15 დეკემბერი 2025 წელი
№ას-88-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ნ.ხ.
მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ–ლი
განმცხადებლის მოთხოვნა - გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი - რეგისტრირებული გირავნობის უფლების ნაწილობრივი გაუქმება (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ხ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №2ბ/5353-23 განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ხ–ის სარჩელი ი.მ–ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა სრულად. ი.მ–ს ნ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 02 ნოემბრამდე (შეგებებული სარჩელის აღძვრამდე) პერიოდზე 9875 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის 02 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 250 000 აშშ დოლარის 0.05% (ყოველდღიურად 125 აშშ დოლარი). ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი ი.მ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. ი.მ–ს ნ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 11437 (თერთმეტიათას ოთხასოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 897 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 4840 ლარი, საკასაციო სასამართლოში - 5700 ლარი). ნ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 01.11.2022 წ. ს.ს. „თ.ბ“-ს მეშვეობით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1983 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად არასწორად მიეთითა - 01.11.2022წ. ნაცვლად 02.11.2022 წლისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ შემთხვევაში, გამოირკვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში დაშვებულია უსწორობა - არასწორად არის მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი. კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად უნდა მითითებულიყო 02.11.2022 წელი და არა - 01.11.2022 წელი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
ნ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 02.11.2022 წ. ს.ს. „თ.ბ“-ს მეშვეობით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1983 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ნ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 02.11.2022 წ. ს.ს. „თ. ბ“-ს მეშვეობით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1983 ლარი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე