საქმე№ას-584-2024
27 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შპს „C. L.“
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე დამატებითი განჩინების გამოტანა/განჩინების განმარტება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შპს „C. L.“-ის საკასაციო საჩივარი და ნ.ს–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; შპს „C. L.“-ს (არარეზიდენტი კომპანიის ნომერი 14......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა ა.ძ–ძის (პ/ნ ........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ში“ 04.04.2024 წლის N6447 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8 000 ლარის 70% 5 600 ლარი; ნ.ს–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ში“ 01.07.2024 წლის N2288 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
2. 2025 წლის 20 ნოემბერს, საკასაციო სასამართლოს, შპს „C. L.“-ის წარმომადგენელმა პ.კ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, და განმარტა, რომ შპს „C. L.“ არის არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც საქართველოში არც ფილიალი და არც წარმომადგენლობა გააჩნია. შესაბამისად, არ გააჩნია საბანკო ანგარიში, მითუმეტეს ლარებში. პ.კ–ის განმარტებით, იგი მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა შპს „C. L.“-ს, მას ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გამოთხოვის და საკუთარ ანგარიშზე მიღების უფლება, რომლის დაბრუნება მიმნდობზე დადგენილი იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით/განჩინებით. აქედან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს, სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს არა შპს „C. L.“-ს, არამედ შპს „C. L.“-ს წარმომადგენელ პ.კ–ს, ამისათვის კი შუამდგომლობს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება.
3. განმცხადებელი, ასევე, მიუთითებს - სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე განმარტოთ მიღებული განჩინება, რომ წარმომადგენელს აქვს უფლება სახელმწიფო ბაჟი დაიბრუნოს მის ანგარიშზე.
4. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
5. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
6. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უკავშირდება არცერთ იმ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც მიიღება დამატებითი განჩინება.
საკასაციო სასამართლოს არ გამორჩენია სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტა. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. სახელმწიფო ბაჟი უბრუნდება მხარეს, ხოლო გადახდის რეკვიზიტებში მიეთითება ის პირი, ვინც უშუალოდ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ბიუჯეტში, მხარის სახელით.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის წარმომადგენელს, ვისაც მინდობილობით მინიჭებული აქვს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების უფლება, შეუძლია სახელმწიფო ხაზინაში წარადგინოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც მხარეს სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდა და მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (სსსკ-ის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლები).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ სახელმწიფო ხაზინამ უარი უთხრა წარმომადგენელს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე.
10. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
11. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (იხ. სუსგ №ა-3849-გან-4-2017, 5.10.2017 წ.).
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების წინაპირობას, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ვლინდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „C. L.“-ის წარმომადგენელ პ.კ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე დამატებითი განჩინების გამოტანის/განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი