30 ოქტომბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-374-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.ფ. ოღლი მ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა (თავდაპირველი სარჩელით); არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.გ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.მ–ვი (შემდეგში - მოპასუხე ან კასაატორი) 2014 წლის 16 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ საერთო შვილი - 2014 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ს.მ–ვა (შემდეგში - არასრულწლოვანი ან ბავშვი).
3. ბავშვი ამჟამად ცხოვრობს საქართველოში, დედასთან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების სახლში. მოპასუხე ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
4. განქორწინების, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე მხარეებს შორის აზერბაიჯანის სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. ქ.ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება გაუქმდა და არასრულწლოვანი მზრუნველობაში დედას (მოსარჩელე) გადაეცა, გარდა ამისა, ბავშვის სრულწლოვანებამდე მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრება და მოსარჩელისთვის გადაცემა განისაზღვრა.
ქ.ბაქოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. 2019 წლის 7 მარტს, ქ.ბაქოს N5 სანოტარო კანტორაში (ნოტარიუსის მიერ) მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მორიგება დამტკიცდა, რომლითაც მხარეთა ურთიერთობის წესი განისაზღვრა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვთან ურთიერთობაში მოსარჩელე მოპასუხეს ხელს არ შეუშლიდა, აზერბაიჯანში დაკისრებულ ალიმენტს აღარ მოითხოვდა და მამის თანხმობის გარეშე ბავშვს სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველო/აზერბაიჯანი) არ გაიყვანდა.
5. მოპასუხის განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო აქტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციით განსაზღვრულმა ცენტრალურმა ორგანომ, საფრანგეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ორგანოს, საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, არასრულწლოვნის საქართველოში, მის ჩვეულ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დაბრუნების თხოვნით მიმართა 2019 წლის 13 მაისს.
2019 წლის 27 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ორგანომ დაადასტურა განცხადების მიღების ფაქტი და არასრულწლოვნის მოძიებისათვის საჭირო პროცედურების წარმოება დაიწყო. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქ.ამიენის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც არასრულწლოვანი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება იგეგმებოდა, თუმცა 2020 წლის 2 ოქტომბერს არასრულწლოვანი დედასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნდა საქართველოში.
6. მოსარჩელის მშობლების სახლში ბავშვი მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრობს, მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია.
7. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (19.10.2020წ.) მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელეს არ უფიქსირდება. მოპასუხე (მისივე განმარტებით) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, „საყოფაცხოვრებო სახლ ფ–ში“ მეპატრონის დამხმარედ არის დასაქმებული, რომლის ყოველთვიური ხელფასი 600 აზერბაიჯანული მანათია (950-1000 ლარამდე). მოსარჩელე (მისივე განმარტებით) მუშაობს „ნ.ბ–ში“ და მისი ყოველთვიური ხელფასი 800 ლარს შეადგენს.
8. არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდასა და განვითარებაზე მოსარჩელე დამოუკიდებლად ზრუნავს. შვილის სასარგებლოდ მოპასუხის მხრიდან გაწეული დახმარება (სარჩელის წარმოდგენის შემდგომ) არ ფიქსირდება.
9. არასრულწლოვანი შვილის გარდა მხარეთა კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიციის თანახმად, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ საკითხი მოგვარდეს ბავშვის ინტერესებისა და უფლებების სრული დაცვით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვას ორგანო ეთანხმება, თუმცა, მხარს უჭერს, საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანის შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას - დროის და პერიოდის კონკრეტულად განსაზღვრას.
11. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა:
11.1. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი;
11.2. სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე არასრულწლოვნის სასარგებლოდ ყოველთვიურად მოპასუხეს 2 000 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისროს;
11.3. შვილის მიმართ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ბავშვის სრულწლოვანებამდე მამის თანხმობის გარეშე მოსარჩელემ შეძლოს სრული წარმომადგენლობითი უფლების განხორციელება, რაც დაკავშირებულია განათლებასთან, მკურნალობასთან, დაზღვევის, პასპორტის, ვიზის აღებასთან, ნებისმიერი მიმართულებით საზღვრის კვეთასთან, რაც დაკავშირებულია სასწავლო ან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, ასევე, იმისთვის, რომ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა ნებისმიერი მოქმედება შესრულდეს.
12. მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
13.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა;
13.3. სარჩელის აღძვრის დღიდან, 2020 წლის 21 სექტემბრიდან, არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოპასუხეს 250 ლარის, ხოლო 2023 წლის 1 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად - 440 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა;
13.4. არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღების, ვიზის აღების, დაზღვევის აღების, განათლების, ჯანმრთელობის (მკურნალობის გაწევის) თანხმობის გაცემის ნაწილში, მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
13.5. მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მოპასუხეს, ასევე, შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის მიმართ საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში და აზერბაიჯანში გასვლის თანხმობის გაცემის ნაწილში. დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არასრულწლოვნის გასვლა არდადეგების პერიოდში განხორციელდეს და 1 თვეს, ზაფხულში - 45 (ორმოცდახუთ) დღეს არ უნდა აღემატებოდეს;
13.6. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:
15.1.1. არასრულწლოვანი არის მოზარდი, სათანადო სწავლა-განათლების მისაღებად გააჩნია აქტივობებში მონაწილეობის აუცილებლობა, ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ნებისმიერი დავისა თუ კონფლიქტის მიუხედავად არასრულწლოვანს სჭირდება რჩენა.
არათუ უმუშევრობას, არამედ, თუნდაც ვალდებულებებს ან პირად ხარჯებს, ასევე, პირად კონფლიქტებსა და სასამართლო დავებს უპირატესი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება არასრულწლოვანი შვილის წინაშე საალიმენტო ვალდებულებასთან და მის ყოველდღიურ საჭიროებებთან შედარებით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა და ალიმენტის განსაზღვრა მოხდა სარჩელის აღძვრის შემდეგ სხვადასხვა ოდენობით - ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისთვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 2023 წლის 1 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე 440 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის ასაკი და მიიჩნია, რომ ალიმენტის 250 ლარამდე შემცირების შესახებ მოპასუხის მოთხოვნა, ვერ მიიჩნეოდა იმ გონივრულ ოდენობად, რაც არასრულწლოვნისთვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად იყო აუცილებელი. მშობლებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ არასრულწლოვანი ბავშვები კვებით, ჩაცმით, სწავლით, დასვენებით და ა.შ. შესაბამისად, ალიმენტიც სწორედ მითითებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის გათვალისწინებული.
15.1.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებითა და არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კონკრეტულ პერიოდზე მითითებით მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად მამის თანხმობის აუცილებლობას, შეიძლებოდა ბავშვის უფლებათა დაცვის შეფერხება, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დარღვევა ან/და ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა გამოეწვია, შესაბამისად, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით მოპასუხეს მართებულად შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
16.1. კასატორისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არაერთ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. საქმის მტკიცებულებებით დადგენილია, რომ წლების წინ არასრულწლოვანი მოსარჩელესთან ერთად არალეგალურად უცხოეთში წავიდა, რის გამოც საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების აქტიურად ჩარევის შედეგად იგი საქართველოში იძულებით დაბრუნებას დაექვემდებარა. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მოსარჩელის რამდენიმე ათეული გასვლა ფიქსირდება. ამდენად, არსებობს საფუძველი ვარაუდის დაშვებისთვის, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებულ ნებართვას, მოსარჩელე, არასრულწლოვნის საქართველოდან უცხოეთში გასაყვანად და არალეგალურად დასარჩენად გამოიყენებს.
16.2. არასრულწლოვანი შვილის მიმართ სამოქალაქო კანონმდებლობით მშობლებს თანაბარი ვალდებულებები ეკისრებათ. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, არასრულწლოვნის მიმართ მშობლების ფულადი ვალდებულებები ჯამურად 880 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად (თითქმის ოთხჯერ) აღემატება. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა არ არის დასაბუთებული და არასრულწლოვნის კონკრეტულ საჭიროებებზე მითითებით განმარტებული.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისთვის არსებითი მნიშვნელობისაა კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სარჩელი ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საკითხში.
სხვა ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს, რამდენადაც გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
19. ალიმენტის შესახებ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1214-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი შემდეგია: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ალიმენტის დაკისრების საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4.02.2013).
ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ: №ას-58-49-2011, 27.06.2011; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017; №ას-1355-2019, 25.02.2020; №ას-1301-2019, 13.03.2020).
20. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრის დღიდან (2020 წლის 21 სექტემბრიდან) არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 250 ლარის, ხოლო, 2023 წლის 1 ივნისიდან - ყოველთვიურად 440 ოდენობით ალიმენტის დაკისრება, კანონშესაბამისი გადაწყვეტილებაა.
მითითებული დასკვნის საფუძველს ქმნის საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებშია წარმოდგენილი. მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდასა და განვითარებაზე მოსარჩელე დამოუკიდებლად ზრუნავს, შვილის სასარგებლოდ მოპასუხის მხრიდან გაწეული დახმარება (სარჩელის წარმოდგენის შემდეგ) არ ვლინდება და არც ამ უკანასკნელის კმაყოფაზე სხვა პირის (პირების) ყოფნის ფაქტი არ გამორკვეულა; მაშინ, როდესაც, „როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლა-განათლებისთვის გადახდილი თანხა და იგი მოიცავს ბავშვის ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით“ (სუსგ: №ას-341-2012, 14.06.2022).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2023 წლის 1 ივნისიდან კასატორისთვის 440 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის კიდევ უფრო შემცირება, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სათანადოდ აღზრდასა და განვითარებას.
21. გასაჩივრებული განჩინება უცვლელადაა დასატოვებელი მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილშიც, მოცემული საკითხის გაანალიზებისას შემდეგი გარემოებებია გასათვალისწინებელი:
21.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი).
მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში“ (იხ. სუსგ Nას- 458-440-2016, 15.07.2016).
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის სტანდარტის დაწესებას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან დაცული და აღიარებულია ყველა უფლებით სახელმწიფო გარანტიებით თუ ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის შესაძლებლობა და ხარისხი, მათ შორის გარანტირებულია ბავშვისგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან არასრულწლოვნის ურთიერთობის შესაძლებლობაც.
თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა (სსკ-ის 1205-1206 მუხლები).
ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (იხ. სუსგ-ას Nას-434-2021, 30.07.2021).
ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოდ განიმარტება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ.: სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016.; №ას-1323-2023, 07.02.2024).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
21.2. დამატებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ შემდეგ არგუმენტებს: - სკოლის გარდა არასრულწლოვანი დამატებით მეცადინეობს ხატვაზე, დიდი სურვილი აქვს ცეკვაზე სიარულის და, მოსარჩელის მითითებით, ცეკვაზე მიყვანასაც აპირებს. კულტურული და სოციალური განვითარებისთვის გეგმავენ საზღვარგარეთ ერთი კვირით წასვლას, სამომავლოდ შესაძლოა ცეკვიდან გასვლითი კონკურსების ფარგლებში ასევე მოუხდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ამისთვის კი ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო, რაზეც მოპასუხე უარს აცხადებს. მოსარჩელის გადმოცემით, წინააღმდეგობებს აწყდება გარკვეული ყოფითი პრობლემების მოგვარების დროს, ვინაიდან ბავშვის მამა საქართველოში არ ცხოვრობს, მაგალითად, საჭიროების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას, შესაძლოა ორივე მშობლის თანხმობა იყოს საჭირო.
- ბავშვი გარკვევით გამოხატავს დედასთან ცხოვრების სურვილს, ამბობს, რომ სხვაგან ვერსად იცხოვრებს და არ შეუძლია დედის გარეშე ყოფნა. ასევე, ამბობს, რომ უყვარს მამა, უნდა რომ ნახოს ხოლმე, თუმცა მასთან წასვლა არ უნდა, რადგან, როდესაც, იქ ცხოვრობდა, ცუდად ახსენდება ის პერიოდი.
- მოპასუხე ცხოვრობს სხვა ქვეყანაში. ეს საკითხები გარკვეულ შემთხვევებში გადაუდებელია, რაც მისი თანხმობის მოპოვებას გაართულებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად სასამართლოს გადაწყვეტილებით დედის საცხოვრებელი ადგილია განსაზღვრული. ამავდროულად, მოპასუხე საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბულია, გონივრულია იმ ვარაუდის დაშვება, რომ მედიცინის, განათლებისა და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის საკითხებში შესაბამის სერვისებზე წვდომის შეფერხებით ან/და დაყოვნებით, არსებობს არასრულწლოვნის სასიცოცხლო ინტერესების გაუმართლებლად შეზღუდვის საფრთხე, რაც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე დადგენილ ზემოაღწერილ გარემოებებს, მსჯელობას და მიაჩნია, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი.
22. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 407-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ. ოღლი მ–ვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია