საქმე №ას-1143-2025
19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ა–ო“ (დაზუსტებული შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), ნ.გ–ი; მ.პ–ი; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მქონე თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო „ა–ი“ (A. F.); შპს „ა–ი“; შპს „ა.ე–ი“; შპს „რ–სი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ბ.ს.ე–ი“; შპს „ს.უ–ი“; შპს „კ.ბ.ს.გ–ი“ (მოსარჩელეები, დაზუსტებული შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შუამდგომლობის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ბ.ს.ე–იმ“, შპს „ს. უ–მა“ და შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „მოსარჩელე კომპანიები“) სარჩელი აღძრეს (საქმეში ასევე მოხსენიებული როგორც - „თავდაპირველი სარჩელი“) სასამართლოში შპს „ა–ოს“, ნ.გ–ის, მ.პ–ის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მქონე თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო „ა–ის“ (A. F.), შპს „ა–ის“, შპს „ა–ო–სა“ და შპს „რ–სის“ (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს შეგებებული სარჩელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა/აპელანტების წარმომადგენელმა წარადგინა შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ მოითხოვა საბუღალტრო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა იმ საფუძვლით, რომ დადასტურდეს მოსარჩელის წარდგენილი მტკიცებულებათა (ცნობების) ნამდვილობა, რაც შეაფასა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რამდენადაც არ პასუხობს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნებს, ვინაიდან სასამართლო აღნიშნულ ინსტიტუტს იყენებს მაშინ, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან იგი ითხოვს მოპასუხის საბუღალტრო დოკუმენტაციის გამოთხოვას, რომელიც ინახება მოპასუხის საბუღალტრო პროგრამაში.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, მტკიცებულებების გამოთხოვის/ უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაყენება მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, თუ იგი სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ კონკრეტულ მტკიცებულებას (ცნობას). ამასთან, ყოველ მტკიცებულებას სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხემ მხარემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შუამდგომლობით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები საჭიროა საქმეში მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, ცალმხრივად შედგენილი/ხელმოწერილი ცნობების ანალიზისთვის. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მოთხოვნა, რაც შესრულებულ ან შეუსრულებელ/შესასრულებელ სამუშაოს ეხება, დაფუძნებულია წარმოდგენილ ცალმხრივ ცნობებზე. აღნიშნულ ცნობებზე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვერც შპს „ბ.ს.ე–ი“, ვერც შპს „ბ.ს.გ–ი“ და ვერც - შპს „ს.უ–ი“ ვერ ადასტურებდა მითითებული თანხების ოდენობის ვალდებულების არსებობასა და მის ოდენობას, ხოლო აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილი იყო მხოლოდ თავად მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები/ცნობები, რომელშიც მარტივად იყო მითითებული, თითქოს, დამკვეთის (,,ა–ოს") მიერ კონკრეტული თანხები იყო ასანაზღაურებელი. სწორედ კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარდგენილი შუამდგომლობით უზრუნველყოფილი და მოპოვებული მტკიცებულებებით უნდა დადგენილიყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია და წარმოდგენილი ცნობები ეფუძნება არარსებულ მონაცემებს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მხარეს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
17. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული მოთხოვნით არ მიუმართავს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, ხოლო მეორე მხრივ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შუამდგომლობაში აღწერილი გარემოებები არ ეხმიანებოდა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალიწინებულ მიზანს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საქმის მომზადების სტადიაზე. საქმის მთავარ სხდომაზე არსებითად განხილვის დროს სასამართლო ისედაც ვალდებულია შეამოწმოს და შეაფასოს მტკიცებულებები, თუმცა არ არის გამორიცხული მთავარ სხდომაზეც დაისვას ეს საკითხი, რაც სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (იხ. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენატრები, თბილისი 2007, მუხლი 109)
19. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას წარმოადგენს და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ საგამონაკლისო წესით, საპატიო მიზეზის არსებობისას უშვებს. თავის მხრივ, ფაქტების მითითების ან/და მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3. მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი საპატიო მიზეზის არსებობა მხარეს არ დაუდასტურებია, რამაც სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განაპირობა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც მტკიცებულებების უზრუნველყოფა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე უნდა მოხდეს, ხოლო მოპასუხე მხარემ შუამდგომლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დააყენა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის დაუსაბუთებლად, მას მართლზომიერად ეთქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება მითითებას, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნის მიზანი მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, ცალმხრივად შედგენილი/ხელმოწერილი ცნობების ანალიზია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
22. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად უთხრა უარი მხარეს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა–ოს“, ნ.გ–ის, მ.პ–ის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მქონე თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო „ა–ის“ (A. F.); შპს „ა–ის“; შპს „ა–ო–ის“; შპს „რ–სის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: ბადრი შონია
ლევან ნემსაძე