აქმე №ას-229-2023 29 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2020 წლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი დ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ 509 688.8 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. შპს „მ-ი–ი M-I. LTD“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სამეწარმეო საზოგადოება“) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 12.07.2013 წელს, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მოპასუხე.
3.2. 28.02.2019 წლის მდგომარეობით სამეწარმეო საზოგადოებას უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 509 688.8 ლარის ოდენობით.
3.3. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით სამეწარმეო საზოგადოების ქონებაზე 24.04.2018 წლის №002–6430 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 26.04.2018 წელს.
3.4. სამეწარმეო საზოგადოების საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 23.03.2018 წლის №6142 ბრძანების საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად, რითაც გამოვლინდა 1139235 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რის გამოც პირი დაჯარიმდა ზემოაღნიშნული ღირებულების 10 პროცენტით.
3.5. სამეწარმეო საზოგადოებამ 20.04.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სერია №CB873465, შედგენის შემდგომ მომდევნო თვის 15 რიცხვში წარმოადგინა დღგ-ს და მოგების დეკლარაცია, რის საფუძველზეც დაერიცხა საგადასახადო დავალიანება 492 622 ლარი, რომელიც ბიუჯეტში დღემდე არაა გადახდილი, ხოლო შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, იმავე წლის აპრილიდან შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.
3.6. სამეწარმეო საზოგადოებას 05.02.2017 წლიდან 16.04.2018 წლის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს ნულოვანი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, საიდანაც ირკვევა, რომ სამეწარმეო საზოგადოებიდან ამ პერიოდში თანხის გატანას ადგილი არ ჰქონია. საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემების თანახმად, სამეწარმეო საზოგადოებამ 2017 წლის განმავლობაში ნაღდი ანგარიშსწორებით მოახდინა 780 047 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაცია, ხოლო ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ სამეწარმეო საზოგადოებას გააჩნდა მხოლოდ 6277 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.
3.7. სამეწარმეო საზოგადოების მიმართ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.
3.8. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოპასუხის სოლიდარული პასუხისმგებლობის დადგენას სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებისათვის, რამეთუ, მოსარჩელის მტკიცებით, სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და დირექტორის მხრიდან ადგილი აქვს საწარმოს შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენების შემთხვევას, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განაპირობებს პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის დადგომას.
3.9. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. კაპიტალური საზოგადოება (კომპანია), ჩვეულებრივ, საზოგადოების კრედიტორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით და საზოგადოების პარტნიორებს ამ ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. აღნიშნული დათქმა არის უმთავრესი მახასიათებელი და განმსაზღვრელი კაპიტალური საზოგადოების ეკონომიკური ბუნებისა და იგი ადგენს ზოგად წესს, რომლის შესაბამისად, შპს-ს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მისი ქონებით, რაც გამორიცხავს მისი პარტნიორის პირად პასუხისმგებლობას საზოგადოების ვალდებულებებისათვის.
3.10. კაპიტალური ტიპის საზოგადოების დაფუძნების ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა სწორედ ქონების გამიჯვნის პრინციპია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კომპანიის დამფუძნებელთა პირადი ქონების დაცვას კომპანიის კრედიტორთა მოთხოვნებისაგან და, მეორე მხრივ, კომპანიის ქონების დაცვას დირექტორებისა და პარტნიორების მიერ აღნიშნული ქონების პირადი სარგებლობისათვის უკანონო გამოყენებისაგან. თუმცა აღნიშნული პრინციპისაგან საგამონაკლისო დათქმას ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც საწარმოს კრედიტორთა წინაშე ითვალისწინებს პარტნიორის პირად პასუხისმგებლობას, თუ ადგილი აქვს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენებას. პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი რეგულირებულია სამეწარმეო სამართალში დამკვიდრებული ე.წ. „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინით.
3.11. პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენებას ადგილი აქვს, როცა შპს-ის პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
3.12. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის სოლიდარული პასუხისმგებლობის განსაზღვრას არა მხოლოდ როგორც სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე პარტნიორისა, არამედ, ასევე, როგორც ამავე სამეწარმეო საზოგადოების დირექტორისა. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს ორ სამართლებრივ საფუძველზე მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.
3.13. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით. ხსენებული ნორმის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით. ამდენად, ფიდუციური მოვალეობა მოიცავს ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობას. ზრუნვის მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს, თუკი დირექტორმა არ შეისწავლა საკითხი, არ მოიძია ინფორმაცია, არ ესწრებოდა დირექტორატის სხდომებს, სათანადოდ არ ზედამხედველობდა დაქვემდებარებულ პირებს, არ იყო ადეკვატურად ინფორმირებული კომპანიის საქმიანობის შესახებ და არ ფლობდა სათანადო ცოდნასა და უნარებს. ამდენად, ზრუნვის მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს დირექტორის მხრიდან არაინფორმირებულ მდგომარეობაში თავის ჩაყენება, საკითხის არასათანადოდ გამოკვლევა. რაც შეეხება კეთილსინდისიერების მოვალეობას, იგი ცალკე კომპონენტია, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას არ მოიცავს. კეთილსინდისიერების მოვალეობის ქვეშ მოიაზრება უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება, კომპანიის წარმატებისათვის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება, ინტერესთა კონფლიქტისათვის თავის არიდება. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
3.14. საგულისხმოა, რომ წინამდებარე დავაში მოსარჩელის პრეტენზია, რომელიც თანხის დაკისრებას შეეხება, ვერ აქარწყლებს მატერიალურ სამართალში მოქმედ პრეზუმფციას, რომელიც ერთგვარად შესაძლებელია ხელმძღვანელ პირთა დაცვის საშუალებადაც იქნეს განხილული. ზრუნვის მოვალეობა, კანონის პირდაპირი განმარტების თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს და მოვალეობა კეთილსინდისიერად განხორციელებულად ითვლება იქამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება, შესაბამისად, არსებობს კეთილსინდისიერი ქცევის პრეზუმფცია. ეს პრეზუმფცია გაქარწყლებადია მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ქცევის სარწმუნოდ დადასტურების პირობებში. თუნდაც წარუმატებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
3.15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 509 688.8 ლარის ოდენობით, მაგრამ დირექტორის მხრიდან ფიდუციური მოვალეობების დარღვევის ფაქტზე, ზოგადად, მოსარჩელეს სარჩელში არც კი აქვს მითითებული. მოსარჩელემ მხოლოდ იმის შესახებ მიუთითა, რომ გამოვლინდა 1 139 235 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რის გამოც პირი დაჯარიმდა ზემოაღნიშნული ღირებულების 10%-ით. მტკიცებულების სახით კი სარჩელს თან დაურთო დეკლარაციები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შედარების აქტი და ელექტრონული ბაზის მონაცემი, რომლის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოებას უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც მას სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაუხდია. ზეპირსიტყვიერად კი განაცხადა, რომ მოპასუხემ თავი აარიდა გადასახადების გადახდას და მან პირადი მიზნებისათვის გამოიყენა თანხა. მოსარჩელის მიერ გაცხადებული გარემოება რაიმე სახის მტკიცებულებით არ არის გამყარებული (მაგ. საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, დადგინდებოდა საზოგადოების ანგარიშიდან პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და განკარგვა ან სხვა) და მიიჩნევს, რომ მას აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი არ ეკისრება.
3.16. მოპასუხე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ მიუთითებს, რომ დანაკლისის არსებობა გარკვეული ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარეობს, რაც შეეხება კომპანიის თანხის პირადი მიზნებისთვის მოხმარების გარემოებას, უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოპასუხემ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, პირადი მიზნებისათვის გარკვეული ოდენობის თანხა აქვს აღებული სესხის სახით. სესხის სახით თანხის აღების დადასტურება თავისთავად არ გამორიცხავს კომპანიის აქტივების პირადი მიზნებით განკარგვას, თუმცა იმ ფონზე, როდესაც მოსარჩელეს დავალიანების არსებობის გარდა სხვა ფაქტზე არც კი მიუთითებია, მოპასუხეს არ ევალება ადასტუროს საპირისპირო გარემოება და ვერც გააქარწყლებს იმ ფაქტობრივ საფუძველს, რომლის შესახებ მოსარჩელეს არ აქვს მითითებული.
3.17. აქედან გამომდინარე, დირექტორის „უმართებულო“ ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოებების გარეშე აღძრულ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნება. საგადასახადო ორგანოს მხრიდან სამეწარმეო საზოგადოების დაჯარიმება ვერ განიხილება ამ უკანასკნელის საზიანო ქმედებად დირექტორის მხრიდან და ვერ დაედება საფუძვლად ხელმძღვანელი პირისთვის მატერიალური სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სხვა ფაქტები და მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივად შეფასებით სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ მოპასუხემ, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელმა პირმა, დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობა და იმოქმედა სამეწარმეო საზოგადოების საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქმეში არ მოიპოვება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები).
3.18. ის გარემოება, რომ სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნარობის რეჟიმში იმყოფება და საკუთარი აქტივებით ვერ აკმაყოფილებს კრედიტორებს, ვერ გახდება დირექტორის პასუხისმგებლობის საფუძველი. თვით გულმოდგინე და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელებიც კი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოგვიანებით არასწორი, მცდარი აღმოჩნდება. ნებისმიერ ბიზნესსაქმიანობას თან ახლავს სარისკო გადაწყვეტილებები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებისთვის წარმატება არ მოაქვთ.
3.19. რაც შეეხება მოპასუხის, როგორც სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრის პასუხისმგებლობას, სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნულ ნაწილშიც არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები ე.წ. „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დადგომისათვის. დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია მოპასუხე, შესაბამისად, იგი უშუალოდ ახორციელებდა სამეწარმეო საზოგადოების მმართველობა/წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. მხოლოდ აღნიშნული ვერ ჩაითვლება საკმარისად, რომ პარტნიორს დაეკისროს პასუხისმგებლობა სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმა და მისი, როგორც საზოგადოების პარტნიორის, მოქმედებები მიმართული იყო გადასახადებისაგან თავის არიდებისკენ.
3.20. დირექტორების პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები განსხვავდება პარტნიორების გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძვლებისაგან. ისევე როგორც ხელმძღვანელ პირზე დაკისრებული ვალდებულების დარღვევის კონკრეტულ გარემოებაზე არ არის მითითებული, წარმოდგენილი სარჩელი ასევე არ შეიცავს რაიმე სახის ფაქტებს პარტნიორის პასუხისმგებლობის ნაწილში, რაც სასარჩელო მოთხოვნის წარუმატებლობას განაპირობებს ამ კუთხითაც.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის, როგორც სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და, ასევე, როგორც დირექტორისათვის, ამავე სამეწარმეო საზოგადოების საგადასახადო დავალიანებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოთხოვნა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორისა და, მეორე მხრივ, დირექტორის მიმართ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მათზე ცალ-ცალკე იმსჯელებს.
9. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის მიმართ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სადავო სამართალურთიერთობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
10. სპეციალური კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. ამდენად, კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლის წესს პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობისაგან ამ უკანასკნელის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, გამჭოლი პასუხისმგებლობა საგამონაკლისო, უკიდურესი ღონისძიებაა.
11. კორპორაციული საფარველის გაჭოლვისთვის საჭიროა კონტროლის გამოყენება არამართლზომიერი ქმედებისთვის - კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულებისგან თავის ასარიდებლად, რაც უთანაბრდება კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენებას და მიზეზშედეგობრივი კავშირი კონტროლსა და კრედიტორისთვის მიყენებულ ზიანს შორის. აღნიშნული კონტროლი შეიძლება გამოვლინდეს არასათანადო კაპიტალიზაციის, კორპორაციულ ფორმალობათა დაუცველობის, ქონებათა აღრევის, დირექტორატის იდენტურობის, ანდა სხვა გარემოებების სახით (სუსგ №ას-433-2020, 19.11.2020წ., პ.23.1).
12. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებულია, რომ კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენება გამოიხატა კორპორაციული ფორმალობების დაუცველობაში (ტ.1, ს.ფ.9). პალატა განმარტავს, რომ „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობას“ ადგილი აქვს, როცა არ ხდება დირექტორებისა და პარტნიორების კრებების მოწვევა და/ან ჩატარება, როცა პარტნიორებისა და დირექტორების მმართველობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები არ არის ნათლად გამიჯნული, როცა ხდება პარტნიორებისა და კომპანიის ქონების აღრევა, როცა კომპანიის სახსრები გამოიყენება პარტნიორთა პირადი მიზნებისათვის, ხოლო პირადი ხარჯები მიიჩნევა კომპანიის ხარჯებად ბუღალტრული ანგარიშგების წესების დარღვევით, ან როცა არ ხდება სათანადო ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. საგადასახადო ვალდებულებების კონტექსტში გამჭოლი პასუხისმგებლობა გამოიყენება, როცა კომპანიის პარტნიორების საქმიანობა მიმართულია გადასახადებისაგან თავის არიდების სქემების შექმნისაკენ და კომპანია გამოიყენება, როგორც გადასახადებისაგან თავის არიდების „ინსტრუმენტი“ (სუსგ №ას-1307-1245-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული უნდა დგინდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, მაგალითად, არასათანადო ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგებით, დოკუმენტაციის განცალკევებულად წარმოების პრინციპის დარღვევით (სუსგ №ას-433-2020, 19.11.2020წ., პ. 23.6).
13. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (სუსგ №ას-1307-1245-2014, 06.05.2015წ; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ; №ას-433-2020, 19.11.2020წ.). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმა და მისი, როგორც საზოგადოების პარტნიორის მოქმედებები მიმართული იყო გადასახადებისაგან თავის არიდებისკენ. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.7 პუნქტები) ვერ განაპირობებს სამეწარმეო საზოგადოების კორპორაციული საფარველის გაჭოლვას. შესაბამისად, არ არსებობს სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი.
14. რაც შეეხება მოპასუხის, როგორც სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – დირექტორები) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
15. თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოება ვალდებულია მოითხოვოს ზრუნვის მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დირექტორისაგან. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სამეწარმეო საზოგადოებას აქვს საგადასახადო ვალდებულება, სამეწარმეო საზოგადოება საკუთარი აქტივებით ვერ აკმაყოფილებს კრედიტორებს, ანაზღაურება აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, რომელიც ამავდროულად დირექტორია, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს უშუალოდ მოითხოვოს ანაზღაურება დირექტორისგან (შდრ. სუსგ №ას-1307-1245-2014, 06.05.2015წ; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (სუსგ №ას-687-658-2016, 06.11.2018წ., პ.74).
17. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია“, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღნიშნული დაშვების გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგადაა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა (სუსგ №ას-766-766-2018, 10.06.2019წ; №ას-1305-2021, 18.04.2022წ.).
18. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (სუსგ №ას-1307-1245-2014, 06.05.2015წ; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის, როგორც დირექტორის, პასუხისმგებლობის საფუძვლად მის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობაზე უთითებს, რამაც, მისი მოსაზრებით, სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნარობამდე მიიყვანა (ტ.1, ს.ფ. 13-14). აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე, რომელიც აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საზოგადოებამ საგადასახადო დავალიანება შესაბამისი ფინანსური სახსრების არქონის გამო ვერ გადაიხადა და, შესაბამისად, ვეღარ განაგრძო საქმიანობა (ტ.1, ს.ფ. 150).
20. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან სამეწარმეო საზოგადოების დაჯარიმება იმთავითვე არ ადასტურებს დირექტორის მოვალეობების დარღვევას და ვერ დაედება საფუძვლად მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სხვა ფაქტები და მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივად შეფასებით დადგინდებოდა მოპასუხის, როგორც დირექტორის მიერ, მასზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც მისი მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ას-782-2021, 22.11.2022წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია