Facebook Twitter

№ას-1166-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – კ.ქ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ.ქ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში სს „ე პ.ჯ–ია გენერაციის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების (1. თიანეთის რაიონი, დაბა ......... -2100კვ.მ. (ს/კ ..........), 2. თიანეთის რაიონი, დაბა .......... - 900 კვ.მ. (ს.კ. ..........), გამოთხოვის მოთხოვნით.

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.2. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით კ.ქ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შპს „ს–სი .-მა“ 1999 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თიანეთის რაიონის ზონის რეგისტრატორს გ. ს–ს 1.30 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: თიანეთის რაიონი, დაბა ....., სარეგისტრაციო ნომერი 73/12/01/28, კერძო საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ.

3.2. 1999 წლის 7 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ს–ი ..-ის“ და გ.ბ–ის სახელზე ირიცხება 1.30 ჰა დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თიანეთის რაიონი, დაბა ....., სარეგისტრაციო ნომერი 73/12/01/28. აღნიშნულ დოკუმენტში მესაკუთრის გრაფაში მითითებულია შპს „ს–ი ..-თან“ ერთად გ.ბ–ი, ხოლო დამატებით აღნიშვნაში მითითებულია, რომ 0.30 ჰა გაჩუქებულია გ.ბ–ზე.

3.3. შპს „ს–ი ..-მა“ 1999 წლის 16 სექტემბერს მოქალაქე გ.ბ–ს აჩუქა არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 1.00 ჰა-დან 0.30 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა შპს „ს–..-ს“, სარეგისტრაციო N73/12/01/028.

3.4. 2010 წლის 1 თებერვალს მოხდა სს „ე პ.ჯ–იას“ და შპს „ს–ი ..-ის“ შერწყმა და შპს „ს–ი ..-მა“ შეწყვიტა არსებობა, ხოლო მისი უფლებამონაცვლე გახდა - მოპასუხე, რომლის საფირმო სახელწოდება დარჩა უცვლელი.

3.5. 2016 წლის 15 დეკემბერს მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა შპს „ს.ჰ–ი ..-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

3.6. მოსარჩელემ 2006 წლის 11 აპრილს მოქალაქე გ.ბ–ისაგან იყიდა მიწის

ნაკვეთები, მდებარე: თიანეთის რაიონი დაბა ....., ნასყიდობის საგნის მახასიათებლები: „1. სარეგისტრაციო ზონა: თიანეთი, კოდი -..; სექტორი: დ. .....ს

საკრებულო, კოდი -..; კვარტლის N01; ნაკვეთის N039; ფართობი 0.21 ჰა; ნაკვეთის წინა N-; მიწის ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, უფლება-საკუთრება. 2.

სარეგისტრაციო ზონა: თიანეთი, კოდი -..; სექტორი: დ......ს საკრებულო, კოდი -12; კვარტლის N..; ნაკვეთის N..; ფართობი 0.09 ჰა; ნაკვეთის წინა N-; მიწის ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, უფლება-საკუთრება.

3.7. მოსარჩელეს 2021 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით საკუთრებაში ერიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თიანეთის რაიონი, დაბა ....., ს/კ ........, დაუზუსტებელი ფართობი 2100კვ.მ. (განცხადებისრეგისტრაცია N 892021108705-24/12/2021).

3.8. მოსარჩელეს 2021 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით საკუთრებაში ერიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თიანეთის რაიონი, დაბა ....., ს/კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 900 კვ.მ. (განცხადების რეგისტრაცია N 892021113483-27/12/2021).

3.9. მოპასუხეს 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით საკუთრებაში ჰქონდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. №......., (ნაკვეთის

წინა №.......), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1. №2. №3. №4. №5. №6. №7. №8, დაზუსტებული ფართობი 10000 კვ.მ. (განცხადების რეგისტრაცია N882016901022-27/12/2016).

3.10. შპს „ს.ჰ–ი ..“ 2007 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით ფლობდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნლების მიწის ნაკვეთს ს/კ №.........., განაცხადადის რეგისტრაციის № 573/2007.

4. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით კ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სსკი-ის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

6.2. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანი იყო ფლობდა თუ არა მოპასუხე, მოსარჩელის კუთვნილ სადავო უძრავ ნივთებს. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმის ჩვენების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ერიცხება მიწის ნაკვეთები დაუზუსტებელი ფართობით და მდებარეობით. მიწის ნაკვეთების ფართობთან და მდებარეობასთან მიმართებით, ყურადღება გაამახვილა მოწმის ჩვენებზეაც, კერძოდ, მოწმის გადმოცემით, მან მოსარჩელეზე გაასხვისა ის ტერიტორია, სადაც გაშენებული იყო ორი სათბური: ერთი სათბური ფართით 500 კვ.მ, ხოლო მეორე - 300 კვ.მ., მაშინ, როდესაც, საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ერთი მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართია 2100 კვ.მ (ს/კ .......). ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი - 900 კვ.მ. (ს/კ .........). ამასთან, მოწმემ ზუსტად ვერ მიუთითა ტოპოგრაფიულ რუკაზე სადავო ტერიტორია საკადასტრო კოდებით, მათი ამ რუკაზე არ არსებობის გამო. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, აღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებდა სადავო გარემოებას - მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტს. მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ტოპოგრაფიული რუკა, საიდანაც ირკვევოდა, რომ მოპასუხის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებში მითითებული საკადასტრო მონაცემების შესაბამისი სადაო მიწის ნაკვეთები არ ფიქსირდება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად ვერ დაძლია მისი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ვინდიკაციური სარჩელის სამი წინაპირობიდან მისი მტკიცების ქვეშ არსებული გარემოება, მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით და მოპასუხის იმ არგუმენტის გაქარწყლება, რომ სადაო მიწის ნაკვეთს მოპასუხე ფლობს კანონიერად.

8.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონებების თავდაპირველი მესაკუთრე იყო შპს „ს–ი ..“, უძრავი ქონებები წარმოადგენდა ერთ მთლიან საკუთრებას, რომლის ნაწილიც გადაეცა გ.ბ–ს. ამ უკანასკმელმა კი, უძრავი ნივთი 2006 წელს მიჰყიდა მოსარჩელეს. დანარჩენი 100000 კვ.მ.-ის მესაკუთრე გახდა მოპასუხე და მან მთლიანად დაიკავა შპს „ს–ი ..-ის“ უძრავი ქონება, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი 3000 კვ.მ..

8.3. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მოპასუხე კი, უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და მესაკუთრის ნების გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, კ.ქ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

19. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და განმარტა, რომ ის არა მოსარჩელის, არამედ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ფლობს. ამდენად, სადავო შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანია ფლობს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ სადავო უძრავ ნივთებს.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

25. მოცემულ შემთთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2021 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ერიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თიანეთის რაიონი, დაბა ....., ს/კ ......, დაუზუსტებელი ფართობი 2100 კვ.მ. (განცხადების რეგისტრაცია N 892021108705-24/12/2021); 2021 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თიანეთის რაიონი, დაბა ..... , ს/კ .........., დაუზუსტებელი ფართობი 900კვ.მ. (განცხადების რეგისტრაცია N892021113483-27/12/2021); ამასთან, თიანეთის რაიონის დაბა ........, 10000კვ.მ. მიწის ნაკვეთის ს.კ. №........ (უძრავი ქონების წინა ს.კ. №.......) მესაკუთრეა მოპასუხე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; მოპასუხის აქციონერთა საერთო კრების ოქმი N161455357, დამოწმების თარიღი 23/12/2016, ნოტარიუსი ნ.მ–ი. აღნიშნული ქონება მას გადაეცა 1999 წლის 7 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის ფართობი 1.30ჰა, აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება შესაბამისი თარიღით გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით. ამ დოკუმენტში (რომელიც გაუქმდა 2007 წლის 23 აგვისტოს ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით) მითითებულია, რომ 0.30 ჰა გაჩუქებულია გ.ბ–ზე. 2007 წლის 23 აგვისტოს მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათის განახლებული მონაცემების თანახმად შპს „ს–ი ..“ არის 1ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (ს/კ ......). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთის თავდაპირველი ოდენობა იყო 1.30 ჰა, საიდანაც 0.30 ჰა გაჩუქდა გ.ბ–ზე, ხოლო 1 ჰა დარჩა მოპასუხის საკუთრებაში.

26. დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ თიანეთის რაიონი, დაბა ........ სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეებს. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთების ფლობის ფაქტის, დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა 1999 წლის 16 სექტემბერს დადებული არასასოფლო-სამერნეო მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შპს „ს–ი ..-მა“ 1999 წლის 16 სექტემბერს გ.ბ–ს აჩუქა არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 1.00 ჰა-დან 0.30 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა შპს „ს–-..-ს“, 2000 წელს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება ს/კ №.... დარეგისტრირდა გ.ბ–ის საკუთრებად. შპს „ს.ჰ–ი ..-ის სამეწარმეო ამონაწერით, ირკვევა: 2010 წლის 1 თებერვალს მოხდა სს „ე პ.ჯ–იას“ და შპს „ს.ჰ–ი 98-ის“ შერწყმა და შპს „ს.ჰ–ი 98-მა“ შეწყვიტა არსებობა, ხოლო მისი უფლებამონაცვლე გახდა მოპასუხე, რომლის საფირმო სახელწოდება დარჩა უცვლელი; სს „ე პ.ჯ–იას“ 2016 წლის 15 დეკემბრის აქციონერთა საერთო კრების ოქმით: 2016 წლის 15 დეკემბერს სს „ე პ.ჯ–იას" გამოეყო მოპასუხე კომპანია, რომელსაც საკუთრებაში გადაეცა შპს „ს.ჰ–ი ..-ის“ საკითრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გ.ბ–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 1995 წელს მოხდა ს–ის პრივატიზაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ კოლექტივის წევრები და სხვა პირები. კოლექტივმა გადაწყვიტა გაესხვისებინა ჰესი, რომელიც 1998 წელს იყიდა მოქალაქე ო.კ–მა, შემდეგში უკვე შპს „ს.ჰ–ი ..-ის“ დირექტორმა, რომელმაც გ.ბ–ი დატოვა სადგურის უფროსის თანამდებობაზე. გ.ბ–მა გაუკეთა კაპიტალური რემონტი გენერატორს. ო.კ–მა გადაწყვიტა ჰესის გასხვისება, ხოლო გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მას ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა 0.30 ჰა მიწის ნაკვეთი (0.21ჰა+0.09ჰა), რომელიც გამოიყო შპს „ს–ი ..-ის“ ტერიტორიიდან, დანარჩენი ნაკვეთი რაც დარჩა 2009 წლიდან არის ე პ.ჯ–იას საკუთრება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეგობრის მამამ, კ.ქ–მა, ბ–ს სათბურების ჩადგმა შესთავაზა, იმ პირობით, რომ სათბურებისთვის ბოდაველს მიეხედა, ამასთან, 1 სათბური მისი იქნებოდა. სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსდა ორი სათბური, ერთი - 500 კვ.მ. ფართის, ხოლო მეორე - 300კვ.მ. 2009 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც „ს–ი“ სს „ე პ.ჯ–იამ“ შეისყიდა, ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, ხოლო შემდგომში დაცვამ აღარ შეუშვია ამ ტერიტორიაზე. მოწმემ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა კ.ქ–ზე, იმ პერიოდში არ იყო ორთოფოტო, ხელით გადაზომეს და ისე მოინიშნა მიწის ნაკვეთები. მოწმემ ზუსტად ვერ მიუთითა ტოპოგრაფიულ რუკაზე სადავო ტერიტორია საკადასტრო კოდებით, მათი ამ რუკაზე არ არსებობის გამო. მან განმარტა, რომ არ იცის თუ რა გაკეთდა 2016 წლამდე და როგორ აღმოჩნდა მოპასუხის მფლობელობაში სადაო მიწის ნაკვეთი, მაშინ როცა საჯარო რეესტრიდან ამონაწერით მოპასუხის საკუთრებაში 1ჰა აქვს დარეგისტრირებული.

27. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განსახილველ საკითხზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ქ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. კ.ქ–ს (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (გადახდის ქვითარი N30323154431, გადახდის თარიღი 12.11.2025) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი