Facebook Twitter

საქმე №ას-1143-2025

19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბადრი შონია, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ნ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ბ.ს.ე–ი“; შპს „ს.უ–ი“; შპს „კ.ბ.ს.გ–ი“ (მოსარჩელეები, დაზუსტებული შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)

მოპასუხეები – შპს „ა–ო“ (დაზუსტებული შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), ნ.გ–ი; მ.პ–ი; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მქონე თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო „ა–ი“ (A. F.); შპს „ა–ი“; შპს „ა.ო–ი“; შპს „რ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ბ.ს.ე–იმ“, შპს „ს.უ–მა“ და შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „მოსარჩელე კომპანიები“) სარჩელი აღძრეს (საქმეში ასევე მოხსენიებული როგორც - „თავდაპირველი სარჩელი“) სასამართლოში შპს „ა–ოს“, ნ.გ–ის, მ.პ–ის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მქონე თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო „ა–ის“ (A. F.), შპს „ა–ის“, შპს „ა:ო–სა“ და შპს „რ–ის“ (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს შეგებებული სარჩელი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის სასამართლოს სხდომაზე განხილულ იქნა ი.ნ–ის (შემდგომში - „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) 2025 წლის 16 მაისის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ა–ომ“ თავისი მოთხოვნა შპს „ს.უ–ის“ მიმართ 199 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დაუთმო განმცხადებელს. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვდა აღნიშნულ ნაწილში უფლებამონაცვლედ ცნობას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარდგენილია ასლის სახით, რაც სადავოს ხდის ხელშეკრულების ავთენტურობას. ამასთან, განმცხადებელთან მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე სასამართლოს მხრიდან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა შუამდგომლობის ავტორისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ცნობილი იყო, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი განცხადებით. განმცხადებელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მხარი არ დაუჭირა თავის შუამდგომლობას, რაც მის საქმისადმი ინტერესს ეჭვქვეშ აყენებს.

8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა კერძო საჩივარი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მხარეს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმეზე უფლებამონაცვლედ ცნობას მასსა და შპს „ა–ოს“ შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას უკავშირებდა.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა, ესაა მხარეებისა ან/და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა პროცესის მსვლელობისას. როგორც წესი, ეს ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ხდება პირთა შეცვლა ვალდებულებაში, როცა სამართლის ახალი სუბიექტი სრულად ან ნაწილობრივ კისრულობს თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს.

16. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში საქმის აღძვრის შემდეგ, შეიძლება დადგეს უფლებამონაცვლეობის საკითხი და ეს ხდება მაშინ, როდესაც მხარის (წინამორბედის) საპროცესო უფლებები და მოვალეობები გადადის სხვა პირზე, რომელიც მანამდე საქმეში არ მონაწილეობდა და რომელიც ხდება ამ მხარის (წინამორბედის) უფლებამონაცვლე სამოქალაქო საქმეში (იხ., ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2015წ. 167).

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ არ იყო წარდგენილი დედნის სახით. ამასთან, მხარესთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, რაც ეჭვს ბადებდა საქმის მიმართ ინტერესის შესახებ.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ არც წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან განხილვის ეტაპამდე შეუძლებელი იყო მხარესთან კომუნიკაცია. კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლო უწყებები არ ბარდებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო მისმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება განმცხადებლის საქმის მიმართ ინტერესთან დაკავშირებით.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 30 ივლისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის (აღნიშნული მემორანდუმის ხელმომწერები ასევე არიან შპს „ა–ო“ და შპს „ს.უ–ი“) 11.8. პუნქტი ადგენს, რომ თუ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მის საფუძველზე გაფორმებული სხვა დოკუმენტი ერთი და იმავე საკითხს არეგულირებს, უპირატესობა ენიჭება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გაფორმებულ დოკუმენტს. წილთა განაწილების ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია მემორანდუმის საფუძველზე და ისინი ერთობლივად არეგულირებენ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებს. 7.5. პუნქტის თანახმად, მხარეებს არ აქვთ უფლება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი უფლებები და ვალდებულებები გადასცენ მესამე პირს, ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა–ოს“ მოთხოვნის დათმობას შპს „ს.უ–ის“ მიმართ 199 000 აშშ დოლარის თაობაზე, ესაჭიროებოდა შპს „ს.უ–ის“ თანხმობა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართლზომიერად უთხრა უარი მხარეს უფლებამონაცვლედ ცნობაზე.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ი.ნ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: ბადრი შონია

ლევან ნემსაძე