Facebook Twitter

საქმე №ას-1148-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.05.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 26.11.2021 წლის გადაწყვეტილებით ზ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე”) სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები :

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.05.2022 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 26.11.2021 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. რუსეთის ფედერაციიდან ტვირთი გამოაგზავნა ა.ხ–ძემ მოპასუხესთან არსებული გადაზიდვის შეთანხმების საფუძველზე, რასაც არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 668-ე მუხლი. წარმოიშვა ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულება, რადგან გარკვეული უფლებები და მოვალეობები გააჩნდა როგორც გადამზიდველს, ისე გამგზავნს. საქონლის/ტვირთის მიმღებს წარმოადგენდა ი.ა–ი, 24.01.2021 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მან მიიღო ტვირთი. მოპასუხეს, როგორც გადამზიდველს, რუსეთიდან საქართველოში გადმოჰქონდა სხვადასხვა საქონელი, როგორც დეკლარირებული, ისე - არადეკლარირებული. მოსარჩელის მიერ გადახდილი 20 000 ლარი (ჯარიმისა და წარმომადგენლის მომსახურების თანხა) არის ზიანი, რომელიც გამოიწვია ტვირთის დეკლარირების ხარვეზმა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 20 000 ლარი წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ზიანს, რაც უნდა მოწესრიგდეს სსკ-ის გადაზიდვის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

3.2. რაც შეეხება მოსარჩელის როლს შექმნილ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, კერძოდ, მოსარჩელე და ა.ხ–ძე არიან ბიზნეს პარტნიორები, აქვთ სამშენებლო ბიზნესი რუსეთის ფედერაციაში. მოპასუხე მათთან დასაქმებული პირია, რომლისთვისაც გადაზიდვები ასევე შემოსავლის წყაროა. მოსარჩელის მიერ სადავო თანხის გადახდა განაპირობა იმ საჭიროებამ, რომ ტვირთი გათავისუფლებულიყო შეზღუდვებისგან და დროულად მიეწოდებინათ ი.ა–ისთვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა ეს სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა (იხ. 15.04.2022 წლის სხდომის საოქმო ჩანაწერი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა ფაქტობრივად მოემსახურა უშუალოდ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების - გამგზავნის მიერ ტვირთის მიმღებისთვის ტვირთის მიწოდების ვალდებულების შესრულებას. სასამართლომ განმარტა, რომ გადაზიდვის ვალდებულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესისა და მის მიერ განხორციელებული ქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ა.ხ–ძესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილ გადაზიდვის სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელე ვერ იქნებოდა განხილული მესამე პირად. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იყო უცხო პირი, თავად მოსარჩელის წარმომადგენელმაც დაადასტურა (იხ. 15.04.2022 წლის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი). დადგინდა, რომ მოსარჩელე ა.ხ–ძესთან ერთად ამ გადაზიდვის ურთიერთობაში მოაზრებულ უნდა ყოფილიყო გამგზავნ მხარედ, სადავო თანხა კი წარმოადგენდა სწორედ გადაზიდვის ურთიერთობიდან გამომდინარე დამდგარ ზიანს.

3.3. სსკ-ის 679-ე მუხლიდან გამომდინარე, საბაჟოზე ტვირთის დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადამზიდველისთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება ტვირთის გამგზავნს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ა.ხ–ძესთან ერთად მოსარჩელეც წარმოადგენდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ა.ხ–ძემ უზრუნველყო ყველა საჭირო საბუთის მოპასუხისთვის გადაცემა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხეს გარდა ა.ხ–ძისგან მიღებული ტვირთისა, საქართველოს საზღვარზე შემოჰქონდა სხვა პირისგან/პირებისგან მიღებული საქონელიც, რომელსაც წესრიგში ჰქონდა საჭირო დოკუმენტები. საქმის მასალებიდან არ დგინდება მოპასუხის რაიმე ინტერესი, რომ გამგზავნთან შეთანხმების გარეშე არადეკლარირებული ტვირთი გადაეტანა საზღვარზე. მოპასუხის მხრიდან თვითნებურად, გამგზავნის ინფორმირების გარეშე, არადეკლარირებული ტვირთის გადმოტანა, მაშინ როდესაც რაიმე სარგებელს აღნიშნულით ვერ მიიღებდა, მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გამგზავნი მხარის მიერ სსკ-ის 679-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთების გადაცემის ვალდებულების შესრულებას. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც ა.ხ–ძეს, ისე მოსარჩელეს ტვირთის დაყოვნების თაობაზე რაიმე პრეტენზია მოპასუხის მიმართ არ განუცხადებიათ. მეტიც, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც გამგზავნი ადასტურებს ტვირთის წარმატებით გადაზიდვის ფაქტს და აცხადებს, რომ გადამზიდველის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ გადაზიდვის სამართლებრივ ურთიერთობაში გამგზავნის ბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში ვერ გამოირიცხებოდა. რაც შეეხება მოპასუხეს, სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და არ არსებობს მისი სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა შერეული ბრალის შემთხვევა (სსკ-ის 415-ე მუხლი). გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანისთვის ბრალი მიუძღვის როგორც მოპასუხეს, ისე ტვირთის გამომგზავნებს. პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მისი წილი ბრალის პროპორციულად, რაც, პალატის მოსაზრებით, შეადგენს 50%-ს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხეს ნაცვლად დაკისრებული 20 000 ლარისა, დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.11.2022 წლის განჩინება მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თობაზე).

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორის მხრიდან დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის მასზე, რომ: ტვირთის გამგზავნებს - ა.ხ–ძეს, მოსარჩელესა და გადამზიდველს - მოპასუხეს შორის დაიდო ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის - ი.ა–ისთვის ტვირთის მიწოდების უზრუნველსაყოფად; ტვირთის დეკლარირებისას ხარვეზი გამოიწვია გამგზავნებისა და გადამზიდველის ბრალეულმა ქმედებამ; აღნიშნულის შედეგად დადგა ზიანი 20 000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად აანაზღაურა მოსარჩელემ; ტვირთი საბოლოოდ ჩაბარდა ადრესატს/ტვირთის მიმღებს.

9. სსკ-ის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამდენად, გადაზიდვის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც გადამზიდავი იღებს პასუხისმგებლობას, გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (სუსგ №ას-404-2021, 08.06.2023წ.). სსკ შეიცავს ნორმებს, რომლებიც საერთოა ყველა სახის ტრანსპორტით გადაზიდვის ხელშეკრულებისთვის (ტ. ზამბახიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 311,312). სსკ გამგზავნს აღიარებს, როგორც ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების უშუალო მონაწილეს - მხარეს, რომელსაც გააჩნია ამავე კოდექსის 676.3-ე, 678-ე, 679-ე, 680-ე და სხვა მუხლებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ასევე, პასუხისმგებლობა (შ.გაბიჩვაძე, საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2012 წ., გვ. 101).

10. სსკ-ის 672-ე მუხლით, ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება სსკ-ის გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმებით. სსკ-ის 679-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.

11. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ ტვირთის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად და მიმღებამდე მიტანამდე აუცილებელია საბაჟო და სხვა მოქმედებების განხორციელება, რაც გარკვეული საბუთების არსებობას მოითხოვს, სსკ-ის 679-ე მუხლი ტვირთის გამგზავნს ანიჭებს ვალდებულებას, დაურთოს ასეთი საბუთები ზედნადებს ან გადასცეს გადამზიდველს. მასვე ენიჭება გადამზიდველისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ნიშანდობლივია, რომ კანონმდებელი არ ანიჭებს გადამზიდველს გამგზავნის მიერ გადაცემული საბუთების და მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების ვალდებულებას, რაც სავსებით მართებულია. საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა თავად გამგზავნს ეკისრება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა (ტ. ზამბახიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 335,336; შ.გაბიჩვაძე, საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2012 წ., გვ. 107,108).

12. სსკ-ის 408-ე მუხლით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მოპასუხის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე სადავო არაა, სადავოა ამ ვალდებულების ფარგლები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ტვირთის გამგზავნი მხარის თანაბრალეულობის საფუძვლით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის, როგორც გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ნაწილის/ნახევრის ანაზღაურება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა დადგენილია გადასაზიდი ტვირთის საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანის დადგომა, არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ზ.ა–ძეს (პ/ნ: .........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 18.10.2022წ.) 70% – 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია