№ას-850-2025 4 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ა.მ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.მ–ვი, ვ.მ–ვა, ქ.მ–ვა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ა.მ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა გ.მ–ვს, ვ. და ქ.მ–ვებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ყოველთვიურად 640 ლარის გადახდა - 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2024 წლის 28 მარტამდე, ჯამში - 10 240 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით ა.მ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 10 240 ლარის დაკისრება (28.11.20222წ.-დან 28.03.2024წ.-მდე პერიოდში), რადგან ისინი მისი კუთვნილი უძრავ ქონებით სარგებლობენ, რითიც დაზოგეს ხსენებული ოდენობის თანხა.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გამოსარკვევია, მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობენ თუ არა უძრავი ქონებით მდებარე: ქალაქი თბილისი, ............, საკადასტრო კოდით ......... და ამით მდიდრდებიან თუ არა მოსარჩელის ხარჯზე.
5.4. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტებად მიიჩნია ა. უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., საკადასტრო კოდით ........., დაზუსტებული ფართობი 181 კვ.მ მესაკუთრედ რეგისტრირებულია შ.კ–ი და ი.მ–ვი (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 24-25); ბ. უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., საკადასტრო კოდით ....... მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელის მამა ი.მ–ვი, რომელიც გარდაიცვალა 11.12.2017წ. და მისი დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობილია ა.მ–ვა (იხ. 240153845 სამკვიდრო მოწმობა და 25.08.2022წ. გადაწყვეტილება N2/31621-18; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 26-27).
5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მას მოპოვებული აქვს საკუთრება მამის დანაშთ ქონებაზე, რომელიც 102 კვადრატული მეტრისაგან შედეგება და წარმოადგენს ეზოს. ამ ეზოთი უკანონოდ სარგებლობენ მოპასუხეები, რადგან ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისში ........ ქუჩა N12 „ა“-ში რომლის მესაკუთრეა მოსარჩელესთან ერთად შ.კ–ი.
5.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი სარჩელის დავის საგანი არ არის მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების ს/კ: .......-ით უკანონოდ სარგებლობა, სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა ან ხსენებული საზიარო საკუთრების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ამგვარი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოსაკვლევი გახდებოდა აქვთ თუ არა მოპასუხეებს უფლება სარგებლობდნენ სადავო საზიარო ქონებით. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით ვინდიკაციური სარჩელის მისგან წარუდგენლობა არ მიანიშნებს მოპასუხეთა მხრიდან მართლზომიერად ფლობის ფაქტს (იხ. იგივე სხდომის ოქმი 13:45:33: სთ-დან).
5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან ხელშეშლის აღკვეთის შესახებ პრეტენზიები მოსარჩელეს ამ ეტაპზე არ გააჩნდა, ეს მიანიშნებს უძრავი ქონებით საკადასტრო კოდით: .......... მოპასუხე გ.მ–ვის მიერ სარგებლობის მართლზომიერებაზე. სანამ, პირველ მოპასუხეს სამართლებრივი საფუძველი არ გამოეცლება ისარგებლოს ქალაქ თბილისში ......... მდებარე ბინით იგი საფუძვლის გარეშე მოსარგებლედ ვერ ჩაითვლება, მით უფრო რომ მოსარჩელე თავად მიუთითებდა სხვაგვარად ბინაში შესვლის შეუძლებლობაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე, დარჩენილი ორი მოპასუხის ვ. და ქ.მ–ვას ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზეც, რადგან საქმის მასალების კვლევით დგინდება მათი სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი. უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისში, ........... (ს.კ. ..........) რეგისტრირებულია ვ.მ–ვას და ქ.მ–ვას საკუთრების უფლება (იხ. საჯარო რეესტრის წერილი და საჯარო რეესტრის ამონაწერი გვ 77-78 და 79-82). მართალია, ხსენებულ ფაქტს არ ეთანხმება აპელანტი, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის დროსაც იგივე გარემოება დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარეებმა. მეტიც, გ.მ–ვთან სტუმრობის დროს განხორციელებული ფოსტის კურერის ვიზიტით ახსნა გზავნილის მის მიერ ჩაბარება, რაც მისი შეფასებით ნამდვილად არ მიუთითებს ჩაბარების ადგილზე ცხოვრების ფაქტს.
5.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სანამ, მოპასუხეებს ან თუნდაც ერთ - ერთ მათგანს ექნება და აქვს მის მიერ დაკავებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება და არ არის ამოწურული მესაკუთრის სანივთოსამართლებრივი სარჩელები, დაუშვებელია კონდიქციური სამართლის ნორმების გამოყენებით დადგეს მათი ქონებრივი პასუხისმგებლობა.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად არ დაადგინა გ., ვ.და ქ.მ–ვების მხრიდან ა.მ–ვას კუთვნილი უძრავ ქონების, მდებარე, თბილისში, ........., დაზუსტებული ფართობი: 102.00 კვ. მ., საკადასტრო კოდი: №........ უკანონოდ ფლობის ფაქტი, რითიც ისინი არაკეთილსინდისად უსაფუძვლოდ მდიდრდებიან. საქმეზე წარმოდგენილი თავდაპირველი შესაგებლების მიხედვით მოპასუხეები სწორედ ....... ქ.12 ა-ს უთითებენ თავიანთ მისამართად. სადავო არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ....... ქ.12 და 12ა-ს აქვს ერთი შესასვლელი და მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ........ ქ.12ა-ში მდებარე სახლში შედიან ........ ქ.12-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გავლით. ერთ-ერთ მოპასუხეს, ქ.მ–ვას, სწორედ ........ ქ.12ა-ში ჩააბარა სასამართლო გზავნილი. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ........ ქ.12ა-ში ცხოვრობენ და არა ....... ქ.12-ში. თუმცა ხსენებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებაში (3.1.10. პუნქტი) უდავო ფაქტობრივ გარემოებად საწინააღმდეგო იქნა დადგენილი.
6.3. სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს გამოიყენა ნორმა რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა მისი შინაარსი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტო განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად, სოლიდარულად თანხის დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები მისი უძრავი ქონებით უკანონოდ სარგებლობენ, რითიც სარჩელით მოთხოვნილი თანხა დაზოგეს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია შეფასდეს შესრულებულია თუ არა ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტები. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.).
16. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“- „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წლის 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილება/განჩინებაში №ას-1399-2020, განმარტა შემდეგი: იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია კონდიქციური ვალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმების შესაბამისად. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. სხვადასხვა საქმეებზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება და იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა (იხ. სუსგ №ას-774-723-2017, №ას-664-635-2016წ; №ას-1671-2018).
18. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ 1507-1427-2017, 03.04.2017წ.). სსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“ –„affirmanti, non legati, incumbit probatio“.
19. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
20. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინადა დაედასტურებინა სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმის შემადგენლობას. თავად ტერმინი „უსაფუძვლო გამდიდრება“ თავისთავად გულისხმობს ერთი პირის გამდიდრებას მეორის ხარჯზე, ან მეორის ხარჯზე გარკვეული სახსრების დაზოგვას, რაც თავისთავად გამდიდრებას უთანაბრდება. შესაბამისად, მოსარჩელე ა.მ–ვამ უნდა დაადასტუროს რომ მოპასუხეები გამდიდრდნენ და თან უსაფუძვლოდ.
22. როგორც აღინიშნა, ხელყოფის კონდიქციის არსებობისას პასუხისმგებლობის საფუძველია სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).
23. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.მ–ვამ უძრავი ნივთებზე საკუთრება მოიპოვა მამის გარდაცვალების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით, როგორც ი.მ–ვის შვილმა ერთადერთმა მემკვიდრემ.
25. მოსარჩელის სასამართლოზე გაკეთებული განმარტებით დადგენილია, რომ ამჟამადაც სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხეები კი განაგრძობენ ქონებით უკანონოდ სარგებლობას და უსაფუძვლოდ მდიდრდებიან ა.მ–ვას ქონების ხარჯზე. საქმის მასალით დადგენილია და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ როგორც თავად მოსარჩელე მიუთითებს, დავის საგანი არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი, საიდანაც მოპასუხე მხარე ხვდება საცხოვრებელ სახლში. ეს არის ფაქტიურად ეზო, გარკვეული დანიშნულებით საკარმიდამო ნაკვეთია, შეიძლება ბოსტნეულის და ხეხილის გახარება, თუმცა, ამავდროულად წარმოადგენს მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს სახლთან და რომლის გავლითაც სარგებლობენ სახლით. საცხოვრებელ სახლში შედიან მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთიდან, სხვაგვარად იქ ვერ მოხვდებიან.
26. ამასთან, როგორც ასევე თავად მოსარჩელე განმარტავს შეკითხვაზე, თუ მესამე პირისთვის რამდენად მისაღები იქნებოდა საიჯარო ქირით აეღო ის მიწის ნაკვეთი, რომელზე გავლის და რომლის გამოყენების გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა მოპასუხეთა სახლში შესვლა, განმარტავს, რომ მათ ჰყავდათ ერთი მსურველი - შ.კ–ი (მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრე), რომელსაც ჰქონდა სურვილი იჯარით აეღო ა.მ–ვას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რადგან თავად ისარგებლებდა, თუმცა, ვინაიდან ნივთი მიიჩნია ნაკლის მქონედ, იმ სახით, რომ ის იყო სახლში შესასვლელად გამოყენებული და აღიშნული იყო დიდი პრობლემა, მას იჯარით ნაკვეთი აღარ აუღია. სხვა მსურველი არ ყოფილა.
27. ამასთან, საქმის მასალით დასტურდება, რომ მოპასუხეების ნაწილი (ქ.მ–ვა და ვ.მ–ვა ცხოვრობს ქ. თბილისში, .......... (ს/კ: ..........) და არ სარგებლობს სიტემატიურად სადავო მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონება შესაძლებელი იყო იჯარით გაცემულიყო და სწორედ იმიტომ, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად უკანონოდ ფლობენ სადავო ფართს, აღნიშნული ფართის იჯარით გაცემა ვერ მოხდა, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, გარდა მოსარჩელის ზეპირი განცხადებისა და სადავო ფართის აუდიტორული შეფასებისა, რომელიც ზუსტად არ ადგენს, ანუ ამ მოცემულობით, რაც ფაქტიურადაა, რა ღირებულება ექნებოდა სადავო მიწის ნაკვეთს; შესაბამისად არ დასტურდება რა სახის და რაოდენობის ზიანს იღებს მოსარჩელე; ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება მის ხარჯზე მოპასუხეების გამდიდრებისა და აქედან გამომდინარე ზიანის მიყენების თაობაზე, - საქმეზე ვერ დადასტურდა.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებისა, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობდნენ მის უძრავ ქონებას, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა უძრავი ქონების უკანონო ფლობის დადგენა და ასეთი შედეგის შემთხვევაში ამავე ქონების გამოთხოვა და მხოლოდ თანხის დაკისრებაა მოთხოვნილი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მოპასუხე გ.მ–ვის მიერ სადავო ქონების სარგებლობის მართლზომიერებაზე ემსჯელათ. საგულისხმოა, რომ დანარჩენი ორი მოპასუხის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტი საერთოდ არ დადასტურდა დავის განხილვისას.
29. საკასაციო სასამართლო, სადავო ქონების უკანონო მფლობელობისა დასარგებლობისთვის მოპასუხეებისთვის საიჯარო ქირის გადაუხდელობით მიღებული გამდიდრების შესახებ, წარმოდგენილ დოკუმენტზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ 2024 წლით დათარიღებული „შეფასების ანგარიში“ შედგენილია დამკვეთის განმარტების შესაბამისად, ადგილზე გამოცხადებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შეუსწავლელად, გაუთვალისწინებლად. ანგარიშის შედგენის დროს გამოყენებულია შედარებითი მეთოდი, რაც მსგავს ადგილზე მსგავსი ნივთით საჯარო ქირის ღირებულებით განსაზღვრაში მდგომარეობს და არ არის კონკრეტული ინდივიდუალური ნივთის მახასიათებლები შეფასებული. მართალია, საქმეზე არაკვალიფიციური და ზოგადი ხასიათის შესაგებლებია წარდგენილი მოპასუხეთა მხრიდან, თუმცა ისინი სადავოდ ხდიდნენ სარჩელის ყველ ფაქტობრივ გარემოებას, მათ შორის დასაკისრებელი თანხის მოცულობასაც. ამდენად, შედავების მინიმალური სტანდარტი მოპასუხეთა მხრიდან შესაგებლის ეტაპზე დაძლეულია, რის გამოც თანხის ნაწილშიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება და მსჯელობა კანონშესაბამისია.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, შესაგებელს დაერთო მიწის აზომვითი საკადასტრო ნახაზიც (მტკიცებულებები 06.03.2025წ. საოქმო განჩინებით დართულია საქმეზე). ფოტოსურათების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის ეზო დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ეზოში გაზრდილი მცენარეები მოუვლელია და მოუწესრიგებელია, რიგ ადგილებში განთავსებულია სამშენებლო აგურები, დაზიანებული გაზქურა, რაც ხსენებულ ფართს საიჯარო საგნად განხილვისათვის უვარგისს ხდის. საიჯარო ქირის გამოთვლის დროს გამოყენებულია საერთაშორისო საბუღალტრო და ეკონომიკური პარამეტრები, თუმცა თავად ნივთის იჯარაუნარიანობა საერთოდ არ შეფასებულა.
31. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელის განმარტება და მიზანი, რომ სადავო ფართის გამოთავისუფლების შემთხვევაში იჯარის სახით გარკვეულ შემოსავალს მიიღებდა, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
32. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა.მ–ვას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ო–ის (.......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №28429427519, გადახდის თარიღი 22.07.2025) 512 ლარის 70% - 358.4 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე