საქმე №ას-1116-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,პ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სს „პ.დ–ისათვის“ (შემდეგში: მოპასუხე) პირგასამტეხლოს - 13000 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღიარებს ვალდებულების დარღვევის ფაქტს, თუმცა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ჯამში 2000 ლარის ნაწილში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სს ,,პ.დ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე; მოპასუხე სს ,,პ.დ–ას“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2022 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება დაზღვევის მომსახურება გაუწიოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხულ სატრანპორტო საშუალებებს, თანდართული დაზღვევის პირობების დანართი N1- ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის დანართი N2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების დანართი N1-ის „დაზღვევის პირობების“ თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე. ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადი გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.
6.2. 2022 წლის 13 სექტემბერს დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,MITSUBISHI –L200“ (სახელმწიფო ნომერი - ........), ხოლო 2022 წლის 10 ოქტომბერს ასევე დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,KIA SORENTO” (სახელმწიფო ნომერი - .......). 2022 წლის 22 სექტემბერს და 2022 წლის 21 ოქტომბერს შედგა №11249/022 და №11249/022 ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმების შესახებ აქტები.
6.3. სს „პ.დ–ის“ მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით შეთანხმებული ავტომობილის MITSUBISHI–L200“ (სახელმწიფო ნომერი - ........) შეკეთება/აღდგენის ვადა. ავტომანქანა 56 დღის დაგვიანებით, კერძოდ, 2022 წლის 12 ოქტომბრის ნაცვლად - 2022 წლის 07 დეკემბერს შეკეთდა. ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ 8437 ლარი შეადგინა. სს „პ.დ–ის“ მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით შეთანხმებული, ავტომობილის ,,KIA SORENTO” (სახელმწიფო ნომერი - .........) შეკეთება/აღდგენის ვადა. ავტომანქანა 74 დღის დაგვიანებით, კერძოდ, 2022 წლის 10 ნოემბრის ნაცვლად - 2023 წლის 23 იანვარს შეკეთდა. ავტომანქანის შეკეთების ღირებულება 1250.80 ლარი იყო.
6.4. ავტომობილის MITSUBISHI –L200“-ს (სახელმწიფო ნომერი - ..........) და ავტომობილის ,,KIA SORENTO”-ს (სახელმწიფო ნომერი - ..........) შეკეთება/აღდგენა განახორციელა შპს ,,პ.მ.ჯ–ამ’’.
6.5. 29.12.2022 წ.-ს ხელშეკრულების შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის სს „პ.დ–ას“ დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, რაც, თანხობრივად, ორივე შემთხვევაში 13000 (5600 ლარი და 7400 ლარი) ლარს შეადგენს.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
7.1 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მისი შეფასების საგანს წარმოადგენდა, რამდენად არსებობდა მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი.
7.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და, აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის მიერ შემცირებული და დაკისრებული პირგასამტეხლო - 2000 ლარის ოდენობით, გონივრულია და სრულად შეესაბამება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. ამასთან, მიიჩნია რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი.
7.3. მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი) გონივრულება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. ამის საპირისპიროდ, მოპასუხემ შეძლო და სასამართლოს შეუქმნა ვარაუდი მასზედ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.
7.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სერვის ცენტრის მიერ ავტომანქანების შეკეთების ვადების გადაცილება, მზღვეველის პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება. მართალია, ეს არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, მაგრამ ყურადსაღებია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კონტექსტში.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა პირგასამტეხლოს დანიშნულება და უხეშად ჩაერია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში.
9.2. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ, სს „პ.დ–ა“ საბაზრო ურთიერთობებში გამოცდილი კორპორაციული სუბიექტია, რომელიც სხვადასხვა ორგანოების მეშვეობით ოპერირებს ბაზარზე. ამავდროულად აღჭურვილია ადვოკატით და შესაბამისად, სრულყოფილად აცნობიერებს ნებისმიერ და განსაკუთრებით ისეთ მარტივ პირობას, როგორიცაა შეთანხმება პირგასამტეხლოზე.
9.3. სააპელაციო სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები, რაც აკისრია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ამასთან, ჩაერია მხარეთა კერძო ავტონომიაში და არა მხოლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, არამედ ხელშეკრულებისგან განსახვავებული გამოთვლის ხერხი შესთავაზა მათ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტეზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამრთლომ, პირგასამტეხლოს შემცირებით, დაარღვია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლო შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი). სასამართლომ კონკრეტული საქმის გარემოებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს რამდენად გონივრულია შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ამის შესაბამისად გადაწყვიტოს შეამციროს თუ არა ის.
16. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოპასუხის მეწარმე სუბიექტის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მეწარმე იურიდიული პირის მონაწილეობა არ გულისხმობს იმას, რომ მის მიმართ გამორიცხულია სასამართლომ გამოიყენოს სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მეწარმე სუბიექტი თავის შესაგაბელს ამყარებს იმ მოტივაციით, რომ სამუშაოების შესრულების დაგვიანება გამოწვეული იყო თავად მხარეთა მიერ, ორმხრივად შეთანხმებული სერვის ცენტრის ბრალით. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული ფაქტი მართალია არ ათავისუფლებს მოპასუხეს პასუხიმგებლობისგან, მაგრამ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის შესაგებელში გამოთქმულ შედავებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა პროცენტთან მიმართებით უსაფუძვლო, არაპროპორციული და შეუსაბამოდ დიდია. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შესრულების ვადაგადაცილებით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი და საბოლოო ჯამში, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
19. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი