Facebook Twitter

საქმე №ას-89-2023 19 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე), ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2020 წლის 24 ოქტომბერს, სსიპ „ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა“ და შპს „ა–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1044 ხელშეკრულება სასტუმროს მომსახურების შესახებ. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 24 ოქტომბრიდან - 2020 წლის 24 ნოემბრამდე. 2020 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხის ინიციატივით, დამატებით გაფორმდა შეთანხმება №1044 ხელშეკრულების 2 3.3. პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც 3.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - მომსახურების გაწევის ვადა: პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“, ვინაიდან მოპასუხე ჰპირდებოდა შპს „ა–ს“, რომ უმოკლეს დროში სასტუმროში ჩაიყვანდა სტუმრებს, მოსარჩელე დათანხმდა შეცვლილ პირობებს.

2.2. 2020 წლის 13 ნოემბერს, შპს „ა–ს“ დაუკავშირდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი მ.ო–ძე და განუმარტა, რომ 2020 წლის 14 ნოემბრიდან აქტიურდებოდა სასტუმრო, ამიტომ, მომზადებულიყვნენ სტუმრების დასახვედრად. ასევე განუმარტა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საშუალოდ ყოველდღიურად შეიყვანდნენ 10-15 ახალ სტუმარს. ხსენებული შეტყობინების გაგზავნამდე, 2020 წლის 13 ნოემბრამდე, სასტუმრო ა–ი იყო დაკეტილი და არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, მოსარჩელეს არ უწევდა სხვადასხვა ხარჯების გადახდა, კერძოდ: თანამშრომლებისათვის ხელფასის, კომუნალური გადასახადების, სასტუმროს მოვლის და საკვები პროდუქტების ხარჯის გაღება. ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლები ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ 2020 წლის 14 ნოემბრიდან აქტიურდებოდა სასტუმრო და ყოველ დღე დაახლოებით 10-15 სტუმარს მიიყვანდნენ, მოსარჩელემ დაიწყო სტუმრების დასახვედრად მომზადება, ხელშეკრულების მოქმედების დაწყებაზე მიუთითებდა ასევე ისიც, რომ 2020 წლის 14 ნოემბერს, სასტუმროში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაიყვანა ექიმი, ექთანი და დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექციათ შემდგომში ჩასული სტუმრებისათვის.

2.3. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს მომსახურება უნდა გაეწია „COVID 19“ ვირუსის მსუბუქად მიმდინარე ფორმის პაციენტებისთვის, შპს „ა–ი“ იღებდა ვალდებულებას, რომ ყოფილიყო მუდამ მზადყოფნაში სტუმრების მისაღებად. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტით დეტალურად იყო განსაზღვრული სპეციალური პირობები და ღონისძიებები, რომელთა გატარებაც აუცილებელი იყო კოვიდ ინფიცირებული სტუმრების მისაღებად, მოსარჩელემ შეიძინა „COVID 19“-ის რეგულაციების დასაცავად საჭირო ნივთები (ერთჯერადი ჭურჭელი, კონტეინერები, შესაბამისი მოთხოვნილი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო მასალა (ქვიშა, ღორღი), ასევე სადეზინფექციო სითხე, სახლის მოვლის საშუალებები, საკვები და სასმელი პროდუქტები), სასტუმროს სავარაუდო დატვირთულობის შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაიყვანეს პერსონალი, რისთვისაც ასევე გარკვეული ხარჯების გაღება დასჭირდათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, მოაწყო გამოყენებული სამედიცინო ნარჩენების გასატანად საჭირო სპეციალური მახასიათებლების მქონე ნაგავსაყრელი, რისთვისაც დასჭირდათ ხელოსნის დაქირავება. ასევე მოსარჩელეს მოუწია გაეზარდა ხელფასი თავისი თანამშრომლებისათვის, რადგან მათ მოუწევდათ მუშაობა რისკ ზონაში - კოვიდ ინფიცირებულებთან. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიადგა მატერიალური ზიანი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, 2020 წლის 28 ოქტომბერს №1044 ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 დღეში მიმართა შპს „ა–ს“ და მხარეთა 2020 წლის 28 ოქტომბრის №1044-1 შეთანხმების თანახმად, 1044 ხელშეკრულების 3.3. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.3. მომსახურების გაწევის ვადა: პირველი სტუმრის შემოსვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“. შესაბამისად, მომსახურების გაწევის ვადის ათვლა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც სასტუმროში განთავსდებოდა პირველი კოვიდინფიცირებული სტუმარი, შესაბამისად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება პირობით გარიგებად გარდაიქმნა.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა არ დამდგარა ქვეყანაში არსებული ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი ეპიდემიური სიტუაციის გამო. შესაბამისად ვინაიდან სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტების შეყვანა არ მომხდარა, განხორციელებულად ვერ მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა, და ვერც ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობოდა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

3.4. მოპასუხის მტკიცებით, სარჩელში მითითებული თანხების დაკისრება დასპონსორების მოთხოვნას ემსგავსება, რადგან სასტუმრო ითხოვს ისეთი ხარჯების ანაზღაურებას, რისი უზრუნველყოფაც თავად მისი საქმიანობიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, პროდუქტის მარაგის შევსება, შესაბამისი საქმიანობის ნივთების შეძენა და სამშენებლო სამუშაოებისა და თიხა-ღორღის შეძენა, სრულიად სცილდება ადმინისტრაციის მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას.

3.5. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებას, რომ სასტუმრომ ვერ მიიღო სტუმრები იმის გამო, რომ მას ხელშეკრულების პირველი ნაწილის „ი“ პუნქტით ეკრძალებოდა სხვა პირების შენობაში შეშვება. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული წარმოადგენდა წინასწარ სრულიად განჭვრეტად რისკს, რომ შესაძლებელი იყო გამოჩენილიყვნენ სასტუმროში განთავსების სხვა მსურველები, რომლებიც სასტუმროს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადაიხდიდნენ თუნდაც №1044 ხელშეკრულებით შეთანხმებულ, ფიქსირებულ ტარიფზე მეტს, რაც არ გულისხმობდა, რომ რაიმე მსგავსი შემთხვევის ანაზღაურება დაევალებოდა ადმინისტრაციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სახელშეკრულებო რისკს და მოსარჩელე მხარემ საკუთარი ნებით შეიბოჭა თავი ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით იმ პერიოდში, როდესაც ეპიდვითარების ფონზე სრულიად არაპროგნოზირებადი და წინასწარ განუჭვრეტელი იყო მთელი რიგი მოვლენების განვითარება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა შპს „ა–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს“ შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სასტუმროს დაუკავებელი ნომრების ღირებულების - 7755 ლარისა და მიყენებული ზიანის - 24 953.75 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია მასზედ, რომ 2020 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხის ინიციატივით, დამატებით გაფორმებული შეთანხმება №1044 პირობით გარიგებას წარმოადგენდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა სადავო ხელშეკრულების პირობით გარიგებად დაკვალიფიცირებისათვის სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების მხარეები განსხვავებულად განმარტავდნენ შეთანხმებაში გამოხატულ ნებას (მომსახურების გაწევის ვადა: პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“), შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო მხარეთა მიერ შეთანხმებაში გამოვლენილი ნების სწორი განმარტების აუცილებლობა.

5.3. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი და მიიჩნია, რომ სადავო პირობა, რომლის მიხედვითაც მხარეებმა მომსახურების გაწევის პერიოდად განსაზღვრეს „პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“, არაგონივრულია და დაუშვებელია განმარტებულიყო იმგვარად, რომ თითქოსდა მოპასუხის (შემსყიდველს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდებოდა სასტუმროს მიერ პირველი კოვიდინფიცირებული ვიზიტორის მიღებას. სასამართლოს აზრით, სადავო პირობის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების საერთო ტექსტსა და გონივრულობის სტანდარტს. საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად პალატამ დაასკვნა, რომ მხარეებმა დააზუსტეს მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2020 წლის 24 ოქტომბრისა, განსაზღვრეს 2020 წლის 28 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე 28 ოქტომბრიდან სასტუმრო ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო ვიზიტორების მისაღებად, ანუ მოსარჩელეს 2020 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, უკვე უნდა ჰქონოდა გაწეული ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო სასტუმროს მოსაწყობად ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, რის შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ“, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მოიხმობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ არასწორად უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 90-ე, 92-ე, 93-ე მუხლები და არასწორად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არ გარდაქმნილა პირობით გარიგებად. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის არამიზნობრივი გამოყენებით, სრულიად არარელევანტური შეფასება მისცა მხარეთა მიერ 2020 წლის 28 ნოემბერს გამოვლენილ ნებას, ვინაიდან ნების გამოვლენის ნაკლი სადავოდ არ გამხდარა თავად შპს „ა–ის“ მხრიდანაც კი.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხის ინიციატივით, დამატებით გაფორმდა შეთანხმება №1044 ხელშეკრულების 2 3.3. პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც 3.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - მომსახურების გაწევის ვადა: პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“, რაც წარმოადგენდა პირობადადებული გარიგებას. ამ ტიპის გარიგების ძალაში შესვლა დაუკავშირდა კონკრეტულ პირობას - პირველი პაციენტის სასტუმროში შეყვანას, რაც არ დამდგარა. კასატორის მითითებით, პირობითი გარიგების დადება, თავისთავად გულისხმობს გარკვეულ რისკებს ხელშეკრულების მხარეებისათვის და როდესაც მხარეები ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმდებიან და საკუთარი ნებით იბოჭებიან ხელშეკრულების პირობებით, ცხადია, რომ ისინი აცნობიერებენ კიდეც გარკვეულ რისკებს და გამოხატავენ ნებას, მიუხედავად რისკებისა დადონ ხელშეკრულება. კასატორი აქვე უთითებს, რომ ხელშეკრულების დადებიდან ოთხ დღეში დოკუმენტში ცვლილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ქვეყანაში არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური გარემო იყო, ხელშეკრულების დადების შემდეგ კასატორისთვის ცალსახა გახდა, რომ ვერ იტვირთებოდა საკარანტინე სივრცედ გამოყოფილი სასტუმროები, ამიტომ მოხდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება და ხარჯების ანაზღაურების წინაპირობად განისაზღვრა - სასტუმროში პირველი კოვიდ პაციენტის განთავსების ფაქტი.

6.3. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ დასახელებულ იმ გარემოებასაც, რომ სასტუმრომ ვერ მიიღო სტუმრები იმის გამო, რომ მას ხელშეკრულების 1-ლი ნაწილის „ი“ პუნქტით ეკრძალებოდა სხვა პირების შენობაში შეშვება, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა წინასწარ სრულიად განჭვრეტად რისკს, რომ შესაძლებელი იყო გამოჩენილიყვნენ სასტუმროში განთავსების სხვა მსურველები, რომლებიც სასტუმროს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადაიხდიდნენ თუნდაც №1044 ხელშეკრულებით შეთანხმებულ, ფიქსირებულ ტარიფზე მეტს, რაც არ გულისხმობს რომ რაიმე მსგავსი შემთხვევის ანაზღაურება დაევალებოდა ადმინისტრაციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სახელშეკრულებო რისკს და მოსარჩელე მხარემ საკუთარი ნებით შეიბოჭა თავი ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით იმ პერიოდში, როდესაც ეპიდვითარების ფონზე სრულიად არაპროგნოზირებადი და წინასწარ განუჭვრეტელი იყო მთელი რიგი მოვლენების განვითარება.

6.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხარჯები, რაც თითქოს გამყარებულია მტკიცებულებებით გარკვეულწილად დასპონსორების მოთხოვნას ჰგავს, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს არ უკისრია. სახელდობრ, მოსარჩელე მოითხოვდა სრულიად არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს, როგორებიცაა: მალფუჭებადი პროდუქტის შეძენის, დასასუფთავებელი ნივთიერებების, მზარეულისა და სხვა მომსახურე პერსონალის დაქირავებისთვის გადახდილი თანხები, ქვიშა ღორღის შეძენისა და ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად შეძენილი სხვადასხვა აღჭურვილობა. კასატორი მიიჩნევს, რომ ხსენებული ხარჯის გაღება არ არის კავშირში ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე მოსარჩელეს უნდა შეეფასებინა სასტუმროს მზაობა სახელშეკრულებო დებულებებთან და ასეთის არარსებობის შემთხვევაში არ უნდა მიეღო სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის გადაწყვეტილება. კასატორის მტკიცებით,ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროსთვის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო სტუმრების მიღების შედეგად წარმოშობილი ფიქსირებული ტარიფების და რაციონალური დასაბუთებული და მიზნობრივი ხარჯები, როგორიცაა დაცვისა და ექიმთა სასტუმროში ყოფნისა და კვების ხარჯები, რაც აუნაზღაურდა კიდეც სასტუმროს.

6.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომლის თანახმადაც მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ზიანის ოდენობის შესახებ. ამის საწინააღმდეგოდ კასატორი უთითებს, რომ შესაგებელში შედავებულია ხარჯების გაწევის მიზნობრიობა, რის გამოც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნილი ხარჯი - 24 953,75 დააკვალიფიცირა არამიზნობრივად და უარი განაცხადა მის ანაზღაურებაზე.

6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2020 წლის 24 ოქტომბერს, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შპს „ა–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1044 ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო სასტუმროს მომსახურება (საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე ზონებში განთავსება). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 125 440 ლარით. მომსახურების გაწევის ვადად - 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. მომსახურების გაწევის ადგილად - დაბა ბ–ნი, სასტუმრო „ა. ბ–ნი“;

- 2020 წლის 28 ოქტომბრის №1044-1 შეთანხმებით სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შპს „ა–ს“ შორის 2020 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული №1044 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და 1) ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „3.3. მომსახურების გაწევის ვადაა: პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“. 2) შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი: 2020 წლის 28 ოქტომბერი; შეთანხმება მიჩნეული იქნა 2020 წლის 24 ოქტომბრის №1044 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;

- 2020 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული №1044 ხელშეკრულების მე-4 მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შპს „ა–ს“ უნდა შეეწყვიტა იდენტური მომსახურების გაწევა სხვა პირებისათვის, არ დაეშვა მესამე პირების შესვლა სასტუმროს შენობაში, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები პირებისა და მომსახურების გამწევი სასტუმროს პერსონალისა;

- ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა როგორც მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

- ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მათ შორის: - უზრუნველეყო ინდივიდუალური გათბობის სისტემა და არა საერთო კონდიცირების სისტემა; - უზრუნველეყო სტუმრები სამჯერადი კვებით. საკვები უნდა მიწოდებულიყო ერთჯერადი კონტეინერებით... ასევე მიმწოდებელი ვალდებული იყო ნაგვის (საჭმლის ნარჩენები და ა.შ) გაეტანა ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში. მასვე უნდა უზრუნველეყო სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დახმარების ჯგუფის სამჯერადი კვება; - სასტუმროში განთავსებისას ყოველი ახალი შემოსული პირისათვის დაეხვედრებინა თერმომეტრი, ელექტრო ჩაიდანი, ჭიქები და კოვზები, ჩაი, ყავა, შაქარი, ასევე, დღეში ორი ბოთლი წყალი ერთ პირზე; - უზრუნველეყო სასტუმროს ოთახების და სხვა სივრცეების დეზინფექცია; - ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეეწყვიტა იდენტური მომსახურების გაწევა სხვა პირებისათვის, არ დაეშვა მესამე პირების შესვლა სასტუმროს შენობაში;

- ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასტუმროს მომსახურების, კერძოდ სასტუმროს ნომრის ღირებულება გადახდილი იქნებოდა გამოყენებული ოთახების სრული ღირებულების შესაბამისად, ვინაიდან სასტუმროს მომსახურება უნდა გაეწია კოვიდ 19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტებისათვის და რთული იყო სასტუმრო ოთახების დატვირთვის წინასწარი პროგნოზირება, ამასთან საკარანტინე დაწესებულება (სასტუმრო) მუდმივ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო ახალი ნაკადის მისაღებად, უნდა აენაზღაურებინა გამოუყენებელი სასტუმროს ოთახების ღირებულების 50%;

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვებისა და დეზინფექციის თანხის ანაზღაურება მოხდებოდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად (8.4);

- ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო შეიძლებოდა შეფერხებულიყო ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ;

- ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ მომსახურების მიღება წარმოებდა მიღება-ჩაბარების აქტის სახით, მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ფორმით, მხარეთა 5 უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელისმოწერით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების დადებითი დასკვნის საფუძველზე;

- 2020 წლის 6 ნოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების №1044-1 აქტის თანახმად, 2020 წლის 24 ოქტომბრის №1044 ხელშეკრულების შესაბამისად, „მიმწოდებელმა“ შპს „ა–მა“ ჩააბარა და „შემსყიდველმა“ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო სასტუმროს მომსახურება ღირებულებით - 5 625 ლარი;

- 2020 წლის 24 ნოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების №1044-2 აქტის თანახმად, 2020 წლის 24 ოქტომბრის №1044 ხელშეკრულების შესაბამისად, „მიმწოდებელმა“ შპს „ა–მა“ ჩააბარა და „შემსყიდველმა“ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო სასტუმროს მომსახურება, ღირებულებით - 928 ლარი;

- 2021 წლის 25 მარტს შპს „ა–მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის ხელშეკრულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის (გაწეული ხარჯის, სასტუმროს ნომრების ღირებულების და მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მოდავე მხარეთა შორის დადებული ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების შემდგომ, 2020 წლის 28 ოქტომბერს დადებული შეთანხმების სამართლებრივი ბუნების შეფასება და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერება.

12. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მიკუთვნებითი ხასიათისაა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2020 წლის 24 ოქტომბერს ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება კანონიერად დაეკისრა მოპასუხეს, მაშინ როდესაც, კასატორი მიიჩნევს, რომ ძირითადი ხელშეკრულების დადებიდან ოთხ დღეში, 2020 წლის 28 ოქტომბერს დაიდო პირობითი გარიგება, რომლის თანახმადაც ძირითადი ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხების ანაზღაურების შესაძლებლობა დაუკავშირდა სასტუმროში პირველი კოვიდ პაციენტის განთავსების ფაქტს, რაც არ მომხდარა, შესაბამისად არ არსებობდა სადავო ხარჯების ანაზღაურების საფუძველი. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება). 409-ე და (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) 411-ე მუხლები (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო).

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების თაობაზე, რომლის შედეგადაც 2020 წლის 28 ოქტომბერს დადებული შეთანხმებით, თითქოს მხარეთა შორის 2020 წლის 24 ოქტომბერს დადებული გარიგება გარდაიქმნა პირობით გარიგებად. უპირველესად აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში და მბოჭავი გახდა კერძო სამართლის სუბიექტებისთვის, ძალაში მყოფი ხელშეკრულების ამოქმედების მომავალში გადადების შესაძლებლობას კი, სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, ვინაიდან პირობა - ხელშეკრულების ამოქმედება, უკვე დამდგარი იყო და მასზე სამომავლო შეთანხმება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით კი, თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია. სამართლის ლიტერატურაში აღიარებული მიდგომების თანახმად, მოვლენა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითი გარიგების პირობად, თუკი იგი ობიექტურადაც და მხარეთა წარმოდგენითაც უცნობია. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის პირობა განსხვავდება „ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისაგან“, რომელშიც საუბარია ხელშეკრულების ცალკეულ დებულებებზე, რომელთა შინაარსი მხარეებისათვის ცნობილია და არ წარმოადგენს უცნობ ან სამომავლო გარემოებებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, https://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-civil_code_comm_I_Book.pdf). საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 28 ოქტომბრის №1044-1 შეთანხმებით სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შპს „ა–ს“ შორის 2020 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული №1044 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და 1) ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „3.3. მომსახურების გაწევის ვადაა: პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“. 2) შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი: 2020 წლის 28 ოქტომბერი; შეთანხმება მიჩნეული იქნა 2020 წლის 24 ოქტომბრის №1044 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება არ აკმაყოფილებს კანონით პირობითი გარიგების ნამდვილობისთვის დადგენილ სტანდარტს. კერძოდ, სადავო პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ხელშეკრულების დადების ეტაპზე, სრულიად ნათელი იყო, რომ საჭირო საკარანტინე სივრცეების წინასწარ ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა, ამას არც კასატორი უარყოფს. მეტიც, სახელმწიფოს მიერ საკარანტინე სივრცეების პოტენციური გამოყოფა ხდებოდა მისთვის კონსტიტუციის მე-15 და 37-ე მუხლებით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. შესაბამისად 2020 წლის 24 ოქტომბერს, ხელშეკრულების დადებისას, სახელმწიფოსთვის ისედაც იყო ცნობილი, რომ საკარანტინე სივრცეების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ დღეში გახდა ცნობილი მისთვის კოვიდინფექციის რადიკალური კლების თუ ელიმინაციის თაობაზე ანდა ამგვარი პერსპექტივის შექმნის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შეთანხმების კასატორისმიერი განმარტება, რომლის მიხედვითაც 28 ოქტომბრის შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების დაწყებას და შესაბამისი თანხების ანაზღაურებას სასტუმროში პირველი კოვიდ პაციენტის შესვლას უკავშირებდა, წარმოადგენს არა მხარეთათვის ობიექტურად უცნობ გარემოებას, არამედ ხელშეკრულების არსებით პირობას (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი), რომელზე შეთანხმებაც სავალდებულო იყო 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ვალიდურობისთვის.

14. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, 2020 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების კასატორისეული განმარტება ბუნდოვანია, ეწინააღმდეგება, როგორც ხელშეკრულების არსს ასევე, მოწინააღმდეგე მხარის აღქმასაც, ამიტომ, მართებულად აღინიშნა, რომ იგი საჭიროებდა 52-ე მუხლის შესაბამისად განმარტებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შეფასებისთვის, მისი სადავოობისას, გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (შდრ. იხ. სუსგ. Nას-574-2021, 09/09/2021 წ.)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ).

ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება მასზედ, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ იმ მსჯელობას, რომ სადავო პირობა, რომლის მიხედვითაც მხარეებმა მომსახურების გაწევის პერიოდად განსაზღვრეს „პირველი სტუმრის შესვლიდან - 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით“, არაგონივრულია და დაუშვებელია განიმარტოს იმგვარად, რომ თითქოსდა მოპასუხის (შემსყიდველს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდებოდა სასტუმროს მიერ პირველი კოვიდინფიცირებული ვიზიტორის მიღებას. სადავო პირობის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების საერთო ტექსტს და გონივრულობის სტანდარტს. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის ის დასკვნაც, რომ სადავო პირობის, ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტისა („შეთანხმება ძალაში შედის 2020 წლის 28 ოქტომბერს“) და 2020 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხარეებმა დააზუსტეს მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2020 წლის 24 ოქტომბრისა, განსაზღვრეს 2020 წლის 28 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე 28 ოქტომბრიდან სასტუმრო ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო ვიზიტორების მისაღებად, ანუ მოსარჩელეს 2020 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, უკვე უნდა ჰქონოდა გაწეული ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო სასტუმროს მოსაწყობად ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და სატენდერო პირობების შესაბამისად. სწორედ აღნიშნული შეთანხმების კონკლუდენტურ თანხმობად უნდა მიჩნეულიყო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეული ხარჯები. ამ გარემოებასვე მოწმობს ის ფაქტიც, რომ სასტუმროს საკარანტინე ზონად განსაზღვრამდე სასტუმრო დაკეტილი იყო და სატენდერო შეთავაზების მიღებიდან მოკლე დროში მოუწია კოვიდინფიცირებულების მიღებისათვის საჭირო გარემოს მოწყობა.

15. ზემოაღნიშნულის მსგავსად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ შედავებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, თითქოს მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ზიანის ოდენობის შესახებ. ამის საწინააღმდეგოდ კასატორი უთითებს, რომ შესაგებელში შედავებულია ხარჯების გაწევის მიზნობრიობა, რის გამოც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნილი ხარჯი - 24 953,75 დააკვალიფიცირა არამიზნობრივად და უარი განაცხადა მის ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის სტადიაზე შედავებულია გაწეული ხარჯის მიზნობრიობა და არა ოდენობა, კერძოდ, მოპასუხე მოთხოვნილ თანხას მის ასანაზღაურებლად არ მიიჩნევდა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფოსთვის დასპონსორების მოთხოვნასთან აიგივებდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საკასაციო პალატამაც გაიზიარა, რომ 28 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება, მიემართებოდა არა თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღების შემდგომ, არამედ განსაზღვრავდა მოსარჩელის ვალდებულებას 28 ოქტომბრისთვის, სასტუმროს უკვე უნდა ჰქონოდა გაწეული ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო სასტუმროს მოსაწყობად ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და სატენდერო პირობების შესაბამისად (2020 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად), გაწეული ხარჯების მიზნობრიობაც ხელშეკრულების შესაბამისად გაწეულად ჩაითვალა, რაც მისი ოდენობის შეუდავებლობის პირობებში, მართებულად გახდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

16. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 385-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 16.03.2023წ. №01164 საგადახდო დავალებით გადახდილი 1635,44 ლარის 70% - 1144,80 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი