საქმე №ას-1498-2025 15 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ს.ჯ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ს.ჯ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ.ა–ს მოსარჩელე სს „ს.ს.ჯ–ის“ მიმართ დაეკისრა 118.91 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე - გ.ა–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით გ.ა–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და ჩაჰბარდა პირადად 2025 წლის 10 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. სასამართლოში წარმოდგენილი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის IV სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ქურდაძის მომართვისა და გ. ა–ის ხელწერილის საფუძველზე ირკვევა, რომ გზავნილი გ.ა–ს ჩაჰბარდა 2025 წლის 10 ნოემბერს პირადად. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 ნოემბერს, ხოლო კერძო საჩივარი მოპასუხემ შეიტანა 2025 წლის 25 ნოემბერს (ს.ფ. 137, ფოსტაში ჩაბარების თარიღი), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე