Facebook Twitter

№ას-916-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, დაზღვეული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, მზღვეველი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 52 000 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მზღვეველის მიერ საქმის გარემოებების სრულად შესწავლის შედეგად მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მისი ქცევა შეფასდა უხეშ გაუფრთხილებლობად. აღნიშნული კი, როგორც ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა - 52 000 ლარის გადახდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პოზიციაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. მისი განმარტებით, მძღოლმა მართვისას გამოიჩინა უხეში გაუფრთხილებლობა, მეტისმეტი დაუდევრობა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, შეეჯახა ბორცვს და ამობრუნდა. ამასთან, აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გზაზე ცხენის გადახტომის ფაქტი და ასევე, არ დგინდება, რომ მძღოლი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა. ამ არგუმენტების დასადასტურებლად აპელანტმა მიუთითა მის მიერ წარდგენილ 17.12.2021 წლის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარჯვენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი იყო არაუმეტეს 111 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში. მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. (იხ. ტომი I, ს.ფ. 64-70). ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული წინაპირობა (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით), რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

5.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-ას-654-2019, 26.06.2020წ). რაც შეეხება თავად უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას, როგორც სამართლებრივად სანქცირებულ ქმედებებს, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია, რომ უხეში გაუფრთხილებლობაა პირის ქმედება, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ყურადღებიანობის სტანდარტს მაღალი ხარისხით არღვევს და უგულებელყოფს იმას, რაც მოცემულ გარემოებებში ყველასთვის ნათელი იქნებოდა. ამ განმარტების შესაბამისად, ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია თავად ქმედების ობიექტური და სუბიექტური კომპონენტების გათვალისწინება. კერძოდ, ობიექტური თვალსაზრისით უხეში გაუფრთხილებელი ქმედების არსებობა არ არის საკმარისი ამ ქმედების კვალიფიკაციისათვის. მასთან ერთად, მნიშვნელოვანია სუბიექტური კომპონენტის არსებობაც, რაც გულისხმობს პირის მხრიდან ვალდებულების უპატიებელი დარღვევის თაობაზე პასუხისმგებლობის დადგენას. კერძოდ, უნდა დადგინდეს სუბიექტური თვალსაზრისით დაუშვა თუ არა პირმა უპატიებელი შეცდომა, ხომ არ არსებობდა მის პიროვნებასთან დაკავშირებული რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება ან ხომ არ შეიძლება, მისი ქმედება შეფასდეს როგორც გარკვეულ გარემოებათა თვალთახედვიდან გამორჩენა, მოკლე დროით უყურადღებობა. თვალთახედვიდან გამორჩენაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში კონცენტრირებულად მოქმედ პირს, დროის მცირე მონაკვეთში უნებურად მხედველობიდან რჩება ბრუნვაში დამკვიდრებული ყურადღებიანობა. ასეთი ქმედება არ ითვლება უპატიებელ შეცდომად (იხ. მოწონელიძე ნ., დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესის და პრინციპის „ან ყველაფერი ან არაფერი“ რეფორმის საჭიროება, ჟურნალი „ჩემი ადვოკატი“, 2020, IV. https://www.gba.ge). ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებებით: „უხეში გაუფრთხილებლობის არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (იხ. სუსგ-ები: №ას-745- 713-2014; №ას-654-2019, 26.06.2020წ). „მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი.).

5.4. სააპელაციო სასამართლომ, დამზღვევის ბრალის ხარისხის შესაფასებლად შემდეგ გარემოებებს მიაქცია ყურადღება: დადგენილია, რომ მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში (იხ. ტ. I, ს.ფ. 145-147). ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მძღოლი ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. როგორც შსს პატრულ-ინსპექტორის გასაუბრების ოქმებიდან ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ღამის საათებში, წვიმიან ამინდში, დაახლოებით 02:35 სთ-ზე, მძღოლმა მის სავალ გზაზე შენიშნა ცხენი და მასზე შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, საჭე მომართა მარცხნივ, რითაც შეძლო ცხენზე დაჯახების თავიდან აცილება, მაგრამ ავტომობილმა დაკარგა მართვა, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით და ამობრუნდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 138-144). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უხეში გაუფრთხილებლობის გამომრიცხველი ობიექტური გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელემ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შსს საპატრულო პოლიციის გასაუბრების ოქმებზე, ალკოტესტსა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემაზე. მართალია, გასაუბრების ოქმებში სადავო ფაქტი მითითებულია ავტომობილის მძღოლისა და თანმხლები პირების განმარტებად და არ არის დადასტურებული რაიმე სხვა წყაროთი, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ავტომობილის უფლებამოსილ მძღოლს რაიმე სხვა წინაღობა ან საპირისპირო ზოლში გადასვლის საჭიროება არ ჰქონია, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტუდება, რომ მძღოლი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და მოძრაობდა კონკრეტულ სავალ ნაწილზე დასაშვებზე მაღალი სიჩქარით, აგრეთვე, საპირისპირო ზოლში გადასვლა გასწრების მიზანს არ ემსახურებოდა, ლოგიკურია, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს ცხენის გზაზე გადარბენის ფაქტი.

5.5. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებული მოვლენათა განვითარების ვერსია და საქმეში წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა, სასამართლოსთვის ქმნის შინაგან რწმენას მოსარჩელის ზეპირი განმარტების ნამდვილობის თაობაზე. ამასთან, პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ წარმოდგენილ დასკვნის გაზიარების შემთხვევაშიც, რომელმაც სავალ ნაწილზე ცხენის გადახტომის ფაქტი გამორიცხა, მძღოლის ქმედება, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მსჯელობის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად მაინც ვერ შეფასდება.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.

6.3. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დაზღვეული იყო სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავადა იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები და სხვა. სასამართლომ ერთი მხრივ მიუთითა, რომ არ უნდა მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო წრის გაფართოვება და აღნიშნულით ფაქტობრივად გამორიცხა სსკ-ის 829-ე მუხლის მოქმედება წინამდებარე დავის ფარგლებში მითითებულ შემთხვევაზე, მეორე მხრივ აღნიშნა, რომ მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არ არის დაზღვეული. აღნიშნულის გათვალისწინებით ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს სადაზღვევო რისკსა და სადაზღვევო გამონაკლისს შორის განსხვავება. სადაზღვევო რისკი იმ გარემოებათა ერთობლიობაა, რომელთა გამოც ხდება დაზღვევა. სადაზღვევო გამონაკლისის შესაბამისი გარემოების არსებობა კი მზღვეველს უფლებას აძლევს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. სადაზღვევო რისკის შინაარსიდან გამომდინარე, სადაზღვევო გამონაკლისის განმარტება გაუმართლებელია. სადაზღვევო რისკის აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ მზღვეველს საგამონაკლისო წესზე დაყრდნობით არ შეუძლია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას:

12.1. 2020 წლის 31 დეკემბერს, მზღვეველსა და დაზღვეულს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ იქნა კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 98 884 ლარს. ხელშეკრულების 3.13 პუნქტის თანახმად, შემთხვევა (სადაზღვევო რისკი) - არის შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას, დამზღვევს წარმოეშვა პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ. მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობების პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა). სადაზღვევო პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს: ვ) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას;

12.2. 2021 წლის 1 მარტს მხარეთა შორის 2020 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული №159 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. აღნიშნული ცვლილების დადგენილებითი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას 2021 წლის 2 მარტიდან დაზღვეული ა/სატრანსპორტო საშუალებების სიას დაამატოს ა/სატრანსპორტო საშუალება - MITSUBISHI L200, სახელმწიფო ნომრით ........., VIN კოდი №MMBJ....;

12.3. 2021 წლის 21 ნოემბერს, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გ.ს–ძე, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორები: განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლები - ლ.ჯ–ძე და ჯ.ჩ–ძე, ამავე სამმართველოზე რიცხული „მიცუბიში L 200“-ის მარკის ავტომანქანით, სახ.ნომერი ..., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მოძრაობდნენ ამბროლაური - ჭრებალოს საავტომობილო გზაზე. დაახლოებით 2:20 სთ-ზე სოფელ პირველ ტოლაში, წვიმიანი და ნისლიანი ამინდის პირობებში, პოლიციის ავტომანქანას მოძრაობისას წინ გადაურბინა ცხენმა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი ლ.ჯ–ძე ცდილობდა რა ავტომანქანის ცხენზე არიდებას, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, შეეჯახა მიწის ბორცვს და ამობრუნდა. შემთხვევის დროს სხეულის დაზიანება არავის მიუღია. შეჯახებისას მნიშვნელოვნად დაზიანდა სამსახურეობრივი ავტომანქანის მთლიანი კორპუსი. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს პოლიციის ეკიპაჟი, სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმებისას პოლიციის ეკიპაჟის სამივე წევრი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში;

12.4. 2022 წლის 11 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა „MITSUBISHI L200“-ზე, სახ. ნომრით: ........, არსებული დაზიანებების ავარიული ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 52 000 ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 34 000 ლარს.

12.5. 2021 წლის 17 დეკემბრის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარჯვენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი იყო არაუმეტეს 111 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში. მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მიცუბიშ L 200“-ის, სახ. ნომრით ...... მძღოლის, ლ.ჯ–ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“;

12.6. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს უარი უთხრა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე მხარის უფლებამოსილი მძღოლი ამ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით;

12.7. არ დგინდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი;

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაა, რომლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“ და 820-ე „ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით“ მუხლები.

14. განსახილველ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეულია მოსარჩელის ბალანსზე არსებული კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ავტომობილი „მიცუბიში L200, სახელმწიფო ნომრით .......... ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 21 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, რომლის ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა - 52 000 ლარს. დადგენილია, რომ ავტომანქანა არ ექვემდებარება ექსპლუატაციას, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნილი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად მართლზომიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობა, და ასევე მართლზომიერად უარყო სადაზღვევო კომპანიის უარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დაზღვევის ხელშეკრულების ფუნდამენტურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. ნორმის მიზანია დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე 829-ე მუხლში მოცემული ნორმის ადგილი, სისტემური თვალსაზრისით, დაზღვევის მომწესრიგებელ დებულებებს შორისაა (იხ. 829-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge). შესაბამისად, ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა, უნდა დადგინდეს დამზღვევის ბრალეულობის ხარისხი შემთხვევის დადგომისას.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თოთოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობა უხეშია თუ მარტივი, დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს (იხ. სუსგ, საქმე №ას-618-618-2018). მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში №ას-943-901-2013).

18. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ №1319-1257-2014).

20. აღსანიშნავია, რომ უხეში გაუფრთხილებლობის მზა დეფინიციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. აღნიშნულის დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის კომპლექსურად გაანალიზების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-662-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი).

21. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებას კისრულობს სადაზღვევო კომპანია, ხოლო ხელშეკრულება მოიცავს იმ სტანდარტული გამონაკლისების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხება. კერძოდ, არ ანაზღაურდება ზარალი, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც, მაგ. მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, არ ემორჩილება ამკრძალავი და გამაფრთხილებელი საგზაო მონიშვნების/ნიშნების მოთხოვნებს, უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. ხოლო თუ დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლებდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

22. მოცემულ შემთხვევაში, მომხდარი ავარიის მიმართ დამდგარი შედეგების და ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, მძღოლის ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად, მძღოლის ქმედების მარტივ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები, რომ მაგალითად მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია განზრახ ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვევია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა. შ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან ე.წ. „მარტივ გაუფრთხილებლობას“, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რამდენადაც, უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევას დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად დააკვალიფიცირებდა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის ვალდებულებას წარმოშობდა.

23. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია. რამდენადაც, არ დადგინდა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა - უხეში გაუფრთხილებლობა, დაზღვეული უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე ზარალის ოდენობას არსებითად არ შედავებია, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სრული განადგურების პირობებში, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ავტომანქანის საბალანსო ღირებულების ოდენობით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს არსებული ლიმიტის ფარგლებში, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს - 52 000 ლარს.

24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1753855647, გადახდის თარიღი 30/07/2025) 2 600 ლარის 70% - 1 820 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე