28 მაისი 2024 წელი №ას-1613-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ი
II კასატორი - თ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.მ–მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის №1-15/კ ბრძანების ბათილად ცნობის, თ.მ–ის მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენისა და 2020 წლის 06 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის _ ყოველთვიური ხელფასის 553.7 ლარის _ ანაზღაურების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მუშაობს 2008 წლიდან. 2008-2017 წლებში იკავებდა სკოლის დირექტორის თანამდებობას, 2009 წლიდან კი, პედაგოგის პოზიციასაც. შრომითი ხელშეკრულებით მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 553.70 ლარს.
2.2. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის №-1-15/კ ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება გამოცემულია ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და დასაბუთების გარეშე.
2.3. 2020 წლის 04 მაისს მოსარჩელემ გაასაჩივრა მიღებული ბრძანება ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. 2020 წლის 04 ივნისს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა სამეურვეო საბჭოს და საჩივრის განხილვის თაობაზე კვლავ მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან გასული იყო საჩივრის განხილვის ერთთვიანი ვადა.
2.4. მოსარჩელის შეფასებით, 2020 წლის 06 აპრილის №-1-15/კ ბრძანება ეფუძნება არალეგიტიმური ორგანოს - დისციპლინური კომიტეტის - დასკვნას, რომლის შექმნაც შეთანხმებული არ ყოფილა სამეურვეო საბჭოსთან. შესაბამისად, კანონის დარღვევით მოწვეული დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება ვერ იქნება მართლზომიერი. ასევე, მოსარჩელის განმარტებით, დისციპლინურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო საკითხის არასრულყოფილად შესწავლის საფუძველზე, კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულია მოსარჩელისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის გარეშე.
2.5. მოსარჩელემ უარყო როგორც მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება, ისე საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ბრალდება. გარდა აღნიშნულისა, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა შრომის ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. განსახილველ შემთხვევაში, თ.მ–ს დისციპლინური სახდელი შეეფარდა 2018 წლის 10 დეკემბრის №-2-94/ს ბრძანების საფუძველზე, ხოლო ახალი დისციპლინური სახდელი შეფარდებულია 2020 წლის 06 აპრილს, ერთი წლის და 4 თვის შემდეგ, რის გამოც ამ ნორმის კონკრეტულ ურთიერთობაზე გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება გამოცემულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი დეტალურად არის აღწერილი დისციპლინური კომიტეტის ოქმებში. გასაჩივრებული ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2020 წლის 31 მარტის №4 სხდომის ოქმი. კომიტეტმა დეტალურად შეისწავლა ყველა ფაქტობრივი გარემოება, გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის, თ.მ–ი და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე და დაეწერა ახსნა- განმარტება, რაზეც უარი განაცხადა, რის გამოც, კომიტეტმა განაგრძო საქმის განხილვა და მოპოვებული საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება.
3.2. მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება დისციპლინური კომიტეტის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ დისციპლინურ კომიტეტს აკომპლექტებს სამეურვეო საბჭო, რის შესახებაც არებობს შესაბამისი ოქმი.
3.3. თ.მ–მა 2020 წლის 04 მაისს საჩივრით მიმართა სამეურვეო საბჭოს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ,,კოვიდ 19“-ის პერიოდს, საჩივრის განხილვის ერთთვიანი ვადა გაგრძელდა კიდევ ერთი თვით, შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს აღნიშნული საჩივრის განსახილველად ვადა ჰქონდა 05 ივლისამდე. ამასთან, პანდემიის პერიოდში მოქმედი შეზღუდვის დროს, კოლეგიური ორგანოები, მათ შორის, მოპასუხე სკოლის სამეურვეო საბჭო, საქართველოს მთავრობის 2020 წლის №181 დადგენილების შესაბამისად, მუშაობდა დისტანციურად, ხოლო სხდომის ოქმი მატერიალური სახით მზადდებოდა სკოლაში მოგვიანებით, სამეურვეო საბჭოს მდივნის მიერ.
3.4. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი თ.მ–ის გათავისუფლებისას დაეყრდნო დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დირექტორისგან დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, შესაბამისად, დირექტორი ერთპიროვნულად არ წყვეტს ამა თუ იმ პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია:
4. გორის რაიონული სასამართლოს 19.10.2021 წლის საოქმო განჩინებით მესამე პირად საქმეში ჩართული ნ.მ–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგის პოზიციას იკავებს კანონიერად, მონაწილეობა მიიღო გამოცხადებულ კონკურსში და სწორედ კონკურსის საფუძველზე შეირჩა უვადოდ; ამასთან, არის სერტიფიცირებული პედაგოგი, აკმაყოფილებს პედაგოგის პოზიციისათვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. თ.მ–ის სამსახურში აღდგენა გამოიწვევს მის სამსახურიდან გათავისუფლებას, რაზედაც თანახმა არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
5.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის №-1-15/კ ბრძანება თ.მ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
5.2. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას თ.მ–ის სასარგებლოდ მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 10 000 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით.
5.3. სასარჩელო მოთხოვნა გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. დასაქმებულის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო დამსაქმებელი მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. თ.მ–ი 2008 წლიდან 2020 წლის 06 აპრილამდე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სხვადასხვა პოზიციაზე, 2008-2017 წლებში სკოლის დირექტორად, 2009 წლიდან გათავისუფლებამდე - მათემატიკის პედაგოგად. მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 553.70 ლარს.
8.2. 2020 წლის 28 თებერვალს ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა პედაგოგ თ.მ–ის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, რის გამოც, საკითხი, მოკვლევის მიზნით, 10 მარტს დისციპლინურ კომიტეტს გადაეცა. განსახილველი საკითხი შეეხებოდა თ.მ–ის მხრიდან მოსწავლე გ.მ–ზე განხორციელებულ სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მიმდინარე წლის 28 თებერვალს მერვე კლასში საგაკვეთილო პროცესის მიტოვება/ჩაშლის ფაქტებს. აღნიშნულ საკითხზე განხორციელებული მოკვლევის ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა გ.მ–ს, სკოლის დირექტორ ლ.შ–ს, პედაგოგ ლ.ს–ძეს, პედაგოგ მ.კ–ს, პედაგოგ მ.ბ–ს და პედაგოგ მ.გ–ძეს, დისციპლინური კომიტეტის წინაშე გამოიკითხა თ.მ–ი. დისციპლინურმა კომიტეტმა მის ხელთ არსებული ფაქტებისა და მტკიცებულებების მოკვლევის შედეგად დადგენილად მიიჩნია თ.მ–ის მხრიდან გ.მ–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მიმდინარე წლის 28 თებერვალს მერვე კლასში საგაკვეთილო პროცესის მიტოვება/ჩაშლის ფაქტები და დირექტორს მიმართა რეკომენდაციით მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
8.3. 2020 წლის 06 აპრილის ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორმა გამოსცა №1-15/კ ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით პედაგოგ თ.მ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
8.4. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული №1-15/კ ბრძანება თ.მ–მა 2020 წლის 04 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში.
8.5. 2020 წლის 04 ივნისს ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ თ.მ–ის საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა გააგრძელა ერთი თვით, 2020 წლის 05 ივლისამდე.
8.6. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა 2020 წლის 03 ივლისს ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის 06 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით თ.მ–ის მიერ წარდგენილი №445059 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8.7. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე 2020 წლის 10 სექტემბრის №11 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2021 წლის 10 მარტის №01 ხელშეკრულების საფუძველზე უვადოდ, დასაქმებულია კონკურსის წესით შერჩეული ნ.მ–ი.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:
9.1. თ.მ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება სკოლის შინაგანაწესის უხეშად დარღვევას, რაც გულისხმობდა პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ასევე, პედაგოგის მხრიდან საგაკვეთილო პროცესის თვითნებურად მიტოვებას. ამავე ბრძანების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელმა გაითვალისწინა, რომ ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ თ.მ–ს 2018 წლის 10 დეკემბრის №-2-94/ს ბრძანებით შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი.
9.2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სკოლა, თავის საქმიანობაში, მოქმედ კანონმდებლობასთან ერთად, ხელმძღვანელობს სკოლის შინაგანაწესითაც, რომელიც დამტკიცებულია ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 11 სექტემბრის №12 სხდომის ოქმით. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
9.3. დასახელებული შინაგანაწესის მე-13 მუხლში გაწერილია დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის და პასუხისმგებლობის სახეები. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სასტიკი საყვედური; ე) არაუმეტეს ათ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება. მოხმობილი მე-13 მუხლი დეტალურად შეიცავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობისასაც მიზანშეწონილია თითოეული სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გაფრთხილებისათვის) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ დასაქმებული მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატიურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; ბ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნისას; გ) მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევისას; დ) დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვისას; ე) საგაკვეთილო პროცესის შეგნებლად მიტოვების ან ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობისას; ვ) დასაქმებულის ან მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ-ეთნიკური ნორმების დარღვევისას... (7) დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნეს: ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით (საყვედურისათვის) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებულის დისციპლინური გადაცდომის სისტემატიურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; ბ) ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს; გ) მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლისას; დ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისას; ე) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევისას, გარდა მოსწავლის მშობლისათვის/ კანონიერი წარმომადგენლისათვის მოსწავლი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა; ვ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისას...დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო ან/და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან ან/და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: ა) მოსწავლის/დირექციის წევრის/დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის; ბ) სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთირების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მის ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანის, რალიზაციის, სკოლის ტერიტორიაზე მოხმარების ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის, მოსწავლის ან/და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირების ინტერესებს ანდა წინამდებარე შინაგანაწესის უხეში დარღვევის შემთხვევაში.
9.4. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2020 წლის 31 მარტის №4 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2020 წლის 10 მარტს სკოლის დირექტორმა ლ.შ–მა №288020 წერილით მიმართა დისციპლინურ კომიტეტს და მოითხოვა თ.მ–ის მიერ გ.მ–ზე განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და 2020 წლის 28 თებერვალს მერვე კლასში საგაკვეთილო პროცესის მიტოვება/ჩაშლის ფაქტზე თ.მ–ის მხრიდან ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის კვლევა. კომიტეტის თავმჯდომარემ მ.ბ–მა აღნიშნა, რომ მოსწავლე გ.მ–ს ჩამოერთვა ასხნა-განმარტება, სადაც დაწვრილებით აღწერს, რომ თ.მ–მა შანტაჟით მოაპარინა მ.მ–ის საფულე. დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს კიდევ ერთხელ გააცნო დისციპლინური კომიტეტის კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მ.ბ–მა ყურადღება გაამახვილა დირექტორ ლ.შ–ის ახსნა-განამრტებაზე, კერძოდ, ლ.მ–მა როგორ გააცნო მომხდარი ფაქტის შესახებ, ლ.ს–ძის ახსნა-განმარტებაზე, თუ როგორ გამოიყვანა ინგლისურის გაკვეთილის მსვლელობისას თ.მ–მა გ.მ–ი, ასევე სამასწავლებლოში როგორ სთხოვდა პასუხს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც შეესწრო სამი პედაგოგი -მ.კ–ი, მ.ბ–ი მ.გ–ძე.
9.5. ლ.ს–ძის ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებულია შემდეგი: „მიმდინარე წლის 28 თებერვალს მეათე კლასში, მეორე გაკვეთილი ახალი დაწყებული იყო, როდესაც კარზე კაკუნის შემდეგ, ბატონმა თ.მ–მა გააღო კარი და ბოდიშის მოხდით მოითხოვა გ.მ–ის რამდენიმე წუთით დათხოვა. მსგავსი თხოვნით თ.მ–ის არასდროს მიუმართავს, ამიტომ ნება დართო მოსწავლეს დაეტოვებინა კლასი. მოსწავლე კლასში დაბრუნდა 5-7 წუთში.“
9.6. მ.გ–ძის ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებულია: „28 თებერვალს სამასწავლებლოში შემოვიდა თ.მ–ი მე-10 კლასის მოსწავლე გ.მ–თან ერთად და სთხოვა ბავშვს, ეთქვა, რაში იყო საქმე. გ.მ–მა თქვა: თქვენ მითხარით, რომ მ. მასწავლებლის ჩანთიდან ამეღო საფულე და დამედო ტუალეტში, რაზეც ბატონი თ. გაღიზიანდა და ბავშვს ეუბნებოდა, აეხსნა მიზეზი, რატომ უნდა დაევალებინა მსგავსი საქმე, ბავშვმა უთხრა: თქვენ დამემუქრეთ, რომ სიგარეტის ამბავს ეტყოდით ჩემს მშობლებს, თუ საფულეს არ ამოვიღებდიო. ამის შემდეგ ბატონი თ. ძალიან განერვიულდა, თუმცა ბავშვისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.“ [ახსნა-განმარტებით ბარათში აღწერილი გარემოება მ.გ–ძემ გაიმეორა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. 25.11.2021წ. სხდომის ოქმი)].
9.7. მ.ბ–ის ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებულია შემდეგი: „28 თებერვალს სამასწავლებლოში შემოვიდა თ.მ–ი მე-10 კლასის მოსწავლე გ.მ–თან ერთად და სთხოვა ბავშვს ეთქვა რაში იყო საქმე. გ.მ–მა თქვა: თქვენ მითხარით, რომ მ. მასწავლებლის ჩანთიდან ამომეღო საფულე და დამედო ტუალეტში, რაზეც ბატონი თ. გაღიზიანდა და ბავშვს ეუბნებოდა აეხსნა მიზეზი, რატომ უნდა დაევალებინა მსგავსი საქმე, ბავშვმა უთხრა: თქვენ დამემუქრეთ, რომ სიგარეტის ამბავს ეტყოდით ჩემს მშობლებს, თუ საფულეს არ ამოვიღებდიო. ამის შემდეგ ბატონი თ. ძალიან განერვიულდა, დაიწყო ყვირილი, ამ დროს სამასწავლებლოში შემოვიდა სკოლის დირექტორი და ბავშვი დააბრუნა გაკვეთილზე. თ.მ–მა დარეკა პოლიციაში, ცოტა ხანში მოვიდა პოლიცია“. [ახსნა-განმარტებით ბარათში აღწერილი გარემოება მ.ბ–მა გაიმეორა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. 25.11.2021წ. სხდომის ოქმი)].
9.8. მ.კ–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (დაკითხულია 25.11.2021წ.) განმარტა: „28 თებერვალს, მეორე გაკვთილზე, გაკვეთილი დაახლოებით 10-15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სამასწავლებლოში გ.მ–თან ერთად შემოვიდა თ.მ–ი, ძალიან განერვიულებული იყო, გ. ეკითხებოდა აბა თქვი, რა როგორ მოხდაო, გ–აც უპასუხა დიახ, თქვენ მომაპარინეთ საფულე, სიგარეტის მოწევას მიშლიდით და თუ არ მოვიპარავდი, მშობლებს ეტყოდითო. თ.მ–ი განერვიულებული კი იყო, მაგრამ ბავშვისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თ.მ–მა პოლიციაში თავად დარეკა, რაღაცას მაბრალებენო“.
9.9. მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - თ.მ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ჟ“ პუნქტების დარღვევას, ამასთან, თ.მ–ს არაერთხელ ჰქონდა მიცემული სიტყვიერი გაფრთხილება, ასევე საყვედური კოლეგების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.
9.10. სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საქმის განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში სადავო ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების ახსნა-განმარტება და დადასტურებულად არ მიიჩნია თ.მ–ის მხრიდან მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება, რის გამოც, აღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება დააკვალიფიცირა არამართლზომიერად.
9.11. პალატამ შენიშნა, დისციპლინურ კომიტეტს გარდა პედაგოგთა და მოსწავლის ახსნა-განმარტების მოსმენისა, არ უცდია სხვა მხრივ გამოეკვლია სავარაუდო გადაცდომის ფაქტი და უტყუარად დადასტურებულად ცნო მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის იძულება დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით, რაც კომიტეტის ერთგვარ მიკერძოებულობასა და წინასწარ სუბიექტურ განწყობაზე მეტყველებდა კონკრეტული მასწავლებლის მიმართ. მართალია, მოსწავლის ბრალდება გარკვეულ მყარ მტკიცებულებად შესაძლოა იქნეს განხილული, როდესაც საუბარია ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, თუმცა მხოლოდ განმარტება, შესაბამისი გარემოებების დამატებითი გამოკვლევის გარეშე და პირის უპირობო დადანაშაულება, ვერ მიიჩნევა საკითხის ობიექტურ შეფასებად, რაც გაამართლებდა მასწავლებლის მიმართ უკიდურესი დისციპლინური ღონისძიების - სამსახურიდან გათავისუფლების - გამოყენებას. თავად სკოლაში მოქმედი შინაგანაწესის მე-13 მუხლის შესაბამისად, მოსწავლის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებისას დისციპლინური ღონისძიების სახით შესაძლოა გამოყენებულიყო სასტიკი საყვედური. აღნიშნულის ნაცვლად, იმ პირობებში, როდესაც სადავო იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის ნამდვილობა, აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით პირის სამსახურიდან გათავისუფლება გაუმართლებლად მძიმე სახდელს წარმოადგენდა, მაშინ როდესაც არსებობდა ნაკლებ მზღუდავი დისციპლინური სახდელის ამოქმედების შესაძლებლობაც.
9.12. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, მათ შორის, გ.მ–იც (დაკითხულია 11.01.2022წ.) უთითებენ თ.მ–ის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტის არსებობაზე, დასახელებულ მოწმეთა ჩვენება სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია არსებული ფაქტის დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად, რადგანაც მოწმეთა ჩვენებები ბუნდოვნად და ურთიერთგამომრიცხავად ჩათვალა. ამასთან, მიუთითა, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირები არ იყვნენ კომიტეტის დასკვნაში მითითებული სადავო გარემოების უშუალო მომსწრეები და მათ მომხდარ ფაქტთან მიმართებით ინფორმაცია მიღებული ჰქონდათ მესამე პირისგან.
9.13. პალატამ მიუთითა, რომ მოწმის სახით დაკითხული პირები, რომლებიც მხოლოდ მოსწავლის განმარტების შესაბამისად მიუთითებენ თ.მ–ის მხრიდან სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას და თითქოს მოსწავლის იძულებას, მოეპარა ერთ-ერთი მასწავლებლისათვის საფულე, დასაქმებულნი არიან ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში და, შესაბამისად, სამსახურეობრივად დაკავშირებულნი არიან მოპასუხე ორგანიზაციასთან, რაც ნაკლებ დამაჯერებლობას სძენს მათ ჩვენებას მოსარჩელის მიმართ არსებულ ბრალდებებთან მიმართებით.
9.14. სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლებისათვის ვარგის საფუძვლად არ მიიჩნია საგაკვეთილო პროცესის მიტოვება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ.მ–ისათვის იმ დროს ცნობილი გახდა მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება, რამაც, ლოგიკურია, გამოიწვია მისი გარკვეული აღელვება და დაუყოვნებლივ საკითხის გარკვევის ინტერესი, რასაც მოწმობს დამატებით ის გარემოებაც, რომ სწორედ მის მიერ მოხდა პოლიციასთან დაკავშირება საკითხის გარკვევის მიზნით. თავად საგაკვეთილო პროცესის მიტოვება, მართალია, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, თუმცა აღნიშნული ვერ მიიჩნევა სამსახურიდან გათავისუფლებისათვის საკმარის საფუძვლად, ვერც დამოუკიდებლად და ვერც „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ განხორციელების ბრალდების პარალელურად, რამეთუ არ დგინდება, რომ საგაკვეთილო პროცესის მიტოვებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. გაკვეთილის მიტოვებას არ გამოუწვევია საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა, ვინაიდან მასწავლებელმა რამდენიმე წუთი დატოვა კლასი და მოსწავლეებს დაუტოვა შესაბამისი დავალება შესასრულებლად. ამასთან, დადგენილია, რომ ბავშვებთან იმყოფებოდა ნ.მ–ი.
9.15. იმ ქმედებების სიმძიმის, განმაპირობებელი გარემოებების, ასევე, შედეგების გათვალისწინებით, რაც გახდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მიიჩნია არათანაზომიერ სანქციად.
9.16. პალატამ შენიშნა ისიც, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად, გარდა სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა მითითებულია „თ“ ქვეპუნქტიც, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
9.17. მოსარჩელის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას დამსაქმებელმა მხედველობაში მიიღო თ.მ–ისთვის 1 წლითა და 4 თვით ადრე, 2018 წლის 10 დეკემბერს შეფარდებული სახდელი, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნებისათვის დაუშვებელი იყო.
9.18. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტზე მითითებით, პალატამ შენიშნა, რომ დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. საქმეზე დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლაში თ.მ–ის მიერ დაკავებულ მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე უვადოდ დასაქმებულია კონკურსის წესით შერჩეული ნ.მ–ი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობას სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებებში აღდგენის საშუალებას წარმოადგენდა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება. პალატამ განმარტა, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი არის დროის იმ მონაკვეთის (მინიმალურად) დაფარვა, რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაცია - 10 000 ლარი - ადეკვატურად უზრუნველყოფდა უკანონოდ გათავისუფლებით მოსარჩელის შელახული უფლებების კომპენსირებას.
9.19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით, ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი შრომის კოდექსი იძულებითი განაცდურის მიკუთვნებას დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგად განიხილავდა. შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების გამოყენება წინამდებარე დავის მიმართ პალატამ დაუშვებლად მიიჩნია, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყვეტილია 2020 წლის 06 აპრილიდან, კომპენსაციასთან ერთად განაცდურის მიკუთვნების შესაძლებლობა კი, წარმოშობილია შრომის კოდექსში 2020 წლის სექტემბერში შეტანილი ცვლილებებით.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც დასაქმებულმა, ისე დამსაქმებელმა. მოსარჩელე ითხოვს საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო მოპასუხის საკასაციო მოთხოვნაა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა.
11. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:
11.1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო განთავისუფლების განმაპირობებელი ყველა გარემოება, არ გაითვალისწინა საჯარო სკოლის სპეციფიკა, მოსარჩელის ქმედებების სიმძიმე, არასრულწლოვნებზე მათი ზეგავლენის ხარისხი. არასრულწლოვნებთან დაკავშირებული ორი გადაცდომის გონივრულად განსჯის პირობებში ძნელად წარმოსადგენია, უფრო ნაკლებად მკაცრ სახდელს ჰქონოდა შემაკავებელი ეფექტი.
11.2. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების მოკვლევისას სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, პირველი ინსტანციაში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეკითხვების ეტაპზე მხარეთა მიერ გაჟღერებული კითხვა-პასუხები და ა.შ.. სასამართლოს დასკვნა მოწმეთა ჩვენების ბუნდოვანებისა და ურთიერთგამომრიცხაობის, აგრეთვე, მოპასუხესთან სუბორდინაციულ კავშირში ყოფნის გამო, არასარწმუნოობის შესახებ, გასაზიარებელი არ არის, ვინაიდან მოწმის სანდოობის კანონისმიერი გარანტია - ცრუ ჩვენების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა - სინამდვილესთან შეუსაბამო ჩვენების მიცემის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დეტალურად აღწერეს საქმის ირგვლივ რეალურად შექმნილი ვითარება. სასამართლოს არ განუმარტავს მოწმეთა ჩვენებები კონკრეტულად რა ნაწილში იყო ბუნდოვანი ან რასთან ურთიერთსაწინააღმდეგო. სკოლაში დასაქმებული პირების გარდა, გამოიკითხნენ გ.მ–ის მშობლები, სკოლის ყოფილი მოსწავლეები, რომელთაც არანაირი ინტერესი არ გააჩნდათ საქმის მიმართ, თუმცა მათი ჩვენები ემთხვევა სკოლაში დასაქმებული პირების ჩვენებებს, შესაბამისად სასამართლოს მოსაზრება მოწმეთა ჩვენების არასარწმუნოობაზე, დაუსაბუთებელია.
11.3. დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ვაუჩერულ დაფინანსებაზე მყოფი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სკოლისათვის არაგონივურულად მძიმე ტვირთია. აღნიშნულმა გარემოებამ, შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს სკოლის ფუნქციონირება, გამოიწვიოს სკოლის ელ.ენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვება, რაც ვნებს სკოლის მოსწავლეთა უფლებებს. მოსარჩელეს აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა, მისთვის სკოლა შემოსავლის ერთადერთი წყარო არ ყოფილა, რისი მტკიცებულებებიც საქმეში წარდგენილია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქმის განხილვის გაჭიანურება მოპასუხის ბრალეულობით არ იყო გამოწვეული. საქმის კანონით განსაზღვრულ ვადებში განხილვის შემთხვევაში, განსხვავებული იქნებოდა კომპენსაციის ოდენობაც, რაც ასევე უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო სასამართლოს და შეემცირებინა კომპენსაციის ოდენობა.
12. თ.მ–ის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:
12.1. გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგად უნდა დადგენილიყო პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა. ინციდენტი, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლებას, დაგეგმეს დირექტორმა და მისმა მხარდამჭერმა მ.მ–მა, რათა თ.მ–ის ვაკანტურ თანამდებობაზე დაენიშნათ სწორედ მ.მ–ის შვილი (მესამე პირი ნ.მ–ი), რაც მოიყვანეს კიდეც სისრულეში. სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ნ.მ–ი სამსახურში მიღების ეტაპზე არ იყო კეთილსინდისიერი, რადგან იგი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოებების მონაწილე პირის შვილი იყო, ამასთან, სამსახურში მიღების ეტაპზე არც სერტიფიკატი ჰქონია, სკოლა კი, წინამდებარე დავის დასრულებამდე ვალდებული იყო, დაედო არა უვადო, არამედ ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.
12.2. მიკუთვნებული კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის აღდგენას, სასამართლოს მოსარჩელის უფლების რესტიტუციისათვის უნდა დაეკმაყოფილებინა განაცდური ხელფასის სასარჩელო მოთხოვნაც.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. უწინარესად, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავა შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებაზე 2020 წლის აპრილის თვეში გამოვლენილი ნების მართლზომიერებას, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად, კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს შრომის კოდექსის რედაქციით, რომელიც მოქმედებდა 2020 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, ვინაიდან მატერიალურ სამართალში, განსხვავებით საპროცესო სამართლისაგან, ამოსავალია ის ნორმატიული დანაწესები, რომლებიც არსებობდა სადავო ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის დროისათვის. ამრიგად, წინამდებარე განჩინებაში მოხმობილი შრომის კოდექსის ნორმები, მუხლის რიგითი ნომრისა თუ მისი შინაარსის თვალსაზრისით, ასახავს 2020 წლის აპრილის თვეში მოქმედი შრომის კოდექსის დებულებებს.
18. მოცემულ საქმეში სადავოა, ერთი მხრივ, დასაქმებულის მიერ იმ ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიმართ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემას, ხოლო ამავე ფაქტის დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში, მისი დაკვალიფიცირება შრომითი ვალდებულების „უხეშ“ დარღვევად, რაც გაამართლებს შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
19. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებსა და ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.; №ას-634-2021, 04.11.2021წ.).
20. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ემორჩილება დამსაქმებლის მითითებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. არსებული ფაქტობრივი თუ ეკონომიკური ასიმეტრია განაპირობებს დამსაქმებლის ურთიერთობის ძლიერ მხარედ კვალიფიკაციას, რომელთან სუბორდინაციის პირობებშიც მნიშნველოვნად იზრდება რისკი იმისა, რომ დასაქმებულის ინტერესები შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, მიმდინარეობისა თუ დასრულების პროცესში იქნეს უგულებელყოფილი. სწორედ აქ ვლინდება სახელმწიფოს, როგორც უფლებრივი წონასწორობის დაცვის გარანტის ფუნქცია, ჩაერიოს ურთიერთობაში იმგვარად, რომ მხარეთა უფლებრივ პოზიციებს შორის აღდგეს სამართლიანი ბალანსი, აღნიშნული კი, მიიღწევა ურთიერთობის სუსტი მხარის უფლებრივი გაძლიერების გზით. სწორედ ამიტომ, შრომის სამართალი უპირატესად დასაქმებულის უფლებების დაცვის წესთა ერთობლიობაა. აღნიშნული პრინციპი საკანონმდებლო დანაწესით ყველაზე აშკარად გამოხატულია საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მესამე პუნქტში, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. ამრიგად, შრომის კოდექსით კანონმდებელმა დაადგინა დასაქმებულის ინტერესების დაცვის საბაზისო სტანდარტი, რომლიდან გადახვევაც დასაშვებია ერთადერთ შემთხვევაში - თუ შრომითი პირობების მოდიფიცირება აუმჯობესებს დასაქმებულის უფლებრივ მდგომარეობას. შრომითი დავის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია სამართლის ნორმათა იმგვარ განმარტებას წარმოადგენს, რომლითაც მიიღწევა დასაქმებულის უფლებრივი გათანაბრება ურთიერთობის ძლიერ მხარესათან - დამსაქმებელთან.
21.1. მოცემულ საქმეში, დამსაქმებლის ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ამავე სკოლის მოსწავლე გ.მ–ზე, სახელდობრ, დაემუქრა, რომ თუკი მასწავლებლის - მ.მ–ის საფულეს არ დააგდებდა ბიჭების საპირფარეშოში, მის მშობლებს ეტყოდა, რომ გ. ეწეოდა სიგარეტს. მუქარის შიშით, გ.მ–მა მასწავლებლის მოთხოვნა სისრულეში მოიყვანა; 2) თ.მ–მა 2022 წლის 28 თებერვალს მე-8 კლასში მიმდინარე გაკვეთილი მიატოვა, რის გამოც გაკვეთილი ჩაიშალა. გამოვლენილი დარღვევებისათვის დასაქმებულს დაეკისრა პასუხისმგებლობის ზომა სამსახურიდან გათავისუფლების სახით.
21.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ სარჩელსა და შესაგებელს. ამავდროულად, მტკიცების პროცესის უზოგადესი პრინციპია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ.; №ას-1299-2018, 29.11.2019წ.).
21.3. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი შრომითსამართლებრივ დავებში განსხვავებული და თავისებურია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ სახის დავები, მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.; №ას-182-171-2017, 27.12.2019წ.). მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რათა მან დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა (იხ. სუსგ. №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.; №ას-122-114-2015, 23.03.2015წ.; №ას-194-185-2016, 29.07.2019წ.)
21.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს სამოქალაქო საქმისწარმოებაში დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხას, ასეთი შეიძლება იყოს: ა) მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, ბ) მოწმეთა ჩვენება, 3) ფაქტების კონსტატაციის მასალები, 4) წერილობითი მტკიცებულებები, 5) ნივთიერი მტკიცებულებები და 6) ექსპერტის დასკვნა.
22.1. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ადასტურებს შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად დაკვალიფიცირებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტის არსებობას, სწორედ მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა იმის დადასტურება, რომ მითითებული სადავო ფაქტი თ.მ–ის წაქეზებით მოხდა. პალატა შენიშნავს, რომ დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიცირებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ეპიზოდი, სიმძიმითა და სამართლებრივი მნიშვნელობით, პრაქტიკულად, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მოსარჩელის მხილებას, ამდენად, ქმედების ჩადენის დასადასტურებლად მტკიცებულებითი სტანდარტი უნდა იყოს იმგვარი, რომ ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი, აშკარა მტკიცებულებებით დასტურდებოდეს სადავო ქმედების ჩადენა.
22.2. დისციპლინური წარმოების პროცესში ჩამორთმეული ახსნა-განმარტებები, რამდენადაც იგი სადავოდ არის ქცეული მოსარჩელის მხრიდან, დამოუკიდებელი წერილობითი მტკიცებულების მატარებლად ვერ განიხილება, არამედ, მათი შინაარსი საჭიროებს ამავე ახსნა-განმარტების ავტორების მიერ სასამართლოში მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებებთან ურთიერთკავშირში ანალიზს.
22.3. პალატა შენიშნავს, რომ მიუხედავად საქმის მსვლელობისას მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა სიმრავლისა, მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა სადავოდ ქცეული ფაქტის შემსწრე არ ყოფილა, არამედ, ინფორმაციას შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე ფლობს მესამე პირისაგან. რაც შეეხება სამასწავლებლოში თ.მ–სა და გ.მ–ს შორის შემდგარი დიალოგის შემსწრე მასწავლებლებს, ამ კომუნიკაციაში გ.მ–ი ბრალს სდებდა თ.მ–ს, რომ წააქეზა საფულის მოსაპარად, ხოლო თ.მ–ი უარყოფდა ხსენებულ ბრალდებას, შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების უშუალო შემსწრეებად ხსენებული მასწავლებლები ვერ განიხილებიან.
22.4. საკასაციო სასამართლო დავისთვის მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევს გ.მ–ისა და მისი მშობლების - ი.მ–ისა და მ.მ–ძის - ჩვენებებს, რამეთუ ერთი მხრივ, თავად გ.მ–ია მოსწავლე, რომელზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განმხორციელებასაც ედავებიან მოსარჩელე მასწავლებელს, ხოლო მეორე მხრივ, სწორედ მშობლები არიან ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გ.მ–ის გამოკითხვის პროცედურებში. ყველა სხვა მოწმე, როგორც აღინიშნა, არის არა ვითარების შემსწრე, არამედ მხოლოდ გადმოცემით იცის სავარაუდო ფაქტის არსებობა.
22.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. მოწმის ჩვენების სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის წინაპირობად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მოწმის ნეიტრალურობას, რაც უპირველესად ნიშნავს ერთ მხარესთან შედარებით მეორე მხარის მიმართ არსებითად ნეგატიური დამოკიდებულების დაუშვებლობას. ისეთ პირობებში, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწმის ჩვენება განპირობებულია სუბიექტური დამოკიდებულებით მხარეების მიმართ და რაც მთავარია, ასეთი შთაბეჭდილების შექმნის საფუძველს თავად მოწმის განმარტება იძლევა, სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილება არ დააყრდნოს ამავე მოწმის ჩვენებას და განიხილოს იგი არასარწმუნო ჩვენებად (იხ. სუსგ. №ას-1181-2021 29.09.2022წ.).
22.6. მოწმე ი.მ–ი სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში დაუფარავად მიუთითებს თ.მ–ის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე, წყენებზე, რომლებიც უკავშირდება მისი დირექტორობის პერიოდს, ამდენად, ხსენებული მოწმის ჩვენებას ნეიტრალურობის კრიტერიუმით უკიდურესად დაბალი ხარისხი აქვს; ამასთან, გ.მ–ის, ი.მ–ისა და მ.მ–ძის ჩვენებებში ვლინდება არსებითი ხასიათის შეუსაბამობები - ი.მ–ის თქმით, საფულის აღების ფაქტი მას თავად გ.მ–მა აცნობა ინციდენტის დღესვე; მოწმე გ.მ–ი და დედამისი კი განმარტავენ, რომ გ–ის მშობლებმა საფულის ფარულად აღების ფაქტი შეიტყვეს უშუალოდ მ.მ–ისა და ლ.შ–ისგან, ინციდენტიდან 2 დღის შემდეგ, მანამდე კი, არც დედისთვის და არც მამისთვის გ–ის საფულის ფარულად აღებასა და საპირფარეშოში დადგებაში საკუთარი მონაწილეობის შესახებ არაფერი უთქვამს; არსებითი შეუსაბამობაა გ. და ი.მ–ის ჩვენებებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ გ.მ–ი კატეგორიულად უარყოფს საფულის გახსნის ფაქტს, მისი მამა კი დაბეჯითებით ატკიცებს საფულეში 15 ლარის არსებობის ფაქტს; ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად აღწერენ გ.მ–ის მიერ ახსნა-განმარტების დაწერის ეპიზოდს ზემოთხსენებული მოწმეები, სახელდობრ, ი.მ–ის თქმით, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, შვილისთვის ჩამოერთმია წერილობითი ახსნა-განმარტება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორი და მასწავლებლები წავიდნენ მათი სახლიდან, ხოლო ახსნა-განმარტება გადასცა მეუღლეს და იგი დღემდე მათთან სახლში ინახება; გ.მ–ი და მ.მ–ძე კი, ადასტურებენ, რომ გ–ს მხრიდან ახსნა-განმარტების დაწერის პროცესს ესწრებოდნენ დირექტორიც და მასწავლებელიც და მათ ახსნა-განმარტება იმავე დღეს წაიღეს მ–ების ოჯახიდან; თავის მხრივ, მ.მ–ძე განმარტავს, რომ გ–იმ ორჯერ დაწერა ახსნა-განმარტება (ჯერ დაწერა, შემდეგ - გადაიწერა), თავად გ. კი, კატეგორიულად უარყოფს ახსნა-განმარტების ხელახლა გადაწერის ფაქტს (იხ. 11.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
22.7. ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თავის მხრივ, აკნინებს ცალკე აღებული თითოეული ჩვენების მტკიცებულებით ძალას, მეორე მხრივ კი, გამორიცხავს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დასახელებული ფაქტის არსებობა დადგინდეს ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების სტანდარტით.
22.8. რაც შეეხება მოწმედ დაკითხულ მასწავლებლებს, პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ ისინი არ არიან სადავო მოვლენის შემსწრენი და ჩვენებათა რაოდენობრივი სიმრავლის მიუხედავად, ირიბი ბუნების გამო, ზეწოლის ფაქტის რეალურად არსებობის დასადასტურებლად ხსენებული ჩვენებები არ გამოდგება. ამავდროულად, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ნეიტრალური, დამაჯერებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მოპასუხესთან შრომითსამართლებრივ, დაქვემდებარებულ ურთიერთობაში მყოფი მოწმეთა ჩვენებები და ამავე პირთა მოხსენებითი ბარათები, ვერ იქნება მიჩნეული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დამადასტურებელ ვარგის მტკიცებულებებად.
22.9. ამდენად, სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტის დადგენა, პრაქტიკულად, გ.მ–ის ჩვენების ამარა დარჩა, რომლის სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობას, საქმეში დაცული სხვა მტკიცებულებები არ იძლევა, ვინაიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ნაწარმოებია თავად გ.მ–ის მონათხრობიდან და, რაც მთავარია, ერთმანეთთან არათავსებადი შინაარსისაა. მტკიცებულებითი დეფიციტის პირობებში კი, პალატის განსჯით, სკოლას არ გააჩნდა საკმარისი საფუძველი, დადგენილად მიეჩნია თ.მ–ის მხრიდან ხსენებული გადაცდომის ჩადენის ფაქტი.
23.1. ამავდროულად, დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის რეალურად განხორციელების გარემოება, შრომის სამართალში “Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობის შემოწმებას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეული უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ. №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.; №ას-658-2020 04.12.2020წ.).
23.2. პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. ამდენად, დამსაქმებელმა, შესაძლოა, დასაქმებულის ქმედება ჩათვალოს კიდეც ვალდებულებათა უხეშ დარღვევად, თუმცა ამგვარი კვალიფიკაციის მართებულობა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს (იხ. სუსგ. №ას-468-2021, 23.09.2022წ.).
23.3. საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ სკოლის შინაგანაწესი მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, როგორც გადაცდომაზე, პასუხისგების პროპორციულ ღონისძიებად მიიჩნევს სასტიკ საყვედურს და არა სამსახურიდან გათავისუფლებას, ამდენად, რომც დადასტურებულიყო მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის რეალურად განხორციელების გარემოება, სკოლას მართებდა, დაესაბუთებინა, რატომ ჩაითვალა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ზეწოლის საპირწონე ერთადერთი სახდელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უნდა ყოფილიყო. ამ მიმართულებით, სარწმუნო, დამაჯერებელი დასაბუთება საკასაციო პალატამ სადავო ბრძანებასა და დისციპლინური კომიტეტის ოქმებში ვერ ამოიკითხა. ასეთ დასაბუთებას არც მოპასუხის შესაგებელი შეიცავს.
24.1. რაც შეეხება გადაცდომას, რომელიც მიემართება მე-8 კლასში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის თვითნებურ მიტოვებას, თ.მ–ი ხსენებულ გადაცდომას აღიარებს, თუმცა უარყოფს, რომ აღნიშნულმა გაკვეთილის ჩაშლის შედეგი გამოიწვია. მისი განმარტებით, სწორედ ხსენებული გაკვეთილის მიმდინარეობისას შეიტყო, რომ ბრალდებოდა მ.მ–ის საფულის საპირფარეშოში დაგდების ინციდენტში თანამონაწილეობა, რის გამოც, მყისიერად გაემართა საკითხის გასარკვევად, ხოლო კლასის მოსწავლეებს დაურიგა დამოუკიდებელი სამუშაო, წესრიგსა და უსაფრთხოებას კი ზედამხედველობდა სკოლის თანამშრომელი. ამდენად, მასწავლებელი უარყოფს გაკვეთილიდან გამოსვლით მისი ჩაშლის შედეგის დადგომას.
24.2. პალატა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ მასწავლებლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვება შრომითი ვალდებულების დარღვევაა, რაზედაც მკაფიო მითითებას შეიცავს სკოლის შინაგანაწესი, თუმცა ვალდებულების დარღვევის სიმძიმე ყველა ცალკეულ შემთხვევაში საკვლევი გარემოებაა, როგორც განმაპირობებელი ფაქტორების, ისე დამდგარი შედეგების გათვალისწინებით.
24.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საგაკვეთილო პროცესის მიტოვების მოტივი მასწავლებლის მხრიდან არა შრომითი მოვალეობების უგულებელყოფაში, არამედ მძიმე და სერიოზული ბრალდებისგან თავის დაცვაში მდგომარეობდა. ხსენებული გადაცდომის სიმძიმის წინარე ვითარებისგან აბსულუტურად დამოუკიდებლად განხილვა იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება, რომ საგაკვეთილო პროცესის მიტოვებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, საკასაციო პალატას გაუმართლებლად მიაჩნია. დასაქმებულმა მიუთითა, რომ გაკვეთილის მიტოვებით საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილა, ვინაიდან მასწავლებელმა რამდენიმე წუთი დატოვა კლასი და მოსწავლეებს დაუტოვა შესაბამისი დავალება შესასრულებლად, ამასთან, ბავშვებთან იმყოფებოდა ნ.მ–ი. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სკოლას სასამართლოს წინაშე არ წარუდგენია. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, თ.მ–ის მიერ საგაკვეთილო პროცესის დატოვებით მძიმე შედეგი დადგომაზე სკოლის აპელირებას საფუძველი არ გააჩნია.
24.4. საგულისხმოა ისიც, რომ თავად შინაგანაწესი მასწავლებლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვებას, როგორც გადაცდომას, უფარდებს საყვედურის სახდელს, ამდენად, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა მყარ დასაბუთებას, თუ რატომ ჩაითვალა, რომ ამ გადაცდომისთვის შინაგანაწესის ძალით შერჩეული ნაკლებად მძიმე პასუხისმგებლობის ზომა ვერ იქნებოდა დარღვევის განმეორებითად ჩადენის საპრევენციო საშუალება. ამ მიმართულებით არც სადავო ბრძანება, არც დისციპლინური წარმოების მასალები და არც შესაგებელი საგულისხმო დასაბუთებას არ შეიცავს.
25. კასატორი დამსაქმებელი აპელირებს მოსარჩელისათვის წარსულში შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე, სახელდობრ, გათავისუფლების საფუძვლად არამარტო შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ (შრომითი ვალდებულებების უხეშად დარღვევა) არამედ „თ“ („დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) ქვეპუნქტზეც უთითებს და ამ საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დასასაბუთებლად მოიხმობს 2018 წლის 10 დეკემბერს დაკისრებულ დისციპლინურ სახდელს, რომელიც არ ქმნის სშკ-ის 47.1 „თ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას (წინა სახდელის დადებიდან ახალი გადაცდომის ჩადენამდე გასულია 1 წელზე მეტი). პირიქით, 2018 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე დროის შუალედში სხვა დისციპლინური გადაცდომის არარსებობა მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ მსუბუქი ხასიათის სახდელის გამოყენებას მოსარჩელე მასწავლებლის შემთხვევაში, შემაკავებელი ეფექტი ნამდვილად გააჩნია, ამდენად, კასატორის მტკიცება, რომ უფრო მსუბუქი სახდელის შერჩევა შედეგს ვერ გამოიღებდა, საკასაციო პალატისათვის არადამაჯერებელია. ამ და ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით კი, შერჩეული სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება - თანაზომიერების პრინციპის შეუსაბამოა, რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგო და, მაშასადამე, ბათილ ნების გამოვლენად აქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე.
26.1. შრომითი ურთიერთობის დასრულებაზე დამსაქმებლის გამოვლენილი ნების არამართლზომიერად მიჩნევისას, დღის წესრიგში დგება დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საკითხი.
26.2. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით (29.09.2020, №7177 ცვლილებამდე), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ. №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
26.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი დასაქმებულის პრეტენზიას, რომ მისი უფლებრივი რესტიტუცია სასამართლოს სამსახურში აღდგენის გზით უნდა განეხორციელებინა. პალატა შენიშნავს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად გადაწყვეტის ეტაპზე, მათემატიკის მასწავლებლის პოზიცია მოპასუხე სკოლაში უკვე არავაკანტური იყო, რამეთუ მას იკავებდა კონკურსის გზით შერჩეული და უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი ნ.მ–ი.
26.4. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს, რომ სამსახურში აღდგენის უფლების რეალიზება დაუშვებელია მესამე პირის შრომითი უფლების შელახვის ხარჯზე (იხ. სუსგ. №ას-1274-1194-2017, 19.07.2019წ.; №ას-450-429-2015, 28.10.2015წ.). ამდენად, მარტოოდენ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებამდე მოპასუხე დაწესებულებაში მის მიერ დაკავებული პოზიცია ვაკანტური არ არის, საფუძველს აცლის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნას.
26.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის მოსაზრებას, რომ წინამდებარე დავის დასრულებამდე სკოლას არ ჰქონდა მათემატიკის მასწავლებლის უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების უფლება და განმარტავს, რომ ამგვარი შეზღუდვის მდგენელი ნორმა მოქმედ შრომით კანონმდებლობაში არ გვხვდება, ამასთან, სკოლისათვის უვადო შრომით ურთიერთობაში შესვლის აკრძალვის, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ინიციატივა, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელეს არ ჰქონია, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, მოსარჩელის უფლებებში აღდგენის მიზანმიმართულ ხელშეშლად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ სკოლამ საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, მათემატიკის მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაბამისი აკრძალვის არარსებობის პირობებში, მესამე პირთან დაამყარა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
26.6. საკასაციო პალატა დასაქმებული კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ მისი უფლებრივი რესტიტუცია, აღდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, განაცდურის ანაზღაურებით უნდა მომხდარიყო. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის დაკისრება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგად განიხილებოდა. მართალია, საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით (ცვლილება: №7177, ძალაშია: 05.10.2020-დან) განისაზღვრა დასაქმებულის უფლება _ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 06 აპრილიდან. საქართველოს შრომის კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა და შესაბამისად, 2020 წლის 29 სექტემბერს კანონში განხორციელებული ცვლილებები ვერ გავრცელდება სადავო პერიოდზე, ამდენად, კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
26.7. ამდენად, საკასაციო პალატის განსჯით, დასაქმებულის უფლებაში აღდგენის საშუალებას, წინამდებარე დავაში, კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს.
27.1. საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გასათვალისწინებელია, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (იხ. სუსგ. საქმე №ას-792-2019, 18.02.2021წ.; №ას-536-2021, 21.09.2021წ.).
27.2. კასატორი სკოლის პრეტენზია, რომ დაკისრებული კომპენსაცია მძიმე ტვირთად აწვება მას, გაზიარებას არ იმსახურებს. ის გარემოება, რომ მოპასუხე სკოლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ბიუჯეტის ფორმირების წყარო სახელმწიფო დაფინანსებაა, არ ამცირებს არამართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების გამო დასაქმებულთა წინაშე მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებს, არამედ ეს გარემოება სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ორგანიზებისთვის უნდა წარმოადგენდეს დამაბრკოლებელ ფაქტორს, რათა გამორიცხონ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გამო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების ალბათობა სწორედ მოტივირებული, გამჭვირვალე, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების გზით. კომპენსაციის დანიშნულება იმაშიც ვლინდება, რომ დამსაქმებელი აიძულოს, შრომითსამართლებრივი გადაწყვეტიების მიღებისას იყოს მეტად ფრთხილი, ნაკლებად რადიკალური და შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას საგულისხმოა, რომ მისი ოდენობა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებაში აღდგენის საშუალებაა, მეორე მხრივ კი, პრევენციული ღონისძიება.
27.3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახელდობრ, წინამდებარე დავის ხანგრძლივობის, დასაქმებულის შრომითი პერსპექტივის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაოს პოვნის ალბათობის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ხელფასის თვრამეტმაგი ოდენობით მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულად მიემართება, ერთი მხრივ, იმ ქონებრივ ზიანს, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, მეორე მხრივ კი, იმ მორალურ განცდებს, რასაც პირი მის მიმართ არამართლზომიერი შრომითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად განიცდის. საგულისხმოა ისიც, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეული ფაქტი - ქურდობაში წაქეზების მიზნით ფსიქოლოგიური ზეწოლა - იმდენად მძიმე, რეპუტაციის შემლახველი ბრალდებაა, რომ მისი დაუდასტურებლობისას, კომპენსაციამ უნდა მოიცვას ის მორალური განცდები, რაც ამგვარ ბრალდებას უცილობლად თან სდევს. ამ თვალსაზრისით, 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია ვერ განიხილება დამსაქმებლისათვის დაკისრებულ არაგონივრულ ტვირთად.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორ თ.მ–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს. რაც შეეხება კასატორ სკოლას, მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის გადახდა წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან სკოლის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%, რაც შეადგენს 150 ლარს, ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის და თ.მ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას (ს/ნ 218049396) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის 30%-ის _ 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. თ.მ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება № 20005564232, გადახდის თარიღი: 30.12.2023წ., ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი