Facebook Twitter

საქმე №ას-1287-2023 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - შპს „ჩ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ო“ (მოპასუხე)

II კასატორი - უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება/საოქმო განჩინების გაუქმება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა

1. შპს „ჩ.ბ–მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მენარდე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ თანხის – 146 174 00 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 25 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული №98 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის ცემენტ-ბეტონის სამუშაოების შესრულების თაობაზე ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 955 974.83 ლარს. სამუშაოების მოცულობა დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი - 2020 წლისთვის შესასრულებელი სამუშაოები, მეორე ეტაპი - 2021 წლისათვის შესასრულებელი სამუშაოები.

3. წინამდებარე საქმის მხარეებს შორის, 2020 წლის 10 სექტემბერს, გაფორმდა ქვენარდობის ხელშეკრულება და 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

4. მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა პირველი ეტაპის, 382 389.93 ლარის, სამუშაოები, რაც მთლიანი სამუშაოების ღირებულების 40%-ს შეადგენდა. 2020 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა ხობის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 25 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაში, შეიცვალა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და პირველი ეტაპის 2020 წლისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 368.421 ლარით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა – 2020 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

5. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მოპასუხის მიმართ აღებული ვალდებულება, სამშენებლო სამუშაოები ვადის დაცვით შესრულდა, ხობის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის ჯგუფმა, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 368 421 ლარის შესრულებული სამუშაოები მიიღო ექსპლუატაციაში.

6. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, პროექტით გათვალისწინებული გაბიონის სიმაღლე არ აღმოჩნდა საკმარისი, რის გამოც ხობის მუნიციპალიტეტი და მოპასუხე შეთანხმდნენ, გაბიონის სიმაღლისათვის დაემატებინათ ერთი რიგი. მოპასუხის დავალებით, მოსარჩელემ გაბიონს დაუმატა ერთი რიგი 165 კუბური მეტრი, ასევე, მოპასუხის დავალებით მოსწორდა გზა და გაიზიდა მიწა იმ პირობით, რომ მოპასუხე გზის სამუშაოების მეორე ეტაპის შესრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას გაუფორმებდა მოსარჩელეს და აღნიშნული სამუშაოების შესრულების დროს დამატებით შესრულებულ სამუშაოებს აანაზღაურებდა, თუმცა პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შემდგომ მოპასუხემ არ გაუფორმა ხელშეკრულება მოსარჩელეს გზის მეორე ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად. მოსარჩელის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 29 885 ლარს.

7. მოსარჩელემ მოპასუხეს შეუსრულა 395 145 (365 260+29 885=395 145) ლარის სამუშაოები, რაშიც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 248 971 ლარი, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 146 174 ლარს.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ შეასრულა პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც შემკვეთმა მიიღო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსარჩელემ დროულად არ გადაუხადა კრედიტორებს თანხა, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული ტენდერის 40%-ის შესასრულებელი სამუშაოების შესრულებაში. ასევე, არ გადაუხადა მუშებს ხელფასები, რის გამოც მათთან მეორე ეტაპის სამუშაოებზე ხელშეკრულება არ გაფორმდა.

9. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელისათვის ჩასარიცხი 100 084 ლარი 2020 წლის 21 დეკემბერს შეცდომით ჩაერიცხა ა.კ–ას, რომელიც მათი ქვეკონტრაქტორი იყო. ამ უკანასკნელს იმავე დღეს წერილობით ეცნობა, რომ შეცდომით გადარიცხული თანხები დაებრუნებინა ან პირდაპირ გადაერიცხა მათ ანგარიშვალდებულ პირებთან, შპს „ლ–ას’’ ანგარიშზე - 14 000 ლარი, მოსარჩელის ანგარიშზე - 86 000 ლარი. 2020 წლის 22 დეკემბერს შპს „ლ–ას“ 14 000 ლარი ჩაერიცხა, ხოლო მოსარჩელეს – 2020 წლის 24 დეკემბერს 86 000 ლარი. გარდა ზემოაღნიშნული თანხისა, მოსარჩელეს 2020 წლის 3 ნოემბერს 101 414 ლარი ჩაერიცხა, 2020 წლის 1 დეკემბერს - 147 557 ლარი, მთლიანად კი - 348 971 ლარი. რაც შეეხება მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს 365 260.46 ლარს და გადახდილ თანხას შორის სხვაობას 16 289.46 ლარს, ეს 5%-იანი გარანტიის ჯამია, რომელსაც საბოლოოდ შემსყიდველი გადარიცხავს მთლიანი სამუშაოების დამთავრების შემდეგ.

10. მოპასუხე მიუთითებს, რომ გაბიონის დამატებით რიგის სამუშაოების შესრულება, პირველი ეტაპის სამუშაოებზე გათვალისწინებული არ ყოფილა, რადგანაც ასეთ ცვლილებაზე მათ შორის წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა. ამასთან, მათი შეთანხმება საკმარისი არ იყო, რადგანაც ასეთ ცვლილებაზე წერილობითი თანხმობა უნდა განეცხადებინა დამკვეთს (ხობის მუნიციპალიტეტს), რაც არ გამოვლენილა.

11. მოპასუხის მტკიცებით, მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოებისათვის თანხა ჩარიცხული აქვთ და არავითარი დავალიანება არ გააჩნიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 60 174 ლარის გადახდა დაეკისრა.

13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ – გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი - ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 47 418.93 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის პოზიცია, რომ მოპასუხეს გააჩნია ვალდებულება, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაბიონის მესამე რიგის სამუშოებისათვის გადაიხადოს დამატებითი სამუშაოების შესრულების ღირებულება - 29 885 ლარი. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1, 631-ე და 398-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარეები გადახარჯვის (დამატებითი შესრულება) ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა 382.389.93 ლარის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც მთლიანი სამუშაოების ღირებულების 40%-ს შეადგენდა. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებისა და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 ოქტომბრამდე, ერთი თვის განმავლობაში შემსრულებელი ვალდებული იყო, შეესრულებინა 382.389.93 ლარის ღირებულების სამუშაოები ამ ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღიცხვის შესაბამისად. დადგენილია, რომ 2020 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა ხობის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 25 ივნისს №98 დადებულ ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად შეიცვალა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და პირველი ეტაპის 2020 წლისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 368.421.00 ლარით, ხოლო 2021 წლის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება – 587.526.81 ლარით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა, ხოლო საბანკო გადარიცხვებისა და ა.კ–ას მიერ გადარიცხული თანხების ჯამით დადგენილია, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გახდილი აქვს მხოლოდ - 334 971 ლარი.

17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის თანახმად, ა.კ–ას მიერ შპს „ლ–ას“ ანგარიშზე 14 000 ლარის გადარიცხვა უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ვალდებულების დასაფარად. სასამართლოს მითითებით, სს „ს.ბ–ის“ შესაბამისი ქვითრების დანიშნულებაში მითითებულია თანხის გადარიცხვა ტექნიკის მომსახურებისთვის მოსარჩელის ვალდებულების დასაფარად და არა მოსარჩელის მიერ 2020 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღურებისათვის.

18. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, შემსრულებელი ვალდებული იყო, შეესრულებინა 368.421 ლარის ღირებულების სამუშაოები, მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხეს გადახდილი აქვს 334 971 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ შეთანხმებული 382 389.93 თანხიდან მენარდეს აუნაზღაურდა მხოლოდ 334 971 ლარი, შემკვეთის მიერ გადასახდელი დარჩა 47 418.93 (382389.93-334971=47.418.93) ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც, სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. პირველი კასატორის განმარტებით, სხვა პირის, ა.ქ–ას, მიერ პირველი კასატორისათვის გადარიცხული თანხა სასამართლომ მიიჩნია მოპასუხის დავალიანების დასაფარად, მაშინ, როდესაც გადახდის ქვითრები გადარიცხული თანხის დანიშნულების თაობაზე არ მიუთითებს. ამასთან, სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულება, რომლითაც ა.ქ–ას დავალიანება მოსარჩელის მიმართ დასტურდება.

21. პირველი კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა 2020 წლის 14 სექტემბრის ხელწერილი, სადაც ა.ქ–ა აღიარებს მოსარჩელის დირექტორისგან ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიისა და სხვადასხვა ხარჯის, 51 000 ლარის მიღებას, რომელიც უკან უნდა დაებრუნებინა, შესაბამისად, 51 000 ლარი იყო ა.ქ–ას პირადი ვალი მოსარჩელის მიმართ, ხოლო მის მიერ ჩარიცხული დარჩენილი თანხის ნაწილი იყო მოსარჩელის მიერ ა.ქ–ასთვის სხვა ტენდერის საგარანტიოდ გადაცემული თანხა, რომელიც მოგვიანებით ჩაიშალა. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ ა.ქ–ასთვის მიწერილი 2020 წლის 21 დეკემბრის წერილის ნამდვილობასაც შეცდომით გადარიცხული თანხებთან დაკავშირებით.

22. პირველი კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოწმის სახით ნ.ქ–ძის დაკითხვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, მაშინ როდესაც პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოზე მოწმის წარმოდგენა, რის შემდგომ იგი დაეთანხმა სასამართლოს მტკიცებულებათა გამოკვლევა გამოეცხადებინა დასრულებულად. სააპელაციო სასამართლომ კი, მიუხედავად მოსარჩელე მხარის წინააღმდეგობისა, მოწმე დაჰკითხა, რითაც დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. ამასთან, მოწმის ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება.

23. დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი კასატორი მიუთითებს, რომ გაიზარდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულება მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სამუშაოს მიმდინარეობისას საჭირო გახდა გაბიონისათვის ერთი რიგის დამატება, აღნიშნული პროცედურის განხორციელება და ცვლილებების შეტანა დაკავშირებული იყო დროსთან, რადგან ცვლილება უნდა შესულიყო პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო ადმინისტრაციულ ორგანოს, ამიტომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შესრულდა დამატებითი სამუშაო იმ პირობით, რომ მშენებლობის მეორე ეტაპზე სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, ცვლილებები შევიდოდა მეორე ეტაპის სამუშაოების განსახორციელებელ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში, თუმცა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულება არ გაუგრძელა მოსარჩელეს, მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერად შეასრულა პირველი ეტაპის სამუშაოები.

24. მეორე კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში სხვადასხვა თანხა მიუთითა. ჯერ 382 389.93 ლარი, რაც გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებით, შემდეგ – 368 421 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებაში.

25. კასატორის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს შესრულებული სამუშაოების ღირებულებით, ე.ი. 365 260.46 ლარით უნდა ეხელმძღვანელა. სასამართლომ კი იხელმძღვანელა მხარეებს შორის 2020 წლის 25 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებით - 382 389.93 ლარით, რაც უკანონო და დაუსაბუთებელია. რეალურად სასამართლოს მათ მიერ გადახდილი 334 971 ლარი უნდა გამოეკლო 2020 წლის 21 დეკემბრისათვის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ 365 260.46 ლარს, როდესაც მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ჯამი იქნებოდა 30 289.46 ლარი (365260.46 - 334971 = 30289.46 ლარი) და არა შეცდომით დაკისრებული 47 418.93 ლარი.

26. მეორე კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მოსარჩელისათვის გადახდილად 14 000 ლარი. ა.კ–ას მიერ გადარიცხულ ქვითარში პირდაპირ მითითებულია, რომ თანხა ჩარიცხულია შპს „ლ–ას“ მიერ ავტოტრანსპორტის მომსახურებაზე მოსარჩელის ვალდებულებების დასაფარავად. გარდა ამისა, საქმეზე დაკითხულმა მოსარჩელე ორგანიზაციის ბუღალტერმა ნ.ქ–ძემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ ეს 14 000 ლარი სადავო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების გამო გადაერიცხა, იგივე თქვეს საქმეზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმა.

27. მეორე კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა საგარანტიო 5%-იანი თანხის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ, რადგანაც აღნიშნული გადაიხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების დამთავრების შემდეგ, საგარანტიო ვადა კი გათვალისწინებულია 2 წლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

28. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის საკასაციო საჩივარი კი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე კასატორმა (მოპასუხემ) წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შესახებ სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს. ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) მოსარჩელეს გაწეული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას.

31. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 10 სექტემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებიდან გამომდინარე 47 418.93 ლარის გადახდა დაეკისრა, რასაც პირველი კასატორი (მენარდე) იმ გარემოებებზე მითითებით ასაჩივრებს, რომ სასამართლომ ა.ქ–ას მიერ პირველი კასატორისათვის გადარიცხული თანხა უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის დავალიანების დასაფარ თანხად. ამასთან, შემკვეთს უკანონოდ არ დაეკისრა მენადრის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

32. საკასაციო პალატა მენარდის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და, უპირველესად, მისთვის გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 21.12.2020 წლის წერილის თანახმად, მოპასუხის დირექტორმა ი.ე–ამ ა.კ–ას (მის ქვეკონტრაქტორს) მიმართა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს მოპასუხე კომპანიის ანგარიშიდან მის პირად ანგარიშზე შეცდომით 100 000 ლარი გადაირიცხა, მოითხოვა თანხა 100 000 ლარი ა.კ–ას გადაერიცხა მათთან ანგარიშვალდებული პირებისათვის, კერძოდ, შპს „ლ–სთვის’’ 14 000 ლარი და მოსარჩელისათვის - 86 000 ლარი. საქმეში წარმოდგენილი სს „ს.ბ–ის’’ შესაბამისი ქვითრებით დასტურდება, რომ 24.12.2020 წელს ა.კ–ამ მოსარჩელეს ანგარიშზე ოთხ ეტაპად გადაურიცხა 20 000 ლარი და ერთჯერადად 6000 ლარი, მის მიერ გადარიცხულმა თანხამ სულ 86 000 ლარი შეადგინა.

33. პალატის მითითებით, მოპასუხის (შემკვეთის) მიერ ა.კ–ასთვის მიწერილი წერილის, მისი თარიღისა და წერილში აღნიშნული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელისათვის ჩარიცხული 86 000 ლარი, სწორედ, შემკვეთის მიერ მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაა, რაც თავად ა.კ–ამაც დაადასტურა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ 100 000 ლარი მის ანგარიშზე შემთხვევით გადარიცხა მოპასუხემ, რომელიც მათივე მითითებით, შემდეგ ნაწილ-ნაწილ გადაურიცხა მოსარჩელესა და შპს „ლ–ს“.

34. პალატის განსჯით, საქმეში არაა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს პირველი კასატორის პრეტენზიის გაზიარების საშუალებას მისცემდა და დაადასტურებდა, რომ ა.კ–ამ მოსარჩელეს თანხა პირადი ვალის დასაფარად გადაურიცხა. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის 14 სექტემბრის ხელწერილზეც (რომლის თანახმად, მოსარჩელის დირექტორი მიუთითებს, რომ მან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის გზის მშენებლობის საფრის მოწყობის სამუშაოების ქვეკონტრაქტორად აყვანის გამო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიისათვის ა.ქ–ას გადასცა სულ 51 000 ლარი) და მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო გარემოებას ვერ ამტკიცებს, მით უფრო, ხელწერილში მითითებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით. რაც შეეხება პირველი კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, 51 000 ლარზე მეტი მოსარჩელის მიერ ა.ქ–ასთვის სხვა ტენდერის, რომელიც მოგვიანებით ჩაიშალა, საგარანტიოდ გადაცემული თანხაა, დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებას არ ემყარება. ამასთან, ამ უკანასკნელს არც კი მიუთითებია, კონკრეტული დეტალები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგ: რამდენი იყო საგარანტიოდ გაცემული თანხა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

35. პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილ პრეტენზიას წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტში მითითებული 21.12.2020 წლის წერილის ნამდვილობასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ პირველი კასატორის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება დოკუმენტის არანამდვილობასთან დაკავშირებით, ვერ უზრუნველყოფს მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დოკუმენტის არანამდვილობა მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, პირველი კასატორისათვის ხელსაყრელ სამართლებრივ შედეგს ვერ უზრუნველყოფს.

36. პირველმა კასატორმა ასევე მიუთითა, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების თაობაზე მოპასუხესთან ზეპირად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა და გადასცა შემკვეთს. მიუხედავად ამისა, შემკვეთი უარს აცხადებს შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 29 885 ლარის ანაზღაურებაზე. აღნიშნულს მოპასუხე უარყოფს როგორც დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე შეთანხმების არსებობას, ასევე - თავად სამუშაოს შესრულებას.

37. პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულება წარმოადგენს კონსესუალურ ხელშეკრულებას, რომლითაც ხდება მენარდის მიერ შეთანხმებული საზღაურის გადახდით შემკვეთისათვის განსაზღვრული სამუშაოს შესრულება. ნარდობის ხელშეკრულების კონსესუალური ბუნება იმითაა განპირობებული, რომ იგი დადებულად ითვლება, როდესაც ხელშეკრულების მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულება არის ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულება, რამეთუ ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც მენარდეს, ისე შემკვეთს) გააჩნიათ უფლება-მოვალეობები და ადგილი აქვს მხარეთა შემხვედრი ვალდებულებების არსებობას. მენარდის მიერ გარკვეული სამუშაოს შესრულება და შემკვეთის მიერ შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს, ამიტომაც ნარდობა, როგორც აღინიშნა სინალაგმატური ხელშეკრულებაა. ხელშეკრულების დადება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევით ხორციელდება. სწორედ ამიტომ მხართა კონსესუსს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. კონსესუსის მიღწევისა და შესაბამისად, ხელშეკრულების დადების ძირითადი საშუალება, როგორც წესი, ოფერტი და აქცეპტია. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, შესაბამისად, ნარდობის შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 629-ე მუხლი).

38. პალატა არ იზიარებს დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე პირველი კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. მოცემულ შემთხვევაში კი, ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა როგორც ზეპირი ფორმით გარიგების დადების, ასევე - სამუშაოების შესრულებისა და შემკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება 2020 წლის 25 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხობის მუნიციპალიტეტის ხამასკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის ცემენტო-ბეტონის სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც მოცულობა დაყოფილი იყო ორ ეტაპად. (პირველი ეტაპის 2020 წლისათვის შესასრულებელი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის შესასრულებელი სამუშაოები). წინამდებარე საქმის მხარეებს შორის კი, 2020 წლის 10 სექტემბერს, 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების შესასრულებლად გაფორმდა ხელშეკრულება (ქვენარდობა), რომლის თანახმად, 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა პირველი ეტაპის, სამუშაოები, რაც მთლიანი სამუშაოების ღირებულების 40%-ს შეადგენდა. სხვა სახის შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატა მიუთითებს, რომ შესასრულებელი სამუშაოების გარდა, დამატებითი სამუშაოების შესრულება საბოლოოდ ხობის მუნიციპალიტეტს უნდა მიეღო, რისი გათვალისწინებითაც, სწორედ მისი ნება უნდა ყოფილიყო გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რომ შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელესთან შეეთანხმებინა დამატებითი სამუშაოების შესრულება. თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ნებისმიერი ფორმით დაადასტურებდა დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით მის თანახმობას ან მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის შეთანხმებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის (წინამდებარე საქმის მხარეებთანაც არ დასტურებდა აღნიშნული შეთანხმების არსებობა), მაშინ როდესაც, 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, სწორედაც რომ, მხოლოდ წერილობითი ფორმით ურთიერთობას ითვალისწინებდა (მოპასუხესა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა გაგზავნილიყო წერილის, დეპეშის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის სახით. ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით. იხ. ხელშეკრულების მე-17 და მე-18 პუნქტები). საქმეში მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა არ მოიპოვება სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას და სასამართლოს მისცემდა სხვაგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

39. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.

40. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო შეთანხმების არსებობა 2020 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების მხარეებს შორის ვერ დადასტურდა, დაუსაბუთებელია პირველი კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომლის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტი და მოპასუხე შეთანხმდნენ, გაბიონის სიმაღლისათვის დაემატებინათ ერთი რიგი, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხემ მოსარჩელეს დამატებითი სამუშაოების შესრულება დაავალა.

42. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტიც არ დასტურდება. აღნიშნულ გარემოებას ვერ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი თავად მენარდის მიერ შედგენილი ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის (ცემენტობეტონი) სამუშაოების ხარჯთარიცხვა. ასეთი გარემოებები არც მოწმეთა ჩვენების მოსმენის შემდეგ არ გამოიკვეთა. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქმეში, გარდა თავად მხარის მიერ შედგენილი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარემოებებს დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის განსჯით, მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მხარეთა შორის დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ზეპირი შეთანხმებისა (დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, მოცულობა, ღირებულება და სხვა) და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მართებულებას.

43. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სსკ-ის 631-ე და 398-ე მუხლებზეც და განმარტავს, რომ მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური (სსკ-ის 629.1 მუხლი). ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი (მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით). მითითებული ნორმის გამოყენებისათვის სასამართლო ამოწმებს არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. ამასთან, ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას და შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). რაც შეეხება მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევას, ამ შემთხვევაში, მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სსკ-ის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება (იხ.: სუსგ №ას-888-834-2012, 30.12.2013წ.; №ას-397-381-2016, 01.07.2016წ.; №ას-1096-1053-2016, 24.10.2017წ.).

44. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დგინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სახელშეკრულებო ფარგლებს გარეთ შესრულებული დამატებითი სამუშაოების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრება, სამართლებრივი ნორმები, რომელიც მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგებს უკავშირდება, მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებული ვერ იქნება.

45. პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის მოთხოვნას საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებითაც, რომელიც მოწმის დაკითხვას ეხება და სრულად იზიარებს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებაზე ასახულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ აღნიშნულზე პირველ კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია და მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საოქმო განჩინების გაუქმებაც გავლენას ვერ მოახდენს საქმის შედეგზე.

46. რაც შეეხება შემკვეთის (მოპასუხის) საკასაციო არგუმენტს, რომლის თანახმად 14 000 ლარი უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ვალდებულების დასაფარად, პალატა მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია და რაიმე არსებითი მტკიცებულებით არაა გამყარებული, კერძოდ, საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ამ თანხის მენარდისათვის ჩარიცხვას დაადასტურებდა მხარეებს შორის 2020 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის. აღნიშნული მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი მხოლოდ მოწმის არათანმიმდევრული ჩვენება სადავო ფაქტის დასადასტურებლად, გაზიარებული ვერ იქნება. პალატა ამ კუთხით ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 373-ე (მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი) მუხლზეც და განმარტავს, რომ დოკუმენტიც რომ არსებობდეს (შპს „ლ–სთვის“ თანხის გადახდა მოსარჩელის ვალდებულების შესასრულებლად) იგი მაინც ვერ ჩაითვლებოდა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან არ დგინდება, როგორც მოსარჩელის თანხმობა ან შემდგომ მოწონება ამ ჩარიცხვაზე, ასევე, მენარდის მიერ სარგებლის მიღება. აქედან გამომდინარე, შემკვეთის მოქმედება, თუნდაც მას რეალურად გადაეხადა მენარდის კრედიტორისათვის 14 000 ლარი, ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებად ვერ შეფასდება (სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალეს უფლება აქვს არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებისას, მოითხოვოს მისგან შესრულების უკან დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების (სსკ-ის 976-ე მუხლი) საფუძველზე).

47. პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის (შემკვეთის) იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა საგარანტიო 5%-იანი თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, რადგანაც საგარანტიო თანხა გადაიხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების დამთავრების შემდეგ, საგარანტიოდ კი გათვალისწინებულია 2-წლიანი ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით მითითებულია არა მხარეთა შორის გაფორმებულ 2020 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებაში, არამედ მასზე საუბარია ხობის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ 2020 წლის 25 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №98 ხელშეკრულებაში, რაც წინამდებარე დავისაგან დამოუკიდებელი, მოცემულ საქმესთან კავშირის არმქონე სამართალურთიერთობაა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ვერ გამოდგება უშუალოდ ამ საქმის შემკვეთსა და მენარდეს შორის არსებული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რისი გათვალისწინებითაც, მეორე კასატორის პრეტენზია ვერ იქნება გათვალისწინებული (იხ.: სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018; №ას-495-2020, 23.10.2020წ; №ას-776-2020. 21.04.2021წ; №ას-545-2021, 29.11.2022წ.).

48. რაც შეეხება მეორე კასატორის საკასაციო არგუმენტებს, რომელიც წინამდებარე განჩინების 24-ე-25-ე პუნქტებშია ასახული, პალატა ამ ნაწილში იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ შემკვეთისათვის დასაკისრებელ თანხასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა არა მხარეებს შორის 2020 წლის 25 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებით - 382 389.93 ლარით, რომელშიც 2020 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა (შეიცვალა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და პირველი ეტაპის 2020 წლისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 368.421.00 ლარით), არამედ შესრულებული სამუშაოს ღირებულებით - 365 260.46 ლარით (ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებად ამ თანხას ასახელებდა და დამატებით სამუშაოების ღირებულებასთან ერთად, რომელიც შეადგენდა 29 885 ლარს, ითხოვდა მოპასუხისათვის 394 145 ლარის (365260+29885=395145) დაკისრებას). უდავოა, რომ ზემოაღნიშნულის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლომ მეორე კასატორის მიერ მენარდისათვის გადახდილი 334 971 ლარი გამოაკლო 382 389.93 ლარს, მაშინ, როდესაც, 334 971 ლარი უნდა გამოეკლო 2020 წლის 21 დეკემბრისათვის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 365 260.46 ლარითვის, შესაბამისად, ვინაიდან შესრულებულ სამუშაოებსა და შემკვეთის მიერ გადახდილი თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 30 289.46 ლარს, სწორედ ეს თანხა უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ნაცვლად 47 418.93 ლარისა (382389.93 - 334971 = 47418.93).

49. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის საკასაციო საჩივარი კი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 289.46 ლარის გადახდა.

50. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 3634 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ჩ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს „ჩ.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

5. უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ შპს „ჩ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 30289.46 ლარის გადახდა;

6. უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ შპს „ჩ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3634 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე