საქმე №ას-1371-2025
29 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პროკურატურა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს პროკურატურამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ა–ვის მიმართ, დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე არსებული 11 204.17 ლარიდან 1 000 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და ჩამოერთვა მოპასუხეს მის საბანკო ანგარიშზე განთავსებული 11 204.17 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნ.ა–ვს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 510,2 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 6 ნოემბერს.
2025 წლის 11 ნოემბერს კასატორმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მხარე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ.ა–ვს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ასახავს საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის კასატორის სტატუსს ან სახელმწიფო ბაჟის - 510,2 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა 2025 წლის 17 ნოემბერს, ამავე დღეს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რამდენადაც განმცხადებელი სასჯელს იხდიდა მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გათავისუფლების შემდეგ იგი უმუშევარი, ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ.ა–ვს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 510.2 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 25 ნოემბერს, თუმცა განჩინების ჩაბარებამდე კასატორმა 2025 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 27/11/2025 წელს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ნ.ა–ს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ.ა–ვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ.ა–ვს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 510.2 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 02 დეკემბერს და 2025 წლის 04 დეკემბერს ჩაბარდა პირადად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ.ა–ვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ.ა–ვს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 510.2 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 02 დეკემბერს და 2025 წლის 04 დეკემბერს ჩაბარდა პირადად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 05 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 09 დეკემბერს. (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა–ვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ა–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია