Facebook Twitter

საქმე №ას-664-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2025წ. გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.12.2023წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 15 822.45 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 25.11.2018წ. მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო;

2.2. სადაზღვევო პოლისის თანახმად, დაზღვეულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - AUDI A4 Sline, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........;

2.3.სადაზღვევო პოლისის თანახმად, სადაზღვევო თანხად განისაზღვრა - 13 000 აშშ დოლარი, ხოლო წლიურ სადაზღვევო პრემიად - 908.44 აშშ დოლარი;

2.4.რისკების დაზღვევის პირობების თანახმად, ტრანსპორტის ნაწილობრივი დაზიანებისას: იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება 3 წელს აღემატება: სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია აანაზღაუროს დაზიანებული, მაგრამ ექსპლუატაციისათვის ვარგისი სათადარიგო ნაწილების შეკეთების ხარჯები ან, თუ დაზიანებული სათადარიგო ნაწილები შეკეთებას არ ექვემდებარება, მეორეული მოხმარების სათადარიგო ნაწილების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის და დაყენების ხარჯები;

2.5.28.05.2019წ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

2.6.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში- ექსპერტიზის ბიუროს) 20.07.2020წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილი საიდენტიფიკაციო #............, ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია. ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილს აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, რომლის შედეგად ავტომობილს დეფორმირებული და დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი მაკომპლექტებელი დეტალებით, ცხაურა, წინა მარცხენა მაშუქი ფარა, წინა მარცხენა ფრთა, ძრავის სახურავი, წინა საქარე მინა, წინა მარცხენა კარი (ლაქ- საღებავისფენა არის აშრევებული) წინა ჰორიზონტალური დგარი, წინა საბურავის დისკი, წინა მარცხენა დისკ-საბურავის დაკიდების მაკომპლექტებელი დეტალები სრულად, მარცხენა ქვედა ლავგარდანის წინა ნაწილი, საჭის მართვის მექანიზმი, ტრავერსი, ძრავის დამცავები, მარცხენა საბურავის თაღის საშხეფური, გახსნილია უსაფრთხოების ბალიშები, დაზიანებულია სალონის მაკომპლექტებელი რიგი დეტალები და ა.შ. ავტომობილი წარმოდგენილი სახით, ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. იგი საჭიროებს რიგი დეტალების შეცვლას და ხარისხიანი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას;

2.7.ექსპერტიზის ბიუროს 10.11.2020წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო #........., მიყენებული დაზიანების ღირებულება, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ 15 822.45 ლარით განისაზღვრა;

2.8.ექსპერტიზის ბიუროს 10.12.2020წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, ავტომობილს საიდენტიფიკაციო #W......... მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 6 531 ლარს შეადგენს;

2.9.ექსპერტიზის ბიუროს 10.12.2020წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო #.........., საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ 21 500 ლარს შეადგენს;

2.10. შპს ,,ტ.ც.თ–ას“ 03.07.2023წ. წერილის თანახმად, მწარმოებლის, ტოიოტას შეკეთების სახელმძღვანელოს მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკომენდირებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორადი უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება. სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ახალი ავტოსათადარიგო ნაწილი.

2.11. შპს ,,თ.პ.ვ–“-ის 07.07.2023წ. წერილის თანახმად, მწარმოებლების - ,,მაზდას“ და ,,პორშეს“ სტანდარტების მიხედვით, რეკომენდებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორადი უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება. სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ახალი ავტოსათადარიგო ნაწილი.

3. სააპელაციო პალატამ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799-ე, 820-ე და 821-ე მუხლებით მოაწესრიგა.

4. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხე შესაგებელში ავტოსაგზაო შემთხვევას სადაზღვევო შემთხვევად აღიარებდა - სადავოდ არ ხდიდა ამ გარემოებას, სააპელაციო პალატამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამზღვევისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე იმსჯელა (იხ., მოპასუხის შესაგებელი - ტ.1; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ. 6.4. -ს.ფ. 147,148, ტ.2).

5. ზიანის ოდენობის დასადგენად ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშების (საჭის უსაფრთხოების დამცავი ბალიშის და მძღოლის გვერდითი უსაფრთხოების დამცავი ბალიშის) ღირებულებაზე.

6. ამ თვალსაზრისით, დადგენილი იქნა შემდეგი:

7. - მოსარჩელემ, შპს ,,ი.ა.ც–ს“, როგორც აუდის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში შემდეგი შეკითხვით მიმართა: მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული აუდის მარკის ავტომობილის სარემონტო აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას, რეკომენდირებულია თუ არა გახსნილი უსაფრთხოების ბალიშის (ბალიშების) ნაცვლად დამონტაჟდეს მეორადი (სხვა ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილიდან მოხსნილი და არა ახალი) ბალიში და არსებობს თუ არა რისკი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მეორადი უსაფრთხოების ბალიში არ გაიხსნება?.

8. - შპს ,,ი.ა.ც–ის“ პასუხის მიხედვით მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტების, რეკომენდაციების და დირექტივების შესაბამისად, აუცილებელი და სავალდებულოა ნებისმიერი დაზიანებული დეტალის შეცვლა მოხდეს ახალი დეტალით, რომელიც წარმოებულია/სერთიფიცირებულია აუდის ბრენდის მიერ. აქედან გამომდინარე კომპანია რეკომენდაციას ვერ გასცემს მეორეული დეტალის გამოყენებისას, მათ უსაფრთხო და გამართულ ექსპლუატაციაზე.

9. - შპს ,,ტ.ც.თ–ას“ წერილის თანახმად, მწარმოებლის, ტოიოტას შეკეთების სახელმძღვანელოს მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით რეკომენდირებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორადი უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება. სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნეს ახალი ავტოსათადარიგო ნაწილი.

10. შპს ,,თ.პ.ვ“-ის 2023 წლის 07 ივლისის წერილის თანახმად, მწარმოებლების - ,,მაზდას“ და ,,პორშეს“ სტანდარტების მიხედვით, რეკომენდირებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორადი უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება. სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნეს ახალი ავტოსათადარიგო ნაწილი.

11. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.11.2020წ. დასკვნის N1 დანართში მითითებულია დაზიანებული ნაწილების დასახელება, მდგომარეობა, რაოდენობა და საორიენტაციო ღირებულება აღდგენის გათვალისწინებით. საჭის უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშის ღირებულებად მითითებულია 3426 ლარი, ხოლო მძღოლის გვერდითი უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშის ღირებულებად - 4378 ლარი, იქვე აღნიშნულია, რომ ორივე მათგანი დაზიანებული - შესაცვლელია.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მართალია, ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რისკების დაზღვევის პირობების თანახმად, ტრანსპორტის ნაწილობრივი დაზიანებისას, იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება 3 წელს აღემატება, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია, აანაზღაუროს დაზიანებული, მაგრამ ექსპლუატაციისათვის ვარგისი სათადარიგო ნაწილების შეკეთების ხარჯები ან, თუ დაზიანებული სათადარიგო ნაწილები შეკეთებას არ ექვემდებარება, მეორეული მოხმარების სათადარიგო ნაწილების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის და დაყენების ხარჯები, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ რეკომენდებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორეული უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სხვა ავტომობილის/მეორეული უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება უსაფრთხოა და მისი დაცვის ხარისხი იდენტურია ორიგინალი (ქარხნული/ახალი) უსაფრთხოების ბალიშისა, აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის უსაფრთხოების ბალიშებთან მიმართებით გავრცელება და მისი სახელშეკრულებო რისკად კვალიფიკაცია არამართლზომირია. ავტომანქანაში უსაფრთხოების ბალიშის დანიშნულების, ავარიისას ადამიანის დაზიანების რისკის შემცირებაში ან საერთოდ სიცოცხლის შენარჩუნებაში მისი როლის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მეორეულ უსაფრთხოების ბალიშთან მიმართებით დადასტურებული არ არის იგივე გარანტიების/მოლოდინის არსებობა, რაც ახლის შემთხვევაში არსებობს, სახელშეკრულებო პირობა სამზე მეტი წლოვანების ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების მეორეული მოხმარების სათადარიგო ნაწილებით შეცვლაზე, უსაფრთხოების ბალიშთან მიმართებით, ვერ გავრცელდება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნული ბიუროს 10.11.2020წ. დასკვნის N1 დანართში მითითებული საჭის უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშის ღირებულება - 3426 ლარი და მძღოლის გვერდითი უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშის ღირებულება - 4378 ლარი, რაც საერთო ჯამში, 7804 ლარს შეადგენს.

14. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.11.2020წ. დასკვნით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას - 15 822.45 ლარს გამოაკლო 7 804 ლარი და ჩაანაცვლა მეორეული ნაწილების ღირებულებით - 500 ლარით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

15. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

16. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოვალეობა შემოიფარგლება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ფარგლებს სცდება. მეორეული ნაწილი არ ნიშნავს ისეთ ნაწილს, რომელიც ექსპუალატაციისათვის უვარგისია. თუკი, მოსარჩელეს სურვილი ჰქონდა დაზიანებული დეტალები შეცვლილიყო სრულიად ახალით, მაშინ სწორედ ასეთი პირობებით უნდა დაედო ხელშეკრულება მოპასუხესთან. მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომ დაზიანებული ნაწილების სრულიად ახლით შეცვლის საჭიროება არსებობდა.

17. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აქვს დავალიანება მოპასუხის მიმართ. დავალიანების არსებობა მოსარჩელემ აღიარა მოპასუხის მიერ 14.02.2023წ. შესაგებელზე წარდგენილ პასუხში. შესაბამისად, შესაძლებელი იყო სასამართლოს მოპასუხისათვის დაკისრებული თანხისთვის გამოეკლო მოსარჩელის დავალიანება 377.28 აშშ დოლარის ოდენობით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის უარყოფას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში დასაკისრებელი თანხის 6 531 ლარით განსაზღვრას, რასაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ გადაუხდელი სადაზღვევო პრემია - 377.28 აშშ დოლარი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

23. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგარი ზიანის ოდენობაზე იმსჯელებს.

24. მოსარჩელე მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელით სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის - 15 822.45 ლარის დაკისრებას ითხოვს, რასაც მოპასუხე/კასატორი უარყოფს და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც აღნიშნავს, რომ სარჩელი უარსაყოფია, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში დასაკისრებელი თანხა 6 531 ლარით უნდა განისაზღვროს (იხ., ტ.2-ში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მე-13 გვერდი).

25. სადავო შემთხვევის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5.10.2021,პ.11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

26. დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. ამ სამართლებრივი ნორმით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება.

27. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ-ები: №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012წ; №ას-882-2023, 12 სექტემბერი, 2023წ; №ას-948-2023, 10 ოქტომბერი, 2023წ; №ას-1335-2023, 30 იანვარი, 2024წ.).

28. განსახილველ შემთხვევში, კასატორი დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლით საჭიროების არარსებობაზე დავობს - აღნიშნავს, მისი მოვალეობა შემოიფარგლება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებით, თუკი, მოსარჩელეს სურვილი ჰქონდა დაზიანებული დეტალები შეცვლილიყო სრულიად ახალით, მაშინ სწორედ ასეთი პირობებით უნდა დაედო ხელშეკრულება მოპასუხესთან. მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომ დაზიანებული ნაწილების სრულიად ახლით შეცვლის საჭიროება არსებობდა (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

29. კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას მიაპყრობს. პალატა განმარტავს, მტკიცების ტვირთის განაწილებას არა მარტო საპროცესსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი დატვირთვა აქვს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად, მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი, რაც სარჩელის უარყოფაში ვლინდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის რეალიზება და მისი განაწილების წესის სამართლებრივი ბუნების ზუსტი ახსნა მოდავე მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა, ვინაიდან, ბუნებითი უფლებები ყველა ადამიანისთვის ყოველთვის თანასწორი უნდა იყოს, რაც უნდა აისახოს და გავრცელდეს როგორც საპროცესო სამართლებრივ ურთიერთობებში ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთობების ნებისმიერ სფეროში (შდრ: გაგუა ილონა., მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო სამართალში, თბილისი, 2013 წ., გვ.118 და მომდევნო გვერდები).

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე. ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი, განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს; ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა.

31. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

32. მტკიცებულებათა სახეები რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედ: ზ.ძლიერიშვილი, ნ.კვანტალიანი).

34. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 20 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილი საიდენტიფიკაციო ........., წარმოდგენილი სახით ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია. ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილს აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, რომლის შედეგად ავტომობილს დეფორმირებული და დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი მაკომპლექტებელი დეტალებით, ცხაურა, წინა მარცხენა მაშუქი ფარა, წინა მარცხენა ფრთა, ძრავის სახურავი, წინა საქარე მინა, წინა მარცხენა კარი (ლაქ-საღებავისფენა არის აშრევებული) წინა ჰორიზონტალური დგარი, წინა საბურავის დისკი, წინა მარცხენა დისკ-საბურავის დაკიდების მაკომპლექტებელი დეტალები სრულად, მარცხენა ქვედა ლავგარდანის წინა ნაწილი, საჭის მართვის მექანიზმი, ტრავერსი, ძრავის დამცავები, მარცხენა საბურავის თაღის საშხეფური, გახსნილია უსაფრთხოების ბალიშები, დაზიანებულია სალონის მაკომპლექტებელი რიგი დეტალები და ა.შ. ავტომობილი წარმოდგენილი სახით, ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. იგი საჭიროებს რიგი დეტალების შეცვლას და ხარისხიანი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას.(ტომი I, ს.ფ. 25-32).

35. ამასთავე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ნოემბრის დასკვნა, რომლის თანახმად ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანების ღირებულება, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ 15822.45 ლარით განისაზღვრა.

36. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა შპს ,,ტ.ც.თ–ას“ 03.07.2023წ. წერილი, რომლის თანახმად, მწარმოებლის, ტოიოტას შეკეთების სახელმძღვანელოს მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკომენდირებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორადი უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება. სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ახალი ავტოსათადარიგო ნაწილი.

37. შპს ,,თ.პ.ვ–“-ის 07.07.2023წ. წერილის თანახმად, მწარმოებლების - ,,მაზდას“ და ,,პორშეს“ სტანდარტების მიხედვით, რეკომენდებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორადი უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება. სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ახალი ავტოსათადარიგო ნაწილი.

38. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეძლო და დაასაბუთა მოთხოვნის მართლზომიერება, ხოლო კასატორმა დასაბუთებული საკასაციო შედავებით ვერ გააქარწყლა, რომ მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაში გათვალისწინებული არ უნდა იქნეს ეროვნული ბიუროს 10.11.2020წ. დასკვნის N1 დანართში მითითებული საჭის უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშის ღირებულება - 3426 ლარი და მძღოლის გვერდითი უსაფრთხოების დამცავი ახალი ბალიშის ღირებულება - 4378 ლარი, რაც საერთო ჯამში, 7804 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მართალია, ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რისკების დაზღვევის პირობების თანახმად, ტრანსპორტის ნაწილობრივი დაზიანებისას, იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება 3 წელს აღემატება, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია, აანაზღაუროს დაზიანებული, მაგრამ ექსპლუატაციისათვის ვარგისი სათადარიგო ნაწილების შეკეთების ხარჯები ან, თუ დაზიანებული სათადარიგო ნაწილები შეკეთებას არ ექვემდებარება, მეორეული მოხმარების სათადარიგო ნაწილების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის და დაყენების ხარჯები, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ რეკომენდებული არ არის სხვა ავტომობილის/მეორეული უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სხვა ავტომობილის/მეორეული უსაფრთხოების ბალიშის გამოყენება უსაფრთხოა და მისი დაცვის ხარისხი იდენტურია ორიგინალი (ქარხნული/ახალი) უსაფრთხოების ბალიშისა, აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის უსაფრთხოების ბალიშებთან მიმართებით გავრცელება და მისი სახელშეკრულებო რისკად კვალიფიკაცია არამართლზომირია. ავტომანქანაში უსაფრთხოების ბალიშის დანიშნულების, ავარიისას ადამიანის დაზიანების რისკის შემცირებაში ან საერთოდ სიცოცხლის შენარჩუნებაში მისი როლის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მეორეულ უსაფრთხოების ბალიშთან მიმართებით დადასტურებული არ არის იგივე გარანტიების/მოლოდინის არსებობა, რაც ახლის შემთხვევაში არსებობს, სახელშეკრულებო პირობა სამზე მეტი წლოვანების ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების მეორეული მოხმარების სათადარიგო ნაწილებით შეცვლაზე, უსაფრთხოების ბალიშთან მიმართებით, ვერ გავრცელდება.

39. ამ განჩინების პპ.17,18-ში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის/კასატორის პრეტენზია, რომელიც მოსარჩელის დავალიანების ზიანში გაქვითვას შეეხება, წინამდებარე დავის საგანი არ გამხდარა უფლების დაცვის რელევანტური საპროცესო საშულების გამოყენების გზით (სსსკ-ის 188-189-ე მუხ.), რის გამოც, ამ საკითხზე საკასაციო პალატა მოკლებულია მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობას.

40. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).

41. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს.კ: ..........) დაუბრუნდეს 05.06.2025წ. №9a9 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 791 ლარის 70% – 553.70 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე