საქმე №ას-1161-2020 30 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.09.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ.ს–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.რ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა:
1.1. საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ......... მდებარე 47.46 კვ.მ უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N.......) (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „სადავო საცხოვრებელი სადგომი”, “უძრავი ნივთი”) მესაკუთრედ ცნობა;
1.2. ქ.ბ–ისთვის გადახდილი 5000 აშშ დოლარის საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის მიზნით გადახდილ კომპენსაციად მიჩნევა.
1.3. მოპასუხისთვის კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის, 9400 ლარის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა, 1800,75 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკადასტრო კოდით N......... რეგისტრირებული 47.46 კვ.მ-დან 24.01 კვ.მ ფართი, გამოსახული შპს „ვ..."-ის მიერ 25.05.2018 წელს შესრულებულ აზომვით ნახაზზე (17.88 კვ.მ, 3.77 კვ.მ და 2.36 კვ.მ). სასარჩელო მოთხოვნა 5000 აშშ დოლარის კომპენსაციის სახით გადახდილად მიჩნევისა და მოპასუხისთვის 9400 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 216,09 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.09.2020 წლის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2019 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 216,09 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. თბილისში, ....., იმავე ......... (.........) ქუჩის I შესახვევი N11-ში მდებარე N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 47,46 კვ.მ (სადავო საცხოვრებელი სადგომი) ეკუთვნის მოპასუხეს. მოპასუხემ უძრავი ნივთი შეიძინა 03.07.2019 წელს ქ.ბ–ისაგან.
4.2. ქ.ბ–ს ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 01.02.2019 წლის ბრძანებისა და 04.02.2019 წლის N405 საკუთრების მოწმობის საფუძველზე.
4.3. მოსარჩელე სადავო ბინაში რეგისტრირებულია 21.08.1992 წლიდან და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
4.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო ბინას ქ.ბ–თან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე დაეუფლა. სასამართლოს განმარტებით, ეს მტკიცდება, როგორც საინფორმაციო ბარათით, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითა და ქნარიკა ბაღდასაროვასათვის 5 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთით, ისე - მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა სარწმუნოდ დაადასტურეს ქ.ბ–სა და მოსარჩელეს შორის გარიგების დადების ფაქტი.
4.5. ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა. სასამართლომ მიუთითა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე (ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს) და განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის ამ კანონის საფუძველზე მოსაწესრიგებლად აუცილებელია გარიგება დადებული იყოს: ა) მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის; ბ) 25.02.1921 წლიდან 25.11.1997 წლამდე და გ) არ იყოს მოწესრიგებული იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, ე.ი. საჭიროებდეს სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას.
4.6. პალატამ აღნიშნა, რომ 25.11.1997 წლამდე მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენდა სახელმწიფო საბინაო ფონდს და ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემოდათ.
4.7. დამქირავებლებმა სახელმწიფოს კუთვნილ ბინებზე საკუთრების უსასყიდლოდ შეძენის - პრივატიზაციის უფლება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992 წლის N107 დადგენილების საფუძველზე მოიპოვეს. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული ბინები პრივატიზაციას დაექვემდებარა, თუმცა პრივატიზაციამდე ისინი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა.
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1505-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის ამოქმედებიდან, ე.ი. 25.11.1997 წლიდან საქართველოს საბინაო კოდექსი ძალადაკარგულად ჩაითვალა, თუმცა, როგორც აღინიშნა, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონი, სწორედ, 25.11.1997 წლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს.
4.9. დადგენილია, რომ 25.11.1997 წლისათვის ქ.ბ–ს სადავო ბინა პრივატიზებული არ ჰქონია, ე.ი. მისი მესაკუთრე არ ყოფილა. ამ დროისათვის ბინა სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ქ.ბ–ს იგი საკუთრებაში მხოლოდ 04.02.2019 წელს გადაეცა.
4.10. ამრიგად, ნათელია, რომ სადავო ბინით სარგებლობის თაობაზე გარიგება მოსარჩელემ ბინის დამქირავებელთან დადო და არა - მესაკუთრესთან. მოსარჩელეს ამ გარიგების საფუძველზე შეეძლო ბინის ქირავნობის უფლება მოეპოვებინა, თუმცა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ვერ გახდებოდა და არც გამხდარა. ეს ნიშნავს, რომ 25.02.1921 წლიდან 25.11.1997 წლამდე პერიოდში მოსარჩელეს სადავო ბინაზე უფლება მესაკუთრესთან დადებული გარიგების საფუძველზე არ მიუღია, ე.ი. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით მოწესრიგების საფუძველი არ არსებობს.
4.11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავსი კატეგორიის საქმეზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე 1995 წელს უფლებამოსილი არ იყო, სადავო უძრავი ქონება გაესხვისებინა, ვინაიდან იგი ამ დროისათვის წარმოადგენდა არა უძრავი ნივთის მესაკუთრეს, არამედ ორდერის საფუძველზე სადავო ბინის მოსარგებლეს. 1995 წელს ბათილი გარიგების დადებისას, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრე არ იყო და, შესაბამისად, არც გარიგების მეორე მხარეს მოუპოვებია მოსარგებლის სტატუსი.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არ არის სადავო ბინის მოსარგებლე და მისი გამოსყიდვის უფლება არ გააჩნია, არ არსებობს მის მიერ ქ.ბ–ისათვის გადახდილი თანხის ბინის გამოსყიდვის საფასურში ჩათვლის საფუძველი.
4.13. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლოდ მიღებულის დაბრუნებაზე ვალდებული პირი შესრულების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიმღებია. მოსარჩელეს 5 000 აშშ დოლარი მოპასუხისათვის არ გადაუცია, მან თანხა 17.10.2008 წელს ქნარიკა ბაღდასაროვას გადაურიცხა. შესაბამისად, ამ თანხით მოპასუხე არ გამდიდრებულა და არც მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების ვალდებულება არ ეკისრება. ამგვარად, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ სარჩელი სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
8.1. სადავო საცხოვრებელი სადგომი - თბილისში, ........, იმავე ......... (..........) ქუჩის I შესახვევი N11-ში, მდებარე N01.17.02.064.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 47,46 კვ.მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის სახელზე. მოპასუხემ უძრავი ნივთი შეიძინა 03.07.2019 წელს, ქ.ბ–ისაგან (ს.ფ. 19-20; 59,60).
8.2. სადავო საცხოვრებელი სადგომი ქ.ბ–ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 01.02.2019 წლის ბრძანებისა და 04.02.2019 წლის N405 საკუთრების მოწმობის საფუძველზე, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის N189 დადგენილების შესაბამისად (ს.ფ. 90,91).
8.3. მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე რეგისტრირებულია 21.08.1992 წლიდან და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
8.4. მოსარჩელე უძრავ ნივთს ქ.ბ–თან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე დაეუფლა. 17.10.2008 წელს მოსარჩელემ მას გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი.
9. კასატორი დავობს, რომ ქ.ბ–ი, რომელსაც სადავო უძრავი ნივთი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მხოლოდ 2019 წელს, საკუთრების უფლების მოპოვებამდეც წარმოადგენდა იმ ერთადერთ პირს, რომელსაც მესაკუთრედ ყოფნის უფლებამოსილება ჰქონდა და ამდენად, მოსარჩელის, როგორც მოსარგებლის მიმართ, უნდა გავრცელებულიყო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) მოქმედება.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 25.02.1921 წლიდან 25.11.1997 წლამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი). ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. ამრიგად, იმისათვის, რომ კონკრეტული დავა მოწესრიგდეს სპეციალური კანონით, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული სამართალურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის და ამასთან - აუცილებლად 25.02.1921 წლიდან 25.11.1997 წლამდე (შდრ. იხ. სუსგ Nას-1651-2019, პუნ. 25). `
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულსამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, სპეციალურმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (შდრ. სუსგ №ას-1193-1138-2013, 31.03.2015წ; №ას-1303-2018, 07.03.2019წ.).
13. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ ქ.ბ–ს, როგორც კანონიერ მოსარგებლეს, საკუთრებაში გადასცა მხოლოდ 2019 წელს. შესაბამისად, ქ.ბ–თან, როგორც მესაკუთრესთან, იქამდე ვერ გაფორმდებოდა ვერც ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, ვერც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება.
14. გათვალისწინებით იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში უძრავი ნივთის ფლობასთან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობები ნაწილობრივ შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (1997წ.) არსებულ პერიოდსაც, აღნიშნულ საკითხები სამართლებრივად უნდა შეფასდეს იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტებით (სსკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენდა სახელმწიფო საბინაო ფონდს. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ხორციელდებოდა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც იდებოდა გამქირავებელს - საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და დამქირავებელს - მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემული იყო ორდერი. ანალოგიურ დანაწესს შეიცავდა სსრ საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი აბზაცი. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მოცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველი იყო.
15. დამქირავებლებმა სახელმწიფოს კუთვნილ ბინებზე საკუთრების უსასყიდლოდ შეძენის - პრივატიზაციის უფლება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. №107 დადგენილების საფუძველზე მოიპოვეს. აღნიშნული დადგენილების პირველ პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულია პრივატიზაციის განხორციელების სუბიექტების ცნება, ასევე პრივატიზაციის განხორციელების წესი და ნორმის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან (სუსგ №ას-1161-1107-2013, 29.05.2015წ.; სუსგ Nას-1169-1124-2016, 10.03.2017წ.).
16. „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის N189 დადგენილების (შემდეგში N189 დადგენილება) პირველი მუხლით, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 02.02.2007 წლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
17. N189 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
18. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ქ.ბ–ი, რომელმაც სადავო საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება მოიპოვა მხოლოდ 2019 წელს, N189 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესაბამისად - 2019 წლამდე წარმოადგენდა არა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, არამედ დამქირავებელს/კანონიერ მოსარგებლეს (შდრ. იხ. სუსგ Nას-1651-2019, 30.11.2020წ.; სუსგ Nას-525-2022, 21.10.2022წ.) და ამდენად, განსახილველი შემთხვევა ვერ მოექცევა სპეციალური კანონის ფარგლებში, რომელიც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 25.02.1921 წლიდან 25.11.1997 წლამდე წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ბინის დამქირავებელთან და არა მესაკუთრესთან დადებული ზეპირი გარიგებით მოსარჩელე ვერ გახდებოდა სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
19. რაც შეეხება 5000 აშშ დოლარის საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის მიზნით გადახდილ კომპენსაციად მიჩნევისა და მოპასუხისთვის კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის, 9400 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს, გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს და შესაბამისად, არ გააჩნია აღნიშნული კანონით განსაზღვრული უფლება საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ, არ არსებობს მოსარჩელის მიერ გადახდილი 5000 აშშ დოლარის ბინის გამოსყიდვის საფასურში ჩათვლის საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) უსაფუძვლოდ მიღებულის დაბრუნებაზე ვალდებული პირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულების მიმღებია და ამდენად, მოპასუხეს ვერ დაეკისრება მოსარჩელის მიერ ქ.ბ–ისთვის გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სახის კონდიქციური მოთხოვნის დროს მოპასუხე აუცილებლად უნდა იღებდეს ქონებრივ სარგებელს, ანუ მდიდრდებოდეს. ამ წინაპირობის არარსებობა კი იმთავითვე გამორიცხავს მოთხოვნას (შდრ. სუსგ №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ., პუნ. 22). უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. იქვე). მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
20. კასატორი შუამდგომლობს სასამართლომ სპეციალური კანონის 1.1 მუხლის (ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს) კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საფუძვლით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთო სასამართლოებს, თავიდან აიცილონ სავარაუდოდ არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გამოყენება. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა კონსტიტუციურ ღირებულებებს პრაქტიკულ და რეალურ ძალას სძენს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და წარმოადგენს საერთო სასამართლოების საქმიანობაში კონსტიტუციის მოთხოვნების გათვალისწინებისა და დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიან მექანიზმს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 21.04.2022 წლის გადაწყვეტილება №3/4/1648, პუნ.11). საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა საქმის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მოითხოვოს გამოსაყენებლი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებეთან, ისე საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებთან, ასევე საქართველოში მოქმედ კონსტიტუციურ კანონებთან მიმართებით (გ. დავითური, გ. დავითაშვილი, საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელო, თ. ტუღუშის რედაქტორობით, 2021, გვ. 98).
22. კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა სასამართლოს დისკრეციის სფეროს მიკუთვნებული საკითხია. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 10.07.2002 წლის N9/189 განჩინებაზე, რომელიც შეეხება საქმის განხილვისას მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებას. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინება არ მიიღო არსებითად განსახილველად და განმარტა, რომ იგი არ გამორიცხავს საერთო სასამართლოებში კონკრეტული საქმეების განხილვისას მსგავსი შუამდგომლობების არსებობას, თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების გზით. იმ კანონის თუ სხვა ნორმატიული აქტის განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას უნდა იქნეს გამოყენებული, სწორედ სასამართლოს მიერაა შესაფასებელი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 10.07.2002 წლის განჩინება №9/189; შდრ. ასევე: სუსგ Nას-855-805-2015, 04.04.2016წ.; გ. დავითური, გ. დავითაშვილი, საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელო, თ. ტუღუშის რედაქტორობით, 2021, გვ. 43,44.). აქვე პალატა მიუთითებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, საერთო სასამართლოს, არა უბრალო ვარაუდი, არამედ გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების საკმარისი საფუძველი უნდა ჰქონდეს, რათა საქმის განხილვა შეაჩეროს და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს (შდრ. სუსგ Nას-855-805-2015, 04.04.2016წ.). კონსტიტუციური წარდგინების დასაბუთების ვალდებულებას ადგენს ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი. შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ს–ის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. დ.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.09.2020 წლის გადაწყვეტილება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია