენტის ოდენობაში სასამართლოს მიერ ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ საქმე №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).
18. საკასაციო პალატის განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, როდესაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე - შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა და საჭიროება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). სასამართლო ალიმენტის ოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობს 1214-ე მუხლში დადგენილი სტანდარტით. შესაბამისად, როგორც ალიმენტის ოდენობის დადგენისას, ისე - მისი ოდენობის ცვლილებისა თუ ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ვალდებული პირის ეკონომიკური მდგომარეობით და სარჩენი პირის საჭიროებებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021, გვ. 388, 389).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი). სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს. ამასთან, აღნიშნული მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი).
20. ამასთან, მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ საქმე №ას-602-570-2015, 20 ნოემბერი, 2015 წელი). „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2. მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
21. ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება [„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 5.1 მუხლი]. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას. ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას [„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები].
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, მართებულად შემცირდა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო მოპასუხე დასაქმდა და იღებს ხელფასს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა შპს „მ.ო. ? ფ–ში“ და მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 10861 ლარს. ამჟამად საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოსარჩელე დასაქმებულია სს „მ.ო.კ–ში“ რისკების სტრატეგიული პროექტების მფლობელის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 7000 ლარს. აღნიშნული მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ გამოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია. აღნიშნული ცნობის თანახმად, მოსარჩელის შემოსავალი ბოლო თვეების მანძილზე განისაზღვრება თვეში დაახლოებით 7000-8000 ლარამდე, ხოლო მოპასუხის ხელფასი 1000 ლარამდეა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.10 ქვეპუნქტი). გარდა ამისა, მოსარჩელემ შექმნა მეორე ოჯახი, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები და იტარებს შესაბამის გამოკვლევებსა და მკურნალობას, რაც ასევე სოლიდურ თანხებს უკავშირდება.
24. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დადიოდა კერძო სკოლაში და სწავლის გადასახადი იყო 4000 ლარი. დღევანდელი მდგომარეობითაც დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დადის შპს „თ. მ.ს–ში“ და სწავლის ღირებულება წელიწადში 6900 ლარია. არასრულწლოვანი ასევე დაკავებულია კლასგარეშე აქტივობებით: ცურვა - 80 ლარი, მაგიდის ჩოგბურთი - 70 ლარი, არტ-კლუბი - 70 ლარი და ინგლისური ენა - 70 ლარი. ასევე, არასრულწლოვანს ჰყავს აღმზრდელი, რომელსაც ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხას უხდის მოპასუხე. შესაბამისად, არასრულწლოვნის ფინანსური საჭიროებები განათლებასა და დამატებით აქტივობებში ერთ თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 865 ლარს (6900:12=575+80+70+70+70), რასაც ემატება არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო სხვა ხარჯებიც, რაც დაკავშირებულია გართობასთან, კვებასთან, ჯანმრთელობასთან და სხვა რიგ საკითხებთან.
25. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის დაკისრებული ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა მართებულად შემცირდა 2000 ლარიდან 1500 ლარამდე, რა დროსაც დაცული იქნა გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ი.ხ–ს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს გ. ნ–ის მიერ (პ/ნ: ........) 2025 წლის 27 ივნისს №1636 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე