საქმე №ას-244-2024 9 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრების ავტორები – გ.ო–ი, ც.დ–ძე (ა.შ–ძის უფლებამონაცვლე), დ.შ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ბ.ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის (გ.ო–ი) მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გ.ო–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში
კასატორების (ც.დ–ძე (ა.შ–ძის უფლებამონაცვლე), დ.შ–ძე) მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების სამკვიდრო ქონებაში მიქცევა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 10 მარტს ა.შ–ძეს და დ.შ–ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დ.შ–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი,………../…………., ბინა N2-ს, 31.10 კვ.მ, სარდაფი 56.35 კვ.მ, ს/კ ……., ნაკვეთის ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი: 831.00 კვ.მ.
2. 2015 წლის 11 მარტს ა.შ–ძეს და დ.შ–ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დ.შ–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი ………, 48.66 კვ.მ, ს/კ N………: ნაკვეთის ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება; არასასოფლო დაზუსტებული ფართობი:1440.00 კვ.მ; სამეურნეო დანიშნულების.
3. 2016 წლის 11 იანვარს ა.შ–ძეს და დ.შ–ძეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც დ.შ–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი,………. 11-ს მოპირდაპირედ უძრავი ქონების კოდია N……: ნაკვეთის ტიპი:საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების; დაზუსტებული ფართობი: 501.00 კვ.მ.
4. 2016 წლის 2 დეკემბერს ა.შ–ძეს და დ.შ–ძეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც დ.შ–ძის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე, ხელვაჩაური, სოფელი …….., უძრავი ქონების კოდია N…….: ნაკვეთის ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება; სასოფლო სამეურნეო დანიშნულების; დაზუსტებული ფართობი: 3014.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართს 16.20. კვ.მ; ა.შ–ძე და დ.შ–ძე არიან მამა-შვილი.
5. 2011 წლის 01 აგვისტოს შპს „ა.ბ.ა–სა“ და შპს „ბ–ს“ შორის გაფორმებული იქნა ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის და ბუნებრივი აირის ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით (საქმე №2/2558-13) დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: “1.1. შპს ,,ბ–ი“ 2014 წლის 01 ივლისამდე გადაუხდის მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხის 101 138 (ასერთი ათას ასოცდათვრამეტი) ლარის ნაწილს, კერძოდ, 2013 წლის 15 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, თავდებობის ზღვრულ თანხას, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.1.2. დარჩენილი თანხის - 71 138 (სამოცდათერთმეტი ათას ასოცდათვრამეტი) ლარის გადახდა შპს ,,ბ–ი“-ს მიერ განხორციელდება ეტაპობრივად. 1.3. შპს ,,ბ–ი“, 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე შპს ,,ა.ბ.ა–ი“-ს ყოველთვიურად გადაუხდის 17 784,5 (ჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაოთხი მთელი და ხუთი მეათედი) ლარს. 1.4. თანხის სრულად გადახდის ბოლო დღედ განისაზღვროს 2014 წლის 31 დეკემბერი. 1.5. თანხის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, თანხის შპს ,,ა.ბ.ა–ი“-ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. 1.6. მხარეები შევთანხმდით, რომ შპს ,,ბ–ი“- ს მიერ, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, კერძოდ, წინამდებარე აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის 2015 წლის პირველ იანვრამდე სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე აქტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიექცევა იძულებით აღსასრულებლად“.
7. აღნიშნული მორიგება მხარეთა მიერ ნებაყოფლობით არ აღსრულდა და მითითებულ განჩინებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (2011 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის და ბუნებრივი აირის ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინების ასლი, ამავე სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის სააღსრულებო ფურცლის ასლი).
8. შპს "ა.ბ.ა–სა“ და შპს "ბ–ის“ დამფუძნებელ გ.ო–ს შორის 2014 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა მხარეთა შორის ძირი ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული შპს „ბ–ის“ ვალის შესაბამისად. ხელშეკრულების 1.3. პუნქტით სოლიდარული მოვალე აღიარებს შპს „ა.ბ.ა–ი“-ს ვალს, რომელიც შეადგენს 130 000 ლარს, სოლიდარულმა მოვალემ იკისრა ვალდებულება, გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხაც. ხელშეკრულების 1.4 პუნქტით დავალიანების გადახდა უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 30 დეკემბრამდე ეტაპობრივად.
9. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
9.1. 2017 წლის 27 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, ხოლო მოგვიანებით დაზუსტებული სარჩელით მიმართა შპს „ა.ბ.ა–ის“ წარმომადგენელმა მოპასუხეების - ც.დ–ძის, დ.შ–ძის და გ.ო–ის მიმართ და მოითხოვა: 1.2. მოპასუხე - ა.შ–ძის უფლებამონაცვლე ც.დ–ძეს და მოპასუხე გ.ო–ს, სოლიდარულად დაეკისროთ 336 736 ლარის გადახდა შპს ,,ა.ბ.ა–ის“ სასარგებლოდ (სადაც 136 000 ლარი არის ძირი დავალიანება, ხოლო 200 736 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო); 1.2. ბათილად იქნას ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2016 წლის 2 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება (უძრავი ქონების მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი …….., უძრავი ქონების კოდი N……: ნაკვეთის ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების; დაზუსტებული ფართობი: 3014..00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 16.20. კვ.მ); 1.3. ბათილად იქნას ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება (უძრავი ქონების მის: ქ.ბათუმი, ……… 11-ს მოპირდაპირედ, უძრავი ქონების ს/კოდი N…….: ნაკვეთის ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 501.00 კვ.მ); 1.4. ბათილად იქნას ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (უძრავი ქონების მის: ქ.ბათუმი …….; ფართობი: 48.66 კვ.მ, უძრავი ქონების ს/კ N…….: ნაკვეთის ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება; არასასოფლო; დაზუსტებული ფართობი:1440.00 კვ.მ ); 1.5. ბათილად იქნას ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (უძრავი ქონების მის: ქ.ბათუმი, …../……, რომლის ფართობია 31.10 კვ.მ, სარდაფი 56.35 კვ.მ. უძრავი ქონების ს/კოდი N ……: ნაკვეთის ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 831.00 კვ.მ); 1.6. მოპასუხეებს - ა.შ–ძის უფლებამონაცვლე-ც.დ–ძეს და გ.ო–ს სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის (136 000 ათასი ლარი) 0.06 %-ი - 2014 წლის 30 დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.7. დაკისრებული თანხისა და პირგასამტეხლოს ამოღება მოხდეს მოპასუხეებისა და აწ. გარდაცვლილი ა.შ–ძის სამკვიდრო ქონებიდან და თუ მათი ქონება საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული სხვა ნებისმიერი სახის ქონებიდან; 1.8. აწ. გარდაცვლილი ა.შ–ძის (პ/ნ ……) სახელზე რეგისტრირებული ნებისმიერი სახის ქონება, მათ შორის გადაწყვეტილების საფუძველზე აღრიცხული ქონება მიექცეს(აღირიცხოს) ა.შ–ძის სამკვიდრო ქონებაში და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად: 1. უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ. ბათუმი, ……..11-ს მოპირდაპირედ, ს/კ-……, ნაკვეთის ტიპი საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება; დასაზუსტებელი ფართობი - 501.00 კვ.მ; 2. უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ. ბათუმი, ……., ფართობი 31.10 კვ.მ, ამავე მისამართზე მდებარე 56.35 კვ.მ სარდაფი, ს/კ ……, ნაკვეთის ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება სამეურნეო დანიშნულება, დაზუსტებული ფართობი - 831.00კვ.მ; არასასოფლო. 3. უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ. ბათუმი, …….., ფართობი 48.66 კვ.მ. ს/კ ……., ნაკვეთის ტიპი დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება; დაზუსტებული ფართობი - 1440.00 კვ.მ; თანასაკუთრება, ნაკვეთის 4. უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ხელვაჩაური, ………, ს/კ - …….., ნაკვეთის ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი - 3014.00 კვ.მ., შენობა ნაგებობის საერთო ფართი 16.20 კვ.მ.
9.2. მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის იანვრისა და აგვისტოს თვეებში შპს "ბ–ი“-ს დამფუძნებელ გ.ო–თან, ხოლო 2014 წლის სექტემბრის თვეში შპს "ფ “-ს დამფუძნებელ ა.შ–ძესა და შპს "ა.ბ.ა–ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, რომ გადაიხდიდნენ 2011 წლის 1 აგვისტოს შპს "ბ.ა–სა“ და შპს „ბ–ს“ შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებას, ასევე მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების დაფარვის პირობებსა და მის გადახდის წესზე.
9.3. თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მოპასუხეებმა აღიარეს დავალიანება და აიღეს სოლიდარული ვალდებულება, რომ კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას 136 000 ათას ლარს დაფარავდნენ სრულად 2014 წლის 30 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოვალეთათვის მოეთხოვა თანხის გადახდა და დაერიცხა პირგასამტეხლო მანამ, სანამ თავდებები ან ძირითადი მოვალეები სრულად არ შეასრულებდნენ მათ მიერ აღებულ ვალდებულებას.
9.4. მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ კრედიტორმა არაერთხელ წერილობით მიმართა მოვალეებს, რომ დაეფარათ დავალიანება, მაგრამ მოპასუხეებმა ორმხრივი შეთანხმებით აღებული პირობები არ შეასრულეს. კრედიტორმა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეასრულა, მიაწოდა მოვალეებს 136 000 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი, მაგრამ სოლიდარულმა მოვალეებმა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება არ შეასრულეს, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური 136 000 ათასი ლარი არ გადაიხადეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში, რის გამოც კრედიტორმა თავდაპირველად ძირითადი მოვალეებისგან მოითხოვა დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ ვინაიდან შპს "ბ–ის“ და შპს "ფ–ის“ თავიანთ სახელზე რეგისტრირებული ქონება არ აღმოაჩნდათ, ამიტომ კრედიტორის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა. შესაბამისად კრედიტორმა მოთხოვნა წაუყენა შპს "ბ–ის“ სოლიდარულ მოვალეებს. თავდებებმა, იცოდნენ რა, რომ კრედიტორი მათ ადრე თუ გვიან მოთხოვდა დავალიანების დაფარვას, მათ სახელზე რიცხული უძრავი ქონება საქმის განხილვის პერიოდში, სასწრაფო წესით, ოჯახის წევრებზე მოჩვენებითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადააფორმეს, რაც ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველია.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. მოპასუხე გ.ო–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 20 იანვრისა და 2014 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებების ნამდვილობის პირობებშიც კი, შპს "ა.ბ.ა–ის“ მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება როდის და რის საფუძველზე წამოიშვა ძირითადი მოვალის დავალიანება, ასევე ამ ვალდებულების არსებობის შემთხვევაში რამდენს შეადგენდა თანხის მოცულობა სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროისათვის.
10.2. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ასევე ვერ დგინდება 2014 წლის 20 იანვრისა და 2014 წლის 14 აგვისტოს ე.წ თავდებობის ხელშეკრულებები ძირითადი მოვალის რა ვალდებულების შესასრულებლად იქნა დადებული, ამასთან ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულება შესრულდა თუ არა და რა მოცულობით. 2014 წლის 20 იანვრის ე.წ თავდებობის ხელშეკრულება და 2014 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას არც ვალდებულების ზუსტი მოცულობის და არც თავდებობის ზღვრული თანხის შესახებ.
10.3. სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2014 წლის 30 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.06% გადახდის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებებით მხარეთა შორის არ განხორციელებულა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრა, რის გამოც არ არსებობს გ.ო–ზე მითითებული თანხის დაკისრების საფუძვლები.
10.4. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 20 იანვრის თავდებობის ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად ბუნებრივი აირის დავალიანების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 15 თებერვლამდე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა 2017 წლის 27 თებერვალს, შესაბამისად, ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებშიც კი, სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, როგორც ხანდაზმული.
10.5. მოპასუხეები - ა.შ–ძის უფლებამონაცვლე ც.დ–ძე და დ.შ–ძე სარჩელს არ ცნობენ, და განმარტავენ, რომ აღნიშნული სადავო თანხები თავდებ პირებს არ უნდა დაეკისროს, რადგანაც ასეთი გათვალისწინებული არ ყოფილა თავდებობის ხელშეკრულებით, ესეც რომ არ იყოს თავდები პირი პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში.
10.6. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს რაიმე მტკიცებულებით იმას, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებები არის თვალთმაქცური ან მოჩვენებითი, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ხელშეკრულების მხარეები არიან მამა- შვილი, არ არის საკმარისი. მით უმეტეს 2015 წლის 11 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და 2015 წლის 11 მარტს გაფორმებული ორი ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, 2016 წლის 2 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება, დადებულია 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების შემდეგ, როცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ა.შ–ძის მიმართ, როგორც თავდებ პირზე თანხების დაკისრების თაობაზე. ამდენად, ა.შ–ძეს სრული უფლება ჰქონდა განეკარგა თავის საკუთრებაში არსებული ქონება.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით: შპს „ა.ბ.ა–ის“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება, რომლითაც (საქმე N 50-უზრ/2017 წ) შპს „ა.ბ.ა–ის“ (ს/კ ………) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დ.შ–ძეს (პ/ნ ……..) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: -უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ.ბათუმი, ……..-11-ს მოპირდაპირედ; (ს/კ ……); ნაკვეთის ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება; დასაზუსტებელი ფართობი -501.00 კვ.მ; -უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ.ბათუმი, …….., ბინა - სართული N1, ბინა N2, ფართობი 31.10 კვ.მ, ამავე მისამართზე მდებარე 56.35 კვ.მ სარდაფი, (ს/კ ………); ნაკვეთის ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება -არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება, დაზუსტებული ფართობი - 831.00კვ.მ; -უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ.ბათუმი, ……….., ფართობი 48.66 კვ.მ, (ს/კ ……….); ნაკვეთის ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება; დაზუსტებული ფართობი - 1440.00 კვ.მ; -უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ხელვაჩაური, ს..........., (ს/კ ……….); ნაკვეთის ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების; დაზუსტებული ფართობი - 3014.00 კვ.მ; შენობა ნაგებობის საერთო ფართი 16.20 კვ.მ.
12. სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
13.1. შპს „ა.ბ.ა–ი“-ს ს/კ …….. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
13.2. მოპასუხე ა.შ–ძის უფლებამონაცვლე ც.დ–ძეს და მოპასუხე გ.ო–ს სოლიდარულად დაეკისრათ 136 000 ლარის გადახდა შპს ,,ა.ბ.ა–ი“-ს სასარგებლოდ.
13.3. ბათილად იქნა ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2016 წლის 2 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება (უძრავი ქონების მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი …….., უძრავი ქონების კოდი N……..: ნაკვეთის ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება:სასოფლო სამეურნეო დანიშნულების; დაზუსტებული ფართობი:3014..00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 16.20. კვ.მ);
13.4. ბათილად იქნა ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება (უძრავი ქონების მის:ქ.ბათუმი, ………..11-ს მოპირდაპირედ, უძრავი ქონების ს/კოდი N……….: ნაკვეთის ტიპი:საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 501.00 კვ.მ);
13.5. ბათილად იქნა ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (უძრავი ქონების მის: ქ.ბათუმი ………..; ფართობი: 48.66 კვ.მ, უძრავი ქონების ს/კ N………: ნაკვეთის ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება; არასასოფლო; დაზუსტებული ფართობი:1440.00 კვ.მ );
13.6. ბათილად იქნა ცნობილი ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (უძრავი ქონების მის: ქ.ბათუმი, ……../………, რომლის ფართობია კვ.მ, სარდაფი 56.35 კვ.მ. უძრავი ქონების ს/კოდი N ……….: ნაკვეთის ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 831.00 კვ.მ);
13.7. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, აწ. გარდაცვლილი ა.შ–ძის (პ/ნ ……..) სახელზე რეგისტრირებული ქონება, მიექცეს (აღირიცხოს) ა.შ–ძის სამკვიდრო ქონებაში და დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს მოპასუხეებისა და აწ.გარდაცვლილი ა.შ–ძის სამკვიდრო ქონებიდან. უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ. ბათუმი, ………. 11-ს მოპირდაპირედ, ს/კ-……….., ნაკვეთის ტიპი საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება; დასაზუსტებელი ფართობი - 501.00 კვ.მ; - უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ. ბათუმი, ……….., ფართობი 31.10 კვ.მ, ამავე მისამართზე მდებარე 56.35 კვ.მ სარდაფი, ს/კ ………., ნაკვეთის ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება სამეურნეო დანიშნულება, დაზუსტებული ფართობი - 831.00კვ.მ; არასასოფლო.
13.8. - უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ქ. ბათუმი, ……….., ფართობი 48.66 კვ.მ. ს/კ …….., ნაკვეთის ტიპი დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულება; დაზუსტებული ფართობი - 1440.00 კვ.მ; თანასაკუთრება, ნაკვეთის 4- უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მის: ხელვაჩაური, ს. .........., ს/კ -…….., ნაკვეთის ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი - 3014.00 კვ.მ., შენობა ნაგებობის საერთო ფართი 16.20 კვ.მ.
14. ც.დ–ძისა და დ.შ–ძის საკასაციო საჩივარი
14.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ც.დ–ძემ და დ.შ–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ საქმეში მითითებული 2014 წლის 20 იანვრის ე.წ. „თავდებობის“ ხელშეკრულებით არ დგინდება და არ შეიცავს თავდებობაზე შეთანხმების მაქსიმალურ ოდენობას. ასევე, მოსარჩელეს არ წარუდგენია წერილობითი განაცხადი თავდებობის შესახებ.
14.3. სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულების ნამდვილობა, რაც გამომდინარეობს თავდებობის ლიმიტის ხელშეკრულებაში გაუთვალისწინებლობით, ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით. მოსარჩელე ვალდებული იყო 2014 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების დედანი წარედგინა სასამართლოში, რადგან მისი ნამდვილობა გახადა მოპასუხემ სადავოდ.
14.4. რაც შეეხება 2014 წლის 14 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებას, ის სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტია. კასატორი ამას ასაბუთებს იმით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება და 2014 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებების მესამე გვერდები იდენტურია ვიზუალურად და ტექსტობრივად, რაც ქმნის ვარაუდს, რომ მოსარჩელემ ეს გვერდები დაურთო ხელშეკრულებას. სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა გ.ო–ისაა. თუ კი 2014 წლის 20 იანვრის ხელშეკრულება ცალკე არსებობს და დედანია, ხოლო ორივე ხელშეკრულების მესამე გვერდები ერთი და იგივე დედანი დოკუმენტი (ანუ არსებობს მესამე გვერდის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი), სწორედ ამიტომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა ორივე დედანი ხელშეკრულება ერთად. აპელაციამ მოსარჩელეს კითხა თუ რატომ ვერ წარადგინა მეორე ხელშეკრულების დედანი, რასაც პასუხი ვერ გასცა. რადგან სასამართლომ აღნიშნული კითხვა დასვა, მაგრამ მოსარჩელემ ვერ უპასუხა, ვალდებული იყო მტკიცების ტვირთით ხელშეკრულების ნამდვილობა ედასტურებინა, რაც ვერ შეძლო.
14.5. რადგან 2014 წლის 15 თებერვლამდე უნდა შესრულებულიყო სახელშეკრულებო ვალდებულება ხოლო სარჩელი წარედგინა 2017 წლის 27 თებერვალს, ხანდაზმულია მოთხოვნა.
14.6. სადავო ხელშეკრულებებით არ დგინდება რომელი ვალდებულების საფუძველზე შეიქმნა ხელშეკრულება, რა არის მოვალის ძირითადი დავალიანება, არც თავდების პასუხისმგებლობის ლიმიტია მითითებული. ეს გარემოებები კი ხელშეკრულების უცილოდ ბათილად ცნობის საფუძველია.
14.7. მოსარჩელე მოითხოვდა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას, აპელაცია კი გაცდა ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა ვალის აღიარების შესახებ, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობა. თავის მხრივ, ვალდებულების აღიარება და თავდებობა განსხვავებული ინსტიტუტებია.
15. გ.ო–ის საკასაციო საჩივარი
15.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხე გ.ო–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თუ საიდან აქვს მიღებული სარჩელის ფასი - 136 000 ლარი. მისი დაჯამების დასაბუთების შესახებ მოსარჩელის არგუმენტაცია არ არსებობს.
15.3. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ა.შ–ძის ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, რადგან ა.შ–ძეს სრული უფლება ჰქონდა განეკარგა საკუთარი ქონება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლოს მის ქონებზე არ გამოუყენებია უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ამირან და დ.შ–ძეებს შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა თვალთმაქცური გარიგებების მოტივით. ამავდროულად, სააღსრულებო წარმოება დაწყებული იყო არა ა.შ–ძის, არამედ შპს „ბ–ის“ და პშს „ფ–ის“ წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ა.შ–ძეზე სოლიდარულად თანხების დაკისრებაზე უარი ქონდა ნათქვამი სასამართლოს, რომელიც მოსარჩელის განცხადებით დაუყოვნებლივ კანონიერ ძალაში შევიდა. წინამდებარე დავა კი ხელახლა განიხილავს უკვე განხილულ საკითხს.
15.4. დაუსაბუთებელია აპელაციის მსჯელობა გარიგებების თვალთმაქცურობასთან დაკავშირებით, რადგან გარიგების მხარეები მამა-შვილი არიან, არ არსებობდა რამე სახის ვალდებულება გარიგების დადების დროს, რაც დადგენილია 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით. ასევე, არ მიმდინარეობდა აღსრულების პროცესი ა.შ–ძის წინააღმდეგ, შესაბამისად, კასატორის მიერ საკუთრების განკარგვასაც ვერ ექნებოდა თვალთმაქცური ხასიათი. ამიტომ, უსაფუძვლოა თვალთმაქცურად გარიგებების დადების მიჩნევა.
15.5. კასატორმა წარმოადგინა სასამართლოში 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია, რომ მხარეებს შორის არავითარი თავდებობის ხელშეკრულება არ არსებობდა. აღნიშნული ფაქტი სასამართლომ სრულად გაზიარა, რის გამოც ა.შ–ძეს არ დააკისრა სოლიდარული ვალდებულება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს პირველ რიგში უნდა ემსჯელა წარდგენილ გადაწყვეტილებასთან მიმართებით რამდენადაა სახეზე ერთსა და იმავე დავის საგანი ერთსა და იმავე მხარეებს შორის, შესაბამისად, უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ მიიჩნევდა, რომ წინამდებარე დავა განსხვავებულია კასატორის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებისგან.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 და 12 აპრილის განჩინებებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
23. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
24. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
27. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან წარმოდგენილია ორი საკასაციო საჩივარი, რომელთა არსებითი შედავებები მოიცავს ერთსა და იმავე საკითხებზე მსჯელობას, საკასაციო პალატა ერთდროულად იმსჯელებს მათ დასაშვებობაზე და ასევე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედავებულ ნაწილში მართლზომიერების საკითხს.
28. უპირველესად, საკასაციო პალატა იმსჯელებს ხანდაზმულობის მიმართ არსებულ შედავებაზე, რადგან მისი დაკმაყოფილება გამორიცხავს საქმეზე არსებითი მსჯელობის უფლებამოსილებას.
29. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. დასახელებული ნორმა სპეციალური ხასიათის ნორმას წარმოადგენს სწორედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის. „კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად“ (იხ. სუსგ საქმე №ას-868-830-2014, 19.03.2015წ.).
30. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ მომენტის ზუსტად განსაზღვრა, რომელიც უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დადგენას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ ხანდაზმულობის თაობაზე განმარტა შემდეგი: „ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რადგან 2014 წლის 17 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების 1.4 პუნქტით თავდები ვალდებული იყო 2014 წლის ბოლომდე დაეფარა დავალიანება, რისთვისაც 2014 წლის 30 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა, ხოლო სარჩელი 2017 წლის 27 თებერვალსაა წარდგენილი, დაცულია ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
33. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, სახელდობრ, კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (დამადასტურებელი). კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ახალი ხელშეკრულება იდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341.1 მუხლი. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედების შესრულების მოვალეობას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ასეთი აღიარება ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და ამ გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია, ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება, ასეთი აღიარება კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს და იგი თვისებრივად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აბსტრაქტული აღიარებისაგან. ამდენად, ამ ნორმის კონტექსტით ვალის აღიარება ძველი (არსებული) ვალდებულების დადასტურებას არ ემსახურება, არამედ ახლის წარმოშობის წყაროა. ამასთან, ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი, ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, სახელდობრ, ხელწერილით ხდება ვალის ამღიარებლის მხრიდან მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მიიჩნევა, რომ ვალის ამღიარებელი ვალს, კრედიტორთან არსებული სამართალურთიერთობის საფუძველზე, როგორც თავის ვალს, ისე აღიარებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-392-371-2013.).
34. ამდენად, სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა. მისი ნამდვილობა არაა დამოკიდებული იმ სამართალურთიერთობის ნამდვილობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა ამ უკანასკნელით. როგორც წესი, ვალის ასეთ აღიარებაში არ მიეთითება იმის თაობაზე, თუ საიდან წარმოეშვა მოვალეს ეს ვალდებულება. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ვალის აბსტრაქტულ აღიარებაში მიეთითოს იმ ვალდებულებითი ურთიერთობის შესახებ, რომელმაც განაპირობა მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება. თავისთავად ასეთი მითითება აბსტრაქტულ აღიარებას დეკლარაციულად ვერ გადააქცევს, თუ ნათელია, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან და არა მანამდე არსებული ვალდებულებითი ურთიერთობიდან. ხშირად რთულია იმის დადგენა, აბსტრაქტულ აღიარებასთან გვაქვს საქმე თუ დეკლარაციულთან. ამიტომ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა დადგინდეს, რამდენად ფორმალური ხასიათი აქვს არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებას და სურდათ თუ არა მხარეებს ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ახალი ვალდებულების წარმოშობა.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ ნაკისრი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხილეთ: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბილისი, 2014 წ., გვ. 546.), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ.).
36. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; №ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.).
37. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, იგი სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე, მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები: №ას-1338-2021, 18 ივლისი, 2022 წ.; №ას-4-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წ.; №ას-1801-2019, 28 მაისი, 2020 წ, 21 თებერვალი, 2025 წ.; საქმე №ას-1054-2024 ).
38. ეს მოთხოვნები სწორედ თავდები პირის უფლებას იცავს, რადგან სსკ-ის 891-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკრედიტო დაწესებულებების პრაქტიკაში უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც თავდებობის კისრების მომენტში ვალდებულება წარმოშობილიც კი არ არის (იხილეთ: ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017 წ., გვ. 210). აქცესორულობის პრინციპიდან გამომდინარე, თავდები ამ შემთხვევებში მხოლოდ მას შემდეგ აგებს პასუხს, რაც ძირითადი ვალდებულება წარმოიშობა და გახდება ვადამოსული (იხილეთ: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - www.gccc.tsu.ge, 893-ე მუხლის კომენტარი, ველი 7).
39. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ა.ბ.ა–სა“ და ა.შ–ძეს შორის 2014 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა შპს „ბ–ის“ ვალის შესაბამისად. ხელშეკრულების 1.3. პუნქტში მითითებულია, რომ თავდები აღიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას შპს „ბ.ა–ის“ სასარგებლოდ. ხელშეკრულების 1.4 პუნქტით დავალიანების გადახდა უნდა დასრულებულიყო 2014 წლის ბოლომდე ეტაპობრივად, რომლის ოდენობასაც თვითონ განსაზღვრავდნენ.
40. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/2416-2014წ) შპს ,,ა.ბ.ა–ის’’ სარჩელი შპს ,,ბ–ის’’ და შპს ,,ფ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა და შპს ,,ა.ბ.ა–ის’’ სასარგებლოდ შპს ,,ბ–ს’’ და შპს ,,ფ–ს’’ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 55195.16 ლარი; შპს ,,ა.ბ.ა–ის’’ სასარგებლოდ შპს ,,ბ–ს’’ და შპს ,,ფ–ს’’ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ პირგასამტეხლო - 3662.35 ლარის ოდენობით, ასევე შპს ,,ა.ბ.ა–ის’’ სასარგებლოდ შპს ,,ფ–ს’’ გადასახდელად დაეკისრა 16.08.2014წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში - ბათუმის საქალაქო სასამართლოს (№2/2558-13) განჩინებით შპს ,,ა.ბ.ა–სა’’ და შპს ,,ბ–ს’’ შორის დამტკიცებული მორიგების საფუძველზე განსაზღვრული 71 138 ლარის გადახდა.
41. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/2416-2014წ) შპს „ა.ბ.ა–ს“ (მოსარჩელე) უარი ეთქვა ა.შ–ძეზე როგორც თავდებზე სოლიდარულად 55195, 16 ლარის ძირი თანხის, 3662, 35 ლარის პირგასამტეხლოს და მორიგების აქტით განსაზღვრული 71138 ლარის დაკისრების თაობაზე (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების ასლი, ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის სააღსრულებო ფურცლის ასლი.
42. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უნდა შემოწმებულიყო არსებობდა თუ არა თავდები პირებისათვის ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები. მართალია, ძირითად მოვალეს სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა თანხების გადახდა, მაგრამ ვინაიდან მისი აღსრულება ვერ მოხდა, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა თავდებმა პირებმა შეასრულონ მხარეებს შორის 2014 წლის 14 აგვისტოს და 17 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
43. ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება) სარჩელი დაკმაყოფილებულია და მოცემული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მაგრამ ვინაიდან ვერ აღსრულდა ძირითადი მოვალის მიმართ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ა.შ–ძის უფლებამონაცვლე ც.დ–ძისათვის და მოპასუხე გ.ო–ისათვის, როგორც თავდები პირებისათვის, 136 000 ლარის (ძირი დავალიანება) სოლიდარულად დაკისრების თაობაზე მართლზომიერია.
44. რაც შეეხება მოჩვენებით დადებულ გარიგების ნაწილში კასატორის შედავებას, რომ მამა-შვილს შორის დადებული გარიგებები ნამდვილია, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ შედავებას შემდეგ გარემოებათა გამო:
45. სსკ-ის 170-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. საკუთრება რამდენიმე პირისა ნივთზე შეიძლება არსებობდეს, როგორც ინდივიდუალური ასევე საერთო საკუთრების სახით. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას არ აქვს აბსოლუტური ხასიათი და მისი შეზღუდვა გამართლებულია თუ კი მესამე პირთა უფლებები ილახება ან შესაძლოა შეექმნას შელახვის საფრთხე.
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას: მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე მათგანი მიიჩნევა კერძო ავტონომიის ნეგატიური გამოვლინების მაგალითად (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 56, 2017, ველი 2), მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას, კერძოდ, გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამომვლენის ნამდვილ შინაგან ნებას და გარიგება ნების გარეგნული გამოვლენის შედეგად დაიდო. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში დგება მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების მხარეები ერთობლივად მოქმედებენ და ნების გამოვლენის შინაარსის ძირითად ელემენტად ამ გამოვლენილი ნების არარსებობას აქცევენ. თვალთმაქცური გარიგებისას, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. „თვალთმაქცური გარიგებისას, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს“ (იხ: სუსგ საქმე №ას-1090-2021, 18 მაისი 2021 წელი).
47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები იმ განზრახვის გარეშე მოქმედებენ, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ „გარიგება“. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება. შესაბამისად, იმისათვის, რათა დადგინდეს გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი, აუცილებელია, სასამართლომ ერთობლივად შეაფასოს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გასხვისების დრო, მხარეთა ურთიერთკავშირი, ხელშეკრულების ფასი, მყიდველთა გარიგების გაფორმების შემდგომი ქმედებები და ა.შ.
48. მოჩვენებითი გარიგებების შეფასებისას, მნიშვნელოვანია უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერების საკითხის დადგენაც. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება მოსარჩელემ უნდა ადასტუროს, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრუნდება იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის. ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია (სუსგ. №ას-266-2025 28 მაისი, 2025 წელი.).
49. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ ნათესავებს (მამა-შვილს) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია (სსკ-ის 56.1 მუხლი), რადგან იგი მიზნად ისახავდა, მხოლოდ წარმოშობილი დავალიანების გადახდევინებისაგან თავის არიდებას.
50. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა.შ–ძესა და დ.შ–ძეს შორის გაფორმებული 2016 წლის 02 დეკემბრის და 2015 წლის 11 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეები ერთი ოჯახის წევრი მამა-შვილი არიან. ჩუქების ხელშეკრულებები ფორმდება სწორედ სასამართლოში პირველი სამოქალაქო დავის დაწყებისა და სააღსრულებო ბიუროში განცხადებების შეტანის შემდეგ.
51. ჩუქების ხელშეკრულებით ასევე დასტურდება, რომ აწ. გარდაცვლილი ა.შ–ძე საკუთარი შვილის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე საკუთარ თავთან დებს ხელშეკრულებას და ამ ფორმით ასხვისებს საკუთარ ქონებას შვილის - დ.შ–ძის სახელზე. ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე თარიღით იდება.
52. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატის შეფასებით ქმნის იმ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოპასუხეებს არ სურდათ ქონების გაყიდვა, მხარეების ერთადერთ ინტერესს წარმოადგენდა საჯარო რეესტრში მესაკუთრის ცვლილება იმ მიზნით, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით აღსასრულებლად არ მიქცეულიყო მათი უძრავი ქონება. მათი მითითება საკუთრების უფლების თავისუფალი განკარგვისა და ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპების შესახებ ამ შემთხვევაში ვერ მიჩნევა რელევანტურ დასაბუთებად, რადგან სწორედ აღნიშნულ პრინციპთა საპირისპირო, მტკიცების შებრუნების შემთხვევაა სახეზე, როდესაც ახლო ოჯახის წევრებს შორის იდება გარიგება. ზემოაღნიშნული შებრუნებული მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილების ვალდებულება კი მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს. აქედან გამომდინარე, დამაჯერებელია, რომ ჩუქება და ნასყიდობა მოჩვენებითად გაფორმდა.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
54. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი
55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ო–ის, ც.დ–ძისა (ა.შ–ძის უფლებამონაცვლე) და დ.შ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ო–ს (პ.ნ. ……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს.თ–ის (პ.ნ. ……) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N39949551; გადახდის თარიღი: 27.03.2024) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;
3. დ.შ–ძეს (პ.ნ. ……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N9829; გადახდის თარიღი: 02.04.2024) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;
4. ც.დ–ძეს (პ.ნ. …….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.შ–ძის (პ.ნ. ………) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N2646; გადახდის თარიღი: 02.04.2024) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი