Facebook Twitter

საქმე №ას-772-2025 04 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ააიპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „პ“-ის (შემდეგში: მენარდე ან მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ააიპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის’’ (შემდეგში: დამკვეთი ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელეს და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდეგში - ფონდი) ,,გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის ან სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციის’’ შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, პროექტის მიზანს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ეკვდერების მოჭიქული კრამიტით გადახურვა წარმოადგენდა;

2.2. 02.04.2018წ. მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო. მოპასუხემ ამ განჩინების პ.2.1-ში მითითებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის არქეოლოგიური კრამიტის ანალოგიური ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტის დამზადების ვალდებულება იკისრა. მოპასუხეს 2650 ცალი კრამიტი უნდა დაემზადებინა შემდეგი სპეციფიკით: ტიპი №1 - საწყისი კრამიტი, ტიპი №2 - ბრტყელი კრამიტი, ტიპი №3 - ღარიანი კრამიტი, ტიპი №4 - ანტეფიქსი და ტიპი №5 - ფარდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 58 300.00 ლარს შეადგენდა;

2.3. მოსარჩელემ 02.04.2018წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოჭიქული კრამიტის ნიმუშები ფიზიკურ-მექანიკური კვლევისთვის (ყინვამედეგობა, წყალშეუღწევადობა, მარღვევი დატვირთვა) სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს წარუდგინა, რომლის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიმართა ამ განჩინების პ.2.1-ში მითითებული პროექტის ხელმძღვანელს და მისგან ფილების შემდგომი წარმოების გაგრძელებაზე თანხმობა ითხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ 28.06.2018წ. მოდავე მხარეთა შორის, ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტის დამზადების თაობაზე ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი უკვეთავდა, ხოლო, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას დაემზადებინა არქეოლოგიური კრამიტის ანალოგიური ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტი ამ განჩინების პ.2.1-ში მითითებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის. მოპასუხე კომპანიას უნდა დაემზადებია 11 000 ცალი კრამიტი, კრამიტი დამზადდებოდა თანდართული ნახაზების მიხედვით შემდეგი სპეციფიკით: ტიპი №1 - საწყისი კრამიტი, ტიპი №2 - ბრტყელი კრამიტი, ტიპი №3 - ღარიანი კრამიტი, ტიპი №4 - ანტეფიქსი და ტიპი №5 - ფარდა. ხელშეკრულების ღირებულება 242 000.00 ლარს შეადგენდა.

2.4. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია წინასწარ წერილობით შეათანხმოს დამკვეთთან ყველა შეკვეთილი ფორმის სასიგნალო ნიმუში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს წარმოება;

2.5. 10.12.2019წ. მხარეთა შორის შესრულებულ სამუშაოზე გარანტია შედგა, რომლითაც მოპასუხემ 28.06.2018წ ხელშეკრულების შესაბამისად (შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით გამოასწოროს/თავიდან დაამზადოს წუნდებული პროდუქცია) ვალდებულება აიღო საკუთარი სახსრებით გონივრულ ვადაში გამოესწორებინა სამი წლის განმავლობაში გადახურვის დეფექტები, რომლებიც გამოწვეული იქნებოდა მოპასუხის მიერ მოწოდებული კრამიტის ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტში მითითებულ სტანდარტებთან შეუსაბამობით;

2.6. უდავოა, რომ 02.04.2018წ და 28.06.2018წ. ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 295 400 ლარი აუნაზღაურა;

3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულებათა 2.2.1 პუნქტების შინაარსზე, რომლითაც განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება დაამზადოს კრამიტი რომელიც შეესაბამება სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ქანების თვისებებისა და მასივში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კვლევის განყოფილების დასკვნაში მოცემულ სპეციფიკაციებს. პალატამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშის მომზადებას, დროში წინ უსწრებს 02.04.2018წ. ხელშეკრულება, უდავოა, რომ 02.04.2018წ და 28.06.2018წ. ხელშეკრულებებით დასამზადებული პროდუქციის ხარისხზე მხარეები შეთანხმდენენ.

4. სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად კრამიტის სპეციფიკაციები იყო შემდეგი: 1) სიმტკიცის ზღვარი ღუნვისას - ბრტყელი ფორმის 24.7 მეგპა, ღარის ფორმის: 82.3 მეგპა; 2) წყალშთანთქმა - ბრტყელი ფორმის 17.6%, ღარის ფორმის - 16.6%; 3) ყინვამედეგობა - ბრტყელი ფორმის - 50 ციკლი, ღარის ფორმის - 50 ციკლი; 4) ყინვამედეგობის ცდის პროცესში გაყინვა-გალღობის ყოველი ციკლის შემდეგ დეტალური დათვალიერების შედეგად, კრამიტების რაიმე ფორმის დარღვევა (გაბზარვა, ჩამომტვრევა, ამომტვრევა, აქერცვლა, ფერის შეცვლა) არ დაფიქსირებულა.

5. მოპასუხე უთითებს, რომ სწორედ იმ ხარისხის მოჭიქული კერამიკული კრამიტი დაამზადა, რაც გათვალისწინებული იყო 02.04.2018წ. და 28.06.2018წ. ხელშეკრულებების 2.2.1 პუნქტით და შეესაბამებოდა სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის განყოფილების დასკვნაში მოცემულ სპეციფიკაციებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე ეყრდნობა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.09.2020წ. საინჟინრო დასკვნას.

6. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში დასადგენი იყო მოსარჩელისთვის მიწოდებული კრამიტი შეესაბამებოდა თუ არა სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშში მოცემულ სპეციფიკაციებს და დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი იყო თუ არა მოპასუხე.

7. მოსარჩელე, ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებად სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.09.2020წ. საინჟინრო დასკვნას ეყრდნობა (შემდეგში- ექსპერტიზის დასკვნა), რომლის კვლევის საგანს წარმოადგენდა ექსპერტიზაზე წარდგენილი კრამიტების ფიზიკურ-მექანიკური მონაცემების შესაბამისობის დადგენა სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ქანების თვისებებისა და მასივში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კვლევის განყოფილების ანგარიშში მითითებულ მონაცემებთან.

8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტს მიმართა ანგარიშის მოსამზადებლად და კერამიკული კრამიტის ნიმუშები წარუდგინა ფიზიკურ-მექანიკური კვლევისათვის: ყინვამედეგობა, წყალშეუღწევადობა, მრღვევი დატვირთა და მოითხოვა დასკვნის გაცემა კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, იმაზე მითითებით რომ კრამიტი გამოყენებულ უნდა ყოფილიყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გადასახურად (ტ.1. ს.ფ. 288). ინსტიტუტის მიერ მომზადებული კერამიკული კრამიტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევის შესახებ დასკვნა შემდეგია: 1. სიმტკიცის ზღვარი ღუნვისას: 1.1.ბრტყელი ფორმის 24.7 მეგპა, 1.2. ღარის ფორმის: 82.3 მეგპა; 2. წყალშთანთქმა: 2.1 ბრტყელი ფორმის 17.6 %, 2.2. ღარის ფორმის - 16.6%; 3. ყინვამედეგობა: 3.1 ბრტყელი ფორმის - 50 ციკლი, 3.2. ღარის ფორმის - 50 ციკლი; 4) ყინვამედეგობის ცდის პროცესში გაყინვა-გალღობის ყოველი ციკლის შემდეგ დეტალური დათვალიერების შედეგად, კრამიტების რაიმე ფორმის დარღვევა (გაბზარვა, ჩამომტვრევა, ამომტვრევა, აქერცვლა, ფერის შეცვლა) არ დაფიქსირებულა (ტ.1. ს.ფ. 289-291). სასამართლო პროცესზე დასკვნის ავტორმა დაადასტურა რომ მისი კვლევის საგანში, მხოლოდ კერამიკული კრამიტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მახასიათებლების დადგენა შედიოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში კარგი იყო... ხოლო, კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი რამდენად დამაკმაყოფილებელია იმ ობიექტთან მიმართებით, რისი გადახურვაც უნდა მოხდეს, დადგინდება მას შემდეგ, რაც შედგება სამშენებლო პროექტი, სადაც მითითებული იქნება მონაცემები, თუ ობიექტი რა გარემოში შენდება და აკმაყოფილებს თუ არა კრამიტი პარამეტრებს.... კონკრეტულ შემთხვევაში, კრამიტი შემოწმდა კერამიკული ფილების გამოცდის და კერამიკული კრამიტის ყინვამედეგობის სტანდარტით. თუმცა, არსებობს მეორე (შემდგომი საფეხური) სტანდარტი - ტექნიკური პირობები, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა დამზადდება გამოსაყენებელი კრამიტი, მისი ¼, მკვლევარის, დამამზადებელის და გამომყენებლის მონაწილეობით, უნდა დაილუქოს და გაიგზავნოს გამოკვლევაზე. ასე ხდება დანარჩენი ¾ კრამიტის მიმართაც. წესით, გელათის გადახურვისათვის დამზადებული კრამიტის შემდგომი შემოწმება სწორედ, ასე უნდა მომხდარიყო.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დასკვნის შინაარსით არ დგინდება ამავე დასკვნაში მოცემული სპეციფიკაციები, რომელსაც უკავშირებს მოსარჩელე 02.04.2018წ. და 28.06.2018წ. ხელშეკრულებების 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ ჯეროვან შესრულებას, კერძოდ, იყო თუ არა სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისი და ვარგისი გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის ეკვდარების გადახურვის უზრუნველსაყოფად. ვერც სხვა რაიმე დოკუმენტით (პროექტი, სპეციფიკაციის შემცველი ნუსხა, ნიმუში) დაუდასტურებია მოსარჩელეს და არც ზეპირად განუმარტავს პროექტის შესაბამისად რა იყო კრამიტის თავდაპირველი და კონკრეტული პარამეტრები/სპეციფიკაციები რომლის შესაბამისადაც უნდა დამზადებულიყო, დამზადდა და ექსპერტიზაზე იქნა გამოსაკვლევად წარდგენილი მოჭიქული კრამიტები.

10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან მიმარტებით კი, დადგენილია, ექსპერტის დაესვა კითხვები: განსაზღვრეთ წარმოდგენილი კრამიტების ფიზიკურ-მექანიკური მონაცემების შესაბამისობა დასკვნაში (სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დასკვნაში) მითითებულ მონაცემებთან და განსაზღვრეთ კირის დუღაბთან ურთიერთქმედების შედეგები და დაადგინეთ დაზიანების მიზეზები დეფექტებიან ნიმუშებში; ასევე შეამოწმეთ წარმოდგენილი ნიმუშების სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობა, ასევე სამუშაოს ანგარიშში გამოსაცდელი კრამიტების თვისებების მაჩვენებელთან ერთად მიუთითეთ სტანდარტებით განსაზღვრული დასაშვები ზღვრული მაჩვენებლებიც. ექსპერტიზას წარედგინა კირზე მოწყობის ორი ნიმუში (დაზიანებული და საღი) და ხის კონსტრუქციაზე მოწყობის ორი ნიმუში (დაზიანებული და საღი). ტაძრის ეკვდერებზე მწყობილი მოჭიქული კრამიტის დაზიანების მიზეზების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა: 1. წითელი თიხის ბრტყელი კრამიტის საშუალო წყალშთანთქმა შეადგენს W1=14.73%-ს, თეთრი თიხის ბრტყელი კრამიტის საშუალო წყალშთანთქმა შეადგენს W2=16.87%-ს, კეხის წითელი კრამიტის წყალშთანთქმა შეადგენს W3=18.67%-ს, კეხის თეთრი კრამიტის წყალშთანთქმა შეადგენს W4=20.57%-ს. კრამიტის წყალშანთქმა სტანდარტის მიხედვით არ ნორმირდება, მაგრამ იმის წარმოსადგენად თუ რა დიდი წყალშთანთქმის მაჩვენებლით ხასიათდება ჩვენს მიერ გამოცდილი კრამიტები, მოვიყვანთ შედარებას ფასადის მოსაპირკეთებელ კერამიკული ფილების ნორმატიულ წყალშთანთქმის მაჩვენებელთან. კერძოდ, ГОСТ 13996-93-ის (,,ფასადის კერამიკული ფილები და ხალიჩები. ტექნიკური პირობები) ცხრილი 4-ის მიხედვით აღნიშნული ფილების წყალშთანთქმის მახასიათებელი არ უნდა აღემატებოდეს 9%-ს. ჩვენი კვლევის ცხრილ №1-ში მოყვანილი კრამიტების წყალშთანთქმის შედეგებიდან ამაზე უკეთესი მახასიათებელი მხოლოდ ერთ, №1-1 ნიმუშს აქვს - 5.13%, ეს მაშინ, როცა კრამიტებს გაცილებით რთულ გარემო პირობებში უწევთ ექსპლოატაცია (ზამთარი, ყინვა, შეიძლება კვირეების განმავლობაში მოუწიოს თოვლის საფარის ქვეშ ყოფნა), ვიდრე ფასადის კერამიკულ ფილებს; 2. ყინვამედეგობაზე გამოცდის 50 ციკლის გავლის შემდეგ გამოსაცდელი 12 ნიმუშიდან 7 კრამიტს აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის დაზიანება (აქერცვლა, ზედაპირული ბზარი, გარსის შემოცლა, დამტვრევა და ა.შ), რომელიც შეუსაბამოა EN 539 - 2:2009-ის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, აღნიშნულმა ნიმუშებმა ვერ გაიარეს გაყინვა-გალღობის 50 ციკლიც კი. ამიტომ, მათ ვერ დააკმაყოფილეს EN 539 - 2:2009-ის მიერ წაყენებული მოთხოვნები ყინვამედეგობაზე; 3. ღუნვაზე გამოცდისას კრამიტებმა დააკმაყოფილეს ევროსტანდარტ EN 1304-2009-ის პუნქტ 4.4.2-ის მოთხოვნა მრღვევ ძალასთან დაკავშირებით; 4. წყალშეუღწევადობაზე გამოცდისას მოჭიქულმა კრამიტებმა დააკმაყოფილეს EN 539-1:2005-ის მოთხოვნა’’. კვლევით ნაწილში აღნიშნულია: ექსპერტი იმყოფებოდა ტაძარზე ვიზუალური დათვალიერების და ნიმუშის აღების მიზნით. ვიზუალური დათვალიერებით ტაძრის ეკვდრებზე მოწყობილ მოჭიქულ კრამიტებს აღენიშნებათ როგორც მიკრო ასევე გამჭოლი ბზარები, ზოგიერთ მათგანზე ჭიქურებია ატეხილი, ზოგს კი ჩამონამტვრევები; ნიმუშები აიღეს ტაძრის ეზოში დასაწყობებული მოჭიქული კრამიტების მარაგიდან. აიღეს სხვადასხვა სახის მოჭიქული კრამიტი, სულ 18 ცალი; მოჭიქული კრამიტების კვლევა განხორციელდა ევროსტანდარტ EN 1304-2009-ის მოთხოვნების შესაბამისად; ნიმუშების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევისთვის გამოყენებულ იქნა ასევე ევროპული სტანდარტები EN 539 - 2:2009- წყალშთანთქმა და ყინვამედეგობა...

11. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ევროპული სტანდარტით კვლევის საფუძველზე, ღუნვაზე და წყალშეუღწევადობაზე გამოცდისას მოჭიქულმა კრამიტებმა დააკმაყოფილეს ევროსტანდარტის მოთხოვნები; გამოსაცდელი 12 ნიმუშიდან მხოლოდ 7 აღმოჩნდა შეუსაბამო და ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი ყინვამედეგობაზე, რაც შეეხება წყალშთანთქმის მაჩვენებელს, დასკვნაში აღნიშნულია და სასამართლოს სხდომაზე დასკვნის ავტორმაც დეტალურად განმარტა რომ ფილების წყალშთანთქმის მახასიათებელი ძალზე მაღალია თუნდაც, ფასადის კერამიკული ფილების სტანდარტებით განსაზღვრულ დასაშვებ ზღვრულ მაჩვენებლებთან მიმართებით (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 9%-ს) და შეუსაბამოა IOCT 13996–93 სტანდარტთან. დასკვნა, არ ადგენს კრამიტის წყალშთანთქვის არსებითად განსხვავებულ მაჩვენებლებს, ვიდრე ეს მითითებულია სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშში, რაც დაადასტურეს სააპელაციო სასამართლოში ორივე დასკვნის ავტორებმა, რაც თავის მხრივ დასტურია იმისა რომ მიწოდებული კრამიტის სპეციფიკაცია - წყალშთანთქმაზე შესაბამისობაშია 02.04.2018წ. და 28.04.2018წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებთან თუმცა, შეუსაბამოა სამშენებლო სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ ზღვრულ მაჩვენებლებთან.

12. ექსპერტიზის დასკვნის განმარტებისას ექსპერტმა მ.ტ–ძემ განმარტა ტაძრის გადასახურად გამოყენებული კრამიტის დაზიანების სავარაუდო მიზეზები რომელიც პირდაპირ უკავშირდება გამოსაკვლევი კრამიტებზე დადგენილ წყალშთანთქმის მაღალ მაჩვენებელს: „წყალშთანთქმა 17% ძალიან დიდია... კრამიტისთვის ყველაზე ცუდი ფორმაა წყალშთანთქმა; მოსული ნალექი, თოვლის საფარი ჩერდება კრამიტზე; საქართველოში ამ მხრივ უფრო კრიტიკული პირობებია; დღის განმავლობაში მზე ალღვობს ყინულს, წყალი შედის კრამიტის ფორებში და როდესაც ღამით დაარტყავს ყინვა 5-7 გრადუსი წყალი იყინება და 9-10% მატულობს მოცულობაში; ამიტომ დაზიანდა გელათის დაძრის სახურავზეც კრამიტები...; მართალია უშუალოდ კრამიტების წყალშთანთქმის თაობაზე სტანდარტი ვერ მოიძია და იხელმძღვანელა კერამიკული ფილების სტანდარტებით, თუმცა როგორც კერამიკოსებმა განუმარტეს კრამიტს წყალშთანთქმის 4-5%-ზე მეტი მაჩვენებელი არ უნდა ჰქონდეს; გელათის შემთხვევაში მართალია მოჭიქული იყო კრამიტი და წყალშეუღწევადობაზე გამოცდისას დააკმაყოფილა სტანდარტი, თუმცა წყალი შედიოდა გვერდებიდან, გვერდები და ძირი კი არ იყო მოჭიქული... მის მიერ მომზადებული სხვა დასკვნის ფარგლებში, მცხეთაში მოძიებული მე-13 საუკუნის არტიფაქტების გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 8-9% წყალშთანთქმა ქონდა და უკეთესად ამზადებდნენ წინაპრები კრამიტებს... კრამიტების გამოცდა განხორციელდა ევროსტანდარტების მიხედვით, რომლის თანახმად ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კრამიტის აღებულ ნიმუშებს უნდა გაეძლო 150 ციკლისთვის, თუმცა ყინვამედეგობაზე გამოცდის 50 ციკლის გავლის შემდეგ, ვინაიდან გამოსაცდელი 12 ნიმუშიდან 7 კრამიტს აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის დაზიანება (აქერცვლა, ზედაპირული ბზარი, გარსის შემოცლა, დამტვრევა და ა.შ), გამოცდა შეწყვიტა და აღარ გაუგრძელებია.

13. სააპელაციო პალატამ კრამიტის ყინვამედეგობაზე შეფასების თვალსაზრისით დაასკვნა, რომ სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დასკვნაში მითითებული გაყინვა-გალღობის 50 ციკლის გავლის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია მტკიცება, რომ მოჭიქული კერამიკული კრამიტი აკმაყოფილებდა ევროსტანდარტს ყინვამედეგობაზე და შეესაბამებოდა სამშენებლო მასალების სტანდარტებს. მოჭიქული კრამიტების წყალშთანთქმისა და ყინვამედეგობის მაჩვენებლის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე მსჯელობისას ყურადღება მიქეცა სარჩელზე თანდართული მუნიციპალური განვითარების ფონდის შიდა მონიტორინგის დეპარტამენტის ელექტრონული წერილის შინაარსს, რომლის ადრესატებიც არიან პროექტის მონაწილე სუბიექტები, მათ შორის, მოსარჩელე. 2018 წლის 7 მაისის წერილში აღნიშნულია: „შემოთავაზებული ფილების წყლის შეწოვის ეს მაჩვენებელი 16.6/17.6% ცოტა არ იყოს მაღალი მეჩვენება. ჩვეულებრივი ხარისხიანი თიხის სახურავის ფილების წყლის შეწოვა შეადგენს დაახლოებით 6%-ს. წყლის შეწოვის უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოიწვევს ფილების გაჯერებას ნაგვით, რაც გარდა იმისა რომ ზემოქმედებას მოახდენს ყინვის მიმართ გამძლეობაზე, ასევე ხელსაყრელ გარემოს შექმნის ხავსისა და წყალმცენარეებისათვის, ამგვარად წარმოშობს რა მჟავიან გარემოს და ხელს შეუწყობს სახურავის ფილების დეტერიორაციას... ვფიქრობ კარგი იქნება თქვენმა სპეციალისტებმა გადახედონ თიხის ფილების საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ შემოთავაზებული მასალა აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს“ (ტ. 1. ს.ფ. 300; გამგზავნი თ.ლომთთიძე).

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მოპასუხის მიზეზით დაზიანდა კრამიტი, რაც თავის მხრივ, ამ უკანასკნელის მხრიდან საკუთარი ხარჯით, საგარანტიო ვადის განმავლობაში გელათის ტაძრის გადასახურად გამოყენებული კრამიტის შეცვლის ვალდებულებას წარმოშობს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციის მქონე კრამიტით, რაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

15. დადგენილია რომ მოსარჩელემ, როგორც მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე უშუალოდ პასუხისმგებელმა პირმა, დაუკვეთა და პროექტის მენეჯერს წარუდგინა შესათანხმებლად, სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის კვლევის განყოფილების ანგარიშში. ანგარიში არ შეიცავდა დასკვნას საკვლევი ობიექტის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტის მიხედვით აღდგენილი ხელნაკეთი კრამიტის მახასითებლებთან ან/და სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობის, მით უფრო მისი მიზნობრივად - გელათის ტაძრის გადასახურავად გამოყენების ვარგისიანობის თაობაზე, ყოველგვარი დამატებითი კვლევისა და გარანტიის გარეშე (იმ პირობებში როდესაც იმთავითვე გამოითქვა ეჭვი კრამტის მახასიათებლების ევროსტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით - ტ.1, ს.ფ. 299, 300), დადო ხელშეკრულება მოპასუხესთან ისეთი სპეციფიკაციის მქონე მოჭიქული კრამიტის მიწოდებაზე, რომელიც როგორც სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშისა და ექსპერტიზის დასკვნის, მათი ავტორთა განმარტებების ჭრილში შეფასებისა და საქმეში არსებულ სხვა, წერილობით მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, თავიდანვე შეუსაბამო იყო სამშენებლო სტანდარტებთან როგორც წყალშთამთქმის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო, ასევე ყინვამედეგობაზე გამოცდის შედეგებით; მეტიც, როგორც ექსპერტმა განმარტა ორივე, ანგარიშითა და დასკვნით დადგენილი წყალშთანთქმის პროცენტული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია, მაღალია და მნიშვნელოვნად იმოქმედებდა კრამიტის ყინვამედეგობის ხარისხზე. სწორედ ამ საფუძვლით (არა მხოლოდ ყინვამედეგობის შედეგის, არამედ წყალშთანთქმის პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით), სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოგვიანებით 2020წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პროექტის ფარგლებში გამოყენებული კრამიტის სრული და არა მხოლოდ დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება მომხდარიყო ახალი, სამშენებლო სტანდარტებთან შესაბამისი მოჭიქული კრამიტით (იხ., ტ. 1, ს.ფ. 362, 363 სააგენტოს წერილი);

16. ის ფაქტი რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის პროცესი განხორციელდა სათანადო საექსპერტო კვლევის გარეშე, კერამიკული ფილების სამშენებლო სტანდარტებთან შეუსაბამო, ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული მოჭიქული კრამიტით, და იმ ფაქტორების გათვალისწინებით რომ როგორც კერამიკული კრამიტის დამამზადებელ კომპანიას, რომელსაც წარსულში არ გააჩნდა სამშენებლო კრამიტზე მუშაობის გამოცდილება, ასევე ფიზიკურად გელათის ტაძრის გადახურვაზე მომუშავე სუბიექტებს არ ჰქონიათ მოჭიქული კრამიტის დაგების გამოცდილება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზეა მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის მხრიდან, როგორც რეაბილიტაციის პროცესის არასათანადოდ ორგანიზებისა და წარმართვის პროცესი, ასევე, საკუთარი უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად და არაგულისხმიერად განხორციელების ფაქტი, რასაც შედეგად მოჰყვა იმ რისკების რეალიზაცია, რაც შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, წინასწარ განჭვრეტადი იყო, საჭიროებდა სათანადოდ დაზღვევას და უკვე დამდგარ პრობლემაზე დროულ რეაგირებას, თუნდაც პროექტის დანიშნულებიდან და ობიექტის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ გ.ჩ–ის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის 2023 წლის იანვარში მომზადებული ანგარიშის იმ ნაწილზეც, რომელიც უკავშირდება გელათის ტაძრის გადახურვასას გამოვლენილ დეფექტებს: დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტები (განსაკუთრებით თეთრი კრამიტები) იყო დაბალი ხარისხის და კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და მთლიანად, სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი - სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანება შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე. სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან...მეთოდოლოგიური შეცდომა იყო კრამიტის სახურავის მოწყობა არა ხის ნივნივებზე, რომლებიც სხვენს ქმნის და შენობის თავისუფალი განიავების შესაძლებლობას იძლევა, არამედ, ერთიან მყარ მასაზე, რომლითაც მთლიანად ამოივსო სივრცე კამერებსა და სახურავს შორის...კრამიტების დასამაგრებლად სახურავის ფერდებზე გამოყენებული იქნა ლურსმნები, რომლებიც ბევრგან დაჟანგულია და კარგად ჩანს აფრების გარე მოცულობებზე ... იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ქმედებებში კრამიტის დამამზადებელი კომპანიის მონაწილეობა და ბრალი ან საერთოდ გამოირიცხება ან/და მეორეხარისხოვანია, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დამდგარი ზიანისათვის მოპასუხის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი წარმოშობილი არ არის.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ.

19. კასატორი აღნიშნავს, მოპასუხის მიერ დამზადებული კრამიტი გამოუსადეგარი აღმოჩნდა - ვერ გაუძლო გარემო ბუნებრივ კლიმატურ პირობებს. კრამიტების უხარისხობა დადგინდა არა მხოლოდ ტაძრის ეზოდან აღებული, ასევე, უშუალოდ ტაძრის სახურავიდან აღებული ნიმუშების გამოკლევის შედეგად. ორივე ნიმუში მოპასუხემ დაამზადა. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა თითქოს საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალეულობის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორი მიუთითებს 2019წ. დეფექტების აქტზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ 2019წ. თებერვალში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დეფექტი, კერძოდ, ჩრდილო აღმოსავლეთ მკლავზე კერამიკული კრამიტის მოჭიქული საფარი აიტკიჩა. მდგომარეობის გამოსასწორებლად სამუშაოები მოიცავდა ახალი ხარისხიანი კრამიტის და მის ქვეშ არსებული პირის 5 სანტიმეტრიანი ფენის დემონტაჟს, მის ხელახლა დამუშავებას და ახალი კრამიტის მოწყობას. მხარეები აღიარებდნენ დეფექტს. მოპასუხე პასუხისმგებლობას იღებდა მის აღმოფხვრაზე. ეს მოცემულობა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ არ უნდა განიმარტოს. მართალია დეფექტების აქტში მითითებული არ არის კრამიტების დაზიანების მიზეზები, თუმცა ამოსავალია მოპასუხის ხელმოწერა დეფექტების აქტზე, რითაც მან დაადასტურა რომ მისი პასუხისმგებლობა იყო დეფექტის აღმოფხვრა (დეტალურად იხ.,საკასაციო საჩივარი-ტ.2).

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების - ნივთობრივად უნაკლო ნივთის დამზადება, შესრულებას.

25. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.

26. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.

27. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

28. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

30. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოპასუხეს 295 400 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. მოსარჩელის მითითებით, ზიანი მოპასუხის მიერ ნაკლიანი (ნივთობრივი ნაკლი) შესრულებით მიადგა, კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ დაამზადა და მოსარჩელეს გადასცა კრამიტები. 2019წ. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დეფექტები - ჩრდილოეთ აღმოსავლეთ მკლავზე კერამიკული კრამიტის მოჭიქული საფარი აიტკიჩა. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო გახდა ახალი კრამიტების დამზადება. მხარეთა შორის არაერთი კომუნიკაცია შედგა. უკანასკნელად, მოსარჩელემ მოპასუხეს 02.10.2020წ. შესთავაზა შეცვალოს კრამიტის დამზადების ტექნოლოგია და მიაწოდოს ახალი ან შესაბამისი თანხა აუნაზღაუროს მოსარჩელეს, რათა მოსარჩელემ შესძლოს ახალის დასამზადებლად ფინანსური რესურსის პოვნა. საბოლოოდ, მოპასუხემ უარყო მოსარჩელის პრეტენზიები. ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხისათვის გადახდილია 295 400 ლარი, რაც ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეს უნდა აუნაზღაურდეს (იხ., სარჩელი - ტ.1).

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით - ნივთობრივად ნაკლიანი ნივთის დამზადება გადაცემა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სსკ-ის 629-ე (1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით) 394-ე (1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 412-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს.

32. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

33. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

34. მტკიცების ტვირთი სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრებაა მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

35. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

36. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება - დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

37. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება.

38. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება.

39. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“.

40. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

41. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან - ნაკლიან, შესრულებას ედავება.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა.

43. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. სსკ-ის 629-ე მუხლის პიეველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

44. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი.

45. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის უფლება, რომლითაც პირს აქვს განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად.

46. შესაბამისად, ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს სწორედ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ-ები №ას-1522-2019, 12.02.2021წ. პ.34.; №ას-1233-2023, 30.05.2025წ.).

47. უდავოა, რომ 02.04.2018წ და 28.06.2018წ. ხელშეკრულებებით დასამზადებული პროდუქციის ხარისხზე მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 02.04.2018წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოჭიქული კრამიტის ნიმუშები ფიზიკურ-მექანიკური კვლევისთვის (ყინვამედეგობა, წყალშეუღწევადობა, მარღვევი დატვირთვა) სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს წარუდგინა, რომლის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიმართა ამ განჩინების პ.2.1-ში მითითებული პროექტის ხელმძღვანელს და მისგან ფილების შემდგომი წარმოების გაგრძელებაზე თანხმობა ითხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ 28.06.2018წ. მოდავე მხარეთა შორის, ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტის დამზადების თაობაზე ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი უკვეთავდა, ხოლო, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას დაემზადებინა არქეოლოგიური კრამიტის ანალოგიური ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტი ამ განჩინების პ.2.1-ში მითითებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება - დაამზადოს კრამიტი რომელიც შეესაბამება სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დასკვნაში მოცემულ სპეციფიკაციებს.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ნარდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებული ნაკლიანი ნივთის დამზადებისა და გადაცემის მტკიცების ტვირთი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს (შემკვეთს) ევალება, რომელმაც კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითებით დაადასტუროს მოპასუხის (მენარდის) მხრიდან ხელშეკრულებით შეთანხმებულისაგან განსხვავებული ნაკლიანი შესრულება.

49. საქმეში წარმოდგენილი სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად კრამიტის სპეციფიკაციები იყო შემდეგი: 1) სიმტკიცის ზღვარი ღუნვისას - ბრტყელი ფორმის 24.7 მეგპა, ღარის ფორმის: 82.3 მეგპა; 2) წყალშთანთქმა - ბრტყელი ფორმის 17.6%, ღარის ფორმის - 16.6%; 3) ყინვამედეგობა - ბრტყელი ფორმის - 50 ციკლი, ღარის ფორმის - 50 ციკლი; 4) ყინვამედეგობის ცდის პროცესში გაყინვა-გალღობის ყოველი ციკლის შემდეგ დეტალური დათვალიერების შედეგად, კრამიტების რაიმე ფორმის დარღვევა (გაბზარვა, ჩამომტვრევა, ამომტვრევა, აქერცვლა, ფერის შეცვლა) არ დაფიქსირებულა.

50. მოპასუხე უთითებს, მან იმ ხარისხის მოჭიქული კერამიკული კრამიტი დაამზადა, რაც გათვალისწინებული იყო 02.04.2018წ. და 28.06.2018წ. ხელშეკრულებების 2.2.1 პუნქტით და შეესაბამებოდა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის დასკვნაში მოცემულ სპეციფიკაციებს.

51. მოპასუხის მითითების საპირისპიროდ, მოსარჩელე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.09.2020წ. საინჟინრო დასკვნას ეყრდნობა.

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., გაგუა ი., „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ.).

53. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

54. სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

55. განსახილევლ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტს მიმართა ანგარიშის მოსამზადებლად და კერამიკული კრამიტის ნიმუშები წარუდგინა ფიზიკურ-მექანიკური კვლევისათვის: ყინვამედეგობა, წყალშეუღწევადობა, მრღვევი დატვირთა და მოითხოვა დასკვნის გაცემა კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, იმაზე მითითებით რომ კრამიტი გამოყენებულ უნდა ყოფილიყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გადასახურად (ტ.1. ს.ფ. 288). ინსტიტუტის მიერ მომზადებული კერამიკული კრამიტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევის შესახებ დასკვნა შემდეგია: 1. სიმტკიცის ზღვარი ღუნვისას: 1.1.ბრტყელი ფორმის 24.7 მეგპა, 1.2. ღარის ფორმის: 82.3 მეგპა; 2. წყალშთანთქმა: 2.1 ბრტყელი ფორმის 17.6 %, 2.2. ღარის ფორმის - 16.6%; 3. ყინვამედეგობა: 3.1 ბრტყელი ფორმის - 50 ციკლი, 3.2. ღარის ფორმის - 50 ციკლი; 4) ყინვამედეგობის ცდის პროცესში გაყინვა-გალღობის ყოველი ციკლის შემდეგ დეტალური დათვალიერების შედეგად, კრამიტების რაიმე ფორმის დარღვევა (გაბზარვა, ჩამომტვრევა, ამომტვრევა, აქერცვლა, ფერის შეცვლა) არ დაფიქსირებულა (ტ.1. ს.ფ. 289-291).

56. სასამართლო პროცესზე დასკვნის ავტორმა დაადასტურა, რომ მისი კვლევის საგანში მხოლოდ კერამიკული კრამიტის ფიზიკურ- მექანიკური თვისებების მახასიათებლების დადგენა შედიოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში კარგი იყო... ხოლო, კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი რამდენად დამაკმაყოფილებელია იმ ობიექტთან მიმართებით, რისი გადახურვაც უნდა მოხდეს, მისივე განმარტებით, მას შემდეგ დადგინდება რაც შედგება სამშენებლო პროექტი, სადაც მითითებული იქნება მონაცემები, თუ ობიექტი რა გარემოში შენდება და აკმაყოფილებს თუ არა კრამიტი პარამეტრებს.... კონკრეტულ შემთხვევაში, კრამიტი შემოწმდა კერამიკული ფილების გამოცდის და კერამიკული კრამიტის ყინვამედეგობის სტანდარტით. თუმცა, არსებობს მეორე (შემდგომი საფეხური) სტანდარტი - ტექნიკური პირობები, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა დამზადდება გამოსაყენებელი კრამიტი, მისი ¼, მკვლევარის, დამამზადებელის და გამომყენებლის მონაწილეობით, უნდა დაილუქოს და გაიგზავმოს გამოკვლევაზე. ასე ხდება დანარჩენი ¾ კრამიტის მიმართაც. წესით, გელათის გადახურვისათვის დამზადებული კრამიტის შემდგომი შემოწმება სწორედ, ასე უნდა მომხდარიყო.

57. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეაფსებას, რომ სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დასკვნის შინაარსით არ დგინდება ამავე დასკვნაში მოცემული სპეციფიკაციები, რომელსაც უკავშირებს მოსარჩელე 02.04.2018წ. და 28.06.2018წ. ხელშეკრულებების 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ ჯეროვან შესრულებას, იყო თუ არა სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისი და ვარგისი გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის ეკვდარების გადახურვის უზრუნველსაყოფად. ვერც სხვა რაიმე დოკუმენტით (პროექტი, სპეციფიკაციის შემცველი ნუსხა, ნიმუში) დაუდასტურებია მოსარჩელეს და არც ზეპირად განუმარტავს პროექტის შესაბამისად რა იყო კრამიტის თავდაპირველი და კონკრეტული პარამეტრები/სპეციფიკაციები რომლის შესაბამისადაც უნდა დამზადებულიყო, დამზადდა და ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად იქნა წარდგენილი მოჭიქული კრამიტები. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, იგი არ ადგენს კრამიტის წყალშთანთქვის არსებითად განსხვავებულ მაჩვენებლებს, ვიდრე ეს მითითებულია სსიპ გრ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშში, რაც დაადასტურეს სააპელაციო სასამართლოში ორივე დასკვნის ავტორებმა, რაც თავის მხრივ დასტურია იმისა რომ მიწოდებული კრამიტის სპეციფიკაცია - წყალშთანთქმაზე შესაბამისობაშია 02.04.2018წ. და 28.04.2018წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებთან თუმცა, შეუსაბამოა სამშენებლო სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ ზღვრულ მაჩვენებლებთან.

58. ამასთან, დასკვნის განმარტებისას ექსპერტმა გ.ტ–ძემ აღნიშნა, ტაძრის გადასახურად გამოყენებული კრამიტის დაზიანების სავარაუდო მიზეზები, თაობაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გამოსაკვლევი კრამიტებზე დადგენილ წყალშთანთქმის მაღალ მაჩვენებელს: „წყალშთანთქმა 17% ძალიან დიდია... კრამიტისთვის ყველაზე ცუდი ფორმაა წყალშთანთქმა; მოსული ნალექი, თოვლის საფარი ჩერდება კრამიტზე; საქართველოში ამ მხრივ უფრო კრიტიკული პირობებია; დღის განმავლობაში მზე ალღვობს ყინულს, წყალი შედის კრამიტის ფორებში და როდესაც ღამით დაარტყავს ყინვა 5-7 გრადუსი წყალი იყინება და 9-10% მატულობს მოცულობაში; ამიტომ დაზიანდა გელათის დაძრის სახურავზეც კრამიტები...; მართალია უშუალოდ კრამიტების წყალშთანთქმის თაობაზე სტანდარტი ვერ მოიძია და იხელმძღვანელა კერამიკული ფილების სტანდარტებით, თუმცა როგორც კერამიკოსებმა განუმარტეს კრამიტს წყალშთანთქმის 4-5%-ზე მეტი მაჩვენებელი არ უნდა ჰქონდეს; გელათის შემთხვევაში მართალია მოჭიქული იყო კრამიტი და წყალშეუღწევადობაზე გამოცდისას დააკმაყოფილა სტანდარტი, თუმცა წყალი შედიოდა გვერდებიდან, გვერდები და ძირი კი არ იყო მოჭიქული... მის მიერ მომზადებული სხვა დასკვნის ფარგლებში, მცხეთაში მოძიებული მე-13 საუკუნის არტიფაქტების გამოიკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 8-9% წყალშთანთქმა ქონდა და უკეთესად ამზადებდნენ წინაპრები კრამიტებს...

59. ამდენად, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ, დაუკვეთა და პროექტის მენეჯერს წარუდგინა შესათანხმებლად, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის კვლევის განყოფილების ანგარიში. აღნიშნული ანგარიში კი, არ შეიცავდა დასკვნას საკვლევი ობიექტის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტის მიხედვით აღდგენილი ხელნაკეთი კრამიტის მახასითებლებთან ან/და სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობის და მით უფრო მისი მიზნობრივად - გელათის ტაძრის გადასახურავად გამოყენების ვარგისიანობის თაობაზე. მოსარჩელემ ყოველგვარი დამატებითი კვლევისა და გარანტიის გარეშე, დადო ხელშეკრულება მოპასუხესთან ისეთი სპეციფიკაციის მქონე მოჭიქული კრამიტის მიწოდებაზე, რომელიც როგორც სსიპ გრ. წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ანგარიშისა და ექსპერტიზის დასკვნის, მათი ავტორთა განმარტებების ჭრილში შეფასებისა და საქმეში არსებულ სხვა, წერილობით მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, თავიდანვე შეუსაბამო იყო სამშენებლო სტანდარტებთან როგორც წყალშთამთქმის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო, ასევე ყინვამედეგობაზე გამოცდის შედეგებით.

60. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადეგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში დამდგარ ზიანზე მოპასუხის პასუხისმგებლობის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

61. პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული დანაწესი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ, ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ Nას-459-438-2015, 07.10.2015წ.).

62. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

63. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

65. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ააიპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ააიპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს’’ (ს.კ:.........) დაუბრუნდეს ა.კ–ის მიერ 30.06.2025წ. №28063863624 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2000 ლარი და გ.კ–ძის მიერ 07.07.2025წ. N4416 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 6000 ლარი, 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე