საქმე №ას-884-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.კ–ი“ (სს “თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ღ–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ.ბ–სა“ (შემდგომში ბანკი) და გ.ღ–ვას (შემდგომში მოპასუხე) შორის 2021 წლის 17 მაისამდე არსებობდა ფულად-საკრედიტო ურთიერთობა. მოპასუხეს გაფორმებული ჰქონდა როგორც სამომხმარებლო, ასევე განვადების ხელშეკრულებები და გაცემული კრედიტების ოდენობა ჯამურად შეადგენდა 36 500 (21 500+15 000) ლარს;
2. 2021 წლის 17 მაისს ბანკმა მოპასუხეზე გასცა კრედიტი, 42 700 ლარი. თანხა ჩაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე, რომლითაც დაიფარა მანამდე არსებული სამომხმარებლო და განვადების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხები;
3. 2021 წლის 17 მაისის შემდგომ მოპასუხემ ჯამურად გადაიხადა 12 049,02 ლარი. აღნიშნული თანხა ბანკმა გაანაწილა შემდეგი დანიშნულებით: 7426,69 ლარი წარმართა სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში, 4 546,17 ლარი - პროცენტის ანგარიშში, ხოლო 76,16 ლარი - ჯარიმის ანგარიშში;
4. 2023 წლის 12 ივნისს ბანკსა და შპს „ტ.კ–ს“ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიძინა მოპასუხის მიმართ 2021 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება და იგი ბანკის უფლებამონაცვლეა.
5. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 2021 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის 55 627,43 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 36 364,24 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 14 194,04 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 4997,36 ლარი და დაზღვევის თანხა - 71,79 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სესხის ძირითად თანხაზე - 36 364,24 ლარზე 2023 წლის 12 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა) სარგებლის გადახდა, წლიური 23,85%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 722,95 ლარს.
5.2. მოსარჩელის განცხადებით, იგი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის უფლებამონაცვლეა და მოპასუხეს მის მიმართ ნაკისრი ვალდებულება (2021 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) არ შეუსრულებია.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2021 წლის მაისამდე მას ბანკთან დადებული ჰქონდა რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულება. კოვიდპანდემიის გამო თავად ბანკმა შეთავაზა მსესხებელს ვალის რესტრუქტურიზაცია, რის საფუძველზეც, გადაურიცხა 42 700 ლარი, რითიც დაიფარა ძველი სასესხო ვალდებულება, თუმცა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება ბანკს მისთვის არ გადაუცია და შესაბამისად, ხელიც არ მოუწერია მასზე. შესაბამისად, მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება სესხის საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოს განაკვეთზე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 650,89 ლარის გადახდა, ხოლო უარი ეთქვა დამატებით სესხის ძირითადი თანხის, 5713,23 ლარის, პროცენტის - 14 194,04 ლარის, პირგასამტეხლოს - 4997,36 ლარისა და სიცოცხლის დაზღვევის - 71,79 ლარის, ასევე, 2023 წლის 12 ივნისიდან სესხის ძირითად თანხაზე (36 364,24 ლარზე) წლიური სარგებლის, 23,85%-ის მოპასუხისთვის დაკისრებაზე.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
8.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონზე, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესზე“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N32/04 ბრძანებაზე, სამოქალაქო კოდექსის 624-ე, 417-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დისტანციური სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე მომხმარებლის თანხმობის მტკიცების ტვირთი საფინანსო ორგანიზაციას/გამსესხებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში კი, აპელანტი მართალია, უთითებს მსგავსი სახის ხელშეკრულების დისტანციურად, (სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე) გაფორმების ფაქტზე, თუმცა მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ სესხის სარგებელსა და პირგასამტეხლოზე შეთანხმება ასევე საჭიროებს წერილობით ფორმას, რაც საქმეში წარდგენილიი დოკუმენტებით არ დასტურდება, შესაბამისად, მართებულად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნები.
10. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ელექტრონულად დადებული ხელშეკრულება არ იყო ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ, არ არსებობდა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება და შესაბამისად არ არსებობდა შეთანხმება ახალ სესხის გრაფიკზე, საპროცენტო განაკვეთსა და პირგასამტეხლოზე. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების ფორმულაზე თანხმობის ფანჯრის მონიშვნით, ასევე, ელექტრონული მიმოწერის ფარგლეში ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებით და თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენით მეორე მხარისთვის შეტყობინებით, რასაც არც მოპასუხე უარყოფს. იგი ადასტურებს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო ელექტრონულად, სატელეფონო საუბრისას ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების გზით.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
16. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
17. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
18. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების კვლევა, კერძოდ, სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს არსებობდა თუ არა მხარეთა შორის კრედიტის (ვალის) რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმდა როგორც სესხის საპროცენტო სარგებელი, ასევე პირგასამტეხლოს განაკვეთი.
20. როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს) (იხ. სუსგ საქმე №ას-929-891-2014, 22 აპრილი 2015 წელი). სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემ ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-1067-1026-2016, 23 ივნისი 2017 წელი).
21. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი 2015 წელი). მაგალითად, სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.
22. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დასადებად წერილობითი ფორმა შეარჩიეს, მაშინ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა ჩანდეს, როგორც მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე, ასევე, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
23. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, უნდა შეიცავდეს, ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ. დოკუმენტი ასეთად რომ შეფასდეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, მასში, აუცილებლად, უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1705-1689-2011, 4 ივნისი 2012 წელი). ცხადია, თუ წერილობით დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სესხის საგანზე ან მსესხებლისათვის მის გადაცემაზე, იგი დადებულად ვერ ჩაითვლება.
24. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა. მოპასუხისთვის კი აუცილებელია ვალის გადახდის თაობაზე საბუთის ფლობა, რადგან მას, თავის მხრივ, მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა (სსკ-ის 429-ე მუხლი).
25. ბოლო პერიოდში, სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო მზარდია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულებების დადება. ამ ტიპის ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია როგორც წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების ფორმულარზე თანხმობის ფანჯრის მონიშვნით, ისე ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებითა და თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენის მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ასეთი აქცეპტის დროს განმსაზღვრელია, რომ აქცეპტი, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, მოექცეს მეორე მხარის ძალაუფლების სფეროში, და ამავდროულად, მეორე მხარისათვის აქცეპტანტის ნება იყოს აღქმადი, ანუ აქცეპტის ფორმა მეორე მხარეს უნდა აძლევდეს აქცეპტანტის პასუხის იდენტიფიცირების საშუალებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1160-2023, 16 ნოემბერი 2023 წელი).
26. ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებული ხელშეკრულების, სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულებებისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ ამგვარი ხელშეკრულების დადება ხდება მხარეთა უშუალო შეხვედრის გარეშე. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ხდება საკომუნიკაციო საშუალების - ტელეფონის, ინტერნეტის, ფაქსის გამოყენებით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და იკისრებენ გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს. მსგავსი კონსესუსი მიიღწევა ერთი მხარის მიერ მეორესათვის შეთავაზებით და თანხმობის მიღებით. ოფერტი და აქცეპტი ტრადიციულად, ხელშეკრულების დადების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევენ ოფერტისა და აქცეპტის საშუალებით. სამოქალაქო სამართლის ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად ოფერტისა და აქცეპტის განხორციელება ითვლება. ოფერტისა და აქცეპტის ცნებებისა და მათი, როგორც ხელშეკრულების დადების სტადიების დაყოფა, მომდინარეობს არათანმყოფი პირების მიერ, დისტანციურად, დადებული ხელშეკრულებებიდან. ოფერტი (ხელშეკრულების დადების შეთავაზება) და აქცეპტიც (შეთავაზების მიღება) წარმოადგენს ნების გამოვლენას, თუმცა სამართლებრივი შედეგი მხოლოდ მაშინ დგება, თუ სახეზე ერთდროულად გვაქვს ორივე. (ნ. ფ–ი, ელექტრონული საშუალებებით დადებული ხელშეკრულებები, მათი ბათილობის, შეწყვეტის, მათზე უარის თქმის საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები, 2019 წელი, გვ. 95 https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Nino_Fachuashvili.pdf ).
27. ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებულ ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერა შესაძლოა სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული და ის არ მოიცავს ელექტრონულ დოკუმენტზე მხოლოდ სახელის და გვარის მითითებას. ელექტრონული ხელმოწერა შესაძლოა იყოს ხმის ჩანაწერი, სიმბოლო ან პროცესი, რომელიც მიმაგრებულია ან სხვაგვარად არის დაკავშირებული იმ პირთან, რომელიც ივარაუდება რომ ასრულებს მას. ელექტრონული ხელმოწერის ერთ-ერთი ფორმაა „ვეთანხმები პირობებს“ ღილაკზე ხელის დაჭერა, რითაც მომხმარებელი გამოხატავს ნებას შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ელექტრონულად (იქვე, გვ. 37).
28. „ვეთანხმები პირობებს“ ღილაკზე ხელის დაჭერა ატარებს გარკვეულ რისკებს, როგორიცაა ის, რომ, შესაძლოა, მხარემ, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დასადასტურებლად ეყრდნობა მსგავს მტკიცებულებას, მართლაც შესაძლოა, დაადასტუროს, რომ აღნიშნული ღილაკი მონიშნულია, თუმცა აღნიშნულის დამტკიცება სულაც არ ნიშნავს, რომ მომხმარებელმა, ამ შემთხვევაში, სავარაუდო მსესხებელმა, დააჭირა/მონიშნა დასახელებული ღილაკი. კავშირი ღილაკის მომნიშვნელსა და პიროვნების ვინაობას შორის რთული სამტკიცებელია (Mason St., Electronic Signatures in Law, London, Institute of Advanced Legal Studies for the SAS Humanities Digital Library, 2016, 208, https://sas-space.sas.ac.uk/6518/1/ElectronicSignaturesStephenMason.pdf ).
29. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე მოიხმოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონულ დოკუმენტად მიიჩნევა ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ხოლო ამავე კანონის 4.2 მუხლის დანაწესის შესატყვისად, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
30. ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (საქმე #ას-1160-2023, 16 ნოემბერი 2023 წელი) განმარტა შემდეგი: საკანონმდებლო რეგულაცია ცხადყოფს, რომ ელექტრონული დოკუმენტის რაობის განმსაზღველი კანონმდებლობა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით შექმნილ ვიზუალიზირებად ტექსტს წერილობითი დოკუმენტის ტოლფასი მნიშვნელობის დოკუმენტად განიხილავს, რაც დამატებით განამტკიცებს ელექტრონული ფოსტის გამოყენებით მიღწეული შეთანხმების წერილობით ხელშეკრულებად მიჩნევის ზემოხსენებულ მსჯელობას. გარდა ამისა, მოხმობილი საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშეც, თუკი დეტალურად ჩავუღრმავდებით ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულებების სამართლებრივ ბუნებას, ისედაც თვალსაჩინოა ელექტრონული საფოსტო შეტყობინების ინსტრუმენტის გამოყენებით ურთიერთთანმხვედრი ოფერტისა და აქცეპტის გაცვლა-გამოცვლის შედეგად დადებული ხელშეკრულების მიკუთვნება წერილობითი ხელშეკრულების სამართლებრივი კონსტრუქციისთვის. ზეპირი ხელშეკრულება ხელშეკრულებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც, როგორც წესი, თანმყოფ პირებს შორის იდება, შეთანხმება უმალვე მიიღწევა და შედეგსაც დაუყოვნებლივ წარმოშობს. როგორც წესი, ზეპირი ხელშეკრულებები ყოფით და მარტივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოიყენება, რომელსაც თან არ ახლავს წონადი/ფასეული სახელშეკრულებო რისკები. არათანმყოფ პირებს შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების შესაძლო შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ სატელეფონო ზარის შედეგად მიღწეული შეთანხმებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ზეპირი ხელშეკრულებისთვის განმსაზღვრელია, რომ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების გაცხადება ხდება ვერბალური, ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის გზით.
31. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ედავება სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოს განაკვეთზე შეთანხმებას. საკუთარი პრეტენზიის გასამყარებლად კი უთითებს, რომ მხარეებს მითითებულ პირობებზე შეთანხმება საკუთარი ხელის მოწერით არ დაუდასტურებიათ. თავის მხრივ, კასატორი (მოსარჩელე) აპელირებს სესხის ე.წ დისტანციურად გაფორმებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კოვიდპანდემიის გამო ხელშეკრულება მხარესთან გაფორმდა „ონლაინ“, სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანების (შემდგომში - „ბრძანება“) მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისტანციურად დადებული ხელშეკრულება არის ხელშეკრულება საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზება და დადება სრულად განხორციელდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ერთი ან რამდენიმე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით. ამავე მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება – ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისა და მიწოდებისათვის გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მომხმარებლის ერთდროულ ფიზიკურ თანდასწრებას.
33. ბრძანების მე-4 მუხლი განსაზღვრავს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება, ასევე მოქმედ ხელშეკრულებაში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ცვლილებების შეტანა. დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობა იყო გამოთქმული, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას. დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით, ხოლო სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების შემთხვევაში – ამ წესის შესაბამისად გათვალისწინებული სახით (მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი). შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება (მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად სამოქალაქო კოდექსისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანება დისტანციური სესხის ხელშეკრულების გაფორმების/ გაფორმებაზე მომხმარებლის თანხმობის მტკიცების ტვირთს საფინანსო ორგანიზაციას/ გამსესხებელს აკისრებს.
35. როგორც კასატორი მიუთითებს, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენით მეორე მხარისთვის შეტყობინებით, რაც წინამდებარე შემთხვევაში გამოვლენილია - სადავო ხელშეკრულება დაიდო ელექტრონულად, სატელეფონო საუბრისას ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების გზით. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული ფაქტის არსებობას, შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულების გაფორმების/ მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეზე სესხის სახით 42 700 ლარის გაცემის ფაქტი (ამას არც მოპასუხე უარყოფს), თუმცა სესხის წლიურ საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოს განაკვეთზე მხარეთა შეთანხმება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებებით არ დგინდება.
37. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სადავო გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად მართებულად არ მიიჩნიეს მოსარჩელის მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 23.85 %, პირგასამტეხლო - ფიქსირებული, ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, შეთანხმება სისცოცხლის დაზღვევაზე, კრედიტის ვადა - 2026 წლის 27 აპრილი (იხ. ტ. 1. ს.ფ 21). მითითებული დოკუმენტი ინფორმაციული ხასიათისაა, თუმცა მხოლოდ ამ დოკუმენტით ვერ დადასტურდება ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე მხარეთა შოთანხმება, როგორიცაა სესხის საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლოს ოდენობა.
38. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანება საფინანსო ორგანიზაციას ავალდებულებს დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დასტურდება, რომ მოსარჩელემ სადავო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, (რომელიც მოიცავს შეთანხმებას სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთსა და პირგასამტეხლოს ოდენობაზე), მხარეს მატერიალურად გაუგზავნა ან ჩააბარა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (მაგ.: ელექტრონული ფოსტით) გამოყენებით.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლო დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით გაცემულ სესხებთან დაკავშირებით მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე, რომელთა მიხედვით ასეთი ტიპის ხელშეკრულების დადება ძირითადად ელექტრონული ფოსტის/სატელეფონო მიმოწერის გაცვლით ხდება (Mason St., Electronic Signatures in Law, London, Institute of Advanced Legal Studies for the SAS Humanities Digital Library, 2016, 227, https://sas-space.sas.ac.uk/6518/1/ElectronicSignaturesStephenMason.pdf ).
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
41. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1193-2020, 23 აპრილი 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
42. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ტ.კ–ს“ (ს.კ. ……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N1748945777; გადახდის თარიღი: 05.06.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი