Facebook Twitter

¹ბს-1146-1097(კ-07) 10 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჰ. გ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 7 აგვისტოს ჰ. გ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 3 დეკემბრის ¹249 ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი პოლკოვნიკი ჰ. გ-ა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. პენსიაზე გავიდა 1996 წლის 3 იანვრიდან და 1997 წლის 1 იანვრიდან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, ნაცვლად 50%-ისა, დაერიცხა 25%-იანი საპენსიო დანამატი. ამ დანამატს ღებულობდა 2002 წლის 1 იანვრამდე, რა დროსაც მას დაენიშნა სხვა სახის პენსია. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბრალეულობით მან ვერ მიიღო ზემოაღნიშნულ პერიოდში 1997 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე კანონით გათვალისწინებული 25%-იანი დანამატი 60 თვის განმავლობაში, რაც ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო ხსენებული ფონდის მიერ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დარღვეული სოციალური უფლების აღდგენის მიზნით 2006 წლის 12 ივლისს მიმართა სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების დეპარტამენტს, რომელმაც, 2006 წლის 19 ივლისის ¹მ-05/05-9097 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი განუცხადა მიუღებელი კუთვნილი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დანიშნული კომპენსაცია გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა.

ზემოაღნიშნულ განმარტებას არ დაეთანხმა მოსარჩელე და აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდებოდა კომპენსაცია, რომელშიც მოიაზრებოდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პენსიონერი საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად ვერ მიიღებდა პენსიის თანხას, მაშინ მას პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად მისცემდნენ. მოსარჩელის განმარტებით, მან უდავოდ დროულად მიმართა ზემოხსენებულ ფონდს, რათა მისთვის დაენიშნათ კანონით გათვალისწინებული საპენსიო დანამატი. აღნიშნულმა ფონდმა 1997 წლის 1 იანვრიდან საპენსიო დანამატი, ნაცვლად 50%-ისა, დაუნიშნა 25%, რაც შედეგი იყო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის არასწორი განმარტებისა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობა იყო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, სწორედ ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტს (მის წინამორბედ სტრუქტურას) ევალებოდა მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნისა და გადაანგარიშების ორგანიზება, რაც თავის დროზე არ შესრულებულა.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ პენსიონერთა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუმჯობესა ზემოაღნიშნულმა კანონმა, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა შეეძლო აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების დეპარტამენტის) 2006 წლის 19 ივლისის ¹მ-05/05-9097 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პენსიაზე 25%-იანი მიუღებელი კუთვნილი დანამატის ანაზღაურების დაკისრება 1997 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე, 60 თვის განმავლობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჰ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოსარჩელის _ ჰ. გ-ას სასარგებლოდ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის გამო 25 %-იანი საპენსიო დანამატის 1997 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე დროის მონაკვეთის მიხედვით გადაანგარიშება და ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 3 დეკემბრის ბრძანებულებით მოსარჩელე ჰ. გ-ა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ჰ. გ-ას 1997 წლის 1 იანვრიდან პენსიაზე დაემატა 25%-იანი დანამატი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის და იგი ამ დანამატს ღებულობდა 2002 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული პერიოდიდან მოსარჩელეს დაენიშნა სხვა სახის პენსია.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ფონდის სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების დეპარტამენტმა) 2006 წლის 19 ივლისის ¹მ-05/05-9097 წერილით უარი განუცხადა მოსარჩელე ჰ. გ-ას 2006 წლის 12 ივლისის განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული კომპენსაცია გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჰ. გ-ას არასწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ჰ. გ-ას 1997 წლის 1 იანვრიდან კუთვნილი საპენსიო დანამატი უნდა გადაანგარიშებოდა არა 25%-იანი, არამედ 50%-იანი განაკვეთით. საპენსიო დანამატის არასწორ გადაანგარიშებას საფუძვლად დაედო ხსენებული ნორმის მოპასუხის მიერ არასწორი განმარტება.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის დებულებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული მოსარჩელე ჰ. გ-ან მიმართებაში. აღნიშნული სამართლის ნორმა აწესრიგებდა იმ შემთხვევას, როცა პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, რა დროსაც სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის პენსიონერს მიეცემოდა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვას. უდავო იყო, რომ მოსარჩელე ჰ. გ-ამ დროულად განახორციელა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის პენსიის თანხაზე საპენსიო დანამატის მიღების უფლება, მას ჯერ კიდევ 1997 წლის 1 იანვრიდან გადაუანგარიშდა კუთვნილი პენსია კონკრეტული საფუძვლით (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის), თუმცა არასწორად.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოქმედება მოსარჩელე ჰ. გ-ზე იმ შემთხვევაში გავრცელდებოდა, თუკი მოსარჩელე, ნაცვლად 1997 წლის 1 იანვრისა, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის დანამატის მიღების დანიშვნას, ანუ პენსიის გადაანგარიშებას, მოითხოვდა არა მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან დროულად, არამედ წლების შემდეგ. მოსარჩელე ჰ. გ-ას შემთხვევაში სადავო იყო არა პენსიაზე დანამატის დანიშვნის საფუძვლები, არამედ უკვე დანიშნული დანამატის არასწორი გამოანგარიშება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის (ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან) 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ამ პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ახალი კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, ხოლო ჩამონათვალში “ვ” ქვეპუნქტად მითითებული იყო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი. “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავმა, თავის მხრივ, რამდენადმე განსხვავებულად მოაწესრიგა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციების გაანგარიშების საკითხი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუკი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე პირისათვის დანიშნული პენსია (კომპენსაცია/აკადემიური სახელმწიფო სტიპენდია) რამდენადმე განსხვავდებოდა ახალი საკანონმდებლო აქტის _ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავით დადგენილ უფლებათა შინაარსისაგან, ამ საკანონმდებლო აქტის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავდა ძველი საკანონმდებლო აქტით (“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით) დადგენილი უფლების ახალი საკანონმდებლო აქტით დადგენილ უფლებასთან შესაბამისობაში მოყვანას გადაანგარიშების გზით. უდავო იყო, რომ მოსარჩელე ჰ. გ-ას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენდა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებანი, მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე და დაობდა ამ კანონიდან გამომდინარე უფლების დარღვევაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი იყო, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ჰ. გ-ის, ორდენზე გათვალისწინებული 25%-იანი დანამატის დანიშვნის შესახებ ცნობილი გახდა 1997 წლის იანვარში, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წლის 7 აგვისტოს, დანამატის დანიშვნიდან მეცხრე წელს.

კასატორი მიუთითებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2007 წლის 11 სექტემბერს მიღებულ ¹ბს-310-293 (კ-07) გადაწყვეტილებასა და იმავე სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის ¹ბს-664-631 (კ-06) გადაწყვეტილებაზე, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 4 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 28 თებერვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28 თებერვლის განჩინებით ააიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი მიჩეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 17 აპრილს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 3 დეკემბრის ¹249 ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, პოლკოვნიკი ჰ. გ-ა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (ს.ფ. 8); პენსიაზე გავიდა 1996 წლის 3 იანვრიდან და 1997 წლის 1 იანვრიდან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, დაერიცხა 25%-იანი საპენსიო დანამატი. ამ დანამატს ღებულობდა 2002 წლის 1 იანვრამდე _ სხვა სახის პენსიის დანიშვნამდე; ჰ. გ-ამ 2007 წლის 12 ივლისს წერილობით მიმართა სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების დეპარტამენტს და განმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბრალეულობით ვერ მიიღო 1997 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე (60 თვის განმავლობაში) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე კანონით გათვალისწინებული 25%-იანი დანამატი, რაც ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო ხსენებული ფონდის მიერ; 2006 წლის 19 ივლისის ¹მ-05/05-9097 წერილით სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების დეპარტამენტმა უარი განუცხადა მიუღებელი კუთვნილი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე; უარის საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დანიშნული კომპენსაცია გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა. ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის იმ დროისათვის მოქმედი 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შინაარსს, რომელიც ითვალისწინებდა ვახტანგ გორგასლის სამივე ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის პენსიების გადიდებას პენსიის ოდენობის 50%-ით, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ პირებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ხარისხის ორდენი, პენსიაზე დანამატი დაენიშნათ პენსიის 25%-ის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შინაარსი, რომ მითითებული მუხლის ნამდვილი შინაარსი გულისხმობდა ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულ პირს და შესაბამისად, ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულმა პირებმა მიიღეს 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპენსიო ორგანოს მხრიდან მოსარჩელისათვის 50%-იანი დანამატის არდანიშვნა, განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროისათვის საპენსიო ორგანო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტს განმარტავდა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და არა მისი ნამდვილი შინაარსით.

საკასაციო სასამართლო, მართალია, მიიჩნევს, რომ გასაცემი პენსიის ოდენობის სწორად განსაზღვრის ვალდებულება საპენსიო ორგანოს წარმოეშვა საპენსიო დანამატის დანიშვნისთანავე და არა პენსიონერის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით შეცდომის გასწორებისათვის მიმართვის მომენტიდან, მაგრამ ამასთან, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის გაცემა განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართაც დადგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადები. ჰ. გ-ას საპენსიო დანამატი, 25 პროცენტი, ნაცვლად 50 პროცენტისა, ეძლეოდა 1997 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე (60 თვის განმავლობაში) (ს.ფ. 3). მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს დანამატის გაცემის მოთხოვნით მიმართა 2006 წლის 12 ივლისს (ს.ფ. 6-7). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სხვაობის ანაზღაურება 3 წლის უკან დახევით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ.

მსგავსი კატეგორიის სარჩელებთან დაკაშირებით, სასამართლომ ერთიანი პრაქტიკა დაადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით (¹ბს-310-293 (კ-07), რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, უფლება აქვს, მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება 3 წლის უკან დახევით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჰ. გ-ას პენსიაზე დანამატის გაცემა, სხვა პენსიის დანიშვნის გამო შეუწყდა 2002 წლის 1 იანვარს. თავისი უფლების განხორციელების მიზნით, მან ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2006 წლის 12 ივლისს, რა დროსაც გაშვებული ჰქონდა მოთხოვნის წარდგენის (სასამართლოში სარჩელის შეტანის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის) ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჰ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4 საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.