Facebook Twitter

4 ივლისი, 2025 წელი,

საქმე № ას-695-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს.ო–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ქ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.ქ.მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ს.ო–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 7 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლებით.

4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის14 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამასთან, მოპასუხე არ არის სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, შესაბამისად მხარისთვის, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2025 წლის 18 მარტიდან დაიმავე წლის 31 მარტს ამოიწურა, მითითებულ ვადაში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია.

მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2025 წლის 8 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მართალია დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოში 2025 წლის 17 თებერვალს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-3 დღეს წარადგინა, თუმცა ამით გადაწყვეტილების ჩაბარების ინტერესი დააფიქსირა. სასამართლოში განუმარტეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 20 დღეში მომზადდებოდა და ჩააბარებდნენ. სწორედ მისი განცხადების საფუძველზე ჩაჰბარდა გადაწყვეტილება როცა მომზადდა და სააპელაციო საჩივარიც ჩაბარებიდან ვადაში წარადგინა, შესაბამისად, არც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ დასაბუთებით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოში 2025 წლის 17 თებერვალს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-3 დღეს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადაზე ადრე) წარადგინა, თუმცა ამით გადაწყვეტილების ჩაბარების ინტერესი დააფიქსირა. სასამართლოში განუმარტეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 20 დღეში მომზადდებოდა და ჩააბარებდნენ. სწორედ მისი განცხადების საფუძველზე ჩაჰბარდა გადაწყვეტილება როცა მომზადდა და სააპელაციო საჩივარიც ჩაბარებიდან ვადაში წარადგინა, შესაბამისად, არც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია. ამავე დასაბუთებით, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინება.

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

12. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და/ან 30-ე დღის შემდეგ.

13. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადის ამოწურვამდე სასამართლოში მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით განცხადების წარდგენა, ცხადია, ვერ შეცვლის სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ კანონის დანაწესს და გასაჩივრების საპროცესო წესს.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე და სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით ამავე ნორმის დანაწესით განსაზღვრული საპროცესო შედეგის განმაპირობებელი ფაქტორია.

16. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ აპელანტისთვის ცნობილი იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. (იხ. ხელწერილი).

18. როგორც ირკვევა, მოპასუხე/კერძო საჩივრის ავტორი დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში 20 - დღიანი ვადის დარღვევით, 2025 წლის 17 თებერვალს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-3 დღეს გამოცხადდა, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა 2025 წლის 31 მარტს ამოიწურა.

19. საქმის მასალებით იკვეთება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2025 წლის 8 აპრილს წარადგინა, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

20. საკასაციო პალატის დასკვნით საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული პოზიცია დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების თაობაზე განცხადების 2025 წლის 17 თებერვალს, გადაწყვეტილების გამოცხადების მე-3 დღეს ჩაბარების მოტივით, გასაჩივრების ვადის გაგრძელების შესახებ.

20.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს ამ მსჯელობას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მხარის აღწერილი მოქმედება გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის შეცვლის საფუძველს არ წარმოშობს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი ასაბუთებს, ვინაიდან ზემომოხმობილი ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (შდრ. სუსგ. № ას-1251-2023, 18.01.24წ; #ას-914-2024, 14.02. 2025წ).

21. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

22. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ო–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა