Facebook Twitter

Nა-1185-შ-33-2025

05 ნოემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ.დ–ვს დაეკისრა, სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის სასარგებლოდ დავალიანების ანაზღაურება 1134 რუბლის და 51 კაპიკის ოდენობით, ჯარიმის 1419 რუბლის და 98 კაპიკის ოდენობით, სხვისი თანხების გამოყენებისათვის პროცენტის 408 რუბლის და 49 კაპიკის ოდენობით, ასევე სახელმწიფოს მიერ გადახდილი 148 რუბლის და 15 კაპიკის ოდენობით ანაზღაურება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2025 წლის 18 მარტს შუამდგომლობით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მოითხოვა სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის შუამდგომლობის, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობაზე დართული ცნობით დასტურდება, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 9 იანვარს. მოპასუხე, სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული იყო დადგენილი წესით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. 7. „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

9. საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინების ასლი შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ და სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის შუამდგომლობა თანდართული მასალით, ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართებზე: ქ. ქუთაისი, .......... და ქ. ბათუმი, ........., თუმცა გზავნილი მხარეს, არც ერთხელ არ ჩაბარდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის, (თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს, უბნის ინსპექტორებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს) შესაბამისად, შსს-ს ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაავალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დ.დ–ვისათვის (მისამართი: ქ. ქუთაისი, ........... და ქ. ბათუმი, ..........) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინების, შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. მასვე დაავალა, ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, ანალოგიური შინაარსის დავალება გაიცა შსს-ს ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მისამართით.

11. შსს-ს ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის V განყოფილების უფროსის მოადგილის 04.07.2025წ. NMIA22502070272 წერილით დგინდება, რომ დ.დ–ვის მოძიება და დოკუმენტაციის მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე (ქ. ქუთაისი, .........), ვინაიდან ზემოაღნიშნულ მისამართზე ასეთი პიროვნება არ ცხოვრობს. აღნიშნულის თაობაზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები.

12. შსს-ს ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების მართლწესრიგის ოფიცრის 26.09.2025წ. MIA242503150643 წერილით დგინდება, რომ დ.დ–ვის მოძიება და დოკუმენტაციის მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე (ქ. ბათუმი, .........). მეზობლების განმარტებით, დ.დ–ვი ზემოაღნიშნულ მისამართზე, ბოლო ექვსი თვეა აღარ ცხოვრობს. უცნობია მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი. აღნიშნულის თაობაზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს. 15. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართები არასწორია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს. 16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

17. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს (მიუთითებს მოპასუხის მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება დოკუმენტაციის ჩაბარება), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 52-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის, მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბელორუსულ-რუსული უნივერსიტეტის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი