საქმე №ას-1442-2024 19 დეკემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.დ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ე-პ.ჯ–იამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.დ–ნის მიმართ, თანხის დაკისრება თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2020 წლის 21 იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... სს „ე-პ.ჯ–იას“ თანამშრომლების მიერ გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი ელექტრო ენერგიის დატაცებაზე, რასთან დაკავშირებითაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი. მითითებულ ტერიტორიაზე, 10 კვ. ელექტროგადამცემ ხაზზე - ფიდერ „კაშხალზე“, ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევით და მრიცხველის გვერდის ავლით, დაერთებული იყო 1 ერთეული 400 კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორი, ხოლო ამ უკანასკნელით ელ.ენერგიით მარაგდებოდა 200 ერთეული ე.წ მაინერი, რომლებიც განთავსებული იყო ვაგონ-კონტეინერში ორ რიგად.
2.2. აღნიშნული ქონება წარმოადგენდა კ.დ–ნის საკუთრებას. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N004691 და აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1584169.
2.3. სარჩელის თანახმად, დაზიანებულია ენერგოკომპანიის ქონება (ელექტროგადამცემი ქსელის კომპონენტები), რაც გამოწვეული იყო მისი მუდმივი და მაქსიმალური (გადაჭარბებულიც კი) დატვირთვის რეჟიმში მუშაობით. სარჩელში ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ალბათობა, რომ უკანონოდ მოხმარებულია იმაზე გაცილებით დიდი ღირებულების ელექტროენერგია, რაც ამ ეტაპზე იყო დაანგარიშებული. დატაცების ასეთი მასშტაბები და მოპასუხის დამოკიდებულება ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ ცხადყოფდა, რომ მოპასუხეს არ გაჩნდა არავითარი სურვილი, ნებაყოფლობით, ნაწილობრივ მაინც აენაზღაურებინა ენერგოკომპანიისთვის მიყენებული ზიანი. აღნიშნულ განწყობას ადასტურებდა ასევე ის ფაქტიც, რომ მან უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებასა და ახსნა-განმარტების მიცემაზე.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. კ.დ–ნმა წარდგენილი მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, 2020 წლის 21 იანვარს, ქსელის შემოწმების შედეგად „ე-პ.ჯ–იას“ მუშაკებმა გამოავლინეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი, რომ თითქოსდა კ.დ–ნის მიერ, მესტიის რაიონის სოფელ ........, მოხდა ფიდერ „კაშხალზე“ 1 ცალი ძალოვანი ტრანსფორმატორისა და დაახლოებით 200 ცალი მაინერის დაერთება და ელექტროენერგიის დატაცება, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული აბონენტად კომპანიის მონაცემთა ბაზაში, რომ თითქოსდა განაცხადა, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებას, რაც სიცრუეა, ვინაიდან არსად მსგავსი რამ არ განუცხადებია და არც სამართალდარღვევის ოქმზე მოუწერია ხელი. არც ტრანსფორმატორთან და არც მაინერებთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია, ისინი არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, არც მათ დამონტაჟებასა თუ დაერთებაში მიუღია მონაწილეობა, ინფორმაცია არ გააჩნდა მათი დანიშნულებისა თუ ფუნქციონირების წესის შესახებ.
3.3. ტრანსფორმატორი და მაინერები ენერგოკომპანიის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისას ფიდერზე დაერთებული, ანუ ელექტროენერგიის ქსელში ჩართული არ ყოფილა, შესაბამისად მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ.
3.4. შესაბამისად არანაირ ელექტროენერგიის დატაცებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, მესტიის რაიონის სოფელ ....... მდებარე სახლი და მისი მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთი წარმოადგენდა მოპასუხის ბიძაშვილის, ვ.დ–ის საკუთრებას. მოპასუხე და მისი ოჯახი იქ ცხოვრობდნენ დროებით. სწორედ იმ გარემოების გამო, რომ არც ხსენებული სახლის და საკარმიდამო ნაკვეთის, არც ტრანსფორმატორის მესაკუთრე მოპასუხე არ იყო და არც ტრანსფორმატორი იყო ელ.ქსელზე დაერთებული და არ მოიხმარდა ელექტროენერგიას, არანაირ დატაცებას ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ არ მოაწერა ხელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ე-პ.ჯ–იას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ.დ–ნს სს „ე-პ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრა 77 179.47 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის გადადის საკითხი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
5.2 პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 233 877,20 ლარის დაკისრების თაობაზე მომდინარეობდა დელიქტური სამართლიდან. პირველ რიგში, პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 150-ე, 151-ე მუხლები, გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ კ.დ–ნი კეთილსინდისიერად ფლობდა ვ.დ–ის სახლს, მდებარე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ასევე, მხედველობაში მიიღო, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის N MIA 3 21 02525029 მიმართვის შინაარსი, რომლითაც, კ.დ–ნის წარმომადგენლებს ეცნობათ, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს ქ.ზუგდიდში, ........ ჩატარდა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება, რითაც გაირკვა, რომ ვ.დ–ის კუთვნილი ეზოდან ამოღებულ რკინის კონტეინერში განთავსებულია 66 ცალი მაინერი, ორი ცალი V-9 მოდელის, დანარჩენი S-9 მოდელის (2021 წლის 24 სექტემბრის N MIA 3 21 02525029 მიმართვა). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ვ.დ–ის საკუთრებაში არსებული სახლის ეზოდან ამოღებული რკინის კონტეინერი, მასში განთავსებული მაინერებით, სარგებლობდა კ.დ–ნი.
5.3. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამებოდა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სახელდობრ: ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადაგინდა, რომ 004691 სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ექსპერტიზის დასკვნით დათვლილია ზიანი 233877,2 ლარი, 200 მაინერზე, თუმცა 2021 წლის 9 სექტემბერს ქ.ზუგდიდში, ...... ჩატარდა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება, რითაც გაირკვა, რომ ვ.დ–ის კუთვნილი ეზოდან ამოღებულ რკინის კონტეინერში განთავსებულია 66 ცალი მაინერი, ორი ცალი V-9 მოდელის, დანარჩენი S-9 მოდელის, პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობა 200 მაინერზე არასწორად იყო გამოთვლილი და იგი ამოღებულ 66 ცალ მაინერზე უნდა დაანგარიშებულიყო რაც 2017, 2018, 2019 და 2020 წლების საერთო ხარჯვებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანო „ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკის“ დასკვნის შესაბამისად - 77 179, 47 ლარს შეადგენდა. პალატამ დასძინა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ........, ვ.დ–ის საკუთრებაში არსებული სახლის ეზოდან ამოღებული რკინის კონტეინერი, ვერ იქნებოდა განხილული ცალკე უფლების ობიექტად, შესაბამისად - ქმედება, ელ. ენერგიის მართლსაწინააღმდეგო დატაცება, რომლის შედეგად გამოწვეული ზიანიც, ექსპერტიზის დასკვნით შეადგენდა 77 179,47 ლარს, უნდა ჩათვლილიყო განზრახ ჩადენილად და ბრალად შერაცხვოდა ნივთის (უძრავი ქონების) მფლობელს, კ.დ–ნს.
5.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა კ.დ–ნმა.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მაინერები ეკუთვნოდა/სარგებლობდა კ.დ–ნს. კასატორი ამტკიცებს, რომ მაინერები მისი საკუთრება არ იყო, სწორედ ამიტომ არც სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ენერგო კომპანიის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, მაინერები ფიდერზე დაერთებული არ იყო ანუ, არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რასაც ადასტურებენ ოქმის შემდგენი პირებიც, შესაბამისად ადგილი ვერ ექნებოდა ელ. ენერგიის მიტაცებას. ამასთან, მხარე აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება, სადაც აღმოაჩინეს კონტეინერი და მაინერები არ ეკუთვნოდა მას და იქ მხოლოდ დროებით ცხოვრობდა მის ოჯახთან ერთად.
6.3. კასატორი არ ეთანხმება მისთვის ზიანის სახით 77 179,44 ლარის დაკისრებას და მიიჩნევს, რომ ელ.ენერგიის მიტაცების დადასტურების შემთხვევაშიც, დასაკისრებელი ზიანის ოდენობა არასწორადაა გამოთვლილი. იგი მოიხმობს 2020 წელს მოქმედ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობა გამოითვლება შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8 საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა, ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების მე-3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით. შესაბამისად, კასატორი უთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ელ. ენერგიის მოხმარება არ უნდა გამოეთვალათ 10 თვიანი პერიოდით.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, კ.დ–ნის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- სს „ე. პ.ჯ–იას“ დასავლეთ რეგიონური ფილიალის აღრიცხვის ჯგუფის უფროსის გ.ჩ–ძის მიერ 2020 წლის 21 იანვარს კ.დ–ნის მიმართ შედგენილი იქნა N004691 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შესაბამისად, დარღვევის არსი გამოიხატა მასში, რომ მესტიის რაიონის სოფელ .........., 2020 წლის 21 იანვარს ქსელის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ კ.დ–ნს კაშხლის ფიდერზე უკანონოდ დაერთებული ჰქონდა ერთი ცალი ძალოვანი ტრანსფორმატორი 400 კვ.სიმძლავრით, ასევე ერთი კონტეინერი მაინერების ფერმა, სიგრძე 6მ, სიმაღლე 2,5მ, კონტეინერში მაინერები განლაგებული იყო ორ რიგად, დაახლოებით 200 ცალი. 2020 წლის 21 იანვრის N1584169 აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტით, მესტიის რაიონის სოფელ .......... ქსელის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ კ.დ–ნს კაშხლის ფიდერზე უკანონოდ დაერთებული ჰქონდა ერთი ცალი ძალოვანი ტრანსფორმატორი 400 კვ.სიმძლავრით, ასევე ერთი კონტეინერი მაინერების ფერმა, სიგრძე 6 მ, სიმაღლე 2,5 მ, კონტეინერში მაინერები განლაგებულია ორ რიგად, დაახლოებით 200 ცალი (ტ.1.ს.ფ. 17-18);
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად, სს „ე– პ.ჯ–იას“ უფლებამოსილმა პირმა 2020 წლის 5 მარტს გამოიტანა დადგენილება №რფ-2117-20, რომლითაც ფიზიკური პირი კ.დ–ნი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96.1 მუხლის პირველი ნაწილით და და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება (ტ.1. ს.ფ. 180). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 4 სექტემბრის N01/11-242 გადაწყვეტილებით კ.დ–ნის განცხადება არ დაკმაყოფილდა. განუხილველი დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ე–პ.ჯ–იას“ 2020 წლის 5 მარტის Nრფ 2117-20 დადგენილება. კანონიერ ძალაში მყოფი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის დადგენილებით, კ.დ–ნის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კ.დ–ნის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 სექტემბრის N01/11-242 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა კ.დ–ნის საჩივრის განხილვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 22 ოქტომბრის N01/11-374 გადაწყვეტილებით, კ.დ–ნის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ე–პ.ჯ–იას“ 2020 წლის 5 მარტის Nრფ-2117-20 დადგენილება და შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 22 ოქტომბრის N01/11-374 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომისიაში დავის განხილვისას შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან წარდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 21 იანვარს, შსს მესტიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ელექტროენერგიით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით, კერძოდ: 2020 წლის 21 იანვარს მესტიის რაიონის სოფელ .......... ნ.დ–ის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 425 ცალი ე.წ. „მაინერი“, ასევე ამოღებულ იქნა ამავე სოფელში ვ.დ–ის საკარმიდამო ნაკვეთში განთავსებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს, თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, თუ ამხანაგურ სასამართლოს მასალები იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა) გადასცა, რომელსაც აქვს მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს 1 თვისა, სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან (2021 წლის რედაქცია) (ტ.1.ს.ფ. 201-206).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კ.დ–ნისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, 77 179 ლარის დაკისრების მართლზომიერება. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი გამოიწვია მოპასუხის მიერ კაშხლის ფიდერზე ძალოვანი ტრანსფორმატორის უკანონოდ დაერთებამ და მისი საშუალებით ერთი კონტეინერი მაინერების ფერმის დატაცებული ელექტროენერგიით მუშაობამ. კასატორის ძირითადი არგუმენტი ერთი მხრივ, ისაა, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამოღებული მაინერების ფერმა მას არ ეკუთვნოდა ხოლო მეორე მხრივ, მაინერები არ იყო ელექტროენერგიაზე დაერთებული ანუ არ არსებობდა ელ. ენერგიის მიტაცების ფაქტი. კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის დაკისრებული თანხის გამოთვლის წესსაც.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება ხოლო, 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი არასახელშეკრულებო ზიანის ცენტრალური ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
15. საკასაციო პალატა უპირველესად შეამოწმებს მოპასუხედ დასახელებული პირის მიმართ დელიქტური ვალდებულების სახით ზიანის შერაცხვის შესაძლებლობას, ვინაიდან სწორი სამართალსუბიექტის იდენტიფიცირება დელიქტური სამართლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამ მიმართებით, მართალია მოპასუხე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აცხადებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული კონტეინერი და მაინერები მისი კუთვნილება არ იყო და სწორედ ამ საფუძვლით არ მოაწერა ხელი სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა საკასაციო პალატა სარწმუნოდ და დასაბუთებულად მიიჩნევს ამ მხრივ სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას. სასამართლო დასძენს, რომ დავის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო, რომ კასატორი იმ უძრავი ქონების მართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელია (სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლი), რომელშიც სადავო კონტეინერი და მაინერების ფერმა აღმოჩნდა. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (იხ. სუსგ. №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018). სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (იხ. სუსგ. №ას-1202-1144-2014, 06.02.2015წ.; №ას-262-253-2012. 25.06.2012წ.), რაც კასატორმა წინამდებარე დავაში ვერ დაძლია. ამ მსჯელობის მართებულობას ვერ აქარწყლებს კასატორის მითითება სამართალდარღვევის აქტზე მისი ხელმოწერის არარსებობის თუ საქმის მასალებში წარმოდგენილი ვ.დ–ისა და გიორგი ოძელაშვილის ზეპირი ახსნა-განმარტებები მაინერების ფერმის მათი კუთვნილების შესახებ, ვინაიდან ეს განცხადებები სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მცდელობას უფრო ჰგავს, რადგან არ არის განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დელიქტური სამართლის სუბიექტად კასატორი მართებულად იქნა მიჩნეული.
16. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობას მიემართება და ემყარება იმ ფაქტს, რომ სადავო მაინერების ფერმის კონტეინერი აღმოჩენისას არ ყოფილა დაერთებული ელექტროენერგიის ქსელზე გაზიარებული ვერ იქნება. ამ მხრივ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, ხოლო მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედება გულისხმობს როგორც აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობასაც. მისი არსი ისაა, რომ ქმედება არღვევს სამართლის ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას. კანონის ან ხელშეკრულების ძალით პირი ვალდებული იყო (სამართლებრივი კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული მოქმედების განხორციელების სამართლებრივ ვალდებულებას) და შეეძლო ემოქმედა (მოქმედების განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა), თუმცა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა განსაზღვრული მოქმედება. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე საქმე №ას-299-2025 07 ნოემბერი, 2025 წელი). საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს აწევს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (სუსგ №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023წ.).
17. საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებაში, სახელდობრ: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანო „ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკის“ დასკვნაში, მესტიის რაიონული პროკურატურიდან გამოთხოვილი, N058210120001 სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2021 წლის 21 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, თავად კასატორის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო მასალებში, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს გამომძიებლების მიმართვებში და საქმეზე წარმოდგენილ უკლებლივ ყველა დოკუმენტში მითითებულია, რომ ადგილი ჰქონდა კ.დ–ნის, როგორც მართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელის, მიერ კაშხლის ფიდერზე ერთი ცალი ძალოვანი ტრანსფორმატორის 400 კვ.სიმძლავრით, ასევე ერთი კონტეინერი მაინერების ფერმის, უკანონოდ დაერთებას, რაც უდავოდ წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასადასტურებლად წარმოადგინა მითითებული მტკიცებულებები, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, რომელიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა, რომ მაინერების კონტეინერი არ იყო დაერთებული ელექტროენერგიის წყაროზე, რის დასტურადაც იშველიებდა სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მართალია გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ე–პ.ჯ–იას“ 2020 წლის 5 მარტის Nრფ-117-20 დადგენილება და შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, თუმცა სიმპტომატურია, რომ ამ გადაწყვეტილებით კომისიამ კვლავაც დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა გამოიწვია ფორმალურ წესთა დაუცველობამ, ვინაიდან გავიდა ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა, რაც რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის ყველა კანონისმიერი საფუძველი სახეზე იყო, რაც პირისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობას ქმნიდა. საკასაციო საჩივარი ასევე, ითვალისწინებს შედავებას დაკისრებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. კასატორი ძირითადად აპელირებს, რომ არ არსებობდა სავარაუდო ზიანის 10 თვიან ვადაზე გამოთვლის საფუძველი. აღნიშნულო არგუმენტსაც უარყოფს საკასაციო პალატა და განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სრულიად დასაბუთებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან N004691 სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ექსპერტიზის დასკვნით დათვლილია ზიანი 233877,2 ლარი, 200 მაინერზე, თუმცა 2021 წლის 9 სექტემბერს ქ.ზუგდიდში, ............ ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმიდან დგინდება, რომ ვ.დ–ის კუთვნილი ეზოდან ამოღებულ რკინის კონტეინერში განთავსებულია იყო მხოლოდ 66 ცალი მაინერი, ორი ცალი V-9 მოდელის, დანარჩენი S-9 მოდელის, პალატას მიაჩნია, რომ ზიანის ოდენობა 200 მაინერის ნაცვლად სწორად დაანგარიშდა 66 მაინერზე და 2017, 2018, 2019 და 2020 წლების საერთო ხარჯვების მიხედვით მართებულად შეადგინა - 77 179, 47 ლარი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანო „ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის“ დასკვნის შესაბამისად). გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის გამოსათვლელად კასატორის მიერ მითითებული სამართლებრივი აქტები არარელევანტურია, ვინაიდან ისინი არ ასახავს კასატორის მიერ მითითებული წესით ზიანის ოდენობის გამოთვლის წესს.
19. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარუმატებელია და მართებულად იქნა უარყოფილი. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
20. ამასთან, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
21. ასევე, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
კ.დ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; კ.დ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს კ.ს–ძეს მიერ 01/11/2024წ. №3907 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3858,97 ლარის 70% - 2701,27 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი