Facebook Twitter

ბს-1147-1098(კ-07) 29 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ს-ემ 2007 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა პენსიაზე გასვლის მომენტისათვის ერთდროული დახმარების სახით მისი კუთვნილი ოთხი თვის ხელფასის _ 3079 ლარის დაკისრება მოპასუხე ორგანიზაციისათვის.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა 1975-2005 წლებში, მათ შორის _ 2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის სექტემბრის ჩათვლით _ ........ შს რაიგანყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსად და რაიგანყოფილების უფროსის მოადგილედ; 2005 წლის 1 ოქტომბრიდან არის პენსიონერი. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულებით, რომლითაც, თავის მხრივ, ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ _ 75-ე მუხლში, როგორც შს ორგანოებიდან პენსიაზე გასულს, ერთდროული დახმარების სახით უნდა მიეღო უკანასკნელი 4 თვის ხელფასი, რაც მასთან მიმართებაში შეადგენს 3079 ლარს. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული სახის დახმარების გადახდა შეჩერებული იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდგომ _ 2007 წლის 1 იანვრამდე. 2007 წლის 16 თებერვალს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ერთდროული დახმარების სახით ოთხი თვის ხელფასის _ 1804 ლარის გადახდა გ. ს-ის სასარგებლოდ, ხოლო დამატებით 1275 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ე 1975-2005 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, მათ შორის _ 2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის სექტემბრამდე _ ...... შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსად და რაიგანყოფილების უფროსის მოადგილედ. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან არის პენსიონერი.

“საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლში და განისაზღვრა, რომ შინაგან საქმეთა ორგანოს იმ თანამრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნულია პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლევა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი.პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ეს დებულება მოქმედებდა გ. ს-ის პენსიაზე გასვლის დროს, რის გამოც მას შეეძლო მიეღო მისი პენსიაზე გასვლის მომენტისათვის არსებული უკანასკნელი ოთხი თვის ხელფასი. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მის ხელფასში “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად შედიოდა როგორც ამ მუხლის მესამე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასი, ასევე 31-ე მუხლის მესამე პუნქტის “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წელთა ნამსახურების დანამატი, რაიონული კოეფიციენტი, დასვენების, უქმე დღეების, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატები. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს; ამავე პუნქტის თანახმად პოლიციის თანამშრომელი, ამ ნორმით გათვალისწინებული ხელფასის გარდა, იღებდა წელთა ნამსახურების დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, დასვენების დანამატს, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, ასევე _ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულების 75-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს მისი პენსიაზე გასვლის მომენტისათვის არსებული უკანასკნელი ოთხი თვის ხელფასი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ....... შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების 2005 წლის 30 სექტემბრის ¹3/1259 ცნობაში მითითებული ინფორმაცია, რომლის თანახმად გ. ს-ის ხელფასი შეადგენს 850 ლარს, ვინაიდან ეს არის სრული თანხა, რასაც უწყისის თანახმად იღებდა მოსარჩელე. ცნობის გამცემის მიერ ხელფასში შეყვანილ იქნა არა მარტო ხელფასი, არამედ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მესამე პუნქტში ჩამოთვლილი ყველა დანამატი და კომპენსაცია, რასაც გ. ს-ე 2005 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით იღებდა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რაც მოსარჩელესაც არ გაუხდია სადავოდ, რომ მისი ხელფასი, სხვა კომპენსაციებისა და დანამატების გარეშე, პენსიაზე გასვლის დროისათვის შეადგენდა 451 ლარს. შესაბამისად, მისი უკანასკნელი ოთხი თვის ხელფასის ოდენობა შეადგენს 1804 ლარს, რისი მიღების უფლებაც აქვს გ. ს-ეს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებაში, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული ნორმით გათავლისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ არ უარყო გ. ს-ის მიმართ ვალდებულების არსებობა გასცეს გასასვლელი დახმარება, მაგრამ ვერ გასცემს იმის გამო, რომ ამგვარი დავალიანების დასაფარად ბიუჯეტში ასიგნებები გამოყოფილი არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლი 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროული დახმარების სახით 4 თვის ხელფასი 1804 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დამატებით 1275 ლარის დაკისრების ნაწილში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამდენად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულებით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დებულების 75-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლევა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების არსებული რედაქცია ჩაითვალა პირველ პუნქტად და დაემატა მეორე პუნქტი, რომლის შესაბამისად ამ დებულების 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე; საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61-ე ბრძანებულებით “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა 2008 წლის 1 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია შეჩერებულ იქნა 2008 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ამ ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება (სეკვესტრი) არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი და აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. კ-მა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ¹669 ბრძანებულებით “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების 75-ე მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 1 იანვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მუხლით, ვინაიდან იგი არ მოქმედებდა როგორც გ. ს-ის დათხოვნის დროისთვის, ასევე _ გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

კასატორი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ განვითარებას განიცდის, აღნიშნული მუხლის შეჩერებით და მისთვის გათვალისწინებული ასიგნების შეწყვეტით განხორციელდა უფრო მნიშვნელოვანი და ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროექტები, ვიდრე მოსარჩელისათვის დახმარების სახით გადასახდელი თანხაა, ვინაიდან იგი გამოიწვევს ახალი დავალიანების წარმოქმნას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოსათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც, იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება სამართლის ნორმების დარღვევითაა გამოტანილი და უნდა გაუქმდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ს-ის სარჩელის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლი, რომლის თანახმად შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლევა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის “ი” ქვეპუნქტსა და მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტებზე, რომელთა საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გამოსცეს ნორმატიული აქტი – ბრძანებულება. ხსენებული ნორმატიული აქტის ამოქმედების წესი განისაზღვრება ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულების შესაბამისად, ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლევა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა) _ გამოსასვლელი დახმარება უკანასკნელი 2 თვის ხელფასის ოდენობით. შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელსაც ნამსახურობის გამო (20 წელი და მეტი, მათ შორის შეღავათების გათვალისწინებით) ეკუთვნის პენსია, უფლება აქვს ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლე და მასთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილები) ისარგებლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით, აგრეთვე იმკურნალოს, დაისვენოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფასიან სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებზე, რისთვისაც მას ყოველწლიურად ეძლევა საგზურის საშუალო ღირებულების ფულადი კომპენსაცია, ხოლო ოჯახის წევრებზე _ საგზურის ღირებულების 25 პროცენტი, იმის მიუხედავად, თუ სად არის იგი შეძენილი. თანამშრომლების ოჯახის წევრებს, რომლებსაც ენიშნებათ პენსია, ეძლევათ შეღავათები მიწის, ბინის საცხოვრებელი ფართობის, კომუნალური მომსახურებისა და ტელეფონის გადასახადებზე.“ იმავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ეს ბრძანებულება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით დებულების ზემოთ აღნიშნული 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე; საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით დებულების 75-ე მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვარი; საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულებით დადგინდა, რომ დებულების 75-ე მუხლი ამოქმედებულიყო 2008 წლის 1 იანვრიდან; საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ¹669 ბრძანებულებით დადგენილია, რომ დებულების 75-ე მუხლი ამოქმედდება 2009 წლის 1 იანვრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული დებულების 75-ე მუხლის ამოქმედება რამდენიმეჯერ გადავადდა. მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებაში მითითებულია ხსენებული ნორმის “შეჩერებაზე”, მაგრამ ყველა შემდგომ ბრძანებულებებში, რომელიც შეეხო აღნიშნული ნორმის მოქმედების საკითხს, მითითებულია “ნორმის ამოქმედების გადავადებაზე”. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტით საქართველოს ნორმატიული აქტის გამომცემი უფლებამოსილი თანამდებობის პირის – საქართველოს პრეზიდენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება: განისაზღვრა, რომ დებულების 75-ე მუხლის მოქმედება გადავადდა მომავლისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ს-ის პენსიაზე გასვლის მომენტისათვის, ე.ი. 2005 წლის ოქტომბერში, ზემოაღნიშნული ნორმა არ მოქმედებდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ს-ემ სარჩელში მითითებული უფლების რეალიზება დაიწყო 2007 წლის 16 თებერვლიდან, როდესაც განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლის შესაბამისად, ერთდროული დახმარების მისთვის გაცემის მოთხოვნით. ამ მომენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულების შესაბამისად, დებულების 75-ე მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2008 წლის 1 იანვრიდან. ასევე მის მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა 2007 წლის 29 მარტს, ე.ი. – უფლების სასამართლოს მეშვეობით რეალიზაციის დაწყების მომანტისათვის სადავო ნორმა კვლავ არ მოქმედებდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას – 2007 წლის 13 აპრილს, სადავო ნორმა არ მოქმედებდა; სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისას და გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას – 2007 წლის 15 ოქტომბერს, სადავო ნორმა კვლავ არ მოქმედებდა; დღეისათვის, მოცემული საქმის საკასაციო წესით განხილვის მომენტისათვის, დადგენილია, რომ სადავო ნორმა, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ¹669 ბრძანებულების შესაბამისად, ამოქმედდება 2009 წლის 1 იანვრიდან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან არც სამსახურიდან დათხოვნის, არც უფლების რეალიზაციის დაწყების მომენტისათვის, არც სარჩელის აღძვრის და არც საქმის სასამართლოში განხილვისას არ მოქმედებდა “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლი, რომელსაც ემყარება სასარჩელო მოთხოვნა, გ. ს-ის სარჩელს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიური კატეგორიის საქმეებზე დამკვიდერბულ პრაქტიკასთან (საქმე ¹ბს-378-358(კ-07), 27.09.07წ; საქმე ¹ბს-271-256(კ-07), 23.05.07 წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, საკასაციო სასამართლო, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად თვითონაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.