Facebook Twitter

საქმე №ას-1183-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – სს „ი–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ი, გ.ხ–ძე, ი.ხ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დოკუმენტაციის გამოთხოვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. 2023 წლის 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს გ.ა–მა, გ.ხ–ძემ და ი.ხ–ძემ, მოპასუხე სს „ი–ის“ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით - მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაევალოს როგორც ამ საწარმოს აქციონერებისთვის:

1.1.1.გადაწყვეტილების გამოტანამდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაციის გადაცემა: 1. საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმები; 2. ყოველწლიური საშტატო ნუსხა, სახელფასო განაკვეთების მითითებით; 3. საზოგადოების წლიური ანგარიშები მოგება-ზარალის შესახებ; (ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ წლების მითითებით) 4. ძირითადი საშუალებები ნუსხა; 5. სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთები და ბრუნვა; 6. შედარების აქტები; 7. საზოგადოების დებიტორ-კრედიტორთა ნუსხა; 8. საზოგადოების მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება; 9. აუდიტორული შეფასების აქტები; 10. საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია; 11. საწარმოს კუთვნილი ყველა ანგარიშის ამონაწერი საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან, სადაც საწარმოს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები; 12. სალაროს (ნაღდი ფულის მოძრაობის-შემოსავლისა და გასავლის) ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია; 13. ბუღალტრული პროგრამის ასლი ელექტრონული სახით;

1.1.2.მოსარჩელეებისთვის იმ დოკუმენტაციის გადაცემა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შენობა-ნაგებობა 2 (ლიტ „ა“)-ში 260 კვ.მ.-დან 110 კვ.მ.-ის მდებარე, ქ. თბილისში ........, საკადასრტო კოდით ......... რეალიზების შედეგად 2021 წლის 10 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძელზე მიღებული 193 891 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში განაწილებასთან (როგორ წარიმართა საწარმოს მიერ მიღებული ნასყიდობის ფასი);

1.1.3.იმ დოკუმენტაციის გადაცემა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (ს/კ-ბი - ..........., .........., .........., ......) რეალიზების შედეგად 2019 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ჯამური ნასყიდობის თანხის 1 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში განაწილებასთან (როგორ წარიმართა საწარმოს მიერ მიღებული ნასყიდობის ჯამური ფასი);

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძველი. საწარმოს აქციონერები არიან მოსარჩელეები და მათ საკუთრებაში არსებული აქციების მიხედვით: გ.ა–ი წარმოადგენს 1,76850 პროცენტის მფლობელ აქციონერს, გ.ხ–ძე წარმოადგენს 1,15867 პროცენტის, ხოლო ი.ხ–ძე წარმოადგენს 3,11395 პროცენტის მფლობელ აქციონერს.

2.2. მოპასუხის განმარტებით დივიდენდები დადგენილი წესით განაწილდა, მათ შორის მოსარჩელეებზეც მათი წილის პროპორციულად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ა–ის, გ.ხ–ძის და ი.ხ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეებისთვის - გ.ა–ისთვის, გ.ხ–ძისა და ი.ხ–ძისთვის, როგორც ამ საწარმოს აქციონერებისთვის, გადაწყვეტილების გამოტანამდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული, შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმები; ყოველწლიური საშტატო ნუსხა სახელფასო განაკვეთების მითითებით; საზოგადოების წლიური ანგარიშები მოგება-ზარალის შესახებ (ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ წლების მითითებით); ძირითადი საშუალებები ნუსხა; სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთები და ბრუნვა; შედარების აქტები; საზოგადოების დებიტორ-კრედიტორთა ნუსხა; საზოგადოების მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება; აუდიტორული შეფასების აქტები; საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია; საწარმოს კუთვნილი ყველა ანგარიშის ამონაწერი საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან სადაც საწარმოს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები; სალაროს (ნაღდი ფულის მოძრაობის-შემოსავლისა და გასავლის) ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია; ბუღალტრული პროგრამის ასლი ელექტრონული სახით. მოპასუხე, საწარმოს დაევალა მოსარჩელეებისთვის - გ.ა–ისთვის, გ.ხ–ძისა და ი.ხ–ძისთვის, როგორც ამ საწარმოს აქციონერებისთვის, იმ დოკუმენტაციის გადაცემა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შენობა-ნაგებობა 2 (ლიტ „ა“)-ში 260 კვ.მ-დან 110 კვ.მ-ის, მდებარე - ქ. თბილისში, ........, საკადასტრო კოდით: ........., რეალიზების შედეგად 2021 წლის 10 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 193 891 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, განაწილებასთან (როგორ წარიმართა საწარმოს მიერ მიღებული ნასყიდობის ფასი); მოპასუხე, საწარმოს დაევალა მოსარჩელეებისთვის - გ.ა–ისთვის, გ.ხ–ძისა და ი.ხ–ძისთვის, როგორც ამ საწარმოს აქციონერებისთვის, იმ დოკუმენტაციის გადაცემა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, საკადასტრო კოდი: ......., .........., ........., ....... რეალიზების შედეგად 2019 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ჯამური ნასყიდობის თანხის 1 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, განაწილებასთან (როგორ წარიმართა საწარმოს მიერ მიღებული ნასყიდობის ჯამური ფასი).

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმო წარმოადგენს 1995 წლის 28 ნოემბრიდან ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის აქციონერებსაც წარმოადგენენ მოსარჩელეები. კერძოდ კი: გ.ა–ი წარმოადგენს 1,76850 პროცენტის მფლობელ აქციონერს, გ.ხ–ძე წარმოადგენს 1,15867 პროცენტის, ხოლო ი.ხ–ძე წარმოადგენს 3,11395 პროცენტის მფლობელ აციონერს.

5.3. საწარმოს დაფუძნებისას სააქციო საზოგადოების დირექტორები გახდნენ გ.ნ–ძე და ზ.გ–ძე. საქმის განხილვის დროისთვისაც მოპასუხე მეწარმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორგანოს წარმოადგენენ დირექტორები გ.ნ–ძე და ზ.გ–ძე (ტ.1. გვ. 20-21).

5.4. მოსარჩელეებმა როგორც აქციონერებმა 2022 წლის 16 ივლისს და 2023 წლის 21 ივნისს განცხადებით მიმართეს საწარმოს დირექტორებს და მოითხოვეს კომპანიიდან სხვადასხვა დოკუმენტაციის გადაცემა (მათ შორის ის დოკუმენტები, რაც სარჩელითაა გამოთხოვილი.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელეები საწარმოს აქციოენერები არიან სადაც ერთად ფლობენ აქციათა 5%-ზე მეტს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. ხოლო დასახელებული მუხლის მიხედვით, საწარმოს ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საწარმომ საქმის მომზადების სტადიაზე დაადასტურა მზაობა მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე, მხოლოდ არასრული სახით, რის მიზეზადაც დაასახელა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი (სასარჩელო მოთხოვნის მე-11, მე-12 და მე-13 პუნტებით მოთხოვნილი ინფორმაცია) არის კონფიდენციალური და აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სააქციო საზოგადოებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ გარდა ახსნა-განმარტებისა და მოსაზრებისა არ წარუდგინა საქმის განხილველ სასამართლოს რაიმე სახის ხელშესახები ინფორმაცია, რაც საწარმოსათვის მოსალოდნელი ან თეორიული ზიანის ფაქტს დაადასტურებდა. პალატის მიხედულებით „არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები“ (საქმე №ას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წელი).

5.7. მხარემ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გადაცემა ხელშეკრულების რამდენიმე საათის დაგვიანებით დასრულების საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება, მხარის მითითების გარდა სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, ასეთის დადასტრუდების შემთხვევაშიც კი, დასახელებული ფაქტი არ წარმოადგენს ზიანის ან რაიმე ქონებრივი დანაკლისის გამომწვევ გარემოებას.

5.8. რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლო დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების სტანდარტზე მითითებას, პალატისთვის გაუგებარია რა სახის ზიანზეა საუბარი. მართალია, დასაქმებულ პირთა და საშტატო ნუსხის ამსახველი ინფორმაციის გამოთხოვა დაკავშირებული იქნება დასაქმებულთა სახელების, გვარებისა და პირად ნომრების გადაცემასთან თუმცა იგი არ სცდება დამსაქმებლის ვალდებულებას შეინახოს და დაიცვას პერსონალური მონაცემები. ზოგადად დასაქმებულისთვის წინასწარ ცნობილია რომ მის მიერ დამსაქმებლისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები მხოლოდ კორპორაციული და შრომითსამართლებრივი რეგულირების მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. მოპასუხე ორგანიზაციას ვერ წარმოაჩენს სამართალდამრღვევად იმგვარი ქმედება, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დაკისრებული. ის სამართლებრივი ინტერესი, რაც მოსარჩელეებს გააჩნიათ არის საწარმოს აქტივებისა და ხარჯების გამორკვევა. მათ მიაჩნიათ რომ საწარმოს მმართველი პირები არასათანადოდ განკარგავენ სახსრებს, რაც განაპირობებს მათი დივიდენდის მიმართ უფლების ხელყოფას. ასეთ ვითარებაში მესამე (დასაქმებულთა) პირთა პერსონალური მონაცემების გადაცემა აქციონერისათვის არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევას (თუ ისინი ამ ინფორმაციას არ გამოიყენებენ ამ პირთა საზიანოდ და ნების საწინააღმდეგოდ).

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საწარმომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არაა დასაბუთებული, ამასთან იმდენად არასრულადაა დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

6.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი და საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, მოპასუხე საწარმოს მიერ სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული დოკუმენტები.

6.4. სასამართლომ უმართებულოდ არ დაადგინა, რომ საქმის მასალებში უკვე იძებნება მთელი რიგი მასალების ნაწილი, რაც გამოთხოვილია კომპანიიდან, მათ შორის: ა. საწარმომ 2023 წლის 28 დეკემბერს წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კერძოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის პირველ პუნქტში აღნიშნული საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმები - იხ. საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადების დანართები, მათ შორის 1-12 გვერდები, ასევე, 31-34 გვერდები; ბ. მოპასუხემ - შესაგებლით და 2023 წლის 28 დეკემბერს განცხადებით წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კერძოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის მე-2 პუნქტში აღნიშნული ყოველწლიური საშტატო ნუსხა სახელფასო განაკვეთების მითითებით, ზოგადი სახით - იხ. საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადების დანართები; გ. საწარმომ 2023 წლის 28 დეკემბერს წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად პირველი სასარჩელო მოთხოვნის მე-3 პუნქტში აღნიშნული საზოგადოების წლიური ანგარიშები მოგება-ზარალის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად აქვს შეფასებული აუდიტორებს 2020 წლის 18 აგვისტოსა და 2023 წლის 6 ნოემბერს მომზადებულ დასკვნებში - იხ. საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განხადების დანართები, მათ შორის 42-56 გვერდები; დ. საწარმომ 2023 წლის 28 დეკემბერს წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად პირველი სასარჩელო მოთხოვნის მე-5 პუნქტში აღნიშნული ძირითადი საშუალებების შესახებ ინფორმაცია - იხ. საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადების დანართები; ე. საწარმომ 2023 წლის 28 დეკემბერს წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად პირველი სასარჩელო მოთხოვნის მე-8 პუნქტში აღნიშნული საზოგადოების დებიტორ-კრედიტორთა ნუსხა - იხ. საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადების დანართები; ვ. საწარმომ შესაგებელზე, მოსამზადებელ სხდომასა და 2023 წლის 28 დეკემბერს წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად პირველი სასარჩელო მოთხოვნის მე-9 პუნქტში აღნიშნული საზოგადოების მიერ დადებული ხელშეკრულებები - საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადების დანართი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები, მათ შორის 35-37, 1093-1111 გვერდები; ზ. მოპასუხემ 2023 წლის 28 დეკემბერს წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად პირველი სასარჩელო მოთხოვნის მე-10 პუნქტში აღნიშნული აუდიტორული შემოწმების აქტები - იხ. საწარმოს 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადების დაწართები, მათ შორის 42-56 გვერდები;

6.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არაერთი ნორმა, მათ შორის საპროცესო კოდექსის 103.4-ე, 225-ე 249-ე მუხლები, რომლითაც დადგენილია, რომ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაერთვება საქმეს. მიუხედავად აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულებისა სასამართლომ იგნორირება გაუკეთა წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც გასაჩივრებული განჩინების როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ უსაფუძვლობას ადასტურებს.

6.6. კასატორის განმარტებით მიწოდებული ინფორმაცია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოყენებულია კომპანიის წინააღმდეგ, რამაც რამდენიმე საათით შეაფერხა ხელშეკრულების დადება.

6.7. კასატორმა დამატებით იშუამდგომლა, რომ სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილის პირველ ინსტანციაში გადაცემის გამო საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ აღნიშნული პროცედურა ან საკითხი განსხვავებულად წესრიგდება სხვა საკანონმდებლო აქტით ან სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, მოქმედებს ეს სხვა საკანონმდებლო აქტი/საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

13. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის თანახმად, მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო; 2.2 მუხლის თანახმად, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა; 2.3. მუხლის თანახმად სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

14. მოქმედი რედაქციის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოს ცნებას. მოხმობილი სპეციალური კანონის 41.1 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო. ამ ორგანოს უფლებამოსილება, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონითა და წესდებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს/აქვთ ხელმძღვანელ პირს/პირებს.

15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირთან ურთიერთობაში. დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს აქციონერს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში.

16. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის წილები დაყოფილია აქციებად. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 151-ე მუხლის თანახმად აქცია არის რეგისტრირებული, დემატერიალიზებული, სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას, ხოლო ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად წილი არის უფლება, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას და რომელთანაც დაკავშირებულია უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის მეორე წინადადების თანახმად წილი საკუთრების საგანია.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი (აქციონერს უფლება აქვს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით ან ელექტრონულად, თუ აქციონერს წინასწარ აქვს განცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე, აგრეთვე სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია ამ კანონის 202-ე მუხლითა და წესდებით დადგენილი წესით) და 173-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ხმათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერებს, ამ კანონის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის ან წესდების შესაბამისად, უფლება აქვთ სააქციო საზოგადოების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს ამ ასლების/ინფორმაციის გაცემაზე).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების აქციონერი/პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად იძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეწარმეო საზოგადოების აქციონერებს/პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული აქციონერის/პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე აქციონერთა/პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ აქციონერის/პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს მისი უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (შდრ. სუსგ №ას-1571-2018, 02.08.2019წ; №ას-54-2022, 28.09.2022წ; №ას-719-2022, 20.04.2023წ; №ას-205-2023, 16.11.2023წ.).

19. ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა აქციონერის ცალკეულ უფლებათა ეფექტიანი განხორციელების წინაპირობაა (მაგალითად, ხმის მიცემის უფლება, დერივაციული ან კლასობრივი სარჩელის აღძვრის უფლება, აუდიტის დანიშვნის, სხვა). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 174-ე მუხლის პირველი პუნქტი (სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს)). დაუშვებელია ინფორმაციაზე წვდომის უფლების წესდებით ჩამორთმევა. ამგვარი უფლება ყველა აქციონერს, განურჩევლად მისი აქციის კლასისა, აქვს მინიჭებული. მათ შორის, ხმის უფლების არმქონე კლასის აქციასაც (იხ: ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2022წ., გვ. 574). მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის, კანონი საგანგებოდ ადგენს ხმის უფლების სულ მცირე 5%-ის მქონე აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის უფლებას საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლების გამოთხოვის თაობაზე (იქვე, გვ. 576).

20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აქცია ქონების ცნების კატეგორიაში მოიაზრება (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.264). სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 191; Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის №8588/79, 8589/79), 1982). აქცია ერთდროულად აღნიშნავს საზოგადოების კაპიტალის წილს, გამოხატავს წევრთა უფლებამოსილებათა და მოვალეობათა ერთობლიობას და ფასიანი ქაღალდია (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.259). წილზე ვრცელდება საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმი. წილი საკუთრების უფლების ობიექტს წარმოადგენს კერძო პირის თუ სახელმწიფოს მხრიდან მასზე უკანონო ჩარევის შემთხვევაში (ბურდული ი., სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2019, გვ.28).

21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (162-ე მუხლის პირველი პუნქტი), განსაზღვრულია, რომ აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით და აქციონერს უნდა მიეცეს შესაბამისი ამონაწერი.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

23. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელეები არიან სამეწარმეო საზოგადოების აქციონერები, უფლება აქვთ სამეწარმეო საზოგადოებიდან მიიღონ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელეები ერთობლივად ფლობენ სამეწარმეო საზოგადოების აქციათა 5%-ზე მეტს (შდრ. სუსგ №ას-1101-1037-2015, 27.09.2016წ., პ. 66-68).

24. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ გადაცემული დოკუმენტაციის გამო გაჭიანურდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რამაც ზიანი მიაყენა საწარმოს, განმარტავს მოპასუხე საწარმოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება რაც ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურდებდა. ამდენად, კასატორის მიერ, სარჩელით მოთხოვნილი ინფორმაციის აქციონერებისთვის გადაცემის შესახებ უარის საფუძვლად საწარმოს ზიანზე მითითება, დაუსაბუთებელია და ვერ მტკიცდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

25. საკასაციო სასამართლო აგრეთვე, განმარტავს, რომ კასატორის პოზიცია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების სტანდარტების დარღვევის თაობაზე აგრეთვე დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობა საწარმომ მისივე აქციონერებს გადასცეს დასაქმებულთა სახელები, გვარები და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოს მიერ დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების დარღვევად.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის 4.5 მუხლის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, „დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსების უზრუნველყოფის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების, სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის დაცვის (მათ შორის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ კრიმინოლოგიური კვლევის ჩატარების) მიზნებისთვის მონაცემთა შემდგომი დამუშავება მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებლად არ მიიჩნევა, თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამავე სტანდარტით განსახილველია პირის მატერიალური კანონმდებლობით გარანტირებული უფლების ფარგლებში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი წესრიგიც. გარდა აღნიშნულისა, სრულიად შესაძლებელია გადასაცემ დოკუმენტში დაიშტრიხოს დასაქმებულთა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, ისე რომ აქციონერებისთვის გადაცემული ინფორმაცია წაკითხვადი და აღქმადი იყოს.

27. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე, რომ გადაცემული დოკუმენტების ნაწილში საქმისწარმოება უნდა შეწყვეტილიყო, დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული. გამოთხოვის შუამდგომლობის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილების შემთხვევა - მეტი ლეგიტიმაციის მატარებელია (ვიდრე საკუთარი ნებით გადაცემა). ანუ, ჩვენს შემთხვევაში მხარე თავისი ნებით კი არ გადასცემს დოკუმენტებს აქციონერებს (რაც მათი არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში შესაძლოა დოკუენტაციის არასისრულით, არაზუსტად, არადეტალურად გადაცემაში გამოიხატოს), არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში მხარე არასრულად გადაცემისგან დაცულია. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, როგორც დანაშაულებრივი ქმედებისათვის გათვალისინებული სასჯელის მოლოდინითაც ფრთხილდება. ამიტომ, თუნდაც თავისუფალი ქცევით გადაცემული დოკუმენტების ნაწილის სარეზოლუციო ნაწილში კვლავ ასახვით არც კანონმდებლის მიზანია დარღვეული და არც პროცესუალური ხარვეზი. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თავად მოპასუხემ გაასაჩივრა სრულად, რაც ფორმალური პროცესუალური თვალსაზრისითაც კი ეწინააღმდეგება ამავე მხარის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

28. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ი–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0635, გადახდის თარიღი 26/09/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე