№ას-966-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – შპს „გ.ა–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „გ.პ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „გ.ა–იის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5093.98 ლარის დაკისრება. ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 2023 წლის მაისიდან გადაწვბეტილების აღსრულებამდე 5093.98 ლარის ყოველწლიური 9.5%-ის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5093.98 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.2023 წლის განმავლობაში შპს „გ.პ–მა“ თბილისში, ......... ქუჩა N4-ში შპს „გ.ა–იას“ მიაწოდა 9747.54 ლარის ღირებულების პროდუქცია.
4.2. 2024 წლის განმავლობაში შპს „გ.პ–მა“ თბილისში, ........ქუჩა N4-ში შპს „გ.ა–იას“ მიაწოდა 1416 ლარის ღირებულების პროდუქცია.
4.3. 2022 წლის განმავლობაში შპს „გ.პ–მა“ თბილისში, .......... ქუჩა N4-ში შპს „გ.ა–იას“ მიაწოდა 3914.3 ლარის ღირებულების პროდუქცია.
4.4. სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოპასუხემ გადაიხადა 9983.86 ლარის პროდუქციის ღირებულება, კერძოდ: 1. 10.05.2024 წელს - 320 ლარი; 2. 23.02.2024 წელს - 448 ლარი; 3. 31.01.2024 წელს - 224 ლარი; 4. 15.04.2024 წელს - 260 ლარი; 5. 05.01.2024 წელს - 260 ლარი; 6. 25.07.2023 წელს - 868.56 ლარი; 7. 04.06.2023 წელს - 935 ლარი; 8. 02.06.2023 წელს - 120 ლარი; 9. 31.01.2023 წელს - 1 548.3 ლარი; 10. 30.12.2022 წელს - 1 000 ლარი; 11. 02.12.2022 წელს - 1 000 ლარი; 12. 06.12.2022 წელს - 3 000 ლარი.
4.5. სასამართლომ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთებოდა, რომ შპს „გ.ა–იას“ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 15077.84 ლარიდან, 5093.98 ლარი მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „გ.ა–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის გადახდაზე დავისას, მოსარჩელეს/გამყიდველს ევალება იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულება ნამდვილად არსებობს მხარეთა შორის და მას შესრულებული აქვს ნასყიდობის ობიექტის მყიდველისთვის გადაცემის ვალდებულება. თავის მხრივ მოპასუხემ/მყიდველმა უნდა დაადასტუროს ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი, ან რაიმე ისეთი გარემოება რაც შეაფერხებს, ან გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7.2. პალატა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდა დადასტურებული ანგარიშფაქტურები, საიდანაც დგინდებოდა, რომ შპს „გ.ა–იამ“ შპს „გ.პ–ისგან“ შეიძინა 15077.84 ლარის ღირებულების პროდუქცია.
7.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებული არ არის იმ საქონლის/მომსახურების გვარეობით მახასიათებელზე, რომლის მიმართაც გამოწერილია იგი, ამდენად, საკასაციო პალატის ყველა ის განმარტება, რომლითაც მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშფაქტურების არსებობა განხილულ იქნა ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურად, პალატამ მიიჩნია, რომ სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო განსახილველი საქმისთვისაც.
7.4. პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ელექტრონულად დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების წარმოდგენით მოახდინა მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ ფაქტების დამტკიცება, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მას მოპასუხისთვის, როგორც მყიდველისთვის, მიწოდებული ქონდა 15077.84 ლარის ღირებულების პროდუქცია. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ სარჩელს დაუპირისპირა მხოლოდ საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტება, რომლითაც ზოგადად უარყოფდა საქონლის მიღების ფაქტს. რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან მტკიცებულება, რაც მოპასუხის პოზიციას გაამყარებდა, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით დაადასტურა მისი წილი ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოპასუხის ზოგადი ხასიათის, ზეპირი ახსნა-განმარტება არ იქნება მიჩნეული მის საპირწონე მტკიცებულებად. ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნილი თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 5093.98 ლარის ღირებულების პროდუქციის მოპასუხისათვის მიწოდების ფაქტი.
9.2. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები არ ადასტურებს საქონლის მიწოდებას და მათზე დაყრდნობით სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
16. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტი და სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობა.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით კასატორის შედავებას, რომელიც ფაქტობრივად შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილების არასწორ სტანდარტს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის სწორად არის გადანაწილებული.
19. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
20. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტების ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, ანიჭებს ხელშეკრულების ორივე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და აკისრებს გარკვეულ მოვალეობებს. ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებას გააჩნია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ პროცესუალური მნიშვნელობა, რამდენადაც თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სწორედ მისი წილი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე (მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით), ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადავოობისას, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების დადასტურება, ხოლო მოპასუხეს მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების არსებობის გამომრიცხველი ან მისი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა (საპროცესო-სამართლებრივი კუთხით).
21. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვდა, მას, როგორც გამყიდველს, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების - მყიდველისთვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემის დადასტურება ევალებოდა, ხოლო, მოპასუხეს იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომელიც მისი მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა.
22. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ხელშეკრულების საგნის მიწოდებისა და აქედან გამომდინარე მოპასუხის დავალიანების არსებობის დადასტურება, ხოლო, მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და კვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების მართლზომიერების გამორიცხვა.
23 საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც ადასტურებს, შპს „გ.პ–ის“ მიერ შპს „გ.ა–იისათვის“ 5093.98 2019 წლის 18 იანვარს 80797.51 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი შებრუნდა და საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. შესაბამისად, მოპასუხეს (კასატორს), მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავად უნდა წარმოედგინა საპირისპირო, იმ გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, რომ მას ნასყიდობის საგანი არ გადასცემია. თუმცა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი/სარწმუნო არგუმენტებითა და მტკიცებულებებით, მოპასუხემ ვერ შეძლო. პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდება და შემდგომ მისი ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა დადასტურებული ანგარიშფაქტურების შესაბამისად. აღნიშნული კი, საკასაციო პალატას უქმნის რწმენას, რომ პროდუქციის მიღება და ანგარიშსწორება ანგარიშიშფაქტურების დადასტურებით მხარეთა შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაში ჩვეულებრივად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რის გამოც კასატორის არგუმენტი მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოუდგენლობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
24. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მიერ დადასტურებული, მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ადასტურებს, სადავო პროდუქციის მიწოდების ფაქტს.
25. მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისა და მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის მიწოდების დადასტურების შედეგად კი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა ფულადი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინა ვერანაირი რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოტანილი დასკვნების სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოპასუხემ ვერ დაძლია მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.ა–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „გ.ა–იას“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N28769564275, გადახდის თარიღი 12.08.2025) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი