14 აპრილი 2025 წელი
საქმე №ა-2823-შ-74-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანო
მოწინააღმდეგე მხარე - ფ.ა–მა (შუამდგომლობის ავტორი)
განმცხადებლის მოთხოვნა - ხარჯების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლომ 21.08.2023 წელს გამოსცა №HC-2016-002798 დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფ.ა–მას სასარგებლოდ რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანოს („რ–ა“) წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის შესახებ ფ.ა–მას შეგებებული სარჩელის საქმეზე, დაცვის არარსებობის გამო (გადაწყვეტილების 53-65 პუნქტები). გადაწყვეტილების 64-ე პუნქტის თანახმად, სასამართლო მზადაა გამოსცეს ამ კუთხით საჭირო განჩინებები; ხარჯები ანაზღაურებული იქნება პროცენტის დამატებით, ინგლისის ბანკის 1%-იანი საბაზო განაკვეთის გათვალისწინებით, რომელიც იმოქმედებს ამ განჩინების გამოცემის მომენტში და წლიური 8%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით შემდგომ პერიოდზე. აღნიშნული ხარჯები ექვემდებარება დეტალურ შემოწმებას. საჭირო იქნება ხარჯების გულდასმით შესწავლა, თუმცა, სასამართლო იღებს შუალედურ განჩინებას ხარჯების ანაზღაურებაზე, ბატონი ა–ას ჰაკერული თავდასხმის შესახებ შეგებებული სარჩელის ხარჯების 75%-ის მოცულობით, რომელიც სავალდებულოდ დასაფარია განჩინების გამოცემიდან 28 დღის განმავლობაში.
2. ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლოს 2023 წლის 03 ოქტომბრის №HC-2016-002798 ბრძანებით:
2.1. მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბატონი ა–ას სასარგებლოდ და „რ–ას“ წინააღმდეგ ჰაკერული შეგებებული სარჩელის ნაწილში (პუნქტი 8);
2.2. „რ–ა“ გადაუხდის ბატონ ა–ას ჰაკერული შეგებებული სარჩელის ხარჯებს, რომელიც მან გასწია იმ დღემდე, როდესაც ჰაკერული შეგებებული სარჩელი გამოიცა (ეს არ გამორიცხავს ბატონი ა–ას უფლებას, აინაზღაუროს ჰაკერული შეგებებული სარჩელის ხარჯები დამატებითი მოპასუხეების წინააღმდეგ ორმაგი ამონაგების საწინააღმდეგო პრინციპების შესაბამისად). ეს ხარჯები ანაზღაურდება ზარალის ანაზღაურების პრინციპით, რომელიც დაუყოვნებლივ ექვემდებარება დეტალურ შეფასებას, თუ რაიმე შეთანხმება არ მოქმედებს (პუნქტი 9);
2.3. ბატონი ა–ასთვის CPR 47.7-ის შესაბამისად დეტალური შეფასების პროცესის დაწყების დრო გაგრძელდება ექვს თვემდე (პუნქტი 10);
2.4. „რ–ა“ იხდის პროცენტს მე-7 (i) პუნქტის შესაბამისად, გადასახდელ თანხებზე იმ დღიდან, როდესაც ისინი გადაიხადა ბატონმა ა–ამ ან გადახდილია მისი სახელით ამ ბრძანების თარიღამდე, წელიწადში ინგლისის ბანკის საბაზისო განაკვეთზე 1%-იანი ნამატი განაკვეთით, დროდადრო და (ii) ამ ბრძანების თარიღიდან დაფარვის თარიღამდე წლიური 8%-იანი განაკვეთით (პუნქტი 11);
2.5. „რ–ა“ განახორციელებს შუალედურ გადახდას £8 442 744.20 ოდენობით, რაც წარმოადგენს ბატონი ა–ას ხარჯების 75%-ს ჰაკერული შეგებებული სარჩელის შესახებ, ამ განჩინების გამოცემის თარიღიდან 28 დღის განმავლობაში (პუნქტი 12);
2.6. ნებისმიერი პრეტენზია ზიანის ანაზღაურების ან შემდგომი ხარჯების შესახებ (მათ შორის, ბატონი ა–ას მიერ „რ–ასთვის“ გადახდილი თანხების დაფარვა ზარალის ანაზღაურების, ხარჯებისა და პირველი სასამართლო განჩინების 1(ბ) და 3-7 პუნქტების შესაბამისად დანახარჯების პროცენტებში) დასადასტურებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ჰაკერული შეგებებული სარჩელის სასამართლო სხდომაზე, დაწყებული 2024 წლის 6 მაისიდან, 10 კვირის განმავლობაში და 5-დღიან ფანჯარაში (პუნქტი 13);
2.7. „რ–ა“ გადაიხდის ჰაკერული შეგებებული სარჩელისთვის გაწეულ ხარჯებს, ზარალის ანაზღაურების პრინციპის საფუძველზე, რომელიც შეადგენს £16495.50-ს, ამ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში (პუნქტი 14).
3. ფ.ა–მამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების სამეწარმეო და ქონებრივი საკითხების მაღალი სასამართლოს მიერ 03.10.2023 წელს მიღებული №HC-2016-002798 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, რომლითაც შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ „რ–ას“ დაეკისრა 8 442 744.20 ფუნტი სტერლინგი, 16 495.50 ფუნტი სტერლინგი და აღნიშნული თანხების პროცენტის გადახდა წლიური 8%-ის ოდენობით 03.10.2023 წლიდან ბრძანების აღსრულებამდე.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, ირკვევა, რომ ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების სამეწარმეო და ქონებრივი საკითხების მაღალი სასამართლოს მიერ 03.10.2023 წელს მიღებული №HC-2016-002798 ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში და არ არის აღსრულებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინებით ფ.ა–მას შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების სამეწარმეო და ქონებრივი საკითხების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 03 ოქტომბრის №HC-2016-002798 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
6. 2025 წლის 14 აპრილს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ - რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანომ და იშუამდგომლა ხარჯების უზრუნველყოფა 384 100 აშშ დოლარის ოდენობით. განმცხადებლის მტკიცებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლზე დაყრდნობით, ვლინდება ხარჯების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, რათა გარკვეულწილად დაცული იქნას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. ცნობა-აღსრულების პროცესების სირთულის გამო, რომელიც გარდაუვლად მოიცავს უცხოურ და საერთაშორისო სამართლის საკითხებს, დიდი მნიშვნელობის მატარებელია წარმომადგენლობის ხარჯებიც. კერძოდ, სათანადო წარმომადგენლობისათვის საჭიროა: იურიდიული ოფისის ჩართულობა საქართველოში; იურისტებისა და ექსპერტების ჩართვა ინგლისური სამართლის საკითხებზე კონსულტაციისთვის; იურისტებისა და ექსპერტების ჩართვა არაბთა გაერთიანებული საამიროების სამართლის საკითხებზე კონსულტაციისთვის. ამასთან, განმცხადებელი ვარაუდობს, რომ დამატებითი ხარჯების გაღება კვლავ მოუწევს იმ საპასუხო პოზიციების მოსამზადებლად რასაც შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის საპასუხო განცხადების, წინამდებარე შუამდგომლობისა და 2025 წლის 11 აპრილს წარმოდგენილი მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობის წინააღმდეგ. ხარჯების გაღება განმცხადებელს დასჭირდება აღნიშნული შუამდგომლობების განსახილველად გამართული ზეპირი მოსმენებისთვის მოსამზადებლად და მათზე დასასწრებადაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო განმცხადებლის მოთხოვნას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.
10. წარმოდგენილი განცხადებით მოწინააღმდეგე მხარე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლზე დაყრდნობით, მოითხოვს ხარჯების უზრუნველყოფას 384 100 აშშ დოლარის ოდენობით. განმცხადებლის ძირითადი არგუმენტი ეფუძნება იმას, რომ ხარჯების უზრუნველყოფა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან მას გარკვეულწილად დაიცავს.
11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, თუ მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია და საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს, მას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილებით შეიძლება დაეკისროს დადგენილ ვადაში სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა. გარანტია საჭირო არ არის, თუ: ა) ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა მოსარჩელე, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გარანტიებს არ ითხოვს; ბ) მოპასუხეს არ შეუძლია დაასაბუთოს მოთხოვნა გარანტიის მიცემის თაობაზე. გარანტიის მოთხოვნის თაობაზე მოპასუხეს შუამდგომლობა შეაქვს საქმის ზეპირი განხილვისას, რომელზეც მას განემარტა ასეთი შუამდგომლობის უფლების შესახებ. გადაწყვეტილება გარანტიის მიცემის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს განჩინებით. შუამდგომლობის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმე განიხილება მხოლოდ გარანტიების ჩაბარების შემდეგ.
12. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა განმცხადებელი მოითხოვს იმ ხარჯების უზრუნველყოფას რომელიც მან წინამდებარე საქმის განხილვასთან დაკავშირებით უნდა გაიღოს. უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე განმცხადებლის მტკიცებით, იქმნება რისკი, რომ ბრძანების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
13. ხარჯების უზრუნველყოფის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, გამოყენებული არგუმენტებისა და მოთხოვნილი ღონისძიების სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფილად შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლიდან გამომდინარე ხარჯების უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 58-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ მისი გამოყენება დაშვებულია, მხოლოდ სასარჩელო წარმოების ფარგლებში, როდესაც პროცესში მონაწილეობს უცხოელი მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რეზიდენტი.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მხარე არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს ან რეზიდენტ პირს, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე კი, ხარჯების უზრუნველყოფა ხდება საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტი პირის სასარგებლოდ, როდესაც მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია და საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული მუხლის მიზნობრივი ინტერპრეტაცია ცხადყოფს, რომ მას გააჩნია დაცვითი ხასიათი მოპასუხის ინტერესების მიმართ, კერძოდ, ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მოთხოვნის მექანიზმი გათვალისწინებულია იმ შემთხვევისთვის, როდესაც, მოპასუხე წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ ან საქართველოს იურისდიქციაში მოქმედ სუბიექტს, ხოლო მოსარჩელე არის უცხო ქვეყნის სუბიექტი და, არსებობს რისკი იმისა, რომ წარუმატებელი დავის შემთხვევაში, იგი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას.
17. წინამდებარე საქმეში, განცმხადებელი (რ–ა) მოითხოვს, შუამდგომლობის ავტორისაგან, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხარჯების უზრუნველყოფას. თუმცა, ვინაიდან საქმე არ არის წარმოშობილი სარჩელის საფუძველზე, არამედ - ეხება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების (კონკრეტულ შემთხვევაში, ბრძანების) ცნობისა და აღსრულების საკითხს, რაც არსებითად განსხვავდება სარჩელით ინიცირებული დავისგან, აღნიშნული არ ქმნის კლასიკურ პროცესუალურ ურთიერთობას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. ამასთან, საქმეში არცერთი მხარე არ არის საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ან საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი, რაც გამორიცხავს საქართველოს სამართლებრივ სივრცესთან იმგვარ კავშირს, რომელიც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის გამოყენების რეალურ საფუძველს შექმნიდა.
18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ ვლინდება ხარჯების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განმცხადებლის (მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე, 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანოს განცხადება ხარჯების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი