საქმე №ას-1350-2025 23 დეკემბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ზ.ხ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით ზ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
2. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, აღნიშნულ კარძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, საჩივრის ავტორს 5 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითარი და დასაბუთებული კერძო საჩივარი.
4. განჩინების შინაარსი საჩივრის ავტორს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით, ხოლო 2025 წლის 4 ნოემბერს, განჩინებით გათვალისწინებული ხარვეზის შევსების ვადის დაცვით საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარადგინა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, ასევე გადავადებისა და ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი ვადის მიცემის შესახებ შუამდგომლობები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, ზ.ხ–ძის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, ასევე გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, თუმცა დაკმაყოფილდა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობა, შესაბამისად, ზ.ხ–ძეს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 7 დღით.
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საჩივრის ავტორს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2025 წლის 5 ნოემბერს. საჩივრის ავტორი გაფრთხილებული იყო, რომ ხარვეზის შევსებისთვის განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყებოდა სატელეფონო კომუნიკაციის თარიღიდან, თუმცა შუამდგომლობის ავტორის თხოვნით, სასამართლომ განჩინება გაუგზავნა ფოსტის მეშვეობითაც, რომელიც მას ჩაბარდა 2025 წლის 7 ნოემბერს.
7. 2025 წლის 13 ნოემბერს (ფოსტის კონვერტის შტამპის თარიღი) სასამართლოს განცხადებით მომართა ზ.ხ–ძემ და დამატებით მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელება, რათა ვერ შეძლო დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა. ასევე, მან წარმოადგინა ბაჟი სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითრები ხარვეზის ნაწილობივ შევსების მიზნით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ხარვეზის შევსების ვადის გაშვების გამო დარჩა განუხილველი.
9. აღნიშნულ განჩინებაზე ზ.ხ–ძემ წარადგინა განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, ზ.ხ–ძეს დაევალა 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1) შუამდგომლობის სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით; 2) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა.
11. დასახელებული განჩინება ზ.ხ–ძეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ. სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილების თანახმად, ფოსტის თანამშრომლებმა ორივეჯერ სატელეფონო კომუნიკაციის წესით შეატყობინეს ადრესატს გზავნილის მისვლის შესახებ, რაზეც მხარემ განაცხადა თანხმობა, რომ მიაკითხავდა ფოსტის ოფისში და ჩაიბარებდა, თუმცა გზავნილს არ მიაკითხა, რის გამოც გზავნილი თანდართული მასალებით ორივე ჯერზე დაუბრუნდა ადრესანტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც 391-ე და 414-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19. სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
20. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ამავდროულად, თუ კი ადრესატს მის მიერვე მითითებულ მისამართზე გზავნილი არ ჩაბარდება, ან უარს იტყვის ჩაბარებაზე, გზავნილი მაინც ჩაბარებულად ჩაითვლება.
21. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, ზ.ხ–ძეს დაევალა 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1) შუამდგომლობის სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით; 2) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა.
22. დასახელებული განჩინება ზ.ხ–ძეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ. სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილების თანახმად, ფოსტის თანამშრომლებმა ორივეჯერ სატელეფონო კომუნიკაციის წესით შეატყობინეს ადრესატს გზავნილის მისვლის შესახებ, რაზეც მხარემ განაცხადა თანხმობა, რომ მიაკითხავდა ფოსტის ოფისში და ჩაიბარებდა, თუმცა გზავნილს არ მიაკითხა, რის გამოც გზავნილი თანდართული მასალებით ორივე ჯერზე დაუბრუნდა ადრესანტს.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან განმცხადებელმა უარი თქვა ორივე ჯერზე მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარებაზე, რადგან მას ორჯერ გაეგზავნა ხარვეზის განჩინება, მაგრამ არ ჩაიბარა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გზავნილის ჩაბარებულად ჩათვლის პროცესუალური საფუძველი, რაც ავტომატურად იწვევს ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის დენის დაწყებას. შესაბამისად, რადგან 2025 წლის 16 დეკემბერს საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, ადრესატმა არ ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, განჩინებით განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 17 დეკემბერს და ამოიწურა 2025 წლის 22 დეკემბერს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მხარეს სასამართლოსთვის არც ხარვეზის შევსების და არც სხვა სახის შესაბამისი შუამდგომლობით მოუმართავს, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ხ–ძის განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე