Facebook Twitter

№ას-861-2024

13 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ჯ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 1990 წლიდან მოსარჩელის სარგებლობაში არსებული 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. ბათუმი, ......... და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელ სახლთან ერთად სულ 797 კვ.მ.) ღირებულების - 5158000 ლარის დაკისრება.

1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

3.1. მ.ჯ–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის N36 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ჯ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება. მ.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის N36 საოქმო გადაწყვეტილება მ.ჯ–ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში: „დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს - ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.ჯ–ის განცხადებასთან დაკავშირებით“.

3.3. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 07 ოქტომბრის N14 საოქმო გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა განსახილველი მიწის ნაკვეთის შპს „ა–ოს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ვინაიდან შპს „ა–ოს“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო სახელმწიფო, კომისიის გადაწყვეტილებით აღიარების მოთხოვნა ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2. მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესს.

3.4. მ.ჯ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2011 წლის 7 ოქტომბრის N14 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე მ.ჯ–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში და მოპასუხის მიერ განცხადების ხელახლა კანონიერად განხილვა და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

3.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, მ.ჯ–ის სარჩელი, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირების, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა–ოს“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების დავალდებულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.

3.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. მ.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2011 წლის 07 ოქტომბრის N14 საოქმო გადაწყვეტილება - დაევალა თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებლ მუდმივმოქმედ კომისიას კანონით დადგენილ ვადაში (რომელიც აითვალა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გასცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) მ.ჯ–ის განცხადებასთან დაკავშირებით.

3.7. სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 სექტემბრის N29 საოქმო გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა საქმეში არსებული დოკუმენტები, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რითაც დადგინდა, რომ განსახილველი 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია 2008 წელს შპს „ა–ოს“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. ასევე, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება შპს ,,ა–ოს“ საკუთრების უფლებით, განხორციელდა 2008 წლის 15 მაისს.

3.8. ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლის 1992 წლის 06 აგვისტოს N259 განკარგულებით, დაბა ხელვაჩაურში „ს–ის“ ბათუმის N5 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სარგებლობაში არსებული ტერიტორიიდან 2.1 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს. ამავე განკარგულებით, 2.1 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0.5 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს „ჯ–ას“. მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 0.5 ჰა მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს „ჯ–ას“ საკუთრების უფლება. შპს „ა–ოს“ განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვით, შპს „ჯ–აზე“ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები ირიცხებოდა შპს „ა–ოს“ ბალანსზე და ის როგორც დაინტერესებული პირი არ იქნა ჩაბმული სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „ჯ–ას“ საკუთრების უფლების დარეგისტრირების დავალების შესახებ და განახლდა საქმის წარმოება. საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ჯ–ას“ მოთხოვნა, რაც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „ა–ო“ არის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის აჭარის ტერიტორიული სახაზინო საწარმოს სამართალმემკვიდრე, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს მიერ ამავე სახაზინო საწარმოს ქონების ბაზაზე და 2000 წლის მდგომარეობით, განსახილველ 0.5 ჰა მიწის ნაკვეთზე ფლობდა უძრავ ქონებას. სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლოს 2008 წლის 01 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ა–ოს“ განცხადება და ყადაღა მოეხსნა მის ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებს. 2008 წლის 15 მაისს კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განსახილველ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობებზე დარეგისტრირდა შპს „ა–ოს“ საკუთრების უფლება.

3.9. შპს „ა–ოს“ სახელზე 2017 წლის 23 მარტის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება ......, დაზუსტებული ფართობი 7431 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N......... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, დამოწმების თარიღი 12.12.2017; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვა, დამოწმების თარიღი 12.02.2008 და ბრძანება N376, დამოწმების თარიღი 18.05.2010; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დამოწმების თარიღი 19.06.2007; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინება, დამოწმების თარიღი 10.04.2006.

3.10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი: ერთსართულიანი შენობა, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, საკუთარი თანხებით ააშენა და მას განაგებს მ.ჯ–ი.

3.11. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად სასამართლოს შეეძლო დაედგინა არა ნივთზე პირის უშუალოდ საკუთრების უფლება და ფაქტობრივი ფლობა, არამედ ის, რომ განმცხადებელს გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაიკარგა, ხოლო ჩანაწერები მარეგისტრირებელ ორგანოში გარკვეული მიზეზების გამოგანადგურებულია. ამასთან, სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ.ჯ–ის მიერ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება განხორციელდა უკანონოდ და იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში.

3.12. მ.ჯ–ის მიერ მოთხოვნილი, ......ს დასახლებაში მდებარე 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 678 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის N01-01-3/353 ბრძანების საფუძველზე შპს „ა–ოს“ საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი იქნა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრების უფლებით. შემდგომ აღნიშნული უძრავი ქონება აჭარის ა/რ მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის N133 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია ექცევა ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში.

3.13. მ.ჯ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ოს“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 18 მაისის N376 ბრძანების ბათილად ცნობა, მ.ჯ–ისა და მისი ოჯახის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, წარმოდგენილი საკადასტრო რუკის შესაბამისად.

3.14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით, მ.ჯ–ის სარჩელი, შპს „ა–ოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, შპს „ა–ოს“ აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ......ს დასახლებაში მდებარე 7431.00 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N.........), 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისება.

3.15. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხილულ იქნა მ.ჯ–ის 2018 წლის 23 ივლისის N22668/25 განცხადება, საკუთრების აღიარების კომისიის 2011 წლის 07 ოქტომბრის N14 საოქმო გადაწყვეტილების (მ.ჯ–ის ნაწილში) ბათილად ცნობის და კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. მიწის დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, 28 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა და 678 კვ.მ. ავტოფარეხის ტიპის შენობები. ამასთან, დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული მითითებული ტექნიკური ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტებს, რომელზეც არ დასტურდება ფიზიკური პირის მიერ სარგებლობა და რაიმე სახით გამოყენება. აგრეთვე, დადგინდა, რომ არ არსებობს მოთხოვნილი 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ სარგებლობის და თვითნებურად დაკავების ფაქტი. 2019 წლის 17 მაისის N16 ოქმის საფუძველზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გადაწყვიტა: 1. ცნობად იქნა მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 07 ოქტომბრის N14 საოქმო გადაწყვეტილება მ.ჯ–ის ნაწილში და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; 2. მ.ჯ–ს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ......ს დასახლებაში, მდებარე 3385 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

3.16. მ.ჯ–მა 2019 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 4 ივნისის N378 განკარგულების და 2019 წლის 17 მაისის N16 ოქმის ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქალაქ ბათუმში, ......ს დასახლებაში მდებარე 3385 კვ.მ. ფართის უძრავ ქონებაზე, მ.ჯ–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (საკადასტრო რუკის შესაბამისად). მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

3.17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, მ.ჯ–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, ......ს დასახლებაში მდებარე 3385 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N..........) გასხვისება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინება სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ N.........) გასხვისების აკრძალვის შესახებ.

3.19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ.ჯ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე - ქ. ბათუმი, დასახლება ......, ს/კ N......., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3385 კვ.მ. ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 678.02 კვ.მ.) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

3.20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 07 აპრილის განჩინებით, მ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე. 2021 წლის 15 ივლისს მოსარჩელე მ.ჯ–ი და მისი ოჯახის წევრები გამოასახლეს დაკავებული საცხოვრებელი ფართიდან, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, დასახლება ......, ს/კ N...........

3.21. ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ N.........) და მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმი, ............ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და ვერ ხერხდება მისი ანაზღაურება. აზიის განვითარების ბანკის არა ნებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების აღდგენისთვის განისაზღვრა მინიმალური საცხოვრებელი ფართი, კერძოდ, მიწის ნაკვეთი - 400 კვ.მ., რომლის სამართლიანი ღირებულების დადგენისათვის, დეპარტამენტმა დაიქირავა აუდიტორული კომპანია - შპს „კ.ჯ. - ვ. ე.ე–რი“. შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების აღდგენისათვის, მ.ჯ–ისთვის, მინიმალური საცხოვრებელი მიწის ნაკვეთის 400 კვ.მ. ღირებულების ანაზღაურება განხორციელდა აღნიშნული აუდიტორული კომპანიის მიერ 2021 წლის 7 აპრილის მდგომარეობით მომზადებულ დასკვნაში მითითებული ღირებულებით. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროცედურების საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს შესთავაზა სათანადო ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისი სამართლიანი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება 232 681.28 ლარის ოდენობით (შენობა-ნაგებობის, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების, ადგილმონაცვლეობის და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციის ჩათვლით). ვინაიდან არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელემ უარი განაცხადა სამართლიანი საკომპენსაციო ღირებულების მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებაზე, მითითებული საკომპენსაციო თანხის - 232 681.28 ლარის დეპონირება განხორციელდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე; ამასთან, დეპარტამენტმა სრულად განახორციელა მოსარჩელისთვის დროებით საცხოვრებელი ფართის, ქირის თანხის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად - ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მ.ჯ–მა მიიღო მოპასუხე მხარის მიერ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საკომპენსაციო თანხა 232 681.28 ლარის ოდენობით.

3.22. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის - შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გ–ის“ მიერ შედგა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (ასევე შეფასების ანგარიში), რომლის შესაბამისად ხდება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო ღირებულებების ანაზღაურება. თითოეული უძრავი ქონების შეფასება ხდება ინდივიდუალურად, უძრავი ქონების მახასიათებლებისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

3.23. მოსარჩელე მ.ჯ–ი და მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის მუდმივ საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ბათუმი, ........

3.24. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, არ დასტურდებოდა მ.ჯ–ისათვის 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 797 კვ.მ. შენობა-ნაგებობების (მდებარე ბათუმი, .........) ღირებულების სახით, მოპასუხის მხრიდან კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

6.2. პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე.

6.3. პალატის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დგინდებოდა, რომ მიუხედავად არაერთხელ მოთხოვნის წარდგენისა, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული მ.ჯ–ის მოთხოვნა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისა, ხოლო მოცემულ ეტაპზე, მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრებული ქონდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 4 ივნისის N378 განკარგულება და 2019 წლის 17 მაისის N16 ოქმი და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, უდავო იყო, რომ მოსარჩელე მხარეს სადავო ქონებაზე (3385 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში) საკუთრება არ უდასტურდება. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შესაბამისი წესით არ მომხდარა მოსარჩელისათვის, როგორც თვითნებურ სარგებლობაში არსებული დაურეგისტრირებელი ფართის მფლობელის სტატუსის მინიჭება დადგენილი წესით, რის გამოც მოსარჩელე არ იქნა შეტანილი იმ მოსახლეობის სიაში, რომლითაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია. მოპასუხე მხარემ იმ მოსახლეობას აუნაზღაურა ხარჯები, რომლებიც ფიქსირდებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაცემულ სიაში. არც ერთი მხარის მიერ აღნიშნული სია წარმოდგენილი არ ყოფილა განსახილველ საქმეში, თუმცა ცალსახა იყო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალდებულების შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აანაზღაურებდა მოსარჩელის, როგორც თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ ფართის მფლობელის კომპენსაციასაც. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მ.ჯ–ი წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულების საფუძველზე, კომპენსაციის მიმღებ უფლებამოსილ პირს.

6.4. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდებოდა სადავო გარემოება - გააჩნდა, თუ არა მოსარჩელეს, როგორც თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელს ხარჯების მოთხოვნის უფლება. მოწმეთა ჩვენებაში გადმოცემული ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ შენობაში, მხარეთა შორის სადავო არ იყო. თუმცა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მფლობელის სტატუსი, არ შეიძლება დადასტურებულიყო მოწმეთა ჩვენებით, ვინაიდან ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს.

6.5. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება შპს „ა–ოს“ დირექტორის და ყოფილი დირექტორის წერილებთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილია შპს „ა–ოს“ დირექტორის რ.ლ–ძის 2017 წლის 25 ივლისის და ყოფილი დირექტორის ვ.ც–ძის 2017 წლის 01 აგვისტოს წერილები, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმში, ....... მდებარე 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ირიცხება შპს „ა–ოზე“, მაგრამ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთით შპს „ა–ო“ ვერ სარგებლობდა და ვერ სარგებლობს, ვინაიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1991 წლიდან დაკავებული აქვს მ.ჯ–ს. მას აშენებული აქვს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. პალატის მითითებით, მხარეთა შორის არ იყო სადავო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ ფართში. თუმცა, მოცემული სამოქალაქო საქმის ფარგლებში სარწმუნოდ და უდავოდ არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან თვითნებურ სარგებლობაში მოქცეული დაურეგისტრირებელი ფართობის მოსარგებლეს. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურებულიყო საქმეში წარმოდგენილი შპს „ა–ოს“ წერილებით, სადაც აღნიშნულია მხოლოდ ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში მესაკუთრე ვერ სარგებლობს საკუთრებაში არსებული ფართით, ვინაიდან აღნიშნული ფართი ფაქტობრივად დაკავებული აქვს მ.ჯ–ს და მის ოჯახს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული აქტებითა და შპს „ა–ოს“ დირექტორების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით უდავოდ დადგენილი და დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მთლიანად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად და შპს „ა–ოს“ არასდროს უსარგებლია ამ მიწის ნაკვეთით. მოგვიანებით, შპს „ა–ოს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხსენებულ მიწის ნაკვეთზე კი, ატარებდა ფორმალურ ხასიათს.

9.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 04 ივნისის N378 განკარგულება და 2019 წლის 17 მაისის N16 ოქმი. კასატორს არ ესაჭიროებოდა ხსენებული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში, მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით. მითითებული განკარგულება კი არ ავალდებულებს მხარეს ხსენებული სტატუსის მოპოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.

16. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

17. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).

23. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებდა სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. მ.ჯ–ი აღნიშნავდა, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთზე მის მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში 30 წელზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობდა და მიიჩნევდა, რომ საკომპენსაციო თანხა ეკუთვნოდა მის მიერ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დაკავებული 3383 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (797 კვ.მ.) მიხედვით. მოსარჩელე ასანაზღაურებელი 1 კვ.მ. საბაზრო ღირებულების დაანგარიშებისას მიუთითებდა მის მეზობლად სხვა პირებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და მათთვის გადახდილ სარეაბილიტაციო თუ სხვა ხარჯების ოდენობაზე.

27. საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული აქტებითა და შპს „ა–ოს“ დირექტორების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით უდავოდ დადგენილი და დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მთლიანად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად.

28. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ N.........) და მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმი, ……….. ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და ვერ ხერხდება მისი ანაზღაურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროცედურების საფუძველზე მოსარჩელეს შესთავაზა სათანადო ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება, რაც მოიცავს შენობა-ნაგებობების და მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების, ადგილმონაცვლეობის და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციას, ჯამში 232 681.28 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარემ მითითებული თანხის მიღებასა და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა არ განაცხადა. მითითებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის პრეტენზია საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე არაერთხელ იქნა განხილული როგორც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ასევე, სასამართლო დავა მიმდინარეობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შპს „ჯ–ასთან“. დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხილულ იქნა მ.ჯ–ის 2018 წლის 23 ივლისის N22668/25 განცხადება, საკუთრების აღიარების კომისიის 2011 წლის 07 ოქტომბრის N14 საოქმო გადაწყვეტილების (მ.ჯ–ის ნაწილში) ბათილად ცნობის და კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. ამ წარმოების ფარგლებში და საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მ.ჯ–ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომელიც დაკავებული იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილის შექმნილი საწარმოს - შპს „ა–ოს“ ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებით, რაც დარეგისტრირდა შპს „ა–ოს“ სახელზე. ასევე, სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ.ჯ–ის მიერ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება განხორციელდა უკანონოდ და იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელე მ.ჯ–ის მიერ მოთხოვნილი, ......ს დასახლებაში მდებარე 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის N01-01-3/353 ბრძანების საფუძველზე შპს „ა–ოს“ საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი იქნა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრების უფლებით. აღნიშნული უძრავი ქონება აჭარის ა/რ მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის N133 ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. ზემოაღნიშნული ტერიტორია ექცევა ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.

29. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მ.ჯ–ის განცხადების განხილვის ფარგლებში დაადგინა, რომ არ არსებობს მოთხოვნილი 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ სარგებლობის და თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ......ს დასახლებაში, მდებარე 3385 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით (რომელიც დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში) დაკმაყოფილა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი და მოპასუხე მ.ჯ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე - ქ. ბათუმი, დასახლება ......, ს/კ N......., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3385 კვ.მ. ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 678.02 კვ.მ.) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. 2021 წლის 15 ივლისს მოსარჩელე მ.ჯ–ი და მისი ოჯახის წევრები აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ გამოასახლა დაკავებული საცხოვრებელი ფართიდან, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, (……… (ყოფილი ......ს დასახლება), ს/კ N.......მოცემულ ეტაპზე მ.ჯ–ს წარდგენილი აქვს ადმინისტრაციული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 4 ივნისის N378 განკარგულების და 2019 წლის 17 მაისის N16 ოქმის ბათილად ცნობას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ქალაქ ბათუმში, ......ს დასახლებაში მდებარე 3385 კვ.მ. ფართის უძრავ ქონებაზე, მ.ჯ–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. მითითებული ადმინისტრაციული დავა, დღეის მდგომარეობით, დასრულებული არ არის.

30. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მ.ჯ–ისათვის 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 797 კვ.მ. შენობა-ნაგებობების (მდებარე ბათუმი, …….) ღირებულების სახით, მოპასუხის მხრიდან კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რასაც ასევე ეთანხმება საკასაციო პალატა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 26 სექტემბრის მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელმა ა. დ–მ მ.ჯ–ს აცნობა, რომ ვინაიდან ბინების გადაცემის საშუალება არ იყო, „N2 - ატეკის“ მიერ აშენებული ფარეხი (რომელიც არ ფუნქციონირებს) სარემონტო მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა მ.ჯ–ს, თუმცა, აღნიშნული მიმართვა ვერ ადასტურებს კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველთან კავშირის არსებობას. ის გარემოება, რომ ხსენებულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ შენობაში წლების განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მოსარჩელე მხარე, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. საქმეში წარმოდგენილია ბათუმის ასაქცევის გზის პროექტის განხორციელების პოტენციური დამფინანსებლის ADB ინფორმაცია ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისათვის, რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყველა პირი მიიღებს კომპენსაციას ჩანაცვლებითი ღირებულებით და მისი ზემოქმედების სიმწვავისა და მოწყვლადობის სტატუსით განპირობებულ დახმარებას. საინფორმაციო ბროშურის მიხედვით უნდა მომზადდეს და განხორციელდეს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება გარდაუვალ ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს აღიდგინონ ისეთი საარსებო დონე, რომელიც მათ გააჩნდათ პროექტის წამოწყებამდე. მიწის და აქტივების დანაკარგები კომპენსირებული იქნება სრული ჩანაცვლებითი ღირებულებით მიწისა და აქტივების გასხვისების მომენტში არსებულ საბაზრო ფასებში. აღნიშნულ საინფორმაციო ბროშურაში მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია იმ მოსახლეობისათვის (მესაკუთრეებისათვის), რომლებიც ფლობენ საკუთრებას ზემოქმედების არეალში მოხვედრილ ტერიტორიაზე, ან თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მოსარგებლეებისათვის. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის N494 განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაერთო ნება, მოახდინოს აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მათ შორის, მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელი და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობზე სარეაბილიტაცო და სხვა ხარჯების კომპენსაცია. საკასაციო პალატა მიინევს, რომ არ არსებობს აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრისათვის კომპენსაციის მოსარჩელისათვის მიკუთვნების საფუძველი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მიუხედავად არაერთხელ მოთხოვნის წარდგენისა, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული მ.ჯ–ის მოთხოვნა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ხოლო მოცემულ ეტაპზე, მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრებული აქვს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 4 ივნისის N378 განკარგულება და 2019 წლის 17 მაისის N16 ოქმი და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე მხარეს სადავო ქონებაზე (3385 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში) საკუთრება არ უდასტურდება. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შესაბამისი წესით არ მომხდარა მოსარჩელისათვის, როგორც თვითნებურ სარგებლობაში არსებული დაურეგისტრირებელი ფართის მფლობელის სტატუსის მინიჭება, რის გამოც მოსარჩელე არ იქნა შეყვანილი იმ მოსახლეობის სიაში, რომლითაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ.ჯ–ი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულების საფუძველზე, კომპენსაციის მიმღებ უფლებამოსილ პირს. რაც შეეხება მოწმეების ჩვენებებს, მ.შ–ძე და დ.ს–ძე წარმოადგენდნენ მ.ჯ–ის მეზობლებს. მათი განმარტებით, მ.ჯ–ს 1991 წლიდან ფაქტობრივად დაკავებული აქვს ქ. ბათუმი, ………. მდებარე 3000 კვ.მ. (დაახლოებით) მიწის ნაკვეთი, მან გაძარცვულ მდგომარეობაში არსებული შენობები გაარემონტა, გადახურა და იყენებდა სხვადასხვა დანიშნულებით, ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ჰყავდა საქონელი, ჰქონდა ფერმა ან აქირავებდა ე.წ. „ბოქსებს“ სხვადასხვა დანიშნულებით, მიწის ნაკვეთი იყო რკინა-ბეტონით შემოღობილი. იგივე გარემოებებზე მიუთითებდა რ.თ–ძე, რომელიც იყო შარაბიძეების თემის საკრებულოს თავმჯდომარე. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს (ე.წ. ბოქსებს) ჰქონდათ კარები. სამივე მოწმე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს დაკავებული მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ. ფართობზე დავა ჰქონდა ნოდარ წულუკიძესთან (შპს „ჯ–ას“ წარმომადგენელი), თუმცა მათთვის ცნობილი არ არის როგორ დასრულდა აღნიშნული დავა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდება სადავო გარემოება - გააჩნია, თუ არა მოსარჩელეს, როგორც თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელს ხარჯების მოთხოვნის უფლება. მოწმეთა ჩვენებაში გადმოცემული ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ შენობაში, მხარეთა შორის სადავო არ არის. თუმცა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მფლობელის სტატუსი, არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, ვინაიდან ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს.

31. რაც შეეხება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N378 განკარგულებას, აღნიშნულ დოკუმენტში კომისია უთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულად ითვლება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულია და მასზე ამავე თარიღამდე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით არის დაკავებული, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები ჯერ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომელიც სახაზინო საწარმოების სარგებლობაში ირიცხებოდა, შემდგომ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახაზინო საწარმოების სამართალმემკვიდრის და სახელმწიფოს 100%-იანი წილით შექმნილი შპს „ა–ოს“ საკუთრებაში, აღნიშნულის შემდგომ განხორციელდა მიწის ნაკვეთის ნაწილის - 3385 კვ.მეტრის და მასზე არსებული სახელმწიფო ობიექტების გამოტანა შპს „ა–ოს“ საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო საბოლოოდ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი არ ითვლება თვითნებურად დაკავებულად და მ.ჯ–ი ვერ იქნება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი, ვინაიდან მიწის ნაკვეთი იყო კერძო საკუთრებაში, მიუხედავად იმისა, სარგებლობდა თუ არა მიწის ნაკვეთით მესაკუთრე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, მოეხდინა მოსარჩელისათვის ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში არსებული გზის დერეფნის განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ანაზღაურება.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის მიღებაზე მოთხოვნის მქონე უფლებამოსილ პირს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი.

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე