Facebook Twitter

საქმე №ას-961-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – სს „თ.დ–ვა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ხ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ,,თ.დ–ვამ“ მოპასუხე ს.ხ–ას მიმართ და მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე ს.ხ–ას მოსარჩელე სს „თ.დ–ვას“ სასარგებლოდ 5 500 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. შეედავა სარჩელში მითითებულ ზიანის ოდენობას და განმარტა, რომ ავტომანქანა იყო მსუბუქად დაზიანებული და შეუძლებელია მისი აღდგენის ღირებულება, რაც ინვოისშია მითითებული, შეესაბამებოდეს რეალობას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 3 741 ლარის გადახდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 1 000 ლარის გადახდა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სააპელაციო საჩივრის პრეტენზიის მიზედვით სადავოა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობა.

5.3. სააპელაციო სასამართლომ, წარდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 000 ლარი უნდა დაეკისროს.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს.ხ–ამ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დააზიანა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტომობილი. ასევე დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით სს „თ.დ–ვამ“ დაზღვეულის - თ.ფ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის 6 ივნისს გასცა სადაზღვევო ანაზღაურება 5 500 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი დეფექტური აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - „MERCEDES BENZ, GLC 300, სახელმწიფო ნომრით - „.....“, გამოშვების წელი 2016, დაზიანებული ავტონაწილებისა და ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 9 407 ლარი. აქტის თანახმად, ახალი ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით შეიცვალა ძრავის სახურავი (3 588 ლარი), წინა ბამპერის ქვედა სპოილერი ნიკელის (928 ლარი), წინა ბამპერის შიდა ძელი (1 056 ლარი), წინა ბამპერის მარცხენა სანისლე მაშუქის ხუფი (171 ლარი), წინა ბამპერის ქვედა დიფუზორი (622 ლარი). მომსახურების ღირებულებამ (სათუნუქე, სამღებრო და საპლასტმასე სამუშაოები) კი შეადგინა 3 042 ლარი.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქმეში წარმოდგენილ ფოტოში ცალსახად ჩანს, რომ ავტომობილს მიღებული აქვს დაზიანება, თუმცა არა იმგვარად, რომ იგი შესაბამისობაში იყოს დეფექტური აქტით გათვალისწინებულ ავტომობილის სათადარიგო ნაწილებთან და გაწეულ მომსახურებასთან. პალატა მიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფოტო და პატაკი თანხვედრაშია, თუმცა დეფექტური აქტით უტყუარად არ დასტურდება რომ არსებობდა ფოტოზე მითითებული დაზიანებული ნაწილების ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად. ამასთან, არ დასტურდება დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების საჭიროება.

5.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ავტომობილის დაზიანების შესახებ ის გარემოება, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო და ვერ მოხერხდებოდა მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, ახალი ნაწილების შეძენის გარეშე.

5.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 1000 ლარის ოდენობით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ განმარტა, რომ მის მიერ მიყენებული ზიანი არ შეიძლება ყოფილიყო 1000 ლარზე მეტი.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმყოფილების მოთხოვნით.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებიდან და სსკ-ის 832-ე მუხლის „თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.“ პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809- 776-2016, 04.04.2017).

13. სსკ-ის 992 მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

14. საკასაციო სასამართლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას:

14.1. 2022 წლის 14 ივლისს სს „თ.დ–ვასა“ და დამზღვევს - თ.ფ–ძეს შორის გაფორმდა ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა პოლისი, რომლის თანახმადაც სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით დროის მონაკვეთი. დაზღვევის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა/მოდელი - „MERCEDES BENZ, GLC 300, სახელმწიფო ნომრით - „........“, გამოშვების წელი 2016. აღნიშნული სადაზღვევო პოლისის საფუძველზე, სს „თ.დ–ვამ“ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულ ავტომობილზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

14.2. 2022 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო პოლისის საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა/მოდელი - „MERCEDES BENZ, GLC 300, სახელმწიფო ნომრით - „.......“, გამოშვების წელი 2016. აღნიშნულ შემთხვევასთან მიმართებით სსიპ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, 2022 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში გამოიკვეთა ს.ხ–ას ბრალეულობა. მის მიმართ გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და მოპასუხე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო დაჯარიმდა 250 ლარით.

14.3. 2022 წლის 22 დეკემბერს შედგენილი დეფექტური აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - „MERCEDES BENZ, GLC 300, სახელმწიფო ნომრით - „.....“, გამოშვების წელი 2016, დაზიანებული ავტონაწილებისა და ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 9 407 ლარი. აქტში მითითებულია, რომ ახალი ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით შეიცვალა ძრავის სახურავი (3 588 ლარი), წინა ბამპერის ქვედა სპოილერი ნიკელის (928 ლარი), წინა ბამპერის შიდა ძელი (1 056 ლარი), წინა ბამპერის მარცხენა სანისლე მაშუქის ხუფი (171 ლარი), წინა ბამპერის ქვედა დიფუზორი (622 ლარი). მომსახურების ღირებულებამ (სათუნუქე, სამღებრო და საპლასტმასე სამუშაოებუ) კი შეადგინა 3 042 ლარი.

14.4. 2022 წლის 22 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სს „თ.დ–ვამ“ დაზღვეულის - თ.ფ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის 6 ივნისს გასცა სადაზღვევო ანაზღაურება 5 500 ლარის ოდენობით.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება, აგრეთვე ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია იმ ოდენობის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს კასატორი.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინაღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვეო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას, რაც იმპლიმენტირებულია ამავე კოდექსის 832-ე მუხლში (იხ.: სუსგ. №ას-812-2022, 05.10.2022წ.). დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია „ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან“ (იხ.: SkinerM,GrossJ.,Subrogation,7.06.2007, http://www.allens.com.au/pubs/pdf/insur/pap7jun06.pdf.).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც აქვს დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ეს უფლება გადადის მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში არა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არამედ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი – სადაზღვევო კომპანიით (მზღვევლით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ.: სუსგ №ას-581-549- 2011, 05.09.2012 წ.; №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-812-2022, 05.10.2022წ.; №ას-1598- 2023, 20.03.2024წ.).

18. სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის (იხ.: სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-1523-2019, 24.01,2020 წ. ას-799-2024).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 21 დეკემბრის პატაკის თანახმად დგინდება, რომ მერსედესის მარკის ავტომანქანას დაუზიანდა - წინა ბამბერი (კაპოტი) და აბლიცოვკა, ხოლო 2022 წლის 26 დეკემბრის #36209 დეფექტური აქტით დგინდება, რომ დაზიანებული მერსედესის მარკის ავტომანქანა საჭიროებს შემდეგი სახის სათადარიგო ნაწილების შეკეთებას: ძრავის სახურავი, წინა ბამპერის ქვედა სპოილერი, წინა ბამპერის შიდა ძელი, წინა ბამპერის მარცხენა სანისლე მაშუქის ხუფი, წინა ბამპერის ქვედა დიფუზორი, სათუნუქე სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები, საპლასმასე სამუშაოები, დაშლა-აწყობა, პოლირება, ძარის გამოჭიმვა, რაც ჯამში შეადგენდა 9 407 ლარს.

20. წარმოდგენილ ფოტოში ცალსახად ჩანს, რომ ავტომობილს მიღებული აქვს დაზიანება, თუმცა არა იმგვარად, რომ იგი შესაბამისობაში იყოს დეფექტური აქტით გათვალისწინებულ ავტომობილის სათადარიგო ნაწილებთან და გაწეულ მომსახურებასთან.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, რომ საქმეში არსებული ფოტო მასალა და პატაკი თანხვედრაშია, თუმცა, დეფექტური აქტით უტყუარად არ დასტურდება რომ არსებობდა ფოტოზე მითითებული დაზიანებული ნაწილების ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად. ამასთან, არ დასტურდება დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების საჭიროება. შესაბამისად, დგინდება, რომ ახალი ნაწილის ყიდვის საჭიროება შეფასებითი კატეგორიაა და გამომდინარეობს არსებული ნაწილის დაზიანების ხარისხიდან.

22. შესაბამისად კასატორს უნდა დაედასტურებინა, რომ ავტომობილის დაზიანება იმ ხარისხის იყო, რომ მისი აღდგენა ან შეუძლებელი იყო, ან ვერ უზრუნველყოფდა ავტომობილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას. ამ გარემოებათა სამტკიცებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დეფექტური აქტი, რაც იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, რომ აუცილებელია ახალი ნაწილის დაყენება.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ასახავს მხოლოდ ჩატარებული სამუშაოს ღირებულებას და არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის პოზიციას ხარჯების აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემა აპრიორი არ გულისხმობს აღნიშნული თანხის ბრალეული პირისთვის დაკისრების საფუძველს. სადაზღვევო თანხის ოდენობის განსაზღვრას მზღვეველი ახდენს დამოუკიდებლად, რაც ვერ იქნება მბოჭავი იმ მესამე პირისთვის, ვისი ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგადაც დადგა სადაზღვევო შემთხვევა. სუბროგაციის წესით ანაზღაურების მოთხოვნისას მზღვეველმა უნდა ამტკიცოს მის მიერ გაცემული სადაზღვევო თანხის რაციონალურობა და საფუძვლიანობა, რაც სერვისცენტრის მიერ გაცემული დეფექტური აქტის საფუძველზე ვერ განხორციელდება.

24. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტებას, რომ მოსარჩელემ, მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა ზიანის სრულად არსებობის ფაქტი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია. მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ გამორიცხა დაზიანებული ნაწილების წინა ბამპერის და აბლიცოვკას აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადგინდებოდა დაზიანებული ნაწილების აღდგენისთვის საჭირო ხარჯების ოდენობა. აღნიშნულის შესაბამისად მიყენებული ზიანის ოდენობა მართებულად განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ.დ–ვას“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1755068385, გადახდის თარიღი 13/08/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე