Facebook Twitter

საქმე Nას-669-2025

29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო....“ (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

დავის საგანი – ბათილად იქნეს ცნობილი შპს „თ.ს.ს.დ–ის“ დირექტორის - გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, შპს ,,თ.ს.ს.დ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,თ.ს.ს.დ–ის’’ დირექტორის - გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება (თანხმობის წერილი);

2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მქონე მესამე პირმა - შპს ,,ო....’’-მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,ო....’’-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის გათვალისწინებით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

4.1 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები არიან მხარეები მოსარჩელე, მოპასუხე) და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები. დასახელებული ნორმის არსი წარმოადგენს არა პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ორიენტირებულია იმ პირის/პირთა უფლებების დაცვაზე (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება), რომელთა მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი უფლებები ა/ან მოვალეობები. ამასთან, ეს მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება.

4.2 საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში დამოუკიდებელი სარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართულ იქნა შპს „ო......”. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს.

4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თავად გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი მისი, როგორც მესამე პირის უფლებებს, არ შეხებია, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე ვალდებულება არ დადგენილა და გადაწყვეტილება მესამე პირებს არ შეხებია.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,ო....“-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ო....“ წარმოადგენს ქალაქ თბილისში, .........../.......... მდებარე N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს.

6.1 2019 წლის 01 ივლისის N4568163 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა შპს „ო....“-ის განცხადება და გაიცა მშენებლობის ნებართვა N........ საკადასტრო ერთეულზე კაფე-ბარის მოწყობის მიზნით. ნებართვის გაცემას წინ უძღოდა შპს „ო....“-ის განცხადება, რომლის ფარგლებშიც შპს „ო....“-მა წარადგინა N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უკლებლივ ყველა მიწის წაკვეთის თანამესაკუთრეების თანხმობა (რომლითაც მესაკუთრეებმა შპს „ო....“-ს მშენებლობის ნებართვის მოპოვების უფლება მიანიჭეს). თანხმობათა შორის იყო შპს „თ.ს.ს.დ–ი“-ს, როგორც მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი თანამესაკუთრის, დირექტორის გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება (თანხმობის წერილი).

6.2 მას შემდეგ რაც შეიცვალა შპს „თ.ს.ს.დ“-ს მენეჯმენტი, ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ N....... საკადასტრო ერთეულზე, შპს „ო....“-ის მიერ მშენებლობის განხორციელება არ იყო მისაღები. თუმცა, ვინაიდან თანხმობის უკან წაღება ვერ მოხდებოდა (თანხმობა იყო გამოუთხოვადი), შპს „თ.ს.ს.დ“-ს ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა 2019 წლის 01 ივლისის N4568163 ბრძანება სადავოდ გაეხადა მისი დამფუძნებლის - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საშუალებით, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ, 100% წილის მფლობელ პარტნიორს. ამავდროულად, ამ უკანასკნელმა შპს „თ.ს.ს.დ“-ს დირექტორის გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სადავოდ გახადა სასამართლოში სამოქალაქო წესით. თუმცა, სააგენტომ, მოპასუხედ განსაზღვრა არა თანხმობის წერილის ადრესატი (შპს „ო....“), არამედ მის მიერვე დაფუძნებული საწარმო - შპს „თ.ს.ს.დ–ი“.

6.3 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თანხმობის წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენს გარიგებას, კონკრეტულად კი ცალმხრივ გარიგებას, რომლითაც შპს „ო....“-ს მიეცა უფლება განახორციელოს რიგი ქმედებები (მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და სხვა). შესაბამისად, სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სარჩელის მოპასუხე, როგორც გარიგების მხარე (თანხმობის წერილის ადრესატი) უნდა ყოფილიყო შპს „ო....“.

6.4 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელში სადავო თანხმობის წერილის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ამგვარი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

6.5 ვინაიდან, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დარწმუნებით იცოდა, რომ დავას შპს „ო....“-ის წინააღმდეგ არ გააჩნდა პერსპექტივა, მოპასუხედ სარჩელში განსაზღვრა არა გარიგების მხარე - შპს „ო....“, არამედ შპს „თ.ს.ს.დ–ი“. ამ უკანასკნელმა კი, როგორც მოსარჩელის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, რა თქმა უნდა სარჩელი ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (მოსამზადებელ სხდომაზე) შპს „ო....“-ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეში მოპასუხე უნდა ყოფილიყო შპს „ო......“ და არა შპს „თ.ს.ს.დ–ი“. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

6.6 კერძო საჩივრის ავტორმა ისიც აღნიშნა, რომ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა თავდაპირველი მოპასუხე ჩანაცვლებულიყო სათანადო მოპასუხით, სასამართლო ვალდებული იყო მოსარჩელისთვის უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6.7 კერძო საჩივრის ავტორი, ასევე ითხოვს - იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, განმარტოს შემდეგი - შესაძლოა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებამ იქონიოს გავლენა შპს „ო....“-ზე, უფრო კონკრეტულად კი, შესაძლოა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „თ.ს.ს.დ“-ს დირექტორის გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის თანხმობის წერილი ჩაითვალოს ბათილად, მათ შორის შპს „ო....“-ისათვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. 9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირის მიმართ გამოტანილი არ არის, ამასთან, იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი. ამდენად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი არ არის.

10. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის ცნებასთან მიმართებით ყურადღება, უნდა გამახვილდეს სსსკ-ის 88-ე და 89-ე მუხლებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განარჩევს მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს და მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს. საკასაციო სასამართლო განსახილველ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რამეთუ ის თავად აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე და გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი უფლებების წინააღმდეგაც იყოს მიმართული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ეძლევა მას გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა (სსსკ-ის 364-ე და 391.1 მუხლები), რაც შეეხება მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს, მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით (იხ. სუსგ Nას-798-798-2018, 13.07.2018წ.). საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., №ას-1771-2019. 08.05. 2020წ.).

12. სსსკ-ის 91-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. 13. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 14. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

16. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლების შელახვაზე, მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, არსებობდა თუ არა შპს „ო....“-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს (იხ. სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22.11.2006წ.; №ას-210-200-2016, 22.04.2016 წ.; Nას-798-798-2018, 13.07.2018წ.).

18. ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ სარჩელი აღძრულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, მოპასუხე - შპს ,,თ.ს.ს.დ–ის“ მიმართ, შპს ,,თ.ს.ს.დ–ის’’ (დირექტორის - გ.კ–ძის) 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების (თანხმობის წერილი) ბათილად ცნობის მოთხოვნით. კერძოდ, შპს „თ.ს.ს.დ–ის’’ დირექტორის მიერ თანხმობა გაიცა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........), შპს „ო....“-ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სარდაფის) მიმდებარედ მშენებლობის განხორციელებაზე, რითაც დირექტორის მიერ განხორციელდა შპს „თ.ს.ს.დ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა, რისი უფლებამოსილებაც მას წესდების თანახმად არ გააჩნდა.

19. საქმის მასალების თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მმართველს და შპს "თ.ს.ს.დ–ის" 100%-იანი წილის მესაკუთრეს, შპს "თ.ს.ს.დ–ის" 2023 წლის 20 თებერვლის №02-23/32 წერილით ეცნობა, რომ შპს "ო...."-მა, 2019 წლის 19 თებერვალს, განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ........ №1-ში, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, კაფეს განთავსების მიზნით მშენებლობის ნებართვა. მითითებულ განცხადებას თან ერთვის შპს "თ.ს.ს.დ–ის" ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

20. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გასცა მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 02 ივლისიდან 2020 წლის 02 ივლისის ჩათვლით. შპს „ო....“-მა აღნიშნულ პერიოდში მშენებლობა არ დაიწყო და 2020 წლის 6 მაისის განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის ივნისის №4991753 გადაწყვეტილებით შპს „ო....“-ს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე.

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა ფაქტობრივად მის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მიუხედავად პირის სტატუსისა, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მის ინტერესებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, რადგან მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.

22. საკასაციო პალატა, აქვე განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლების მართებულობის შემოწმება, შესაბამისად საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უპასუხოს კერძო საჩივრის ავტორის სხვა შედავებას, რომელიც არსებითი განხილვის ფარგლებშია შესაფასებელი.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და შპს „ო....“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ო....“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინება და შპს „ო....“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი