საქმე №ას-1362-2025
23 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ.ნ.კ.ც–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ხ.ნ.კ.ც–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 217,52 ლარის გადახდა; სარჩელი მოპასუხის 11.01.2022წ. N19/51 წერილის საფუძველზე 09.03.2021წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N3/64 ხელშეკრულების 2022 წლის 11 იანვარს შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 445 ლარის გადახდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა - დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:6.1. მხარეთა შორის, 2021 წლის 09 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N3/64 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 300 000 ლარით;
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები ორ ეტაპად უნდა შესრულებულიყო. კერძოდ: მოსარჩელეს 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა 169 075,2 ლარის ღირებულების სამუშაოები (პირველი ეტაპი); ხოლო, 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა 130 924,8 ლარის ღირებულების სამუშაოები (მეორე ეტაპი);
ხელშეკრულების მე-11 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების ან შეუსრულებელი ნაწილის 10%-ის ოდენობით (11.1 პუნქტი), ხოლო შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (11.2 პუნქტი);
ხელშეკრულების მე-12 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული ნაწილის შეწყვეტის შესახებ (12.1 პუნქტი); ასევე, შემსყიდველი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მხრიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევის პერიოდი აღემატება 15 კალენდარულ დღეს (12.6 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 110-114, 117-119);
6.2. მოსარჩელემ პირველი ეტაპით განსაზღვრული 169 075,2 ლარის ღირებულების სამუშაოები ვადაში შეასრულა და მხარეთა შორის 2021 წლის 02 აგვისტოს გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 33-35);
6.3. მოსარჩელემ 27.10.2021წ. წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ტაძრის დასავლეთ ფასადზე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას კედლის ზედა ნაწილში აღმოჩნდა გამჭოლი ბზარი და სამუშაოების გასაგრძელებლად აუცილებელი იყო ტაძრის ინტერიერის დასავლეთ კედელზე ხარაჩოს დადგმა, ბზარების შევსება და შემდგომ კედლის ორივე მხარეს ინსპექტირების გაგრძელება. მოპასუხეს გაეგზავნა ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაც, რომლის მიხედვით, წერილში მითითებული სამუშაოების ღირებულება 11 428,56 ლარით განისაზღვრა. ასევე, მოსარჩელემ 28.10.2021წ. წერილით ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების ჩატარების ვადის 2021 წლის 31 ოქტომბრის ნაცვლად, 2021 წლის 30 ნოემბრით განსაზღვრა მოითხოვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 37, 40-41);
6.4. მოპასუხემ 10.11.2021წ. წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ 27.10.2021წ. და 28.10.2021წ. წერილებში მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა გაუთვალისწინებელ ფაქტს და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში შესრულება მოითხოვა. ასევე, განუმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, 2021 წლის 31 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132);
6.5. მოსარჩელემ 06.12.2021წ. წერილით აცნობა მოპასუხეს, რომ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და 130 924,8 ლარის (მეორე ეტაპი) ღირებულების სამუშაოების შესრულების აქტი გაუგზავნა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 133-135);
6.6. მხარეებმა 2021 წლის 28 დეკემბერს შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს მეორე ეტაპზე შესასრულებელი 130 924,8 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად შესრულებული ჰქონდა 99 324 ლარის ღირებულების სამუშაოები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48);
6.7. მოპასუხემ 2022 წლის 11 იანვარს ცალმხრივად შეწყვიტა 2021 წლის 09 მარტს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N3/64 ხელშეკრულება, რის თაობაზეც წერილობით აცნობა მოსარჩელეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 49);
6.8. მიღება-ჩაბარების აქტებით დადასტურებული და ასანაზღაურებელი სამუშაოების ღირებულებიდან მოპასუხემ დააკავა პირგასამტეხლო 5 320,08 ლარის ოდენობით, საიდანაც 2 160 ლარი არის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით (11.2 პუნქტი), ხოლო 3 160,08 ლარი არის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 10% (11.1 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 3-23, 88-105).
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოება: სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ვინაიდან მოპასუხის ვებგვერდზე ხელშეკრულებას დასრულებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამიტომ მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით იქნა შესრულებული. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილია მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს შესრულებული აქვს 99 324 ლარის ღირებულების სამუშაოები, ნაცვლად 130 924,8 ლარის ღირებულების სამუშაოებისა. აქტით დგინდება, რომ არ შესრულდა სამუშაოების N2 აქტის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაო - გუმბათის ქვის ზედაპირის ბიოციდით დამუშავება-გაწმენდა (2 ჯერ), რომლის ღირებულება, კანონით დადგენილი ხარჯების გათვალისწინებით, შეადგენდა 31 600,8 ლარს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების, მათ შორის, კომპანიის დირექტორის მიერ და მისი შინაარსი დადასტურებულია ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა 31 600,8 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიშით, ან მოპასუხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ვერ გაქარწყლდებოდა, ვინაიდან აქტი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ მას შემდეგ, რაც შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება განხორციელდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48, 233-401).
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოება: მხარეთა შორის 2021 წლის 09 მარტს დადებული N3/64 ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 31 იანვრით განისაზღვრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელზე დართულ ხელშეკრულებაში მოქმედების ვადა 2021 წლის 31 იანვარია მითითებული, თუმცა მიიჩნია, რომ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზია, ვინაიდან თავად ხელშეკრულება 2021 წლის 09 მარტს დაიდო და, ბუნებრივია, მისი მოქმედების ვადა ვერ იქნებოდა მის დადებამდე არსებული თარიღით განსაზღვრული. იმავდროულად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სამუშაოების შესრულების ეტაპების მიხედვით, მოსარჩელეს 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით - მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეუძლებელია 2021 წლის 31 იანვრით განსაზღვრულიყო. ხელშეკრულებაში წელი არასწორადაა მითითებული, რაც არის ხარვეზი (შეცდომა) - ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2022 წლის 31 იანვარი იყო განსაზღვრული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 110-114, 117-119).
9. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარებაზე უარის თქმისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის შესრულება მხარეთა შორის სადავო არ არის. სადავოა მხოლოდ 30 924,8 ლარის ღირებულების სამუშაოების (მეორე ეტაპი) დადგენილ ვადაში შესრულების ფაქტი. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: მოსარჩელის 28.10.2021წ. და 06.12.2021წ. წერილები, ასევე, მოპასუხის 10.11.2021წ. წერილი.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილ ინსპექტირების დასკვნაში მითითებულია, რომ 2021 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელემ წარადგინა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები (მეორე ეტაპი) თანხით - 130 924,80 ლარი. იმავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების საბოლოო ანგარიში წარდგენილ იქნა, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2021 წლის 31 ოქტომბრისა, 2021 წლის 06 დეკემბერს - 36 დღის დაგვიანებით, რის გამოც, მოსარჩელეს ხელშეკრულების 11.2 პუნქტის საფუძველზე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2 160 ლარს; ინსპექტირების დასკვნის თანახმად, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებელს არ აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შესრულებული და შეუსრულებელი ნაწილის ღირებულება შეადგენს 31 600,80 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს იმავე ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ნაწილის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3 160,08 ლარს. იქვე აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი მისაღებია და შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტის დადება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47).
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 28.12.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შეასრულა 99 324 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. იმავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შემსყიდველი და მიმწოდებელი აღიარებენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და მათ მიერ შედგენილი აქტი სწორია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48).
13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ სამუშაოების მეორე ეტაპზე მის მიერ შესრულდა 130 924,8 ლარის სამუშაოები, ვინაიდან საქმეში წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს 28.12.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოცემულობისაგან განსხვავებული ოდენობის თანხის დადგენის შესაძლებლობას მისცემდა. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2021 წლის 06 დეკემბერს გაგზავნილი სამუშაოების შესრულების N2 აქტი, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ 130 924,8 ლარის (მეორე ეტაპი) ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ვერ გახდება იმისი საფუძველი, რომ სასამართლომ 28.12.2021წ. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხის ოდენობა შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან მიმართებით (99 324 ლარი) მხედველობაში არ მიიღოს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, პირველ რიგში, ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოების შესრულების N2 აქტი გაუგზავნა (2021 წლის 06 დეკემბერს). ამასთან, შესრულებული სამუშაოების ოდენობა დადასტურებულია თვით მოსარჩელის დირექტორის - გ.კ–ის ხელმოწერით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48; ასევე, სააპელაციო სასამართლოს 28.07.2025წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:14:05-16:14:15 სთ.). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი ფოტოსურათების საფუძველზე მოკლებულია შესაძლებლობას, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განსაზღვროს, ვინაიდან ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქმეში წარდგენილი ყოფილიყო, მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა რა ღირებულების მქონეა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სამუშაოები ან სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძველს გამოაცლიდა მიღება-ჩაბარების აქტში ორივე მხარის ნების გამოვლენის საფუძველზე მითითებულ გარემოებას.
14. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, მოსარჩელეს მეორე ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების ვალდებულება ეკისრებოდა, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მცხეთის რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ სამუშაოების შესრულების მეორე ეტაპიდან მოსარჩელეს შესრულებული არ ჰქონდა 31 600,8 ლარის ღირებულების სამუშაო. კერძოდ, მოსარჩელეს, მეორე ეტაპზე შესასრულებელი 130 924,8 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, შესრულებული ჰქონდა 99 324 ლარის ღირებულების სამუშაოები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48).
15. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 99 324 ლარს და არა 130 924,8 ლარს, შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობიდან გამომდინარე, იმ თანხის ოდენობა, საიდანაც შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო სწორედ 99 324 ლარი იყო. კერძოდ, 09.03.2021წ. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის (მ.შ. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების ჩამორჩენის, ვადის გადაცილების) გადაცილებისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების ღირებულებიდან, თუმცა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-774-2023, 12.09.2023წ.; Nას-905-2021, 12.01.2022წ.; Nას-971-2019, 28.10.2019წ.; Nას581-2019, 31.07.2019წ.; Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების გათვალისწინებით და არსებული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 99 324 ლარიდან უნდა დაანგარიშდეს და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, მისი ოდენობა 715 ლარით განისაზღვროს (99 324*0,02/100=19,86*36=715,13).
18. რაც შეეხება მოპასუხის მიერ 3 160,8 ლარის ოდენობით დაკავებულ პირგასამტეხლოს, რომელიც არის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 10%, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ სამუშაოების შესრულების მეორე ეტაპიდან მოსარჩელეს შესრულებული არ ჰქონდა 31 600,8 ლარის ღირებულების სამუშაო. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლო მხარეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე დააკისრა. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, 3 160 ლარის ოდენობით დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
19. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, ფაქტობრივად, ორი სახის პირგასამტეხლო დაეკისრა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ერთ შემთხვევაში პირგასამტეხლო დაკისრებულია ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებისათვის, ხოლო, მეორე შემთხვევაში პირგასამტეხლო დაკისრებულია შეუსრულებელი ვალდებულებისათვის. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო უშუალოდ ვადაგადაცილებული შესრულებისათვის (99 324 ლარი) განისაზღვრა (და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე), ხოლო 3 160 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაანგარიშებულია შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის მიხედვით, პირგასამტეხლოს ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან დიფერენცირებულია. უფრო კონკრეტულად, მიმწოდებელს ერთი და იმავე ქმედებისათვის ორი სახის პირგასამტეხლო არ აქვს დაკისრებული, რაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოვიდოდა პირგასამტეხლოს არსთან და სასამართლოს მის არამართლზომიერ ხასიათზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.
20. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას 09.03.2021წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლები არ იკვეთება.
21. კერძოდ, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება. კერძოდ, მან გადააცილა, როგორც სამუშაოების შესრულების ვადას, ასევე, ვალდებულება სრული მოცულობით არ შეასრულა. მოპასუხემ სამუშაოების შესრულებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვიდან მალევე, 2021 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, თუმცა მოსარჩელემ ვადის ამოწურვიდან 36 დღის შემდეგაც ვერ შეძლო სამუშაოების ჯეროვანი შესრულება, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების უფლებას ანიჭებდა.
22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე, საყურადღებოა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.6 პუნქტი, რომლის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მხრიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევის პერიოდი აღემატება 15 კალენდარულ დღეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის დადგენილ ვადას თითქმის 36 დღით გადააცილა, ამასთან, 2021 წლის 28 დეკემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურდა, რომ სამუშაოები სრული მოცულობით არ შესრულდა. აღნიშნული გარემოებები კი, როგორც ცალკე, ასევე, ერთობლივად, მოპასუხეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძველს უქმნიდა.
23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვა.
24. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
24.1. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაანგარიშება;
24.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაცვლად პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მომხდარიყო შესასრულებელი ვალდებულების გათვალისწინებით (მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებიდან). სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, შეამცირა ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული პირგასამტეხლო და ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაცვლად, მისი ოდენობა გამოიანგარიშა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო განსაზღვრა 942,66 ლარით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა სხვაობის - 1 217,34 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეცვალა ეს მიდგომა;
24.3. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მთლიანი მეორე ეტაპის სამუშაოების ვადაგადაცილება, შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულებიდან, ვინაიდან ეს ეტაპი შესრულდა მხარის მიერ არაჯეროვნად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ორივე მეთოდი (11.1 და 11.2 პუნქტები) განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც სხვადასხვა შემთხვევისთვის ადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების პრინციპს - ერთი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მეორე ვადების დარღვევისათვის, რაც არ არის წინააღმდეგობაში პირგასამტეხლოს არსთან.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.31. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო მოსარჩელისათვის დასარიცხი, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობისა და, შესაბამისად, მოპასუხის/შემსყიდველის მიერ მოსარჩელისათვის/მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული თანხის (მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის) მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი; Nას-939-2024, 30 ოქტომბერი, 2024 წელი). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით(იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი). ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო სასამართლომ გამოიანგარიშა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მოსარჩელის/მიმწოდებლის მიერ არაჯეროვნად (ვადადარღვევით) შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.38. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (მეორე ეტაპის სამუშაოების) ვადადარღვევით შესრულებისათვის, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელისათვის დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 715 ლარს, რაც გამოანგარიშებულია მოსარჩელის მიერ მეორე ეტაპის სამუშაოების ვადადარღვევით შესრულებული მოცულობიდან (99 324 ლარი). აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს მოსარჩელის მიერ, როგორც ვადადარღვევით შესრულებული მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებას, ასევე, მის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებას (31 600,8 ლარი), ანუ მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებას სრულად. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 09 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების ან შეუსრულებელი ნაწილის 10%-ის ოდენობით; ხოლო ხელშეკრულების 11.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის (მ.შ. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების ჩამორჩენის, ვადის გადაცილების) ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ორი სახის პირგასამტეხლო - ერთ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თუკი იგი, მართალია, შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა ვადადარღვევით, ხოლო მეორე შემთხვევაში - თუკი მიმწოდებელი საერთოდ არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირველი ეტაპის სამუშაოები ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შეასრულა, მეორე ეტაპის სამუშაოებიდან 99 324 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა ვადადარღვევით, 36-დღიანი დაგვიანებით, ხოლო 30 924,8 ლარის ღირებულების სამუშაო კი საერთოდ არ შეუსრულებია. ამდენად, ვინაიდან 30 924,8 ლარის ღირებულების სამუშაო საერთოდ არ შესრულებულა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მთლიანი მეორე ეტაპის სამუშაოების ვადაგადაცილებაა სახეზე. 30 924,8 ლარის ღირებულების სამუშაოს ნაწილში სახეზეა არა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება, არამედ ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა. შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისა და მისი შეუსრულებლობისათვის სხვადასხვა სახის/ოდენობის პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მართებულად დაიანგარიშა მოსარჩელის/მიმწოდებლის მიერ მხოლოდ ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (99 324 ლარიდან). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტის სხვაგვარად განმარტებისას პირგასამტეხლოს ორმაგი რეჟიმი გავრცელდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებსა და პრინციპებს (კეთილსინდისიერების, უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის და ა.შ) (იხ. სუსგ საქმე Nას-941-2022, 31 ოქტომბერი, 2022 წელი; Nას-1246-2024, 18 ივნისი, 2025 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ (ს.ნ. 204562311) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 06 ნოემბრის №18322 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან მიქაბერიძე