10 ივლისი, 2023 წელი
№ას-322-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ.ჭ–ა
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გ.ჭ–ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2021 წლის 29 ივნისს გამოცემული ბრძანება 5 21 01643283 გ.ჭ–ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; გ.ჭ–ა აღდგენილი იქნეს მძღოლის თანამდებობაზე; მოპასუხე საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს გ.ჭ–ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით, მოსარჩლის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 5 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს გ.ჭ–ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით.
2. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე გ.ჭ–ა 2009 წლიდან დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში მძღოლის პოზიციაზე, 2021 წლის 10 ივნისიდან დანიშნული იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოში მძღოლის პოზიციაზე. მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობები სრულდებოდა მაღალ დონეზე, კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად, რასაც ადასტურებს სამსახურის მიერ გამოყენებული არაერთი წახალისების ფორმა, და ის ფაქტი, რომ მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ფორმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 ივნისის ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე მოსარჩელეს შეუწყდა მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2021 წლის 5 ივლისს, რომლის თანახმად, აღნიშნული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო შ.ს.ს. გენერალური ინსპექციის 1592159 (21.06.2021) და 1666413 (28.06.2021) დასკვნები. 2021 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ ფოსტის საშუალებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციას და მოითხოვა საქმის მასალებისა და მისი პირადი საქმის გადაგზავნა, მოპასუხისგან კი გადაეგზავნა მხოლოდ მისი პირადი საქმე, დისციპლინური წარმოების მასალები კი არ გადასცემია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან მოხდა მისი უკანონოდ გათავისუფლება.
3. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მუშაობდა შ.ს.ს. ს.ს.დ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოში, მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა. შ.ს. სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 30 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში შემოწმებულ იქნა შ.ს.ს. ს.ს.დ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რის შედეგადაც გამოვლენილ დარღვევებზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. გენერალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივნისის დასკვნით დადგინდა, რომ საგზურის ფურცლებში, სამსახურებრივი სატვირთო ავტომანქანის ადგილზე მუშაობის საათები გაზრდილი აქვს მოსარჩელეს, რომელმაც სამსახურებრივი შემოწმებისას თავად განმარტა, რომ ავტომანქანას ადგილზე ამუშავებდა 30-35 წუთის განმავლობაში, თუმცა საგზურში რიცხვების დამრგვალების მიზნით უთითებდა მეტ დროს. ამასთან, საგზურის ფურცლის პირველი გვერდი ითვალისწინებს იმ მძღოლის პირადი მონაცემების შევსებას, რომელსაც ჩაბარდა სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანა შემდგომი მართვის მიზნით, რასაც აღნიშნული მძღოლი ადასტურებს ხელმოწერით. ზოგ შემთხვევაში საგზურები შედგენილია აღნიშნული წესის დარღვევით, კერძოდ ავტომანქანის ჩაბარებას ადასტურებს ერთი მომსახურე, ხოლო გვერდს, სადაც შესაბამისი თარიღების და დროის მითითებით შეტანილია მონაცემები ავტომანქანის გადაადგილების შესახებ, ხელმოწერით ადასტურებს სხვა მოსამსახურე. მოსარჩელის ზემოაღნიშნული დისციპლინური გადაცდომები დამსაქმებლის მხრიდან შეფასდა უხეშ დისციპლინურ დარღვევად, რის საფუძველზეც მოსარჩელეს შეეფარდა შ.ს. სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას აბრკოლებს ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადაც. როგორც მოსარჩელე უთითებს, მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა 2021 წლის 05 ივლისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2021 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ. თავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, რომლითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და რომელიც ჩაბარდა 2021 წლის 05 ივლისს, პირდაპირ იყო მითითებული გასაჩივრების ვადა (ერთი თვე) და წესი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ჭ–ამ (მოსარჩელე), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ცნობილი უნდა იქნეს დასაშვებად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, რის გამოც გ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი ცნობილი უნდა იქნეს დასაშვებად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 401-ე, 408.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნეს დასაშვებად და მიღებული იქნეს განსახილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი