№ას-1393-2025
4 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ.ფ–ი, ა.ფ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ფ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა N01.17.07……. ბინის 1/5 ნაწილზე წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში; ნ.ფ–სა და ა.ფ–ს ლ.ფ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ლარში 12800 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეება, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ.ფ–ის და ა.ფ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის გაჩინებით კასატორების მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ.ფ–სა და ა.ფ–ს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, ოდენობის შემცირების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენლის თანამშრომელს ჩაბარდა 2025 წლის 6 ნოემბერს.
2025 წლის 12 ნოემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და ცნობა ა.ფ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განცხადებაში მითითებულია, რომ კასატორებს აქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა და იმის გათვალისწინებით, რომ ა.ფ–ს დაკარგული აქვს მხედველობა, ის საჭიროებს მუდმივ ზრუნვას ნ.ფ–ისაგან. აღნიშნულზე დაყრდნობით, წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ადვოკატმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის გაჩინებით კასატორების მოთხოვნა, სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; კასატორების მოთხოვნა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ნ.ფ–სა და ა.ფ–ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალათ მათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენლის თანამშრომელს ჩაბარდა 2025 წლის 18 ნოემბერს. კასატორებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
2025 წლის 20 ნოემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ფ–ის და ა.ფ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კასატორების მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2025 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა კასატორების წარმომადგენლის თანამშრომელს - შ.გ–ს პ/ნ ......... (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.II ს.ფ. 223; მინდობილობები ტ.II, ს.ფ 83-866).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორებისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 19 ნოემბერს ამოიწურა ამავე წლის 23 ნოემბერს, მაგრამ ვინაიდან 23 ნოემბერი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 24 ნოემბერს, ორშაბათს. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2025 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადიში, ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორების ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ იმ შუამდგომლობის ავტორს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ხარვეზის შევსების მიზნით კასატორების ადვოკატის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. განცხადებაში კვლავ აღნიშნულია, რომ კასატორებს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და იმის გათვალისწინებით, რომ ა.ფ–ს დაკარგული აქვს მხედველობა, ის საჭიროებს მუდმივ ზრუნვას ნ.ფ–ისაგან. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით ნ.ფ–ის მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 9 566,34 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1 875 ლარს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით კი კასატორი ა.ფ–ი, როგორც პენსიონერი, თვეში იღებს პენსიას 450 ლარს.
წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და არ არსებობს კასატორების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ–ის და ა.ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე