Facebook Twitter

საქმე №ას-1485-2025

9 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.გ–ის სარჩელი თ.მ–ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრების, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. შეწყდა თ.გ–სა (დაბადების თარიღი: 4 ივლისი 1990 წელი, პირადი ნომერი: .....) და თ.მ–ს (დაბადების თარიღი: 4 თებერვალი 1987 წელი, პირადი ნომერი: ......) შორის 2021 წლის 20 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სააქტო ჩანაწერი №01213.......;

2. თ.მ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2022 წლის 12 ივლისს დაბადებული ტ.მ–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2023 წლის 31 მარტიდან, მის სრულწლოვანებამდე;

3. თ.გ–ის სარჩელი თ.მ–ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

4. თ.მ–ის შეგებებული სარჩელი თ.გ–ის მიმართ, ასევე თ.გ–ის სარჩელი თ.მ–ის მიმართ, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5. თ.მ–ს (პ/ნ: .......) არასრულწლოვან შვილთან - 2022 წლის 12 ივლისს დაბადებული ტ.მ–თან - ურთიერთობისათვის, 4 წლის ასაკამდე, ბავშვის ჩვეული რეჟიმის დარღვევის გარეშე, განესაზღვრა ყოველი კვირის პარასკევის 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, ასევე კვირის 15:00 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთი, დედის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ, ასევე 4 წლის შემდეგ (მხოლოდ ბავშვის მამასთან მიჩვევის შემთხვევაში) კვირას 11:00 საათიდან ორშაბათას 09:00 საათამდე დროის მონაკვეთი, წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, დანარჩენ ნაწილში თ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ - თ.მ–ს - დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებზეც აპელანტი ამყარებდა თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მათ; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით თ.მ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ.მ–მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.მ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კი განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინება აპელანტ თ.მ–ს გაეგზავნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მისსავე მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ....... და ჩაბარდა ნ.ა–ძეს პ/ნ ........ 2025 წლის 11 ნოემბერს (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტომი II, ს.ფ. 305-314; ჩაბარების დასტური - ტომი II, ს.ფ. 428). საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული მისამართი თ.მ–ს მისსავე მისამართად მითითებული აქვს შესაგებელში და შეგებებულ სარჩელში, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებებში და ასევე აღნიშნულ მისამართზე მას პირადად აქვს ჩაბარებული თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გაგზავნილი კორესპონდენცია (იხ. შესაგებელი, შეგებებული სარჩელი - ტომი I, ს.ფ. 206-230; განცხადებები - ტომი II, ს.ფ. 300,432; ჩაბარების დასტური - ტომი II, ს.ფ. 350).

სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, თ.მ–ისათვის კერძო საჩივრის წარმოდგენის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მეორე დღეს - 2025 წლის 12 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 ნოემბერს. მაგრამ, ვინაიდან, 23 ნოემბერი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ კერძო საჩივრის წარმოდგენის 12-დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2025 წლის 24 ნოემბერს - ორშაბათს. ამდენად, თ.მ–ი ვალდებული იყო კერძო საჩივარი წარმოედგინა 2025 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში თ.მ–ს კერძო საჩივარი არ წარმოუდგენია, მან კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამარლოში წარადგინა 2025 წლის 25 ნოემბერს. მისთვის განჩინების ჩაბარებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.მ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან ნემსაძე