საქმე №ას-983-2023 28 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.რ..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2022 წლის გადაწყვეტილებით:
1.1. ბ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.კ.რ..“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) 13.08.2020 წლის გადაწყვეტილება პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; პირველი მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 4 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
1.2. გ.ჯ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 13.08.2020 წლის გადაწყვეტილება მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მეორე მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 3 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ეფუძნება შემდეგს:
3.1. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.11.2019 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელწოდებით „ავტომობილის იჯარის და სატრანსპორტო მომსახურების შესახებ“. ხელშეკრულება მოქმედებდა 1 წლის ვადით, 01.11.2020 წლამდე.
3.2. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება პირველი მოსარჩელის მიერ 01.03.2018 წლიდან 31.07.2020 წლის ჩათვლით მიღებული დაბეგრილი და დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა. ჩარიცხვები ხორციელდებოდა მოპასუხის მიერ, დანიშნულებით „ხელფასი“.
3.3. დამსაქმებლის 13.08.2020 წლით დათარიღებული შეტყობინების შესაბამისად, მან პირველ მოსარჩელესთან (თანამდებობა: მძღოლი, დეპარტამენტი: ლოჯისტიკა, განყოფილება: ტრანსპორტი) სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვიტა 13.08.2020 წლიდან. მოპასუხემ გაგზავნილ შეტყობინებაში მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დასაქმებულის მხრიდან რამდენიმე სიტყვიერი და წერილობითი საყვედურის მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და კომპანიის შინაგანაწესის დარღვევა. შეტყობინება პირველ მოსარჩელეს ჩაჰბარდა 13.09.2020 წელს.
3.4. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს შრომით ურთიერთობას. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია დამსაქმებლის წარმომადგენლის განმარტება, რომ მხარეები იჯარისა და მომსახურების შერეული ტიპის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით და თავად ხელშეკრულების კონკრეტული დათქმებითაც დასტურდება, რომ რეალურად მოდავე მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა. პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის განმარტება არც სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 38-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ დასაქმებულმა შეტყობინება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ჩაიბარა 13.09.2020 წელს, ხოლო სარჩელი აღძრულია 14.09.2020 წელს.
3.5. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოებას მასზე, რომ პირველი მოსარჩელის მოპასუხესთან შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობა დასტურდება 2018 წლის მარტიდან. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ პირველი მოსარჩელე მოპასუხესთან დასაქმებულია 2017 წლის მარტიდან. ამ ფაქტობრივ გარემოებას არ დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენელი. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 01.11.2019 წლის ხელშეკრულება, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან, საიდანაც პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დასტურდება 2018 წლის მარტიდან. სხვა მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ შრომის ურთიერთობის შეწყვეტის თარიღის (13.08.2020წ.) გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ აღემატებოდა 30 თვეს (იგი შეადგენდა 29 თვესა და 13 დღეს), რის გამოც პირველ მოსარჩელესთან არსებული შრომითი ურთიერთობა ვერ განიხილება უვადო შრომის ხელშეკრულებად.
3.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სშკ-ის 47-ე (სადავო პერიოდში მოქმედი კოდექსის 37-ე) მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დასაქმებულის მხრიდან არათუ მრავალჯერად, არამედ ერთჯერად ფაქტსაც კი, რაც შეფასდებოდა შინაგანაწესის დარღვევად, დისციპლინურ გადაცდომად და ა.შ.. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება/გადაწყვეტილება მართებულად იქნა ცნობილი ბათილად.
3.7. დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობა არა უვადო, არამედ ვადიანი იყო, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა 01.11.2020 წელს, რაც შეუძლებელს ხდის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულისთვის სამართლიანი და ადეკვატური რესტიტუცია იქნება კომპენსაციის გადახდა (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟამად მოქმედი სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი)). სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, ასევე - დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მართებულად მიიჩნია პირველი მოსარჩელისთვის 4000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინებით მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინებით პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
8. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ (შდრ. სუსგ №ას-1125-2022, 17.11.2022წ.).
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სუსგ №ას-98-94-2016, 26.07.2016წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ.). შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-182-2021, 25.10.2022წ.).
10. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2022 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 13.08.2020 წლის გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დამსაქმებელს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ეს საკითხი საკასაციო პალატის შეფასების საგანს აღარ წარმოადგენს.
12. პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება. ამ ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთება დაფუძნებულია მასზე, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ იყო უვადო (მისი ვადა ამოიწურა 01.11.2020 წელს), რაც შეუძლებელს ხდიდა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დასაქმებულს უნდა მიჰკუთვნებოდა კომპენსაცია. კასატორი ამას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა იყო უვადო.
ამრიგად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რა ტიპის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის - ვადიანი თუ უვადო.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულის შრომითი უფლებების დასაცავად, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის ერთადერთ საფუძველს ხელშეკრულებაში მისი განუსაზღვრელი ვადით მოქმედების აღნიშვნა არ წარმოადგენს, არამედ საკითხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის საერთო ხანგრძლივობა და ხელშეკრულებების დადების თარიღებს შორის პერიოდები (სუსგ №ას-1135-2021, 24.02.2022წ.).
14. სშკ-ის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის 13 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
15. მითითებული ნორმით უვადო შრომითი ურთიერთობების მახასიათებელი და მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმია ვადიანი ხელშეკრულებების მრავალჯერადობა და განგრძობადობა. ამით სშკ დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტს დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში, გაჩნდა ვადის ბოროტად გამოყენების პრევენციისა და კონტროლის ინსტრუმენტი (შდრ: ქარდავა ე., საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში, დისერტაცია, თბილისი 2018, გვ.106).
16. სშკ-ის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის 13 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადის 30 თვეზე გადაჭარბება ვადიან შრომის ხელშეკრულებას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად გარდაქმნის (შდრ. სუსგ №ას-1991-2018, 15.10.2020წ., პუნ.12; №ას-1131-2022, 25.05.2023წ., პუნ.15; №ას-1079-2021, 05.05.2022წ., პუნ. 26; №ას-1076-2020, 02.12.2020წ., პუნ.6).
17. მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულად არის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ:
17.1. პირველ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ხელფასის ჩარიცხვა უდასტურდება 01.03.2018 წლიდან მიღებული შემოსავლების ამსახველ დოკუმენტში (იხ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 22-23);
17.2. 01.11.2019 წელს დამსაქმებელსა და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო ხელშეკრულება 1 წლის ვადით, 01.11.2020 წლამდე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის ბოლო წინადადებით, ანაზღაურება იწარმოებდა თვეში ერთხელ მომდევნო თვის 10 რიცხვამდე პირველი მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხვით (ს.ფ. 55-59);
17.3. მოპასუხემ დასაქმებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვიტა 13.08.2020 წლიდან. შეტყობინება ამ უკანასკნელს ჩაჰბარდა 13.09.2020 წელს (ს.ფ. 24);
17.4. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევისა და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ისეთ პირობებში, როცა დასტურდება 01.03.2018 წლიდან პირველი მოსარჩელისათვის ხელფასის ჩარიცხვა და დამკვიდრებული წესი, რომ მიმდინარე თვის ხელფასი დასაქმებულს ერიცხებოდა თვეში ერთხელ მომდევნო თვის დასაწყისში (იხ. ასევე, ხელფასის ჩარიცხვის შესახებ საგადახდო დავალებები, ს.ფ. 104-112), მოპასუხის/დამსაქმებლის მიერ საწინააღმდეგოს დაუსაბუთებლობის/დაუდასტურებლობის პირობებში, გასაზიარებელია მოსარჩელის/დასაქმებულის მსჯელობა მასზე, რომ 2018 წლის მარტში ხელფასის ჩარიცხვა იყო მისი თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ.371-372). შესაბამისად, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა 2018 წლის თებერვლიდან 13.08.2020 წლამდე, ანუ 30 თვე და 12 დღე. ამასთან, 01.11.2019 წლის ხელშეკრულება უკანონოდ რომ არ შეეწყვიტა დამსაქმებელს, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ჯამურად იქნებოდა 33 თვე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევისათვის.
19. სშკ-ის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
20. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე (შდრ. მესხიშვილი ქ., საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 271; სუსგ №ას-792-2019, 18.02.2021წ., პუნ.62; №ას-1209-2021, 11.03.2022წ., პუნ.11). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის წინაპირობები არ გამოკვეთილა (აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებას არც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს), საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრებას.
21. პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური სტაბილურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (შდრ. სუსგ №ას-1540-2019, 30.09.2020წ; №ას-1209-2021, 11.03.2022წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში (შდრ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018წ; სუსგ №ას-1540-2019, 30.09.2020წ.).
22. ამასთან, სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან მიჯნავს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირებისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირის შემთხვევაში, თუკი ბათილად იქნება ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება პირის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ამასთან, შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე, მაშინ კომპენსაცია განისაზღვრება ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის მიხედვით, რისგანაც ფაქტობრივად და სამართლებრივად განსხვავდება განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტა (სუსგ №ას-115-2021, 01.12.2021წ., პუნ.31; №ას-1440-2020, 28.04.2021წ., პუნ.12).
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან დაუსაბუთებლად შეწყდა მხარეთა შორის არსებული უვადო შრომითი ურთიერთობა, პირველი მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა უნდა შეიცვალოს.
24. საკასაციო პალატა ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან საკუთარ უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტს (დასაქმებულის არამართლზომიერი გათავისუფლება); იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ურთიერთობის უვადო ხასიათს და ამ კონტექსტით, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს სამსახურიდან გათავისუფლებამდე პირველი მოსარჩელის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული საშუალო ყოველთვიური ხელფასის მიხედვით (იხ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია პირველი მოსარჩელის შემოსავლების შესახებ, ს.ფ. 23), სარჩელში მითითებულ ფარგლებში (ყოველთვიურად 1224.49 ლარი), ერთ წელზე გაანგარიშებით, რაც შეადგენს 14693,88 ლარს.
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2023 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2022 წლის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დამსაქმებელს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება კომპენსაციის - 14693,88 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა:
26. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების/კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში დასაქმებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამრიგად, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია), წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 1283.26 ლარის, გადახდა. ამასთან, მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უცვლელად რჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ს.ფ. 182-183). რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, რადგან ეს მოთხოვნა არ კმაყოფილდება, ამ ნაწილში პირველი მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2023 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2022 წლის გადაწყვეტილება შპს „ს.კ.რ..“-ისთვის ბ.კ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ს.კ.რ..“-ს ბ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 14693,88 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2023 წლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
5. შპს „ს.კ.რ..“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1283.26 ლარის გადახდა.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია