საქმე №ას-940-2025 19 დეკემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ს–ძე (მოპასუხე გაერთიანებული საქმიდან)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ძე (მოსარჩელე გაერთიანებული საქმიდან)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ს–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ძის წინააღმდეგ და ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა.
2. გ.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ს–ძის წინააღმდეგ და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეს №2/9421-23, მ.ს–ძის სარჩელისა გამო გ.კ–ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, გაუერთიანდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე, გ.კ–ძის სარჩელისა გამო მ.ს–ძის მიმართ, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ და საქმეს მიენიჭოს №2/9421-23.
4. სარჩელის საფუძვლები:
4.1. მ.ს–ძის განმარტებით, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2020 წლის 23 თებერვალს დაბადებული ვ.კ–ძე. მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ 2021 წლის თებერვალში. არასრულწლოვანი ვ–ი ცხოვრობს დედასთან და მის აღზრდაზე ძირითადად სწორედ მ.ს–ძე ზრუნავს. მოპასუხე სათანადო წესით არ არის ჩართული შვილის საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის ოჯახს საკმარისი შემოსავალი გააჩნიათ ამისთვის. მოსარჩელე დასაქმებულია, თუმცა მის შემოსავალს ფაქტობრივად სრულად ახმარს ვ–ის საჭიროებების დაკმაყოფილებას. საშუალოდ არასრულწლოვანის მოთხოვნილებების: სამოსის, კვების, სამედიცინო მომსახურების, გასართობ-შემეცნებითი აქტივობების და სხვა ყველა ხარჯის უზრუნველსაყოფად, ყოველთვიურად საჭიროა საშუალოდ 1400 ლარი.
4.2. გ. კ–ძის განმარტებით, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2020 წლის 23 თებერვალს დაბადებული ვ.კ–ძე. მხარეთა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მამას ხელი ეშლება შვილთან კომუნიკაციაში. მ.ს–ძე მუდმივად ასახელებს ბავშვის წაყვანისა და მისი ნახვის ხელის შემშლელ გარემოებებს. გ.კ–ძეს და არასრულწლოვან ვ.კ–ძეს აქვთ შესანიშნავი მამა-შვილური ურთიერთობა. მოსარჩელე აქტიურად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში. გ.კ–ძე ცხოვრობს დედასთან ერთად კეთილმოწყობილ და უსაფრთხო კერძო ტიპის სახლში. მოსარჩელის დედას და ბავშვის ბებიას შეუძლია ვ–ის მამასთან ყოფნის პერიოდში დაეხმაროს მას შვილის აღზრდაში, მოვლაში, როგორც ჰიგიენური თვალსაზრისით, ისე ჯანსაღი კვების კუთხით.
5. მოპასუხის პოზიცია:
5.1. მოპასუხე გ.კ–ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ იგი თანახმაა, ვ.კ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ.ს–ძის საცხოვრებელი ადგილი. ხოლო, ალიმენტის სახით მზადაა შვილს 200 ლარი გადაუხადოს. მოპასუხის განმარტებით, იგი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული შვილის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. იძენს მისთვის საჭირო ნივთებს, სამოსს, საკვებს და სხვა. თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა თვეში 700 ლარის დაკისრების თაობაზე გადაჭარბებულია და ის ვერ ასაბუთებს ამ ოდენობის ხარჯს არასრულწლოვანთან მიმართებით.
5.2. მოპასუხე მ.ს–ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, იგი თანახმაა გ.კ–ძეს ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა ყოველი კვირის კვირა დღეს 15:00 საათიდან 21:00 საათამდე.
5.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია:
მოცემულ დავაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილია დასკვნები (04.07.2023 წ. და 09.01.2024 წ.), რომელთა თანახმად, ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ აღენიშნება რაიმე ტიპის სირთულე, რაც საჭიროებს მოვლის განსაკუთრებული პირობების შექმნასა თუ სამედიცინო ჩარევას. დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვი სარგებლობს კერძო სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით. არასრულწლოვანს ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი აცრები. ბავშვს არ ახასიათებს ქცევის სირთულე. მისი განვითარება შეესაბამება ასაკს, აქვს ასაკის შესაბამისი თვითმოვლის უნარჩვევები. თამაშობს ასაკის შესაბამის საგანმანათლებლო თამაშებს (პაზლს, კუბიკებს, კონსტრუქციებს). ბავშვს ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით თბილი და პოზიტიური ურთიერთობა აქვს ბებიასთან და ბიძასთან.
მ–ის ინფორმაციით, მან გაიხსენა შემთხვევები, როდესაც მამამ წაიყვანა არასრულწლოვანი და შეწყვიტა მასთან კომუნიკაცია, ჰქონდა ბავშვის გადამალვის მცდელობები. მიუხედავად ამისა, დედა დადებითად აფასებს არასრულწლოვანისა და მამის, ასევე მამის მხრიდან ბებიის ურთიერთდამოკიდებულებასა და ემოციურ კავშირს. მ–ის ინფორმაციით, მამას მწირი ინფორმაცია აქვს ბავშვის საჭიროებების შესახებ, როგორიცაა კვების რაციონი, ალერგიულობა და ხასიათის თავისებურებები, ხოლო გ–ის დედა, რომელიც მისი ძირითადი მხარდამჭერია ბავშვის მოვლის საკითხში, დასაქმებულია. შესაბამისად, დედის გარეშე ბავშვის მამასთან ხანგრძლივი დროით დატოვება არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ამასთან, მ–ი არ არის წინააღმდეგი, მამას ჰქონდეს ბავშვთან აქტიური და სტაბილური ურთიერთობა. არასრულწლოვანზე განხორციელებული მზრუნველობა დამაკმაყოფილებელია. მასზე ყოველდღიურ მეთვალყურეობას ახორციელებს ბებია - თ.ე–ძე. დაცულია საცხოვრებელი ბინისა და ბავშვის პირადი ჰიგიენა. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია ადეკვატური კვების რაციონით. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად მ.ს–ძის მშობლების ოჯახში. საცხოვრებელი მ–ის მშობლების საკუთრებაა. ბავშვისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.
მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც ბავშვი რამდენიმე თვის იყო. მათ ჰქონდათ ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, თუმცა, ვერ შეძლეს. მ.ს–ძე დასაქმებულია „ციკოლიას“ კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი საშუალოდ 2500 ლარის ოდენობით. მას ჰყავს მშობლებისა და ძმის სახით ძლიერი თანადგომის ქსელი, რომლებიც ინაწილებენ ვ–ზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. გ.კ–ძე ცხოვრობს ქ. რუსთავში, კერძო ტიპის სახლში დედასთან - ი.ბ–თან ერთად. საცხოვრებელი კომფორტული და კეთილმოწყობილია. სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს მიმდინარეობდა კოსმეტიკური სამუშაოები ოთახების ახლებურად გადატიხვრის შემდგომ. სახლი საკმაოდ დიდია და ფაქტობრივად ორი დამოუკიდებელი კორპუსისგან შედგება, რომელსაც ერთმანეთთან ღია აივანი აკავშირებთ. ორივე ნაწილს აქვს დამოუკიდებელი სველი წერტილები და სამზარეულო. სახლს აქვს დიდი ეზო ხეხილითა და ყვავილებით განაშენიანებული. ეზოს ფართი მოპირკეთებულია. საცხოვრებელში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოა. მოპასუხე დასაქმებულია „რუსთავწყალში“ და აქვს შემოსავალი სტაბილური ოდენობით საშუალოდ 800-დან 1000 ლარამდე. ამავე კომპანიაში დასაქმებული მოპასუხის დედაც, რომლის ხელფასი თვეში 1400 ლარია. გ–ს ჰყავს და, რომელიც მარნეულშია გათხოვილი. მას მოიაზრებს თანადგომის ქსელში. ი.ბ–ი დადებითად საუბრობს მ–ზე და განმარტავს, რომ თუ მეუღლეები შერიგდებიან და ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას, იგი მხოლოდ ხელს შეუწყობს წყვილს.
გ–ი ამბობს, რომ არ სურს ოჯახის დანგრევა და რომ მისი ოჯახს დასაშლელი არაფერი სჭირდა - უნდა მეტი წინდახედულობა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება შესძლებოდათ. წყვილმა მ–ის ინიციატივით სცადა თანაცხოვრებაც, მ–მა ბავშვთან ერთად ჩააკითხა გ–ის ბაღდადის სოფ. ....., სადაც ისვენებდა. იქ დაჰყვეს გარკვეული პერიოდი, შემდგომ რუსთავში განაგრძეს თანაცხოვრება, თუმცა, ერთ დღესაც გაურკვეველი მიზეზით, მ–ი კვლავ წავიდა ბავშვთან ერთად. გ–ის თქმით, მ–ი საკმაოდ ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ხასიათისაა, ამიტომაც სურვილი აქვს სამართლებრივად განისაზღვროს ბავშვის ნახვის დღეები და არ იყოს მ–ის განწყობებზე დამოკიდებული. გ–იმ მიმართა ადვოკატს, რომელმაც მედიაციისათვის მოიწვია მ–ის ადვოკატიც, თუმცა მეორე მხარე არ ცხადდებოდა შეხვედრაზე და შესაბამისად ვერ მიიღწა შეთანხმებას. გ–იმ სოციალურ მუშაკს წარმოუდგინა სატელეფონო ვიდეოჩანაწერები, როგორ თბილად ურთიერთობს ვ–ი მასთან. როგორი სიხარულით შერბის მამის საცხოვრებლის ეზოში, სადაც ბებია ელოდება, როგორ თბილად ტიკტიკებს მამასა და მის დედასთან. გ–ის შეხედულებას, როგორ დაემშვიდობოს ბავშვს შეხვედრების შემდგომ, მისი თქმით, არ იზიარებს მ–ი. მ–ი ითხოვს, გ–ი შეუმჩნევლად გამოეპაროს ბავშვს. გ–ი ცდილობს დაამშვიდოს, აუხსნას, რომ კვლავ მალე ნახავს და ემშვიდობება, თუმცა მამა-შვილის დაშორება მაინც ემოციურია ვ–ისთვის. გ–ის თქმით, ბავშვს დაბადების დღე მ–ის ინიციატივით გადაუხადეს რამდენიმე დღით ადრე. სადღესასწაულო ცენტრის ხარჯები გასწია გ–იმ. ხოლო დაბადების დღის თარიღზე მისალოცად მისულ გ–ის ბავშვი შეახვედრა მ–ის დამ. ბავშვი გამომშვიდობებისას არ დარჩა დეიდასთან, მოჰყვებოდა მამას. გ–იმ გადაწყვიტა მანქანით გაესეირნებინა, დაემშვიდებინა ვ–ი და შემდგომ ჩათვალა, რომ დედასთან უფრო არ გაუჭირდებოდა გოგონას დარჩენა. როგორც შემდგომ გაირკვა, მ–ი ამ დროს გერმანიაში იმყოფებოდა მივლინებით. გ–ი ფიქრობს, ასეთ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გოგონა დარჩეს მამასთან, რათა მის გვერდით ერთი მშობელი მაინც იყოს. მას სურვილი აქვს სრულფასოვნად ჩაერთოს შვილზე ზრუნვაში. აღნიშნული შეხვედრის შემდგომ ერთი თვე არ ანახებდა ბავშვს მ–ი. ხოლო შემდგომი შეხვედრისას სავაჭრო ცენტრში, ერთობლივად შეურჩიეს და შეუძინეს გოგონას სამოსი. ამავე შეხვედრისას მ–მა მოითხოვა გ–ის თანხმობა მიეცა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. მ–ს სურს ვ–ი წაიყვანოს საფრანგეთში დისნეილენდის დასათვალიერებლად, რაზეც გ–ის პასუხი იყო, რომ აღნიშნული რისკის შემცველია მისი და მისი შვილის სამომავლო ურთიერთობისთვის. გაბრაზებულმა მ–მა ხელზე შეატოვა გ–ის ვ–ისთვის ერთად შერჩეული სამოსი და მას შემდგომ სიტყვას „რისკის შემცველია" ხმარობს გ–ის თხოვნის პასუხად - ანახოს შვილი. გ–ი მზაობას გამოხატავს ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით. გ–ი ამბობს, რომ ჩართულია შვილის საჭიროებების დაკმაყოფილებაში. მისი ხელფასიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს აკეთებს. ცდილობს, გაუკეთოს საჩუქრები, შეუძინოს სამოსი, თუ სხვა საჭირო ნივთები, თუმცა ხშირად ამაშიც ეშლება მ–ის მხრიდან ხელი. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მშობელი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისთვის კეთილსაიმედო გარემო, მიზანშეწონილია მათი მხრიდან დაცული იქნას მცირეწლოვანი ინფორმაციული ზეგავლენისგან ურთიერთშეთანხმებით მოხდეს
დავის საგანთან მიმართებაში პოზიციების ჩამოყალიბება. ვინაიდან, მცირეწლოვანს ამ ეტაპზე აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა დედის მიმართ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ასაკობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის მიზანშეწონილია მოხდეს ბავშვის წახალისება მზრუნველი პირების მხრიდან მამასთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბების მხრივ. ხოლო, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვსა და მამას შორის ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს და უფრო აქტიური სახე მიეცეს, თუმცა, წარმომადგენელი არ დაეთანხმა ღამე დარჩენით ურთიერთობას ბავშვის მიერ 5 წლის ასაკის მიღწევამდე.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ს–ძის სარჩელი გ.კ–ძის მიმართ, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და ალიმენტის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: არასრულწლოვან ვ.კ–ძის (პ/ნ: ........) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მ.ს–ძის (პ/ნ: ......) საცხოვრებელი ადგილი; გ.კ–ძეს არასრულწლოვანი შვილის - 2020 წლის 23 თებერვალს დაბადებული ვ.კ–ძის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2023 წლის 03 აპრილიდან - მის სრულწლოვანებამდე; გ.კ–ძის სარჩელი მ.ს–ძის მიმართ, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა: გ.კ–ძეს (პ/ნ ........) არასრულწლოვან შვილთან
- 2020 წლის 23 თებერვალს დაბადებულ ვ.კ–ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი თვის მე-2 და მე-4 კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირას 18:00 საათამდე დროის მონაკვეთი, თავისთან წაყვანის და
ღამე დარჩენის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ.კ–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. 2025 წლის 15 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა მოხსნა შემდეგი მოთხოვნა: მ.ს–ძეს დაევალოს ბავშვის მამასთან არ ყოფნის პერიოდში მათი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფა მამის ან/და ბავშვის სურვილის შემთხვევაში.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, გ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება გ.კ–ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ.კ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.კ–ძეს (პ/ნ: ......) არასრულწლოვან შვილთან - 2020 წლის 23 თებერვალს დაბადებულ ვ.კ–ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ზამთრის არდადეგების პირველი ნახევარი დედის საცხოვრებელი მისამართიდან ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ზაფხულში - ივნისის, ივლისის, აგვისტოს ბოლო კვირა, ორშაბათს 12:00 საათზე დედის საცხოვრებელი მისამართიდან ბავშვის წაყვანისა და კვირას 19:00 საათზე დაბრუნების ვალდებულებით; გ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში (დედის მ.ს–ძის საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლის შემთხვევაში, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის მთელ პერიოდზე მამის მიერ ბავშვის წაყვანისა და დედის საქართველოში დაბრუნების დღის მომდევნო დღეს 18:00 საათამდე ბავშვის უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით) არ დაკმაყოფილდა;
7.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
7.2.1. გ.კ–ძეს და მ.ს–ძეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2020 წლის 23 თებერვალს დაბადებული ვ.კ–ძე.
7.2.2. 2021 წლის შემდეგ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ვ–ი ცხოვრობს დედასთან ერთად, მ.ს–ძის მშობლების ოჯახში, სადაც ბავშვისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. მასზე ყოველდღიურ მეთვალყურეობას ახორციელებს ბებია - თ.ე–ძე. დაცულია საცხოვრებელი ბინისა და ბავშვის პირადი ჰიგიენა. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია ადეკვატური კვების რაციონით.
7.2.3. გ.კ–ძე ცხოვრობს ქ. რუსთავში, კერძო ტიპის სახლში დედასთან - ი.ბ–თან ერთად, საცხოვრებელი კომფორტული და კეთილმოწყობილია, სახლს აქვს დიდი ეზო ხეხილით და ყვავილებით. საცხოვრებელში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოა.
7.2.4. მ.ს–ძე დასაქმებულია შპს „ი–ი“, შპს „რ–ში“ და შპს „რ–ში“, მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ 2500-3000 ლარია.
7.2.5. გ.კ–ძე დასაქმებულია შპს „რ.წ–ში“ და მისი შემოსავალი შეადგენს ყოველთვიურად 1000 ლარს.
7.2.6. ვ.კ–ძე სარგებლობდა გ.კ–ძის სამსახურებრივი დაზღვევის ფარგლებში სს „ი.ე–ის“ მომსახურებით 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 ივნისის ჩათვლით, დაზღვევა გაუქმდა მ.ს–ძის სურვილით.
7.2.7. გ.კ–ძეს მ.ს–ძისთვის 2021 წლის მაისის თვიდან 2023 წლის ნოემბრამდე ჩარიცხული აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მამა ჩართულია ბავშვის საჭიროებების უზრუნველყოფაში.
7.2.8. გ.კ–ძეს აქტიური ურთიერთობა აქვს არასრულწლოვან შვილთან,
ბავშვს მამასთან ღამე დარჩენით ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს.
7.2.9. სოციალური მუშაკის დასკვნისა და ორგანოს წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა, თუმცა, წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ვინაიდან დედა გარკვეულწილად შიშობს ღამისთევით ბავშვის მამასთან დარჩენის საკითხთან მიმართებით, მხარს ვერ დაუჭერს ბავშვის 5 წლის ასაკამდე ღამე დარჩენას.
7.2.10. ბავშვს მამასთან კომუნიკაცია ხშირად აქვს, მათ შორის დადებითი და პოზიტიური ურთიერთობაა, მათ შორის ღამე დარჩენითაც. მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ მამა-შვილს აქვთ ღამით დამოუკიდებლად ურთიერთობის გამოცდილება და ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან, თუმცა, მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში ეს გამოცდილება შედარებით მწირია.
7.3. აპელანტმა ნაწილობრივ სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ შვილთან ურთიერთობისთვის განსაზღვრული წესი და გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ზამთრის და ზაფხულის არდადეგებზე ბავშვის მამასთან დარჩენის ნაწილში, აგრეთვე, დედის მ.ს–ძის საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლის შემთხვევაში, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის მთელ პერიოდზე მამის მიერ ბავშვის წაყვანისა და დედის საქართველოში დაბრუნების დღის მომდევნო დღეს 18:00 საათამდე ბავშვის უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
7.4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არ არსებობს არსებითი უთანხმოება და ისინი ინარჩუნებენ ნორმალურ, პოზიტიურ ურთიერთობას, რაც ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. მამა ხშირად ურთიერთობს შვილთან, მათ შორის ღამით დარჩენის გამოცდილებაც აქვთ, რაც არ უკავშირდება რაიმე რისკს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის და მხარეთა ურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა შვილთან ურთიერთობის არდადეგებზე — ზამთრის არდადეგების პირველ ნახევარში და ზაფხულში (ივნისის, ივლისის, აგვისტოს ბოლო კვირას) ბავშვის მამასთან ღამისთევით დარჩენის ჩათვლით. ეს გადაწყვეტა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ხელს უწყობს მამა-შვილის მყარი ემოციური კავშირის განმტკიცებას.
7.5. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დედის, მ.ს–ძის საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლის (მივლინების) შემთხვევაში, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის მთელ პერიოდზე მამის მიერ ბავშვის წაყვანისა და დედის საქართველოში დაბრუნების დღის მომდევნო დღეს 18:00 საათამდე ბავშვის უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებასთან მიმართებით, პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა, ვინაიდან თავად მხარეთა განმარტებით 2023 წლის 3 აპრილიდან (სარჩელის შეტანიდან) სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე პერიოდში დედა მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა მივლინებაში, ეს არ ატარებს სისტემატურ ხასიათს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მითითებულ პერიოდში (დედის მივლინებაში ყოფნის პერიოდში) შვილთან ურთიერთობის დამატებითი წესის განსაზღვრის აუცილებლობა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მოთხოვნა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა.
7.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელე მ.სხირტლაძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოითხოვა, გ.კ–ძეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 394-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მიიღო იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებული და ფაქტობრივად აღუსრულებელი გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა ურთიერთობის ხასიათი და მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რაც ორივე ინსტანციაში განხილვისას არაერთხელ იქნა ხაზგასმული. გარდა ამისა, 2025 წლის 15 ივლისს გ.კ–ძის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, კასატორზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რაც დამატებით ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული საფუძველი
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
12. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.
13. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
14. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესზე და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ დასაბუთებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა ურთიერთობის ხასიათი და მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, 2025 წლის 15 ივლისს გ.კ–ძის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, კასატორზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
15. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს;
16. სსკ-ის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
17. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე აღნიშნული კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.
18. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ (შემდეგში კონვენცია) შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.
19. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
20. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება, არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.).
22. ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
23. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვანის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands) (სუსგ Nას-198-2019, 28.05.2019წ.).
24. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა აღდგეს მამა-შვილს შორის ურთიერთობა. პალატა ყურადღებას ამახვილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციაზე, რომელმაც დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ხანგრძლივი დრო, ხოლო არასრულწლოვანი უკვე 5 წლისაა. მამასა და შვილს შორის ურთიერთობა ამ პერიოდის განმავლობაში პოზიტიურად შეიცვალა — დედის თანხმობით, გ. კ–ძემ ბავშვი დასასვენებლადაც წაიყვანა, და თავად დედაც ხელს არ უშლის მამისა და შვილის ურთიერთობას. ამასთან, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას, რომ ბავშვის განათლების პროცესი (სკოლაში დასწრება) სრულფასოვნად წარიმართოს და მას ხელი არ შეეშალოს (იხ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი 13:58:55-14:01:09). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელე შვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ის შემჩნეული არ არის ისეთ საქმიანობაში, რაც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის აღზრდასა და განვითარებას.
25. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მხრიდან წახალისებული ვერ იქნება არასრულწლოვანთან მიმართებაში მშობლების შეუთანხმებელი ქმედება. მამას შვილთან მიახლოება ან ურთიერთობა ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე აქტით არ შეზღუდვია. გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით არ არის გაბათილებული ის გარემოება, რომ მამასთან ყოფნისას ბავშვის მიმართ საფრთხისშემცველი ქცევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მამამ სამართლებრივად მიმართა სასამართლოს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის უფლების რეალიზაციის მიზნით, რაც მიუთითებს მის კეთილსინდისიერ ქცევასა და პასუხისმგებლობაზე.
26. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
27. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) – მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საქმე Nას-1302-2023) .
28. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს სრულად შეესაბამება და არ წარმოადგენს მისთვის საზიანო გარემოებას. პირიქით, არასრულწლოვანი შვილის მჭიდრო ურთიერთობა მამასთან აუცილებელია ბავშვის ნორმალური ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ურთიერთობის ფორმატი - ზამთრის არდადეგების პირველი ნახევარი და ზაფხულის არდადეგების ივნისის, ივლისის, აგვისტოს ბოლო კვირა (ბავშვის დედის საცხოვრებელი მისამართიდან წაყვანისა და დაბრუნების ვალდებულებით) - უზრუნველყოფს მამა-შვილს შორის ურთიერთობის ეტაპობრივ, თანმიმდევრულ და ემოციურად დამზოგავ ფორმით აღდგენას, რაც სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
29. პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ცალკე მცხოვრები შვილის მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა, ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (Kutzner v. Germany) (სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.).
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი