¹ბს-1150-1101(კ-07) 19 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. გ-ის სარჩელის გამო თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 28 მარტს ა. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 მარტის ¹1-4 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა ჯარიმის 1800 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ. 1-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 მარტის ¹1-4 საგადასახადო მოთხოვნა ა. გ-თვის ჯარიმის 1800 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ. 46-49).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 54-55).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 99-104).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 109-111).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 116-117).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, დასაშვებია, რადგან სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაადგინა ა. გ-ის უფლებამონაცვლედ მ. ა-ი, რადგან ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ა. გ-გან მემკვიდრეობა არ მიუღია და ის არ არის პასუხისმგებელი მის საგადასახადო თუ სხვა ვალდებულებებზე, საგადასახადო კოდექსის 62.1 მუხლის შესაბამისად.
გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ მიუთითა რის საფუძველზე, რითაც დაარღვია სსსკ-ის 390.2 მუხლი.
მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რო საგადასახადო ინსპექციამ მოსარჩელეს გაუგზავნა დეკლარაცია, რაც დასტურდება დაზღვეული წერილების გაგზავნის რეესტრით (იხ. ს.ფ.).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 116-117).
კასატორის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.