საქმე №ას-452-2025 16 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (აპელანტი, მოპასუხე )
მეორე კასატორი - შპს „ი.ჯ–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ი.ჯ–ის“ (შემდგომში მოსარჩელე, მოსარჩელე კომპანია, მიმწოდებელი ან მეორე კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე 92 077.36 ლარის ნაწილში გათავისუფლდა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში სამსახური, მოპასუხე, შემსყიდველი ან პირველი კასატორი) 2021 წლის 25 მარტის N70071/01 და N70074/01 წერილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს, 10 230.81 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2019 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელესა (მიმწოდებელს) და მოპასუხეს (შემსყიდველს) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება). ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება. ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
4.2. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
4.3. ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის თანახმად, მომწოდებელი ვალდებული იყო ბრალდებულების/მსჯავრდებულების, მოსამსახურეების ჯანმრთელობიდან გამომდინარე უზრუნველეყო ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა). უზრუნველეყო მათი კვება სამოქალაქო სექტორის საავამყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, რაც უნდა განეხორციელებინა საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით. ხოლო 8.1.11 პუნქტის თანახმად, უზრუნველეყო მომსახურების გაწევა ამისათვის საჭირო რაოდენობის აუცილებელი წვრილმანი ინვეტარით (დანები, კოვზები, ჩამჩები, ჯამები, პატარა ქვაბები და პენიტენციურ დაწესებულებებში ნებადართული ინვენტარი), გაფრთხილებოდა მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დაეცვა ინვენტარის სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხო მოპყრობის წესები. არ გამოეყენებინა მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული და სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი;
4.4. ამავე ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,01 % უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე. ამავე ხელშეკრულების 9.11 პუნქტის თანახმად, 8.1.4 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%. ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდებოდა/არაჯეროვნად შესრულდებოდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%.
5. სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში წარდგენილი დოკუმენტები: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 25 მარტის N 70071/01 წერილი (რომლითაც მოსარჩელე კომპანიის დირექტორს განემარტა, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს „კვების ინსპექტირების კომისიების შექმნის შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 3 დეკემბრის N21148 ბრძანებით დამტკიცებული კვების ინსპექტირების კომისიის მიერ შემოწმდა N15 პენიტენციური დაწესებულების სასადილო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა დარღვევები, რაზედაც შედგა ოქმი. კერძოდ: 1) ვერ იქნა წარმოდგენილი საკვების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სპეციალური კონტენერი, რაც აძლევს სამსახურს უფლებამოსილებას გამოიყენოს ხელშეკრულების 9.11 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო, კერძოდ: „ხელშეკრულების 8.1.4 (ბრალდებულების/მსჯავრდებულების, მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა) უზრუნველყოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, რაც უნდა განახორციელოს საკვების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით) პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%“; 2) შესქელებული რძე - არ არის მარკირებული, მარკირება აქვს მხოლოდ ყუთს, დარღვეულია ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა, კერძოდ, შესქელებული რძე - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკირებული, რაც აძლევს სამსახურს უფლებამოსილებას გამოიყენოს ხელშეკრულების 9.13. პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო, კერძოდ: „იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობით/ არაჯეროვნად შესრულებისათვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%“; 3) ბოსტნეულის საწყობში ინახებოდა უვარგისი კომბოსტო, დარღვეულია ხელშეკრულების დანართი N1-ის (ხილი, ბოსტნეული) მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა, კერძოდ: კომბოსტო - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, თხელკანიანი, საღი, სუფთა, მოყინვის, შავი წერტილების გარეშე რაც აძლევს სამსახურს უფლებამოსილებას გამოიყენოს ხელშეკრულების 9.7 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო, კერძოდ: „უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01% უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე“; 4) ბოსტნეულის საწყობში ინახებოდა კარტოფილი, დიდი ნაწილი უვარგისი, დარღვეულია ხელშეკრულების დანართი N1-ის (ხილი, ბოსტნეული) პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა, კერძოდ: კარტოფილი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, ღივის გარეშე, სუფთა, არ უნდა აღენიშნებოდეს გულის სიდამპლე, სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები. არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის, რაც აძლევს სამსახურს უფლებამოსილებას გამოიყენოს ხელშეკრულების 9.7 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო, კერძოდ: „უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01% უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე“); 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 25 მარტის N 70074/01 წერილი (რომლის თანახმად: მიმდინარე წლის 5 მარტს „კვების ინსპექტირების კომისიების შექმნის შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 3 დეკემბრის N21148 ბრძანებით დამტკიცებული კვების ინსპექტირების კომისიის მიერ შემოწმდა N10 პენიტენციური დაწესებულების სასადილო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა დარღვევები, რაზედაც შედგა ოქმი. კერძოდ: 1) ხორცის დასამუშავებელი მაგიდის ზედაპირი, პროდუქტის დასამუშავებელი დაფები შესაცვლელია, დაზიანებულია მაგიდების ზედაპირები და დაფები - დარღვეულია ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტით განსაზღვრული პირობა „მიმწოდებელი ვალდებულია არ გამოიყენოს მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი“, რაც აძლევს სამსახურს უფლებამოსილებას გამოიყენოს ხელშეკრულების 9.11. პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო, კერძოდ: „8.1.11 მუხლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%“; 2) სოსისი ინახება საყინულე მაცივარში -60-ზე დარღვეულია ხელშეკრულების 8.1.32 პუნქტით განსაზღვრული პირობა „ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათამი) უნდა იყოს არაგაყინული“, ამასთან „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანების შესაბამისად, სოსისი უნდა ინახებოდეს +2 +6 გრადუსზე 48 საათის განმავლობაში, რაც აძლევს სამსახურს უფლებამოსილებას გამოიყენოს ხელშეკრულების 9.11 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო, კერძოდ: „8.1.32 მუხლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%“); 3) N15 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 5 მარტის შემოწმების/დარღვევის ოქმი (სადაც მითითებულია, რომ: 1) მაცივრებში ერთად ინახება რძის პროდუქტი, ლიმინი, ასკილი და სხვა. 2) ვერ იქნა წარმოდგენილი საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი; 3) შესქელებული რძე არ არის მარკირებული. მარკირება აქვს მხოლოდ ყუთს. 4) ბოსტნეულის საწყობში აღმოჩენილი იქნა კომბოსტო მთელი პარტია უვარგისი. 5) კარტოფილის დიდი ნაწილი უვარგისია; 6) სამზარეულოში ღუმელებზე იყო პური, ხახვი დაჭრილი, მარილი, კომბოსტო საკვებად გამზადებული ე.ი. პერსონალი ჭამას აპირებდა სამზარეულოში. აღნიშნული ოქმი ხელმოწერილია მოსარჩელე კომპანიის მენეჯერის მიერ. მომსახურების გაწევისას განოსაყენებელი პროდუქტების (ცხოველური წარმოშობის) მიმართ მოთხოვნების მე-12 პუნქტის თანახმად, შესქელებული რძე - უშაქრო, თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით. კონსისტენცია ერთგვაროვანი. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს; უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული; მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ვარგისიანი; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მე-13 პუნქტის მიხედვით, სოსისი ძირითადი შემადგენლობა: საქონლის ხორცი, ასევე რძის ფხვნილი, კვერცხი, სუფრის მარილი, ნატრიუმის ნიტრიტი, ემულგატორი, ნატურალური მცენარეული და ცხოველური ცილები, სანელებლები, დაფასოებით პოლიმერულ აფსკში, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის, არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალული საკვებ დანამატებს (საღებავების, კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით). ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნორმებს, შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ვარგისიანი; ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ხილ-ბოსტნეული, პირველი პუნქტის მიხედვით, კარტოფილი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, ღივის გარეშე, სუფთა, მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%–ზე მეტი. არ უნდა აღენიშნებოდეს გულის სიდამპლე, ტუბერის მექანიკური, ბაქტეროლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის. თითოეულ მოწოდებულ პარტიაში კარტოფილის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 7 სმ-ისა. დასაშვებია საერთო წონასთან შეფარდებით არაუმეტეს 20%-ისა ტუბერის დიამეტრი იყოს 6-7 სმ. გამოსავლიანობა პირველადი დამუშავების შემდეგ არანაკლებ 75% თითოეული კარტოფილის საშუალო წონა უნდა იყოს 100-300 (+−15) გრამამდე; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მომწოდებელი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ წარმოადგინოს ლაბორატორიული გამოცდის ოქმები პესტიციდების შემცველობაზე. მე-2 პუნქტის თანახმად, კომბოსტო - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, თხელკანიანი, საღი, სუფთა, მოყინვის, შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტეროლოგიური, და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური დიამეტრი არანაკლებ 15-25 სმ., სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მომწოდებელი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ - წარმოადგინოს ლაბორატორიული გამოცდის ოქმები – პესტიციდების შემცველობაზე), იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 629-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 418-ე-420-ე მუხელებით და პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის მიზნებიდან გამომდინარე, ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესახებ და დარღვევის ხასიათიდან, ხელშეკრულების მიზნობრივი მნიშვნელობიდან და მხარეთა სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, 10 230.81 ლარი მიიჩნია პროპორციულ და გონივრულ ოდენობად.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. პირველმა კასატორმა (მოპასუხემ) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მეორე კასატორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
7. პირველი კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე:
7.1. სასამართლოებმა მართალია დადგენილად მიიჩნიეს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, თუმცა არასწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და არასწორად შეამცირეს დაკისრებული პირგასამტეხლო. დაკისრებული პირგასამტეხლო მინიმალურია და არ უზრუნველყოფს დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას და ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს კანონისმიერ მიზანს - უზრუნველყოს ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. ამასთან, სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ის ფაქტიც, რომ პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით ორივე მხარის ნების თავისუფლად გამოვლენის პირობებში და სასამართლოს არ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყო მასში.
8. მეორე კასატორი (მოსარჩელემ) მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნეს, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა. სინამდვილეში კი, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული არ დასტურდება, ხოლო თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ დარღვევები გამოვლენილია, პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რაც გადასახდელად დაეკისრა, შეუსაბამოდ მაღალია და ბევრად აღემატება შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს პრეტენზია კვებითი მომსახურების გაწევის ხარისხზე (მაგალითად იმაზე, რომ მოსარჩელე კომპანიამ დაამზადა უხარისხო კერძი), მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა ამ ოდენობის პირგასამტეხლო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით - მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგანაც ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის (პირველი კასატორის) პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხელშეკრულების პირობებზე, ერთ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გააუქმა, ხოლო მეორე შემთხვევაში უსაფუძვლოდ შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო. მოსარჩელის (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზია კი მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია, თუ რამდენად არსებობდა ხელშეკრულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, ამასთან, გონივრულია თუ არა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და ვლინდებოდა თუ არა მისი შემცირების საფუძველი.
15. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული/კვალიფიციური შედავება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებულია მათი სამართლებრივი შეფასებაც.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
17. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა კვებითი მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საგანი, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას. მხარეები ხსენებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მომწოდებელი ვალდებული იყო ბრალდებულების/მსჯავრდებულების, მოსამსახურეების ჯანმრთელობიდან გამომდინარე უზრუნველეყო ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა), უზრუნველეყო მათი კვება სამოქალაქო სექტორის საავამყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით (8.1.4 პუნქტი); არ გამოეყენებინა მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი (8.1.11 პუნქტი); არ გამოეყენებინა უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტები (9.7 პუნქტი)
19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს იმის შესახებ, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ვალდებულებები (რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა). სააპელაციო პალატის მითითებული დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს - მოპასუხის 2021 წლის 25 მარტის N70071/01 და N70074/01 წერილებს, ასევე 2021 წლის 5 მარტის შემოწმების/დარღვევის ოქმს, რომელთა გამაბათილებელი რაიმე დოკუმენტი მიმწოდებელს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია - მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად აქვს შესრულებული.
20. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ (პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო და სრულად უნდა დაეკისრებინა იგი, ხოლო მეორე კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, ვინაიდან შეუსაბამოდ მაღალია), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილშიც დასაბუთებულია.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
22. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
23. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
24. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევის ხასიათის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე, და არ დასტურდება მისი კიდევ უფრო შემცირების ან პირიქით გაზრდის საფუძველი. გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ასევე შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ი.ჯ–ს“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ბ.ნ–ძის (პ.ნ. ........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო მოთხოვნა: N3327; გადახდის თარიღი: 22.04.2025) 1023.09 ლარის 70% - 716.16 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი