Facebook Twitter

№ას-1016-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - შპს „კ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

1.1. შპს „ს.მ–იამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბენეფიციარი აპელანტი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 2019 წლის 27 თებერვლის NPE44110-19 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხის 175 273,90 ლარის ანაზღაურება.

1.2. მოსარჩელესა და შპს „კ–ს“ (პრინციპალი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხემ გასცა შესრულების საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 30 აგვისტომდე. შპს „კ–მა“ 2021 წლის 4 ნოემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება. ამავდროულად, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომლის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეს აეკრძალა მოპასუხისგან საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხების მოთხოვნა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით, სარჩელი დარჩა განუხილველად და გაუქმდა 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნულის შემდგომ საბანკო გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელემ მიმართა „ბანკს“, თუმცა, ანაზღაურებაზე მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ გასული იყო მოთხოვნის წარდგენის ვადა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბანკის პოზიცია არასწორია, რადგანაც ბენეფიციარმა ვადაში მიმართვა ვერ განხორციელა იმის გამო, რომ „კომპანიას“ სს „ს.ბ–ისგან“ საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხების მოთხოვნა, სასამართლოს განჩინებით ჰქონდა აკრძალული. შესაბამისად, მოთხოვნის ვადის დენა შეჩერებული იყო.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. სარჩელზე წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არც ბენეფიციარს და არც პრინციპალს, მისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინების შესახებ. აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე სარჩელის ჩაბარების დროს.

2.2. ბენეფიციარმა გარანტიის თანხის ანაზღაურების მოთხოვნით 2023 წლის 21 ივლისს მიმართა მოპასუხეს, თუმცა ვინაიდან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ამოიწურა 2022 წლის 30 აგვისტოს და ბენეფიციარს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში არ მიუმართავს ბანკისთვის და არც სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ უცნობებია, 2023 წლის 7 აგვისტოს წერილით ბანკმა მოსარჩელეს უარი უთხრა საბანკო გარანტის თანხის ანაზღაურებაზე.

3. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია სარჩელზე

3.1.დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა (პრინციპალი), ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საბანკო გარანტია ავტომატურად გაუქმდა მისი ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გათვალისწინებით, მათთვის სასამართლო დავამ აზრი დაკარგა და გაიხმო სარჩელი, რის შედეგად გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინება. შპს „კ–ის“ განმარტებით ხელშეკრულება შეწყდა კონტრაჰენტის ბრალეულობით და აბსოლუტურად კანონიერად; რაც შეეხება კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტს, რაზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, კომპანიას არ გაუსაჩივრებია აღნიშნული რეგისტრაცია, ვინაიდან ამ დროისათვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას აღარ იღებდა;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 27 თებერვლის NPE44110-19 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის 175 273.90 ლარის ანაზრაურება.

6.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით შეფასების საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის მართლზომიერების თვალსაზრისით; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, რომელიც მოითხოვდა მოპასუხისგან 2019 წლის 27 თებერვლის NPE44110-19 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, საგარანტიო თანხის - 175 273.90 ლარის ანაზღაურებას, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ბენეფიციარმა გაუშვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის ვადა;

6.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2019 წლის 6 მარტს მოსარჩელეს, მოპასუხესა და პრინციპალს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N1/1- 108/19, რომლის ფარგლებში, მიმწოდებელმა ივალდებულა ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოება. ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შეტანის საფუძველზე ხელშეკრულების ღირებულება საბოლოოდ განისაზღვრა 3 505 477.91 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით; მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა 2029 წლის 27 თებერვალს გასცა ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების პარალელურად საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაიზრდა 2022 წლის 30 აგვისტომდე, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 175 273.90 ლარით;

6.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დროებითი ღონისძიების გამოყენება ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენამდე ან თანხის გადახდამდეა შესაძლებელი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში პრინციპალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, დაუყონებლივ აცნობოს გარანტსა და ბენეფიციარს;

6.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრინციპალმა 2021 წლის 17 ნოემბერს შეწყვიტა მოსარჩელესთან გაფორმებული 06.03.2019 წლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება და სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საბანკო გარანტიის გაუქმებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად ცნობის თაობაზე.

6.6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა პრინციპალის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სარჩელზე მოპასუხეს აეკრძალა ბანკისგან NPE44110-19 საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხების მოთხოვნა.

6.7. ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველზე, განუხილველად დარჩა პრინციპალის სარჩელი ამჟამინდელი მოსარჩელის მიმართ საბანკო გარანტიის გაუქმებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად ცნობის თაობაზე; ამავე განჩინებით ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 04.11.2021 წლის განჩინება;

6.8. დადგენილია რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 04.11.2021 წლის განჩინების გაუქმების შემდგომ, 2023 წლის 21 ივლისს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 175 273.90 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა ბანკს; ბანკის 2023 წლის 7 აგვისტოს წერილით ბენეფიციარს უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ იქნა წარდგენილი.

6.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე უდავოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება საგარანტიო თანხის მოთხოვნის ვადის გაშვების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

6.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახეზეა სსკ-ის 132-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, რამდენადაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე გარანტიის მოქმედების ვადის დენა შეჩერდა, გამომდინარე იქიდან რომ ბენეფიციარს აეკრძალა ბანკისგან საგარანტიო თანხის მოთხოვნა. აღნიშნული ვადის დენა გაგრძელდა დასახელებული განჩინების ბენეფიციარისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2023 წლის19 ივნისს.

6.11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სსკ-ის 885.2 მუხლით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან 2023 წლის 21 ივლისს ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის პირველადი მოთხოვნის წარდგენისას საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადა არ იყო ამოწურული - ვადის დენის შეჩერების გამო;

7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

7.2. კასატორის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია. მისი ძალაში დატოვება განაპირობებს მსგავს დავებზე არასწორი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას. სადავო გადაწყვეტილება არღვევს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს, უზღუდავს მხარეს - ბანკს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლოს მსჯელობაში განვითარებული მიდგომა ზიანს აყენებს არამხოლოდ ბანკის, როგორც გარანტის ინტერესებს, არამედ აზიანებს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და მათ საფუძველზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზედაპირული მსჯელობით და საფუძვლიანი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

7.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციები და მსჯელობა უმეტეს შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი და ორაზროვანია. გადაწყვეტილებაში სასამართლო ერთის მხრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბენეფიციარს ეკისრება სახელშეკრულებო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებისა და გულისხმიერების ვალდებულება, თუმცა, ბანკისთვის სარჩელის უზრუნველყოფის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას პრინციპალის მხარეს აკისრებს. სასამართლოს მხედველობის მიღმა რჩება, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომელი მხარე იყო ვალდებული ინფორმირებაზე, ბანკი თავად ფაქტისადმი კეთილსინდისიერია. შესაბამისად, ბენეფიციარისა და პრინციპალის მიერ ინფორმირების ვალდებულების დარღვევა არ უნდა გახდეს ბანკისთვის, როგორც კეთილსინდისიერი გარანტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. მნიშვნელოვან მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა უგულებელყოფით, სასამართლომ ყურადღებისა და შეფასების გარეშე დატოვა, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) ზოგადი დებულებებით განმტკიცებული სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი პრინციპი - კეთილსინდისიერების პრინციპი („სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი“ - მუხლი 8.3). სწორედ აღნიშნული პრინციპით ხელმძღვანელობა იცავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ამ ურთიერთობათა შესაძლო უარყოფითი შედეგებისაგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.

7.4. სააპელაციო სასამართლომ საკითხი შეაფასა საბანკო გარანტიის არსებითი პირობის - გარანტიის მოქმედების ვადის სრული უგულვებელყოფით; საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ბანკმა არ იცოდა არცერთი მხარისგან გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნის აკრძალვაზე (უზრუნველყოფის განჩინება არ წარმოუდგენიათ); არცერთ მხარეს, მათ შორის არც ბენეფიციარს არ უშუამდგომლია ბანკის მესამე პირად ჩართვაზე, თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ შორის მიმდინარე დავას გავლენა შეიძლება მოეხდინა ბანკის უფლებებზე, რაც ფაქტობრივად რეალიზდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; სააპელაციო სასამართლომ გარანტის უფლებები საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა; საქმის განმხილველმა სასამართლომ საკითხი ზედაპირულად შეაფასა იმ ნაწილში, რომ საერთოდ არ გაუთვალისწინებია პრინციპალის მიმართ არსებული რეგრესული მოთხოვნის აღდგენის ან/და ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული უზრუნველყოფის გაუქმების საკითხი; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პრინციპალის ვალდებულებად დააკვალიფიცირა, მაშინ როდესაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გავლენას ახდენდა ბენეფიციარის უფლებებზე; პრინციპალის არაკეთილსინდისიერებისა და ბენეფიციარის არაგულისხმიერების გამო, პასუხისმგებლობა ბანკს დააკისრა;

7.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იქმნება სივრცე, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, ბანკს მაინც შეიძლება დაეკისროს გარანტიის ანაზღაურების ვალდებულება. ჩნდება კითხვა, რა ვადით უნდა დაელოდოს გარანტი მხარეებს გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ და მსგავსი ვალდებულების დადგენის შემთხვევაში პრინციპალის მიმართ არსებული რეგრესული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება რა ვადით არ უნდა გაათავისუფლოს ბანკმა.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ სსკ-ის 885.2 მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო დანაწესის დაცვა; ანუ წარედგინა თუ არა გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიით განსაზღვრულ ვადაში;

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“; 881-ე „საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“, 885.1 „საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია“, 885.2 „ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა“, 887.1 „გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ მუხლების საფუძველზე.

15. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. (შდრ: სუსგ №ას-662- 2024, 26 ივლისი, 2024 წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის გავრცელებული საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. მისი უპირატესობა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან შედარებით მდგომარეობს გარანტისაგან დაკმაყოფილების დაუყონებლივი მიღების შესაძლებლობაში. (Internacional Chamber of Commerce –ICC). (იხ. თამარ ზამბახიძე, საბანკო გარანტიის პრობლემური საკითხები, პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2023 წ., გვ. 366.). საბანკო გარანტიის მხარებს წარმოადგენენ გარანტი, პრინციპალი და ბენეფიციარი. საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. საგარანტიო თანხა არის ის ფულადი თანხა, რაც გარანტმა უნდა გადაუხადოს ბენეფიციარს სათანადო მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.

17. სსკ-ის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი), სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით, კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. სუსგ-ები: №ას-1038-999- 2016, 01 თებერვალი, 2017 წ; №ას-960-925-2016, 27 სექტემბერი, 2017წ; №ას-245-2019, 06 ივნისი, 2019წ; №ას-523-2020, 11 ნოემბერი, 2020წ; № ას-1365-2019, 08 ოქტომბერი, 2021წ; №1391-2018, 28 მარტი, 2022 წ; №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023წ; № ას-1164-2023, 04 დეკემბერი, 2023წ; №946-2022, 22 დეკემბერი, 2023 წ; №ას-51-2023, 18 იანვარი, 2024 წ; № 3-2024, 09 თებერვალი, 2024 წ; №ას-523-2024, 13 ნოემბერი, 2024 წ; №ას-1184-2023, 15 ნოემბერი, 2024 წ; №ას-19-2025, 28 თებერვალი, 2025 წ.).

18. სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ-ები: №ას-702-702-2018, 29 დეკემბერი, 2021 წ; № 11 ას-1317-2021, 02 მარტი, 2022 წ; №ას-978-2020, 18 აპრილი, 2022 წ; № ას-605-2023, 07 ივლისი, 2023 წ; №ას-1528-2022, 13 ივლისი, 2023 წ; № ას-1385-2023, 30 ნოემბერი, 2023 წ; №ას-19-2025, 28 თებერვალი, 2025 წ.).

19. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. . იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. „საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში. გარანტს არა აქვს უფლება, წაუყენოს ბენფიციარს შესაგებელი იმ გარემოებებზე, რაც არ არის მითითებული გარანტიაში“. (იხ. ნინო ლიპარტია, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, თბილისი, 2015 წ., გვ. 86).

20. საბანკო გარანტიის მოთხოვნით ბენეფიციარი, როგორც წესი, ორ მიზანს ისახავს: 1) მოიპოვოს უზრუნველყოფა მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში და 2) სწრაფად მიიღოს ის თანხა, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე ამას სადავოდ ხდის; ამ შემთხვევაში საბანკო გარანტია მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო რისკის განაწილების მექანიზმი (რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავის შემთხვევაში ბენეფიციარს არ მოუწიოს სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინი თანხის მიღებამდე), თუ თვითონ ძირითად ხელშეკრულებაში არ არსებობს მკაფიო დათქმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო რისკების სხვაგვარად გადანაწილების შესახებ. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპის მიუხედავად, იშვიათ შემთხვევაში გარანტს უფლება აქვს უარი თქვას გადახდაზე, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა არამართლზომიერია. არამართლზომიერი მოთხოვნა საბანკო გარანტიისა და აკრედიტივის დამოუკიდებელი ბუნების საერთაშორისოდ აღიარებული გამონაკლისია. (იხ., სუსგ №ას-749-709-2015 , 25 სექტემბერი, 2015 წელი).

21. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „არამართლზომიერი მოთხოვნის ყველაზე ფართოდ აღიარებული სახე ლიტერატურაში მოხსენიებულია, როგორც „Fraud“, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „თაღლითობა“, „მოტყუება“, „სიყალბე“, „სიცრუე“. აღნიშნული ტერმინი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად განიმარტება. საერთაშორისო პრაქტიკაში ბენეფიციარის მხრიდან ამგვარ არამართლზომიერ მოთხოვნად მიიჩნევენ შემდეგ შემთხვევებს: ა) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები არ წარმოშობილა (მაგ., პრინციპალის ბრალით ძირითადი ვალდებულების დარღვევა, ზიანის დადგომა და ა.შ.); ბ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები დადგა, მაგრამ ის არაარსებითია (მაგ., ვალდებულების დარღვევა არაარსებითია, ზიანის მოცულობა მცირეა და ა.შ.); გ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები დადგა, მაგრამ მასზე პრინციპალი პასუხს არ აგებს (მაგ., პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბენეფიციარის ბრალით ან პრინციპალის ბრალის გარეშე); დ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ საგარანტიო მოთხოვნაში დასახელებული ფაქტი არანამდვილია ან თანდართული დოკუმენტაცია გაყალბებულია (იხ. გ. ფოფხაძე, საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება, თბ., 2016, გვ. 42;).

22. სსკ-ის 885.1 მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზნად ისახავს გარანტის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. დამოუკიდებელი გარანტიების შესახებ უნიფიცირებული N758 წესი აზუსტებს და განმარტავს „სათანადო მოთხოვნას“ და „სათანადო წარდგენას.“ „წესების“ შესაბამისად, გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ან გარანტიის პირობების, ან უნიფიცირებული წესების ან საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესების შესაბამისად. ამავე უნიფიცირებული წესების მიხედვით, „მოთხოვნა გამყარებული უნდა იქნეს გარანტიაში მითითებული სხვა დოკუმენტებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში - ბენეფიციარის მითითებით, თუ რაში გამოიხატა აპლიკანტის (პრინციპალის) მიერ ძირითადი ვალდებულებების დარღვევა. (Kelly-Louw M., Selective legal Aspects of bank Guarantees, 2008, 126.). იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.

23. როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.2 მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად არის წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება. ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანასკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, 2015, გვ. 141;148.).

24. სსკ-ის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გარანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

25. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე შესრულების გარანტიაა, რომლის მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1633-2019, 9 მარტი, 2020 წ, პ.77; №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023 წ., პ.100.).

26. გარანტიის დამოუკიდებლობის ბუნების მიუხედავად, პრინციპალს გააჩნია საკუთარი ინტერესების დაცვის მექანიზმი, რაც დროებითი ღონისძიებების გამოყენებაში ვლინდება. „დროებითი ღონისძიების სახით, შეიძლება მოთხოვნილი იქნა რამდენიმე საშუალების გამოყენება: 1) გარანტისათვის საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნის აკრძალვა, 2) ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის განხორციელების აკრძალვა. მისი მიზანი Status que შენარჩუნებაა, რომელიც ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში ძირითადი დავის დასრულებამდე შეიძლება შეიცვალოს. ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის (პრინციპალი) მოთხოვნით არის შესაძლებელი და აუცილებელია დადასტურდეს მისი გამოყენების აუცილებლობა და ძირითად დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან კავშირი. (იხ.: ნინო ლიპარტია, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2018წ, გვ. 203, 204).

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების სახით საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნების შემთხვევაში, პრინციპალის მოთხოვნით შესაძლებელია გამოყენებული იქნას ა) გარანტისათვის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის გადახდის აკრძალვა, ბ) ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენის აკრძალვა, გ) ფულად სახსრებზე ყადაღის დადება. დროებითი ღონისძიების გამოყენება ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენამდე ან თანხის გადახდამდეა შესაძლებელი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში პრინციპალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, დაუყონებლივ აცნობოს გარანტსა და ბენეფიციარს;

28. არამართლზომიერი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა გათვალისწინებულია ამერიკის ერთიანი სავაჭრო (კომერციული) კოდექსის UCC - ის მე-5 მუხლის როგორც ძველ, ისე რედაქტირებულ ვერსიაში. 5-114 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ითვალისწინებდა არა გარანტისათვის თანხის გადახდის აკრძალვას, არამედ ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების აკრძალვას. კოდექსის განახლებული რედაქციის 5-109 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული იქნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, „შესაბამისი კომპეტენციის მქონე სასამართლო ვალდებულია დროებით აუკრძალოს ბენეფიციარს მოთხოვნის წარდგენა... იგივე წესი შეიძლება გამოყენებული იქნეს ბანკის მიმართ... იმ შემთხვევაში თუ დაადგენს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საფუძველს.“ დოქტრინით ღონისძიების გამოყენებისას იგივე წინაპირობებთან ერთად აუცილებელია: 1) პრინციპალისათვის ზიანის მიყენების საშიშროება, 2) სარჩელის პერსპექტიულობა, 3) მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვა. ამის მიუხედავად, დროებითი ღონისძიების გამოყენების სტანდარტი საკმაოდ მაღალია. კომერციული კოდექსის ოფიციალური კომენტარის მიხედვით, განმცხადებელმა უნდა შეძლოს მოთხოვნის ძლიერი მტკიცებულებით დადასტურება და არა უბრალოდ მითითება ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, ღონისძიების გამოყენებით არ უნდა მოხდეს გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპის ხელყოფა (იხ. ნინო ლიპარტია, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი, თბილისი, 2018, გვ. 207).

29. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოებს აქვთ განსხვავებული მიდგომა უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს საბანკო გარანტიის საფუძველზე გადახდის მოთხოვნის წარდგენას (იხ. ENONCHONG, Nelson. The Independence Principle of Letters of Credits and Demand Guarantees. Oxford: Oxford University Press, 2011, p.212; O’DONOVAN James and PHILLIPS, John. The Modern Contract of Guarantee. London: Sweet and Maxwell, 2013, para 13–27; Werner Blau, Joachim Jedzig, Bank Guarantees to Pay upon First Written Demand in German Courts, 23 Int'l L.725-730, 1989).

30. გერმანული პრაქტიკის თანახმად, ასეთი ღონისძიების გამოყენება მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ საკმაოდ ნათელია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნას გარანტის მიმართ საერთოდ არ გააჩნია საფუძველი. მაგალითად, გარანტისაგან გადახდის მოთხოვნის აკრძალვა მისაღები იქნება საქმეში, სადაც მტკიცებულებებიდან ცხადად ჩანს, რომ სამუშაო შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამის გამო ნათელია, რომ გარანტისაგან გადახდის მოთხოვნას ვადის გადაცილების საფუძვლით ბენეფიციარის მხრიდან ცალსახად უფლების ბოროტად გამოყენების ხასიათი აქვს. გერმანული სასამართლოები არ იყენებენ უზრუნველყოფის ღონისძიებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა „გაუმართლებელია“. უფლების ბოროტად გამოყენება უნდა დასტურდებოდეს შეუდავებელი მტკიცებულებებით. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა მიმდინარეობს მეტად შემჭიდროვებულ ვადებში (რამდენიმე საათში ან დღეში) და მასში მეორე მხარე არ მონაწილეობს, მოსარჩელემ (პრინციპალი) უნდა აჩვენოს ცალსახად, წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ უფლების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი. გერმანული სასამართლოები კიდევ უფრო თავშეკავებულნი არიან ბანკის (გარანტის) მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაში (იხ. Werner Blau, Joachim Jedzig, Bank Guarantees to Pay upon First Written Demand in German Courts, 23 Int'l L.725-730, 1989).

31. მოთხოვნის არამართლზომიერების ან/და ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი, საბანკო გარანტიის განაღდების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას განმცხადებლის მხარეზეა, რომელმაც მაღალი სტანდარტით, მკაფიოდ და არაორაზროვნად შესატყვისი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მოთხოვნის არამართლზომიერება ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება (შეად. სუსგ-ებს: №ას-245-2019, 05 ივნისი, 2019 წ; № ას-1385-2023, 30 ნოემბერი, 2023წ.).

32. საბანკო გარანტიის ეფექტური ფუნქციონირებისა და მისი კომერციული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტერმინი „არამართლზომიერი მოთხოვნა“ სასამართლოს მხრიდან ფართოდ არ უნდა იქნეს განმარტებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარანტისათვის საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნის აკრძალვა ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის განხორციელების აკრძალვა გამარტივდება ყველა ისეთ საქმეში, სადაც პრინციპალს სურს, შეაყოვნოს ბენეფიციარის დაკმაყოფილება და შესაბამისად, გარანტის რეგრესული მოთხოვნის დაკმაყოფილება მის მიმართ. (შეად. სუსგ-ებს: № ას-245-2019, 05 ივნისი, 2019წ; №ას-1385-2023, 30 ნოემბერი, 2023 წ; №ას-1356-2023, 13 დეკემბერი, 2023 წ.). „არამართლზომიერი მოთხოვნის გარდა, ვალდებულების სუბიექტების ურთიერთობაში სასამართლოს ჩარევა გამორიცხულია. ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საერთაშორისო კომერციის ნდობას.“ (Connerty A., Fraud and documentary credits: The approaches of the English courts, 3, 2012.).

33. დადგენილია, რომ პრინციპალმა 2021 წლის 17 ნოემბერს შეწყვიტა მოსარჩელესთან (ბენეფიციართან) გაფორმებული 06.03.2019 წლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება და სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საბანკო გარანტიის გაუქმებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად ცნობის თაობაზე. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა პრინციპალის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სარჩელზე მოპასუხეს (ამჟამინდელს მოსარჩელეს, ბენეფიაციარს) აეკრძალა გარანტისგან (ამჟამინდელი მოპასუხე ან კასატორი) NPE44110-19 საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხების მოთხოვნა. ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველზე, განუხილველად დარჩა პრინციპალის სარჩელი ბენეფიციარის მიმართ საბანკო გარანტიის გაუქმებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად ცნობის თაობაზე; ამავე განჩინებით ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 04.11.2021 წლის განჩინება;

34. უდავოა რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 04.11.2021 წლის განჩინების გაუქმების შემდგომ, 2023 წლის 21 ივლისს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 175 273.90 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით ბენეფიციარმა წერილობით მიმართა ბანკს; ბანკის 2023 წლის 7 აგვისტოს წერილით ბენეფიციარს უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ იქნა წარდგენილი.

35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე განმარტავდა, ვინაიდან მას სიღნაღის რაიონული სასამართლოს 04.11.2021 წლის განჩინებით მოპასუხისაგან აკრძალული ჰქონდა საგარანტიო თანხის მოთხოვნა, პრინციპალთან სასამართლო დავა კი დასრულდა 05.06.2023 წლის სარჩელის განუხილველად დატოვებით, მას წართმეული ჰქონდა შესაძლებლობა ბანკისგან გარანტით განსაზღვრულ ვადაში - 2022 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით მოეთხოვა საგარანტიო თანხა. როგორც სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ განუმარტა შპს „ს.მ–იას“ უზრუნველყოფის შეცვლაზე უარის დასაბუთებისას, არანაირი რისკი უფლების დაკარგვის თვალსაზრისით არ იარსებებდა; ბანკის შესაგებელი, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კი ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას: არც სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების და არც სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ მისთვის არც ბენეფიციარს და არც პრინციპალს ინფორმაცია არ მიუწოდებია და გამოყენებული აკრძალვის თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ მიმდინარე დავის ფარგლებში. მოსარჩელეს შეეძლო მიემართა გარანტისათვის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოთხოვნით 2022 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობდა სასამართლო განჩინება, რაც იმ მომენტისთვის საგარანტიო თანხის ანაზღაურებას სასამართლო დასრულებამდე შეუძლებელს ხდიდა. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარის მხრიდან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების პირობებში საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე მოთხოვნა ვადაში წარდგენილად ჩაითვლებოდა, ხოლო სასამართლო დავის დასრულების მიხედვით გარანტი იმოქმედებდა გადაწყვეტილების შესაბამისად.

36. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვადებს სამოქალაქო სამართალში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ მოთხოვნის განხორციელებადობის საკითხის შემოწმებისას. იმისათვის, რომ მოთხოვნა იყოს განხორციელებადი, პირველ რიგში ამ მოთხოვნის შესრულების ვადა უნდა იყოს დამდგარი, და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოთხოვნა არ უნდა იყოს ხანდაზმული. (იხ. თამარ ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, თბილისი, 2005 წ., გვ. 4.).

37. „სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. ქართულ სამოქალაქო სამართალში აღიარებულია ვადების შემდეგი კლასიფიკაცია. 1. სამოქალაქო უფლების წარმოშობის ვადები; 2. სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები; 3. ვალდებულების შესრულების ვადები; 4. უფლების დაცვის, ე.წ. ხანდაზმულობის ვადები. სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები ის ვადებია, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია თვითონ განახორციელოს თავისი უფლება ან თავისი უფლების განხორციელებისთვის მოითხოვოს ვალდებული პირისგან განსაზღვრული მოქმედების შესრულება. აქ მოიაზრება სამოქალაქო უფლების არსებობის ვადები, რომლებიც განსაზღვრავენ უფლების მოქმედების ფარგლებს დროში“. (იხ. ზურაბ ახვლედიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999წ., მუხლი 121, გვ. 308.). ვალდებულების შესრულების ვადები გულისხმობს ვადას, რომლის განმავლობაშიც მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს (შდრ: ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 120-ე, ველი 12. თბილისი, 2017 წელი).

38. „ხანდაზმულობა“ ფართოდ უნდა განიმარტოს. ხანდაზმულობა არ არის მარტოოდენ სასარჩელო ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასა და სასარჩელო ხანდაზმულობას შორის დამოკიდებულება ზოგადისა და კერძოს დამოკიდებულებაა. ყველა სასარჩელო ხანდაზმულობა ხანდაზმულობაა, მაგრამ ყველა ხანდაზმულობა სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო უფლების დაცვა ხორციელდება არა მხოლოდ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, არამედ სასამართლოსადმი მიმართვის გარეშეც (მაგალითად, კონტრაჰენტისადმი მიმართვა).“ ( იხ. დავით სუხიტაშვილი, ვადები სამოქალაქო სამართალში, რედაქტორი პროფ. რომან შენგელია, თბილისი, 2019 წ., გვ. 290- 291.). „ტერმინი „ხანდაზმულობა“ სამართლებრივი თვალსაზრისით გაგებული უნდა იყოს არა მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის მნიშვნელობით, არამედ ფართო მნიშვნელობით. აშკარაა, რომ ხანდაზმულობის ფართო გაგება განუყოფლად უკავშირდება უფლების დაცვის გზებსა და საშუალებებს, აგრეთვე უფლების დაცვის ფორმებს.“ ( იხ. ავთანდილ კობახიძე, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2001 წ; გვ.361; ნათია მახათაძე, სახელშეკრულებო მოთხოვნების სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალური ვადების მიმართება საერთო ვადებთან, სადისერტაციო ნაშრომი, თსუ, 2018 წ. გვ. 18). „კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებული პირისადმი მიმართვის ვადა სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნითაა შემოღებული და უფლების დაცვის საკითხის მხარეთა შორის ნებაყოფლობით მოწესრიგებას ემსახურება.“ (შდრ: ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 128-ე, ველი 7. თბილისი, 2017 წელი). სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012).

39. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი). როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: მითითება ხანდაზნულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს (შდრ. სუსგ № ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020წ). ამასთან, მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა, მხოლოდ მოვალის (მოპასუხე) უფლებაა. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტის მითითებისა და მტკიცების ტვირთი მიმთითებელ სუბიექტს (მოვალე) ეკისრება, ხოლო კრედიტორმა კი უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანადაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი. (შდრ: ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 120-ე, ველი 18., თბილისი, 2017 წელი).

40. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5., თბილისი, 2017 წელი).

41. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

42. როგორც წესი, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უწყვეტად მიმდინარეობს და ამ ვადის განმავლობაში უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დარღვეული უფლების დაცვაზე, განხორციელებადია. ამავდროულად, კანონი ითვალისწინებს მოთხოვნის წარდგენის შემაფერხებელ გარემოებებს, რომელთა არსებობა ხანდაზმულობის ვადის დენას აჩერებს. გარემოებები, რომელთა არსებობისას, უფლებამოსილი პირისათვის შეუძლებელია მოთხოვნის განხორციელება, მოცემულია სსკ-ის 132-ე მუხლში, ანუ ამ დროს, უფლებამოსილი პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებულია მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წ., გვ. 125). მოთხოვნის წარდგენის ვადის შეჩერება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ნორმის მიზანია ხანდაზმულობის ვადის შემაჩერებელ გარემოებათა განსაზღვრა და იგი გამოიყენება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. (შდრ: ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 132-ე, ველი 2., თბილისი, 2017 წელი).

43. სსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ზალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, პრინციპალის მოთხოვნით შესაძლებელია გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება როგორიცაა: ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენის აკრძალვა; პრინციპალის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენებზე, დავის დასრულებამდე კი საგარანტიო შემთხვევის რეგულირების შეჩერებას ახდენს. (იხ.: ნინო ლიპარტია, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2018წ, გვ. 203, 204. შდრ: სუსგ-ები: №ას-218- 2020, 28 იანვარი, 2021 წ.; №ას-245-2019, 05 ივნისი, 2019წ.).

44. აკრძალვის მიზანია, მხოლოდ დროებით შეიზღუდოს ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა. დროებითი შეზღუდვის გამოყენების გამო, თუ გავიდა საბანკო გარანტიის ვადა, ეს უფლებას არ ართმევს ბენეფიციარს, მოითხოვოს შეზღუდვის გაუქმების შემდეგ გარანტისაგან გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროებითმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს გარანტიის ვადის გასვლის საფუძვლით გარანტის მიმართ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკარგვა, რაც დაუშვებელია და წინააღმდეგობაში მოვიდოდა დროებითი შეზღუდვის მიზანთან. (შდრ: Ellenberger/Bunte BankR-HdB/ T. Fischer, 6. Aufl. 2022, § 104, Bankgarantien, Rn. 219-220; Canaris, Handelsgesetzbuch, Großkommentar, Band 5, Bankvertragrecht, Berlin, 2005, Rn. 1152; BuB/Bunjes, Auslandsgeschäft-Bankgarantien bai Außenhandelsgeschäften, in: Bankrecht und Bankpraxis, Band 3, Kapitel 5, Rn. 5/412; Mülbert, Bankgarantien, S. 160 ; Zahn/Ehrlich/HaasRn. 9/140; BuB/Kümpel/Wittig/ Bauer Rn. 13.73; Jedzig WM 1988, 1469 (1472).

45. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, სწორედ სსკ-ის 132-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველია სახეზე, რამდენადაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე გარანტიის მოქმედების ვადის დენა შეჩერდა, გამომდინარე იქიდან რომ ბენეფიციარს აეკრძალა ბანკისგან საგარანტიო თანხის მოთხოვნა. სსკ-ის 135-ე მუხლის თანახმად, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. შესაბამისად, საბანკო გარანტიის მოქმედების დარჩენილი ვადა გაგრძელდა აღნიშნული განჩინების გაუქმების შესახებ სიღნაღის რაიონული რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინების ბენეფიციარისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2023 წლი 19 ივნისს.

46. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სსკ-ის 885.2 მუხლით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან 2023 წლის 21 ივლისს ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის პირველადი მოთხოვნის წარდგენისას საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადა არ იყო ამოწურული - ვადის დენის შეჩერების გამო;

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულადაა შეფასებული რომ გარანტიის ვადის ამოწურვამდე ბენეფიციარმა გარანტს მიმართა თანხის გაცემის მოთხოვნით.

48. კასატორის არგუმენტაცია, იმის თაობაზე რომ ვინაიდან არ ქონდა ინფორმაცია სარჩელის უზრუნველყოფით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ, იმოქმედა მასსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებით და 2022 წლის 30 აგვისტოს შემდგომ გააუქმა საბანკო გარანტია; ამასთან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ბენეფიციარს გააჩნდა, ვინაიდან საბანკო გარანტიის ვადის გასვლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი სწორედ ბენეფიციარის ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა - რომელიც სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და საფუძვლად დაუდო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგს, არაა გასაზიარებელი და დასაბუთებული პოზიცია და საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსგავსად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე მიუთითებს, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

49. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში აღნიშნა რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება №ას-685- 656-2016).

50. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მსჯელობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე და ადგენს დარღვევას კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო სხვადსხვა მიზეზით პრაქტიკაში არ აღასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ან დაუსაბუთებლად აჭიანურებს მისი აღსრულების პროცესს (Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002- III). ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009;Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000). ამდენად, კონვენციის მე-6 მუხლით, საქმის სამართლიანი განხილვისა და ეფექტური სამართალწარმოების განხორციელების უფლებებთან ერთად, მოცულია მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტური და დროული აღსრულების უფლებაც.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დასტურდება რომ 2021 წლის 16 ნოემბერს შპს „ს.მ–იამ“ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: NPE44110-19 საბანკო გარანტია, რომელიც გაცემულია 223 484 ლარზე, მოქმედებს 2022 წლის 30 აგვისტომდე. გარანტიის პირობის მიხედვით, გარანტს ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნა უნდა წარედგინოს საგარანტიო ვადის გასვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლებას. სასამართლოს განჩინებით ბენეფიციარსაკრძალული აქვს გარანტისთვის მიმართვა. იმის გამო, რომ პრინციპალთან დავა გრძელვადიანი იქნება, კომპანია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუშვებს საგარანტიო მოთხოვნის წარდგენის ვადას, რაც მას გარანტთან ცალკე დავად და შესაბამისად დახარჯულ დროდ და რესურსად დაუჯდება.

52. პრინციპალის სამომავლო სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი უფლებამოსილი იქნება მიიღოს საგარანტიო თანხა, თუმცა სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვა, მას ართმევს უფლებას განახორციელოს გარანტისათვის მიმართვა. საგარანტიო ვადის გაშვების შემთხევაში კი შესაძლოა გარანტმა უარი განუცხადოს საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ვადაში იქნება მიმართული, ეს კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, თუ არ დაკმაყოფილდება პრინციპალის სამომავლო სარჩელი, მიიღოს საგარანტიო თანხა საგარანტიო ვადის გაშვებასთან დაკავშირებული ვადის გაშვების გარეშე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ბენეფიციარმა მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღება, რომლითაც უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახე ჩანაცვლდებოდა მეორე სახით და საგარანტიო თანხის გაცემა აეკრძალებოდა გარანტს - ბანკს, რის შედეგადაც ბენეფიციარი შეძლებდა საკუთარი უფლების რეალიზაციას (საგარანტო ვადაში გარანტისათვის ფორმალურად მიმართვას);

53. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 24 სექტემბრის განჩინებით (ს.ფ.473-478), ბენეფიციარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბენეფიციარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ შუამდგომლობა და მიუთითა: „როგორც შუამდგომლობის ავტორი თავადვე განმარტავს, ბენფიციარის მიერ გარანტისადმი საგარანტიო ვადაში თანხის მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და როგორც თავადვე მსჯელობს, აღნიშნულს შედეგი არ ექნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაურკვეველია თუ რა არსებითი მნიშვნელობა აქვს აკრძალვის გამოყენება მოხდება ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის აკრძალვის გზით, თუ თავად გარანტს აეკრძალება ბენეფიციარის მოთხოვნის შემთხვევაში საგარანტიო თანხის გაცემა. ორივე შემთხვევაში შედეგი არ იცვლება და შესაბამისად, ასეთი სახით უზრუნველყოფის სახის შეცვლა აზრს მოკლებულია. ასევე დაუსაბუთებელია მხარის მითითება, რომ ვადის გაშვების შემთხვევაში შესაძლოა ბანკმა არ განახორციელოს საგარანტიო თანხის გაცემა ვადაზე მითითებით, თუმცა აღნიშნულიც საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შპს „ს.მ–იას“ (ბენეფიციარს) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში აქვს აკრძალული გარანტისათვის საგარანტიო თანხის გაცემის თაობაზე მოთხოვნის უფლება და სასამართლოში საქმის განხილვის ვადის გათვალისწინებით, თუნდაც, საგარანტიო ვადის განმავლობაში დავის დაუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილი ექნება ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის რეალიზების აკრძალვით გამოწვეულ ვადაგადაცილებას, რომელი ვადაგადაცილებაც გამოწვეული იქნება მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უფლების განუხორციელებლობით.

54. ამასთან მითითება, რომ საგარანტიო თანხის გაუცემლობის შემთხვევაში შესაძლოა შპს „ს.მ–იას“ მოუწიოს ახალი დავის წამოწყება გარანტთან და აღნიშნულითაა აუცილებელია უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია სასამართლო აკრძალვის არარსებობის შემთხვევაშიც კი გარანტის მხრიდან მოხდეს ხელშეკრულების დარღვევა და მოთხოვნის მიუხედავად არ განახორციელოს საგარანტიო ფულადი თანხის გადახდა. ამდენად, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა შპს „ს.მ–იის“ მიერ მოთხოვილი კონკრეტული სახით, არ ემსახურება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ მიზნებს და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები’’.

55. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბენეფიციარის მიმართვის პასუხად, საქმეში წარმოდგენილ ბანკის 2023 წლის 7 აგვისტოს წერილებში ბანკი არ უთითებდა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული აკრძალვის შესახებ და უარის საფუძვლად მხოლოდ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლას ასახელებს. აღნიშნული მსჯელობის კონტექსტში საგულისხმოა საქმეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართული, პრინციპალის განმარტებაც იმის თაობაზე რომ: ვინაიდან საბანკო გარანტია ავტომატურად გაუქმდა მისი ვადის გასვლის გამო, მათთვის სასამართლო დავამ აზრი დაკარგა და მოხდა სარჩელის გამოხმობა, რის შედეგად გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებაც.

56. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით კვლავ განმარტავს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა გახდებოდა. მან ვერ დაადასტურა მოსარჩელის ბრალი საგარანტიო თანხის მოთხოვნის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით (სასამართლოს განჩინებით) დასტურდება, რომ მხარეს შეეზღუდა არათუ საბანკო გარანტიის თანხის მიღების, არამედ მოთხოვნის უფლებაც კი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის ბრალს საგარანტიო თანხის მოთხოვნის შეუძლებლობაში.

57. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

58. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

59. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

60. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

61. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ბ–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №36419, გადახდის თარიღი 19-06-2025) 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე