საქმე №ას-542-2025 28 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ჩ.კ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ი (მოსარჩელე), ლ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ჩ.კ–ამ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ზ–ისა (შემდგომ – მოპასუხე) და ლ.მ–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა და, მათი თანხმობის გარეშე, მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ №........) 9/36 ნაწილის რეალური წილის სახით რეგისტრაციის უფლების მინიჭება იმგვარად, როგორც ასახულია შპს „რ.გ.ს–ის“ მიერ 2021 წლის 13 აპრილს შედგენილ აზომვით ნახაზზე, კერძოდ: №03/2 შენობის მეორე სართულზე მდებარე 57.1 კვ.მ-ზე; №03/2 შენობის სხვენის სართულზე არსებულ 40.1 კვ.მ-სა და 10.18 კვ.მ სარდაფზე, სულ - 107.76 კვ.მ სასარგებლო ფართზე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეების თანასაკუთრებაში, წილობრივი მონაცემების სახით, ირიცხება უძრავი ქონება ქ.თბილისში, ..........
3. 2021 წლის 13 აპრილს მოსარჩელის დაკვეთით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართის ოდენობის ასახვის მიზნით, შედგა აზომვითი ნახაზი.
4. მოსარჩელის კუთვნილი ქონების, აღნიშნული ნახაზის მიხედვით, საჯარო რეესტრის მეშვეობით რეგისტრაციისათვის მოსარჩელეს დასჭირდა ყველა მესაკუთრის, მათ შორის, მოპასუხეების თანხმობა. დანარჩენმა თანამესაკუთრეებმა ზემოხსენებულზე თანხმობა გამოთქვეს. მეორე მოპასუხე სადავო მისამართზე არ ცხოვრობს და თანხმობის მიცემის კატეგორიული წინააღმდეგია. ამგვარად, მოპასუხეები უფლებას ბოროტად იყენებენ.
5. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ქალაქ თბილისში, ........ მდებარე მისი კუთვნილი უძრავი ნივთის (ს/კ .........) მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) განთავსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ინდივიდუალური საკუთრების საგნის მესაკუთრეა მოპასუხე. მოპასუხის ფართზე არსებული უნებართვო მიშენება კვეთს მოსარჩელის საკადასტრო საზღვარს. მიშენების უნებართვოდ განთავსებული საყრდენი ბოძები კი მოწყობილია მოსარჩელის უძრავი ნივთის საზღვრებში.
6. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ნივთის (ს/კ №..........) საკადასტრო გეგმაზე მიწის ნაკვეთის ამ ნაწილში შენობა-ნაგებობა არაა დატანილი, ხოლო №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმაზე აღნიშნულია, რომ ამ ნაწილში არის კონსოლური მიშენება. აღნიშნული ურთიერთსაწინააღდეგო შინაარსის დოკუმენტებით მტკიცდება მიშენების უნებართვოდ აშენება, ვინაიდან შეუძლებელია ერთი შენობის ნაწილი მდებარეობდეს მეორე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, თუნდაც ეს იყოს კონსოლურად, ვინაიდან კონსოლური კონსტრუქციული ელემენტი, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ იგი მთლიანად დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შენობასთან, რომელზეც მიშენებულია.
7. საჯარო რეესტრის არქივში დაცული ტექნიკური აღრიცხვის შესახებ დოკუმენტაციაში, კერძოდ, 1975 წლის გენგეგმაზე აღნიშნული ფართი დატანილი არ არის, ხოლო 1987 წლის გენგეგმაზე აღნიშნული უკანონო მიშენება არის მკრთალად, ფანქრით მონიშნული, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მიშენება არაკანონიერია.
8. მოსარჩელის განმარტებით, მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). აღნიშნული მიშენების ამ ფორმით არსებობით კი ილახება მოსარჩელის საკუთრების უფლება.
მოპაუხის პოზიცია და სასარჩელო მოთხოვნა:
9. მოპასუხემ ასევე სარჩელი წარადგინა მეორე მოპასუხის, რ.ა–სა და მოსარჩელისათვის უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვისა და, მათი თანხმობის გარეშე, მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ №............) 9/36 ნაწილის რეალური წილის სახით რეგისტრაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით იმგვარად, როგორც ასახულია შპს „ა.ს–ის“ მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შედგენილ აზომვით ნახაზზე, კერძოდ, შენობა №1-ში მე-2 სართულზე მდებარე 64.61 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე.
10. მოპასუხემ მოსარჩელის სარჩელი არ ცნო უარყო, მოსარჩელის მხრიდან თანხმობის გაცემის მიზნით, მისთვის მიმართვის ფაქტი. სადავო მიშენება (8.45 კვ.მ. და 1,93) განხორციელებულია 70-იან წლებში, დატანილია ტექაღრიცხვის არქივში არსებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე, წარმოადგენს მოპასუხის საკუთრების შემადგენელ ნაწილს. გარდა ამისა, არის მეორე სართულზე მდებარე ფართი, რომელიც არ დგას მიწაზე. ჯერ კიდევ სადავო ფართის წინამორბედ მესაკუთრე ა.კ–ს საკუთრებაში ერიცხებოდა 66 კვ.მ. ამჟამად მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ აზომვის შედეგად, იგი 64,61 კვ.მ-ია. გარდა ამისა, ორთოფოტოგეგმების თანახმად, 2000-2005 წლებში მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ფართი შედიოდა ....... ქ. №6-ის არსებულ წითელ ხაზში, რომელიც შემდგომ, გაურკვეველი მიზეზის გამო, მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის წითელ ხაზში.
11. მოპასუხეების მიმართ დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა რ.ა–მაც და მოითხოვა უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ №..........) 9/36 ნაწილის რეალური წილის სახით რეგისტრაციის უფლების მინიჭება იმგვარად, როგორც ასახულია შპს „რ.გ.ს–ის“ მიერ 2021 წლის 13 აპრილს შედგენილ აზომვით ნახაზზე, კერძოდ: №03/2 შენობა 43.86 კვ.მ პირველ სართულზე; №03/2 შენობა მეორე სართულზე არსებული 34.34 კვ.მ, სულ - 78.20 კვ.მ სასარგებლო საცხოვრებელი ფართზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. გაერთიანდა აღნიშნული საქმეები ერთ წარმოებათ ერთად განხილვისათვის.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელის სარჩელი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვისა და ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მიენიჭა უფლება, მოპასუხეების თანხმობის გარეშე, განეხორციელებინა ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ №........) კუთვნილ ფართზე ცვლილების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს შპს „რ.გ.ს–ის“ მიერ 13.04.2021წ. შედგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ საერთო ფართზე 107.76 კვ.მ-ს, საიდანაც შენობა-ნაგებობა 03/2-ის მეორე სართულზე მდებარე ფართი შეადგენს 57.17 კვ.მ-ს, შენობა-ნაგებობა 03/2-ის სხვენის სართულზე 40.41 კვ.მ-ს და შენობა-ნაგებობა 02/2-ის სარდაფში არსებული ფართი - 10.18 კვ.მ-ს, საკუთრების უფლების რეგისტრაციას; 2. მოპასუხის სარჩელი, უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვისა და ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მიენიჭა უფლება, მეორე მოპასუხის, რ.ა–სა და მოსარჩელის თანხმობის გარეშე, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ............ მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ № ........) კუთვნილ ფართზე ცვლილების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს შპს „ა.ს–ის“ მიერ 21.08.2019წ. შედგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული №1 შენობის მე-2 სართულზე არსებული სასარგებლო ფართის - 64.61 კვ.მ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციას; 3. რ.ა–ს სარჩელი, უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვისა და ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა, რ.ა–ს მიენიჭა უფლება, მოპასუხეების თანხმობის გარეშე, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ №........) კუთვნილ ფართზე ცვლილების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს შპს „რ.გ.ს–ის“ მიერ 13.04.2021წ. შედგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ საერთო ფართზე 78.20 კვ.მზე, საიდანაც შენობა-ნაგებობა 03/2-ის პირველ სართულზე მდებარე ფართი შეადგენს 43.86 კვ.მ.-ს, ხოლო შენობა-ნაგებობა 03/2-ის მეორე სართულზე მდებარე ფართი - 34.34 კვ.მ.-ს, საკუთრების უფლების რეგისტრაციას; 4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ........... მდებარე 4731.00 კვ.მ დაზუსტებული ფართი და 6964.00 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ი (ს/კ №.........).
17. აღნიშნული ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე .......... (ს/კ №........) განთავსებული №1 შენობის მე-2 სართულის 64.61 კვ.მ, მათ შორის, აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი მიშენება არის მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში.
18. მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს შპს „ა.ს–ის“ მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შიდა აზომვით ნახაზზე ასახული №1 შენობის მე-2 სართულზე არსებულ 64.61 კვ.მ სასარგებლო ფართს, მათ შორის, ქ. თბილისში, .......... (ს/კ №..........) განთავსებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში მე-2 სართულზე მოწყობილ მიშენებას.
19. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მოპასუხის უფლებრივ წინამორბედს - ა.კ–ს, 2003 წელს საკუთრებაში ერიცხებოდა 865 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან (473.57 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართით, მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების 428.58 კვ.მ) 66 კვ.მ.
20. დღეის მდგომარეობით, ქ.თბილისში, .......... (ს/კ №...........) მდებარე №1, №2, №3 შენობა-ნაგებობების საერთო ფართის ოდენობად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 473.57 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 428.58 კვ.მ. ამგვარად, შენობა-ნაგებობების კვადრატულობა არ შეცვლილა და მოპასუხემ საკუთრებაში მიიღო ფართი იმ მდგომარეობით, როგორიც ის იყო მისი მამკვიდრებლის - ვ.ზ–ის ფაქტობრივ მფლობელობაში. თავის მხრივ, დადგენილია, რომ უძრავი ქონების პირველი მესაკუთრის - ა.კ–ის სახელზე ქონება ირიცხებოდა იმ სახით, როგორც ის დღეს არის რეგისტრირებული და მის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო №1 შენობის მეორე სართულის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული მიშენების ფართიც, რომელიც ასახულია შპს „ა.ს–ის“ მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შიდა აზომვით ნახაზზე და რის მესაკუთრედ რეგისტრაციასაც ითხოვს მოპასუხე აღძრული სარჩელით.
21. 2003 წლის პირველ მარტს მოპასუხემ №230266892 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილი, მათ შორის, მასზე განხორციელებული მიშენება.
22. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 16 მაისის №003281223 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ............. მდებარე, №....... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე მოწყობილი მიშენების ძირითადი ნაწილი მოიცავს (გადაფარავს) №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 12 კვ.მ ფართს, ხოლო არსებული გადაფარვის სიგანე იცვლება 3,15 მ-დან 3,32 მ-მდე.
23. ამავე საექსპერტო დასკვნით ირკვევა, რომ ზემოხსენებული მიშენების საყრდენი ლითონის ბოძები განთავსებულია №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით.
24. აპელანტს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 05/02/1968წ. საინვენტარიზაციო გეგმაზე, კერძოდ, მე-2 სართულის (ლიტ. „ა“) ფართზე ასახულია სადავო მიშენება. ასევე, მხარეთა მიერ დადასტურებული გარემოება, რომ აღნიშნული მიშენება განხორციელებულია 70-იან წლებში.
25. დადგენილია და აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, რომ ქ. თბილისში, ........... (ს/კ №...........) №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში მე-2 სართულზე მოწყობილი მიშენება განეკუთვნება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 64.61 კვ.მ-ის ნაწილს. მოპასუხე არ ფლობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან - ქალაქ თბილისში, .......... (ს/კ №.........) მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის 12 კვ.მ-ს მოიცავს (გადაფარავს) №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე მოპასუხის მლობელობაში არსებული მიშენების ძირითადი ნაწილი.
26. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიშენების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
27. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მოპასუხის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლება და მოსარჩელისათვის გადაცემა.
28. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, დაუსაბუთებლობის გამო.
29. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული მიშენების ძირითადი ნაწილი მოიცავს (გადაფარავს) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ქალაქ თბილისში, ............ (ს/კ №.........) მდებარე მიწის ნაკვეთის 12 კვ.მ-ს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მიშენების საყრდენი ლითონის ბოძები განთავსებულია №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით.
30. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნტის შესაბამისად, მოპასუხის სარჩელი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვისა და ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნტი) მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, მე-2 სართულზე მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სადავო მიშენება, რომელიც ფარავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის 12 კვ.მ-ს წარმოადგენს საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრების უფლების ობიექტს, როგორც 64.61 კვ.მ ფართის შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება ლითონის ბოძებს, რომელიც განთავსებულია №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ლითონის ბოძები ექსპერტის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიშენების საყრდენ ბოძებს (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 16/05/2023 წლის №003281223 ექსპერტიზის დასკვნა) და შესაბამისად, არსებით შემადგენელ ნაწილს (საპირისპირო მტკიცებულებაზე აპელანტს არ მიუთითებია).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხის მფლობელობაში არსებულ სადავო მიშენებაზე სასამართლოს მიერ დადგენილია მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციის უფლება, ხოლო ლითონის ბოძები წარმოადგენს მიშენების საყრდენს (ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს), პალატის მოსაზრებით, არ არსებობს მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი, და, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა მისი უძრავი ქონების - მიწის, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მიშენებისაგან (მ.შ საყრდენი ბოძების) გამოთავისუფლებისა და მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც უძრავ ნივთზე მოპასუხის არამართლზომიერი მფლობელობის გამო, საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლას დაადასტურებდა.
32. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
34. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. სადავო მიშენება იჭრება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და მისით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევს მესაკუთრეს.
35. მხარის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში არ იყო ცალსახად მითითებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული დებულება, ეს არ ნიშნავს, რომ აპელანტი დაეთანხმა გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც გასაჩივრებულ საკითხთან კავშირშია. სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმის არსებითი მხარე და, ფორმალური ხარვეზის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი არ უნდა ეთქვა.
36. კასატორის მითითებით, სადავო მიშენებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ შეისწავლა და არ გაითვალისწინა, რომ მიუღებელია უკანონო მიშენების სასამართლო გზით დაკანონება.
37. კასატორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. მოგვიანებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
39. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ მისცა მხარეებს ვადა მორიგებისათვის, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
40. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
41. საქმის არსებითად განხილვისას საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის პრეტენზიებს კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ფარგლებში (სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები).
42. სსსკ-ის 393-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს (საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი) და ადგენს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
43. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
44. მოსარჩელის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ……….. მდებარე 4731.00 კვ.მ დაზუსტებული ფართი და 6964.00 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ი (ს/კ №………).
45. აღნიშნული ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე ………… (ს/კ №……)) განთავსებული №1 შენობის მე-2 სართულის 64.61 კვ.მ, მათ შორის, აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი მიშენება არის მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში.
46. მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს შპს „ა.ს–ის“ მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შიდა აზომვით ნახაზზე ასახული №1 შენობის მე-2 სართულზე არსებულ 64.61 კვ.მ სასარგებლო ფართს, მათ შორის, ქ. თბილისში, ……… (ს/კ №……….) განთავსებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში მე-2 სართულზე მოწყობილ მიშენებას. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მოპასუხის უფლებრივ წინამორბედს - ა.კ–ს, 2003 წელს საკუთრებაში ერიცხებოდა 865 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან (473.57 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართით, მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების 428.58 კვ.მ) 66 კვ.მ.
47. დღეის მდგომარეობით, ქ.თბილისში, ……… (ს/კ №……….) მდებარე №1, №2, №3 შენობა-ნაგებობების საერთო ფართის ოდენობად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 473.57 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 428.58 კვ.მ. ამგვარად, შენობა-ნაგებობების კვადრატულობა არ შეცვლილა და მოპასუხემ საკუთრებაში მიიღო ფართი იმ მდგომარეობით, როგორიც ის იყო მისი მამკვიდრებლის - ვ.ზ–ის ფაქტობრივ მფლობელობაში. თავის მხრივ, დადგენილია, რომ უძრავი ქონების პირველი მესაკუთრის - ა.კ–ის სახელზე ქონება ირიცხებოდა იმ სახით, როგორც ის დღეს არის რეგისტრირებული და მის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო №1 შენობის მეორე სართულის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული მიშენების ფართიც, რომელიც ასახულია შპს „ა.ს–ის“ მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შიდა აზომვით ნახაზზე და რის მესაკუთრედ რეგისტრაციასაც ითხოვს მოპასუხე აღძრული სარჩელით.
48. 2003 წლის პირველ მარტს მოპასუხემ №230266892 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისში, ………. მდებარე უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილი.
49. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 16 მაისის №003281223 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ……….. მდებარე, №……….. საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე მოწყობილი მიშენების ძირითადი ნაწილი მოიცავს (გადაფარავს) №……….. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 12 კვ.მ ფართს, ხოლო არსებული გადაფარვის სიგანე იცვლება 3,15 მ-დან 3,32 მ-მდე.
50. ამავე საექსპერტო დასკვნით ირკვევა, რომ ზემოხსენებული მიშენების საყრდენი ლითონის ბოძები განთავსებულია №………. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით.
51. აპელანტს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ №……… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 05/02/1968წ. საინვენტარიზაციო გეგმაზე, კერძოდ, მე-2 სართულის (ლიტ. „ა“) ფართზე ასახულია სადავო მიშენება. ასევე, მხარეთა მიერ დადასტურებული გარემოებაა, რომ აღნიშნული მიშენება განხორციელებულია 70-იან წლებში.
52. დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ქ. თბილისში, ……….. (ს/კ №……….) №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში მე-2 სართულზე მოწყობილი მიშენება განეკუთვნება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 64.61 კვ.მ-ის ნაწილს. მოპასუხე არ ფლობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან - ქალაქ თბილისში, ………. (ს/კ №………) მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის 12 კვ.მ-ს მოიცავს (გადაფარავს) №……… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №1 შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული მიშენების ძირითადი ნაწილი.
53. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიშენების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
54. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოსარჩელემ აღძრა ვინდიკაციური სარჩელი.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, თავისუფლად და დამოუკიდებლად შეუძლია სადავო მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი უფლებების განკარგვა. დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე, პირველ რიგში, ზუსტად უნდა გაერკვეს, თუ რა სურთ მხარეებს. გადაწყვეტილებას იგი მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში იღებს. მას უფლება არა აქვს, მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდეს ან სხვა საკითხებზე იმსჯელოს (ბოელინგი ჰ., ჭანტურია ლ., სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, 2003, 3). დიპოზიციურობის პრინციპი შეუზღუდავად მოქმედებს წარმოების დაწყებისა და დავის საგნის განსაზღვრისას (ჰაგენლოხი უ., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, 2020, მუხლი 3, 1). სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის მე-4 მუხლი). სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისაგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული სარჩელში. რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი - „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ.: სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020 წელი; №ას-351-2020, 29 დეკემბერი, 2020 წელი).
56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არასწორად განსაზღვრა მოცემული სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული საფუძველი.
57. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
58. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წელი; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წელი; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წელი; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წელი).
59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წელი, პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წელი).
60. განსახილველ საქმეზე მხარის მოთხოვნა არ მოიაზრებს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვას, არამედ მიმართულია მოსარჩელის მიერ საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლის აღკვეთისაკენ, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის სახლთმფლობელობის მეორე სართულზე არსებული მიშენების საყრდენი კონსტრუქცია.
61. ამდენად, განსახილველი დავა შეეხება საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, რაც ნეგატორულ სარჩელს წარმოადგენს და მითითებული სამართლებრივი საკითხები სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს.
62. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ, მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად, ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ.: სუსგ №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
63. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ.: სუსგ №ას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
64. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა, დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირის (პირთა) გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში (იხ.: სუსგ №ას-869-2025, 9 სექტემბერი, 2025 წელი).
65. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
66. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ.: სუსგ №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
67. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
68. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება.
69. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
70. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
71. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებისათვის, რისი შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
72. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა სადავო ნაკვეთით სარგებლობაში მოპასუხის მხრიდან იმგვარი ხელშეშლის არსებობის დადასტურება, რაც ჩვეულებრივ სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თმენის ვალდებულებას სცდება, ხოლო მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო პოზიციის მართებულობა.
73. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით წინამდებარე დავა ნეგატორული სარჩელის დასაბუთებულების კუთხით სათანადოდ არ შეფასებულა, სააპელაციო პალატას ზემოთ დასახელებული გარემოებანი არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია.
74. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, მოპასუხის სახლზე არსებული მიშენების საყრდენი კონსტრუქცია მოპასუხის ფართის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
75. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე (საქმე №ას-1357-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად დეფინიციას, ასევე, განსაზღვრავს, რა მიიჩნევა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
76. ნივთის შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, თვით ნივთის სამეურნეო დანიშნულება. ნივთის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ასევე საჭიროა, რომ ამ კავშირის შედეგები განვიხილოთ, როგორც ერთიანი ნივთი. როცა ნივთების კავშირით იქმნება ერთიანი ნივთი, მაშინ არ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა ნივთზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით (იხ.: სუსგ №ას-263-2020, 6 ნოემბერი, 2020 წელი; №ას-345-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).
77. სსკ-ის 150-ე მუხლის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთების შეერთების შედეგად შექმნილი ერთიანი ნივთის ეკონომიკური ღირებულება და თავიდან აიცილოს ნივთის ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელი განცალკევება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ შესაძლებელი იყოს განცალკევებულ ნაწილებზე სხვადასხვა უფლების წარმოშობა (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 150, ველი 1). შესაბამისად, არსებითი შემადგენელი ნაწილის დახასიათებისას შეიძლება გამოვყოთ ძირითადი ნიშნები. არსებითი შემადგენელი ნაწილები ნივთის ისეთი ნაწილებია, რომლებიც: ა) შეუძლებელია ერთმანეთისაგან იმგვარად იქნეს დაშორებული, გამოცალკევებული, რომ ამით არ განადგურდეს ერთი ან მეორე ნაწილი (ნივთები, რომლებიც სხვა ნივთთან შეერთების შედეგად კარგავენ დამოუკიდებლობას და ერთი მთლიანი ნივთის ნაწილები ხდებიან); ან ბ) არ შეიცვალოს მათი ბუნება და დანიშნულება (გამოცალკევება შესაძლებელია, მაგრამ ეს უარყოფითად აისახება მათ ბუნებასა და დანიშნულებაზე, ასევე მათ ეკონომიკურ ღირებულებაზე). არსებითი შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას გადამწყვეტია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული შეხედულება ან ობიექტური დამკვირვებლის გონივრული განსჯა.
78. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება, იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (იხ.: სუსგ №ას-1163-1118-2016, 29 ივნისი, 2017 წელი).
79. ნივთსა და არსებით შემადგენელ ნაწილს შორის არსებობს მუდმივი კავშირი. სწორედ ეს განაპირობებს კანონის დანაწესს, რომლის მიხედვითაც მთავარ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც (სსკ-ის 171-ე მუხლი). ამდენად, თუ მოძრავი ნივთი გახდა უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, უძრავი ნივთის მესაკუთრე მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (იხ.: თამარ შოთაძე, სანივთო სამართალი. სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ.70). ის გარემოება, რომ ნივთი სხვა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და იზიარებს სხვა ნივთის სამართლებრივ ბედს, უზრუნველყოფს ნივთების უსარგებლო დაზიანების თავიდან აცილებას (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 171, ველი 1).
80. სხვა შემთხვევაში (საქმე №ას-1777-2019, 20.10.2022წ.) საკასაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 150-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება, იყოს ცალკე უფლების ობიექტი, მასზე დამოუკიდებელი სანივთო უფლება არ წარმოიშობა. არსებითი შემადგენელი ნაწილი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (შდრ. სუსგ: №ას-1081-1110-2011, 10 ნოემბერი, 2011 წელი; №ას-500-476-2013, 21 ოქტომბერი, 2013 წელი). შესაბამისად, სსკ-ის 171-ე მუხლიდან (ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც) გამომდინარე მოქმედებს კანონისმიერი პრეზუმფცია, რომ მიწის თანამესაკუთრეები სადავო შენობის თანამესაკუთრეებიც არიან (იხ. სუსგ №ას-422-2025, 20 ივნისი, 2025 წელი).
81. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილზე მხოლოდ იმ გარემოების საფუძველზე, რომ მოპასუხის სახლზე ნაწარმოები მიშენების საყრდენი კონსტრუქცია (ლითონის ბოძები) მოსარჩელის კუთვნილ მიწაზეა მოწყობილი.
82. იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ სადავო მიშენება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ფარავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი, მისი კუთვნილი ფართით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სადავო მიშენების დარეგისტრირების ნაწილში (რომელზეც მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული) სააპელაციო საჩივრის შინაარსისა და იურიდიული შედეგის განმსაზღვრელი მოთხოვნის გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესულად ვერ მიიჩნევა, მიუხედავად იმ საპროცესო-სამართლებრივი უზუსტობისა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ყველა პუნქტი არ მიუთითა.
83. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საკასაციო ინსტანციაში შეუძლებელია. ასეთია დავის სწორად გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებების კვლევის აუცილებლობა.
84. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი საჭიროება მოცემულ საქმეზეც არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, კერძოდ:
85. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა შეაფასოს, ახორციელებს თუ არა მოპასუხე უძრავი ქონებით იმგვარ სარგებლობას, რაც იწვევს მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფას, სხვაგვარ ხელშეშლას ან/და ზიანს.
86. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს დავის არსებითად გადაწყვეტის ეტაპზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ჩ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია