საქმე №ა-6774-შ-159-2025
18 დეკემბერი, 2025 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ა.ს-ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ჯ.ს–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგება
დავის საგანი – მეუღლეთა ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა ე.ა.ს-ჯ–ის წარმომადგენელმა რ.მ–მა და მიუთითა, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგებით ყოფილმა მეუღლემ - ფ.ჯ.ს–იმ იკისრა ვალდებულება, რომ, რეესტრში რეგისტრაციის გზით, 2 წლის განმავლობაში გადასცეს ყოფილ ცოლს-ე.ა.ს-ჯ–ის საქართველოში, ქალაქ თბილისში, ......... მდებარე ბინა, კუთვნილი 50% წილი. აღნიშნული მორიგება კანონიერ (იურიდიულ) ძალაში შევიდა 2020 წლის 13 თებერვალს.
შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ ე.ა.ს-ჯ–ის ყოფილმა მეუღლემ - ფ.ჯ.ს–იმ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა აღნიშნულ ბინაში საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით. თავის მხრივ ე.ა.ს-ჯ–იმ აღძრა შეგებებული სარჩელი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვა სადავო 50% წილზე მესაკუთრედ აღიარება, ასევე მითითებული ბინის სრულ (100% წილის) მესაკუთრედ რეგისტრაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოში დადებული მორიგების აქტი წარმოადგენს ე.ა.ს-ჯ–ისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც განსაზღვრავს მიმდინარე დავის სამართლებივ ბედს. გადა ამისა ფ.ჯ.ს–იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი წამოაყენებს პრეტენზიას ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბინაზეც და ამ ბინიდანაც მოითხოვს მისი რეალიზაციის შედეგად 50 %-ანი წილის ღირებულებას. ამდენად შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესია მოხდეს ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა რ.მ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე.ა.ს-ჯ–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს უზენაეს სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.ა.ს-ჯ–ის წარმომადგენელმა რ.მ–მა 2025 წლის 12 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ანალოგიური მოთხოვნით მხარემ 2022 წლის 27 აპრილსაც წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით დარჩა განუხილველად. განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებდა უცხო ქვეყნის მიერ დამტკიცებული მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიულ ინტერესს. კერძოდ, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცნობით ვერ იქნებოდა მიღწეული შუამდგომლობის ავტორის ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით მხარე კვლავ ითხოვს ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.
სასამართლოში მოთხოვნის წარდგენისას იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით (იხ. სუსგ საქმე Nა-5646-შ-168-2019, 27/12/2019).
ამდენად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი: მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით].
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცნობას და განმარტავს, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულება შუამდგომლობის ავტორის ყოფილმა მეუღლემ არ შეასრულა და 2 წლის განმავლობაში არ დაურეგისტრირა მას თავისი 50%-იანი წილი. ამასთანვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნული დავის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოში დადებული მორიგების აქტი წარმოადგენს ე.ა.ს-ჯ–ისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც განსაზღვრავს მიმდინარე დავის სამართლებივ ბედს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ შეძლო ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დასაბუთება, რამდენადაც აღნიშნული მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცნობა ამავე დოკუმენტის შედეგების სრულფასოვანი განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა და ვერ იქნება მიღწეული შუამდგომლობის ავტორის ინტერესი. რაც შეეხება მითითებას, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის იურიდიული ინტერესი ამ დოკუმენტის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენაა, სადაც სადავო უძრავ ქონებაზე მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეს უფლება აქვს ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგება (სათანადოდ დამოწმებული) მის სათანადოდ დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად წარადგინოს სასამართლოში, როგორც მტკიცებულება, რისთისაც არ არის საჭირო წარმოდგენილი დოკუმენტის (მორიგების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ სარჩელებზე, რომლებიც საქართველოში მდებარე უძრავ ქონებას ეხება, რაც ამავე კანონის 68.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიძლება გახდეს ამ ქონებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება (აღნიშნულ საკითხზე იხილეთ სუსგ საქმე №ა-3666-შ-100-2016, 31 ივლისი, 2017 წელი; საქმე №ა-1582-შ-34-2013, 20 მაისი, 2014 წელი), ხოლო 68.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს წარმოდგენილი განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინებაში აღწერილი მითითებები არ გაუთვალისწინებია და რამდენადაც კანონით დადგენილი წესით კვლავ ვერ ასაბუთებს საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების ცნობის შესახებ იურიდიული ინტერესის არსებობას, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 180-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ა.ს-ჯ–ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია