საქმე №ას-81-2021 24 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ს.ს–ვა, რ.რ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ო.ლ.კ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ს.ს–ვა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - კასატორების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 22.05.2019 წლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ს.ო.ლ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ს.ს–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), ს.ს–ვასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და რ.რ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, მეორე მოპასუხესთან ერთობლივად - „აპელანტები“ ან „კასატორები“, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ ხელშეკრულების მოშლისა და თანხის დაკისრების თაობაზე:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 29.08.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 25 621.62 ლარი, საიდანაც ხელშეკრულების ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილი 21 982.31 ლარი, სარგებელი 2 963.85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 675.46 ლარია.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:
ა) მესამე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული მარტვილის რაიონის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ........;
ბ) მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული მარტვილის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ..........
1.3. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების კუთვნილი მთელი ქონება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მეორე მოპასუხემ და მესამე მოპასუხემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2020 წლის განჩინებით მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა 14.05.2012 წელს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, აპელანტების სოლიდარული პასუხისმგებლობა და მათ საკუთრებად რიცხული იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა.
3.2. 14.05.2012 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური ხაზის ხელშეკრულება №LC/C/653665, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებაზე ხელშეკრულებების საბაზისო პირობებით, კერძოდ, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50 000 ლარით. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს მიმდინარე სესხს.
3.3. 18.05.2012 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №LC/A/46995, რომელიც წარმოადგენდა №LC/C/653665 გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; სესხის მოცულობა შეადგენდა 15 360.04 აშშ დოლარს (25 000.00 ლარს (1 აშშ დოლარი=1.6276 ლარი)). სესხი გაიცა 36 თვის ვადით.
3.4. 12.02.2014 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №LC/A/71242, რომელიც წარმოადგენდა LC/C/653665 გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; სესხის მოცულობა შეადგენდა 11 554.68 აშშ დოლარს (20 000.00 ლარს (1 აშშ დოლარი=1.7309 ლარი)). სესხი გაიცა 48 თვის ვადით.
3.5. 12.02.2014 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №LC/A/70880, რომელიც წარმოადგენდა LC/C/653665 გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; სესხის მოცულობა შეადგენდა 17332.02 აშშ დოლარს (29 999.99 ლარს (1 აშშ დოლარი=1.7309 ლარი)), სესხის მიზნობრიობა იყო: საბრუნავი საშუალებების შეძენა - 8666 აშშ დოლარი, რეფინანსირება 8666 აშშ დოლარი, სესხი გაიცა 48 თვის ვადით.
3.6. 29.08.2015 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის №LC/C/653665 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება LC/A/94567, რომელიც წარმოადგენდა გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და საზოგადოება უფლებამოსილი იყო მსესხებელზე გაეცა ფულადი სახსრები. სესხის მოცულობამ შეადგინა 50 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა იყო პირველი მოპასუხის რეფინანსირება. სესხი გაიცა 48 თვის ვადით. 29.08.2015 წლის სესხის №LC/A/94567 ხელშეკრულებით რეფინანსირდა ორი სესხი - №LC/A/71242 და №LC/A/70880.
3.7. დადგენილია, რომ აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით აპელანტებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა და, ამასთან, ამავე გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები.
3.8. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით ხელზე გაიტანა ჯამურად 50000 ლარი, ხოლო დანარჩენი, ე.წ. „ლიმიტს“ (50000 ლ) ზემოთ თანხა რეალურად არ გაიცემოდა მსესხებლებზე, არამედ ამ თანხებით (ლიმიტს ზემოთ არსებული თანხებით), რომელიც ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ორივე მხარის ნების შესაბამისად, მოპასუხეთა სასარგებლოდ მორიგი სესხის გაცემის მიზნით ხდებოდა უკვე არსებული სესხის რეფინანსირება, ანუ სრულად დაფარვა (განულება), რაც იძლეოდა საფუძველს მომხდარიყო ახალი ათვლა ლიმიტის ფარგლებში სესხის ახალი პირობით გაცემისა. ამდენად, პირველი მოპასუხის მიერ სესხად გამოტანილი თანხები არ აცდენია №LC/C/653665 გენერალური სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ლიმიტს/მოცულობას, რომლის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა სწორედ 50 000 ლარით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამავე გენერალური სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის სოლიდარული თავდებობისგან გათავისუფლებისა და მათ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში ტექსტში სსკ) 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სსკ-ის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის საფუძველზე, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თავდებების პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 50 000 ლარის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულებების 6.1. „ა“ პუნქტებით). ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
3.10. სსკ-ის 286-ე მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სსკ-ის 301-ე მუხლის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3.11. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს და გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც მოსარჩელეს უფლება მისცა, მოეთხოვა ვალდებულების სრული შესრულება. დადგენილია, რომ მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
3.12. პალატამ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძველი:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მეორე მოპასუხემ და მესამე მოპასუხემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - კასატორების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია მასზე, რომ: არ არსებობს თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე სარჩელის მათ მიმართ დაკმაყოფილების წინაპირობა; სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება მსგავს დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას; გენერალური ხელშეკრულების ლიმიტი იყო ამოწურული (ლიმიტი იყო 50 000 ლარი, პირველმა მოპასუხემ კი ჯამურად ისესხა 125 000 ლარი) და კასატორებს არ უკისრიათ ლიმიტს ზემოთ თანხის უზრუნველყოფის ვალდებულება; სარჩელით მოთხოვნილი და დაკისრებული თანხა არის სწორედ ის ბოლო, მეოთხედ აღებული სესხის თანხა, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უზრუნველყოფილ სესხად; 29.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება არ უნდა მოეთხოვოს არავის, გარდა პირველი მოპასუხისა - უშუალოდ მსესხებლისა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არც კი გაუხდია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში ტექსტში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
7. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
7.1. 14.05.2012 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებების დადებაზე გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით; ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 ლარი; ლიმიტის ათვისების ვადა ერთი ან რამდენიმე პარალელური სესხის სახით - არ უნდა აღემატებოდეს 48 თვეს; წლიური საპროცენტო სარგებელი - 19%-40%;
7.2. გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 18.05.2012 წლისა და 12.02.2014 წლის ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილ იქნა მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის სოლიდარული თავდებობებით (ს.ფ.20; 32);
7.3. მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 15.05.2012 წლისა და 11.02.2014 წლის ხელშეკრულებებით იპოთეკით დაიტვირთა მეორე და მესამე მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ნივთები (ს.ფ.21-29);
7.4. 18.05.2012 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის მოცულობა შეადგენდა 15 360.04 აშშ დოლარს (ანუ 25 000.00 ლარს (1 აშშ დოლარი=1.6276 ლარი)). სესხი გაიცა 36 თვის ვადით;
7.5. 12.02.2014 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა №LC/A/71242 სესხის ხელშეკრულება. სესხის მოცულობა შეადგენდა 11 554.68 აშშ დოლარს (20 000.00 ლარს (1 აშშ დოლარი=1.7309 ლარი)). სესხი გაიცა 48 თვის ვადით (ს.ფ.113-119);
7.6. 12.02.2014 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა №LC/A/70880 სესხის ხელშეკრულება. სესხის მოცულობა შეადგენდა 17 332.02 აშშ დოლარს (29 999.99 ლარს (1 აშშ დოლარი=1.7309 ლარი)). სესხი გაიცა 48 თვის ვადით (ს.ფ.120-126);
7.7. 29.08.2015 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის მოცულობამ შეადგინა 50 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა იყო პირველი მოპასუხის რეფინანსირება. სესხი გაიცა 48 თვის ვადით. სესხით სარგებლობისთვის მსესხებელს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა გაცემული თანხის წლიური 23%. 29.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულებით რეფინანსირდა ორი სესხი - 12.02.2014 წლის №LC/A/71242 და 12.02.2014 წლის №LC/A/70880 (ს.ფ.33-35);
7.8. 29.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე უზრუნველყოფის საშუალებების გავრცელების შესახებ კასატორების, როგორც იპოთეკის საგნების მესაკუთრეების, თანხმობა ცალკე არ გაცემულა.
8. კასატორებს მიაჩნიათ, რომ არ არსებობს 29.08.2015 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 50 000 ლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის მათი პასუხისმგებლობის საფუძველი.
9. სსკ-ის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომავალში გასაცემი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას, სწორედ ჯერ არარსებული, მაგრამ მომავალში გასაცემი კრედიტის პირადი (პიროვნული) უზრუნველყოფის საშუალებაა, აქცესორულია და ძალაში შედის იმ დროიდან, როდესაც კრედიტი მოვალეზე რეალურად გაიცემა (სუსგ №ას-647-647-2018, 21.10.2019წ.). სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით, თავდებობა კრედიტორს თავდების რაიმე კონკრეტულ ქონებაზე რაიმე უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას კი არ ანიჭებს, არამედ თავდებობის ძალით კრედიტორი მოვალესთან მიმართებით არსებულ ძირითად მოთხოვნასთან ერთად, ასევე, დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნას იძენს თავდების მიმართ (სუსგ №ას-726-2019, 05.07.2019წ.).
10. სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა, სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად, აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით (სუსგ №ას-1172-2018, 08.02.2019წ; №ას-1801-2019, 28.05.2020წ.).
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების პასუხისმგებლობის ფარგლების ფორმულირება შემდეგი სახით - „გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება სრულად“ (იხ. ხელშეკრულებების 6.1 პუნქტები; წინამდებარე გადაწყვეტილების 3.9. პუნქტი), - ვერ შეფასდება თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხად გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული 50 000 ლარის მიჩნევისათვის საკმარის საფუძვლად. შესაბამისად, არ არსებობს კასატორებისათვის, როგორც თავდებებისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და საკასაციო პალატა აღარ აფასებს თავდების პასუხისმგებლობის სხვა წინაპირობებს.
12. რაც შეეხება კასატორების, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების მესაკუთრეების პასუხისმგებლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა განიმარტოს იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი, მისი დანიშნულება მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხში და იპოთეკის ფარგლები. სამოქალაქო კოდექსის ნორმათა, ძირითადად, დისპოზიციური ხასიათი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. იმავდროულად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის გადამწყვეტია ორივე მხარის ნება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია დავა სესხის თანხის უზრუნველყოფის ფარგლებთან დაკავშირებით, რა დროსაც მნიშვნელოვანია სწორედ დოკუმენტური სისწორე და სიზუსტე, სახელდობრ, რა თანხა გაიცა სესხად, ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა, ხოლო შეუსრულებელი ნაწილის რა ოდენობა იყო უზრუნველყოფილი (სუსგ №ას-803-752-2017, 15.09.2017წ., პ.36).
13. საგულისხმოა როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში, წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. გირავნობის მსგავსად, იპოთეკის ფარგლების დადგენა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით (სუსგ №ას-803-752-2017, 15.09.2017წ., პ.31-32).
14. როცა მოსარჩელესა და კასატორებს შორის გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებებში მითითებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა და არ დასტურდება მესაკუთრეების ცალსახა და გააზრებული თანხმობა ლიმიტის ამოწურვის შემდგომ გაცემული ახალი სესხების მათი აქტივით უზრუნველყოფაზე, არ იკვეთება 29.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაფარად ფიზიკური პირების კუთვნილი იპოთეკის საგნების რეალიზაციის დადგენის წინაპირობა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სადავო ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში ფინანსური ორგანიზაციებისთვის (მოსარჩელე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მაშასადამე – ფინანსური ორგანიზაცია) არ იყო ნორმატიულად გაწერილი მომხმარებელთა უფლებების სტანდარტის დაცვა უშუალოდ თანხმობის გაცემის სავალდებულო ფორმისა თუ შინაარსის დაწესებით, თუმცა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, ის, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად განეხორციელებინა თავისი უფლებები და მოვალეობები.
16. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).
17. ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაში შედარებისთვის ყურადსაღებია მომხმარებელთა უფლებების სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, მომხმარებლის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულების შეფასებისას, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მომხმარებელი „სუსტი“ მხარეა და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება (იხ. C-137/08, პარ.46; C-40/08; C-240/98). ამ პრაქტიკის საფუძველზე ევროპის კავშირის დირექტივით რეგლამენტირებული მომხმარებელთა დაცვის სისტემა ორიენტირებულია შედარებით „სუსტი“ მხარის დაცვაზე არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო (სუსგ №ას-910-2020, 30.05.2022წ., პ.22). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში კრედიტორი ფინანსური ინსტიტუტი ძლიერი მხარეა, ხოლო მისი კონტრაჰენტი შედარებით „სუსტი“, რომელსაც დაცვის მეტი სტანდარტი სჭირდება (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-910-2020, 30.05.2022წ., პ.22; №ას-237-2019, 17.05.2019წ; №ას-444-2020, 17.03.2021წ; №ას-91-2021, 22.04.2021წ.) შესაბამისად, მომხმარებელს დეტალურად და მისთვის გასაგებად, მარტივად აღქმადად უნდა განემარტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიცაა – უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები.
18. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.03.2021 წლის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „წესი“), რომლით განსაზღვრული ნორმების შესრულებაც სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის (1.3. მუხლი). წესი არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე, საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს ასევე, სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს (1.1. მუხლი). წესის მე-6 მუხლი ადგენს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას – ხელშეკრულების თავსართის სახით. მისი მე-8 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისა და/ან თავდებისათვის/სოლიდარული თავდებისთვის, გადასაცემი/მისაწოდებელი უზრუნველყოფის/თავდებობის/სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების პირველივე გვერდზე განათავსოს შემდეგი ტექსტი: „სესხის გაცემა ხდება გენერალური ხელშეკრულების (ლიმიტის ოდენობა) ფარგლებში, რომელიც მოქმედია შემდეგი ვადით (ვადის მითითება). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზემოაღნიშნული ლიმიტის ფარგლებში მსეხებელზე დამატებით კრედიტის გაცემის შემთხვევაში, კრედიტის გაცემაზე თქვენი დამატებითი თანხმობა არ იქნება საჭირო და თქვენი თავდებობა/ქონების უზრუნველყოფის მოცულობა გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემულ ყველა კრედიტზე“. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მომხმარებლის სათანადო ინფორმირება და მისი გააზრებული თანხმობა თავდებობისა თუ ქონების უზრუნველყოფის მოცულობის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემულ ყველა კრედიტზე გასავრცელებლად.
19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ისეთ პირობებში, როცა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული იპოთეკით/თავდებობით უზრუნველყოფილი სესხის, 50000 ლარის, შესრულება/დაფარვა სადავო არ არის, ის გარემოება, რომ ეს ვალდებულება ახალი სესხის ხელშეკრულებ(ებ)ის ხარჯზე შესრულდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ავტომატურად ახალ გარიგებაზე გადატანას ვერ გამოიწვევს (შდრ. სუსგ №ას-1280-1300-2011, 06.03.2012წ.) და სცილდება კასატორებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებს. არ არსებობს კასატორების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც მათი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობაა.
20. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კი დაუსაბუთებელი, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სსსკ-ის 411-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, მოსარჩელეს კასატორების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2306 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს–ვასა და რ.რ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2020 წლის განჩინება სენაკის რაიონული სასამართლოს 22.05.2019 წლის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დატოვების თაობაზე და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. სს „ს.ო.ლ.კ–ის“ სარჩელი ს.ს–ვასა და რ.რ–ას მიმართ თანხის დაკისრების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
4. სს „ს.ო.ლ.კ–ის“ სარჩელი დავალიანების დაფარვის მიზნით რ.რ–ას საკუთრებაში რიცხული მარტვილის რაიონის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონების, ს/კ: ......., და ს.ს–ვას საკუთრებაში რიცხული მარტვილის რაიონის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონების, ს/კ: ......., აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ, ასევე - მოთხოვნის სრულად დასაფარად უზრუნველყოფის საგნის არასაკმარისობის შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მიზნით ს.ს–ვასა და რ.რ–ას კუთვნილი მთელი ქონების აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
5. სს „ს.ო.ლ.კ–ს“ ს.ს–ვასა და რ.რ–ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2306 ლარის ანაზღაურება.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია