¹ბს-1149-1111(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. ბ.-ე, გ. დ.-ე, ზ. გ.-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგდასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ცრუმაგიერ პირად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ 2007 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ზ. ბ.-ის, გ. დ.-ისა და ზ. გ.-ის მიმართ და მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილიყო ის გარემოება, რომ საქველმოქმედო ფონდი ,,მ” და მოპასუხეები ზ. ბ.-ე, გ. დ.-ე და ზ. გ.-ე, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეები ზ. ბ.-ე, გ. დ.-ე და ზ. გ.-ე დადგენილ (აღიარებულ) იქნენ საქველმოქმედო ფონდ ,,მ.-ის” ცრუმაგიერ პირებად.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 იანვრის ¹40 სგადასახადო მოთხოვნით დასტურდება, რომ საქვემოქმედო ფონდ ,,მ.-ს” დაერიცხა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი, სულ 424348 ლარის ოდენობით. 2004 წლის 13 ივლისს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ზ. გ.-მ, ზ. ბ.-მ და გ. დ.-მ მოქალაქე მ. ბ.-საგან 20.000 ლარად შეისყიდეს ქედის რაიონის დაბა ...-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ: ორსართულიანი ქვის საცხოვრებელი სახლი, 0,25 ჰა მიწის ნაკვეთთან ერთად 0,05 ჰა მიწის ნაკვეთი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. 2005 წლის 22 დეკემბერს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული იჯარის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ზ. გ.-მ, ზ. ბ.-მ და გ. დ.-მ 2004 წლის 13 ივლისს შეძენილი უძრავი ქონება, ყოველთვიურად 909 ლარად 10 წლის ვადით, იჯარით გადასცეს საქველმოქმედო ფონდ ,,მ.-ის” დირექტორ შ. გ.-ს. იჯარის შესახებ დადებულ ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული, მოიჯარის ვალდებულების შესახებ, საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ინვენტარ-მოწყობილობების შეტანის თაობაზე. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების მიერ 2006 წლის 12 დეკემბერს შედგენილი გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილია, რომ საქველმოქმედო ფონდი ,,მ” დაფუძნებულია 2005 წლის 25 იანვარს საქართველოს მოქალაქეების შ. გ.-ის, ზ. ბ.-ის, ქ. ა.-ის, ზ. ი.-ისა და მ. ი.-ის მიერ; ფონდის ადგილსამყოფელია ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ...-ისა. ფონდი კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2005 წლის 28 მარტს, შეტანილია არასამეწარმეო იურიდიული პირების ფონდის რეესტრში და მიკუთვნებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი. ფონდის საქმიანობის მიზნებია მატერიალური, მორალური და სხვა დახმარების გაწევა ობოლ, მარტოხელა და ხელმოკლე ოჯახში გაზრდილი ბავშვებისადმი, მრავალშვილიანი ოჯახებისადმი ზრუნვა და ა.შ. ფონდს ქედისა და ხულოს რაიონებში გააჩნია ფილიალები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული აჭარის იუსტიციის დეპარტამენტში. საქველმოქმედო ფონდ ,,მ.-ის მიერ 2005 წლის 12 იანვრიდან 2006 წლის 2 ივნისამდე განვლილ საანგარიშო პერიოდში სალაროს ოპერაციები არ არის გაფორმებული დოკუმენტურად, სალაროს ოპერაციები არ არის ასახული საბუღალტრო რეესტრებში, არ გააჩნია ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი ინვენტარისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. საქველმოქმედო ფონდ ,,მ.-ის” მიერ შესყიდული და იჯარით აღებული უძრავი ქონების ღირებულება, დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს სულ 646.200 ლარს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებით დაფიქსირებული ქონების ღირებულება შეადგენს 44.000 ლარს, ანუ სხვაობა შეადგენს 602.200 ლარს. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის მიერ წარმოებული, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის ოქმში, ფონდის დირექტორმა შ. გ.-მ აჩვენა, რომ 1990 წელს ქ. ბათუმის სამუსლიმანო სამლოცველოში გაიცნო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა. ჩ.-ი და მ. თ.-ი, რომელთა წინადადებით, სასწავლებლად გაემგზავრა ტრაპიზონის პანსიონატში, რომლის დამთავრების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა შესთავაზეს ანალოგიური პანსიონატის ჩამოყალიბება აჭარაში. 2000 წელს მან დაიწყო პანსიონატის გახსნისათვის შესაბამისი შენობა-ნაგებობების მოძებნა. პირველი შენობა შეძენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონში, რომელიც გაფორმდა ზ. ი.-ზე, რომელსაც შემდგომში ჩაუტარდა რემონტი. 2004 წელს თურქი მოქალაქეების დაფინანსებით, შეძენილ იქნა საცხოვრებელი სახლები ხულოს რაიონში, რომელიც გაფორმდა ჯ. კ.-ზე. ასევე, თურქი მოქალაქეების თანხებით შეძენილ იქნა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქედის რაიონის სოფელ ...-ში, ქობულეთში და დ. ...-ში. უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, იმავე თურქი მოქალაქეების დაფინანსებით, დაიწყეს სახლების გარემონტება და ქონების შეძენა. შეძენილი სახლები გაფორმებული იქნა ზ. ბ.-ზე, ზ. გ.-ზე, გ. დ.-ზე და სხვებზე. 2005 წლის იანვარში, ზ. ბ.-სთან, ქ. ა.-სთან, ზ. ი.-სთან და მ. ი.-სთან ერთად, თურქი მოქალაქეების დაფინანსებით, დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი ,,მ”, რომლის დირექტორად დაინიშნა თვითონ. საფინანსო პოლიციის გამომძიებელს ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმის სახით დაკითხულმა გ. დ.-მ, ზ. გ.-მ, ჯ. კ.-მ და სხვებმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქედის რაიონის სოფელ ...-ში, 2004 წლის ივლისში, მოპასუხეების ზ. ბ.-ის, გ. დ.-ის და ზ. გ.-ის მიერ, უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, წინასწარ შეძენილ იქნა საქველმოქმედო ფონდის დაარსების მიზნით, მისივე სახსრებით. ფონდისავე სახსრებით ჩაუტარდა რემონტი შეძენილ სახლს და შესყიდულ იქნა საჭირო ინვენტარი; ხოლო 2005 წლის 22 დეკემბერს მოპასუხეებსა და საქველმოქმედო ფონდს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ფიქტიურად ქონების ნამდვილი მესაკუთრის დამალვის მიზნით. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის პოზიცია, რომ ფინანსური პოლიციის გამომძიებლის მიერ, სისხლისსამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებები არ შეიძლება გამოყენებული იქნას მტკიცებულებად მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სხვა საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენების ასლები, რომლის უარყოფის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნდა.
რაიონულმა სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ.-მ, გ. დ.-მ და ზ. გ.-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით ზ. ბ.-ის, ზ. გ.-ისა და გ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ.-მ, გ. დ.-მ და ზ. გ.-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მკაფიოდ და კონკრეტულად არის განსაზღვრული პირობები და საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლია და უფლებამოსილია საგადასახადო ორგანო აღძრას სასამართლოში ანალოგიური სარჩელი. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ საგადასახადო ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი მიმართოს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოს ცრუმაგიერ პირებად აღიარება, თუ კი უდავოდ იქნება დადგენილი, რომ ცრუმაგიერ პირებად ასაღიარებელ რომელიმე პირს გააჩნია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება (ვალდებულება). ასეთი დავალიანების არარსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს კანონით არა აქვს მინიჭებული უფლებამოსილება აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
კასატორები თვლიან, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი და დადასტურებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ფაქტი რომელიმე მხარის მხრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ.-ის, გ. დ.-ისა და ზ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ბ.-ის, გ. დ.-ისა და ზ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ზ. ბ.-ს, გ. დ.-სა და ზ. გ.-ს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ზ. ბ.-ის, გ. დ.-ისა და ზ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებაზე;
2. ზ. ბ.-ს, გ. დ.-სა და ზ. გ.-ს დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.