01 დეკემბერი 2025 წელი
საქმე №ას-1097-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ქონების მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ა–მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - გ.ა–ის მიმართ, მოითხოვა 2023 წლის 31 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ს/კ N ....... უძრავი ქონების (რომლის მისამართია: გორი, სოფელი ........) საკუთრებაში დაბრუნება.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა 2023 წლის 31 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება და გორში, სოფელ ........, მდებარე უძრავი ქონება, ს/კ N........., აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად ½-ის უფლებით.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადის დაცვით: 1.1. სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით განესაზღვრა და მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის ღირებულება სადავო უძრავი ქონების ღირებულების შესაბამისად (საჩივრის წარდგენის დროს არსებული ფასის გათვალისწინებით). 1.2. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობით, ჯამურად არაუმეტეს 5000 ლარისა და წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტის დედანი; 1.3. წარმოედგინა სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4.2. 2024 წლის 26 თებერვალს ხარვეზის შევსებისათვის დანიშნული ვადის დაცვით, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
4.3. 2024 წლის 08 აპრილს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნული ვადის დაცვით, აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, მიუთითა, რომ სადავო ქონებაში არ უშვებდნენ რის გამოც, მისი შეფასება ვერ მოახერხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ დავის საგნის ფასი უნდა განსაზღვრულიყო 4000 ლარით და განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის ქვითარი. აპელანტმა მოითხოვა დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
4.4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კვლავ 10 დღით გაგრძელდა.
4.5. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე, მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 18 აპრილის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. გორი, .......) პირადად, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2025 წლის 04 მარტს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2025 წლის 05 მარტიდან და ამოიწურა იმავე წლის 14 მარტს. თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
4.6. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, 2025 წლის 19 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, სადავო ქონების ½ წილის ღირებულებად 10 000 ლარი მიუთითა და სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 140 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ნაწილობრივ შევსებულად მიიჩნევდა ხარვეზს იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამატებით გაგრძელებაც.
4.7. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ვინაიდან აპელანტმა შუამდგომლობა წარადგინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, ამასთან, ხარვეზის დადგენილი ვადის დაცვით შეუვსებლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობაზე მას არ მიუთითებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 368.5 მუხლების შესაბამისად, ვლინდებოდა როგორც შუამდგომლობის, ისე - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი.
5. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული. მისი მტკიცებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად არის მითითებული ხარვეზის განჩინების ჩაბარებისა და შემდგომ განცხადების წარდგენის თარიღები. აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია, რასაც დაადასტურებს შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებითა და სხვა გარემოებებით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2024 წლის 18 აპრილის განჩინება, აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2025 წლის 04 მარტს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 48-50; ჩაბარების დასტური, ს.ფ. 152), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, 2025 წლის 05 მარტს დაიწყო და იმავე წლის 14 მარტს დასრულდა, თუმცა აღნიშნული ვადის დაცვით, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
11. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა არა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისა და სადავო უძრავი ქონების ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არამედ - სხვა საფუძვლითაც (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1. პუნქტი), რაც აპელანტს ასევე არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
12. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ხარვეზის განჩინების ჩაბარებისა და შემდგომ აპელანტის მიერ განცხადების წარდგენის თარიღები, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში განთავსებულ საფოსტო უკუგზავნილზე, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის გაგრძელების შესახებ 2024 წლის 18 აპრილის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 2025 წლის 04 მარტს პირადად ჩაბარდა, რაც დასტურდება ამავე უკუგზავნილზე დატანილი წარმომადგენლის ხელმოწერით (ს.ფ. 152). საქმეში განთავსებულია აპელანტის წარმომადგენლის განცხადებაც, რომელიც თავად ამ უკანასკნელის მიერვეა დათარიღებული 2025 წლის 17 მარტით (სასამართლოს კანცელარიაში გატარებულია 2025 წლის 19 მარტს), პალატა ყურადღებას მიაპყრობს ამავე განცხადებაზე თანდართულ სახელმწიფო ბაჟის - 140 ლარის გადახდის ქვითარსაც, რომელიც ასევე თარიღდება 2025 წლის 17 მარტით და, საფოსტო კონვერტსაც, რომელზეც ბეჭდით არის დატანილი 19.03.2025წ. (იხ. განცხადება თანდართული დოკუმენტებით, ს.ფ. 153-156). ამ პირობებში, მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინების ჩაბარებისა და განცხადების წარდგენის თარიღები არასწორია, ვერ გააბათილებს საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს როგორც სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესის დაცვით ჩაბარების ფაქტსა და თარიღს, ისე - საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ განცხადების წარდგენის ფაქტს.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (ს.უ.ს.გ: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).
14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, მას არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადა და მიეცა საკმარისი დრო მის აღმოსაფხვრელად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი